პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 18:02

ეკონომიკა / საქართველო

"მარშრუტკების" კრიმინალური ბიზნესი?

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
გრძელდება ვნებათაღელვა თბილისში მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასურის გაძვირებასთან დაკავშირებით. ამჯერად პროტესტს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა“ ასოციაცია გამოთქვამს და აცხადებს, რომ ბაზარზე ფარული მონოპოლიის შექმნას დედაქალაქის მერიამ არამართებული ტენდერის გამოცხადებით შეუწყო ხელი. მათ პრეტენზია აქვთ სატენდერო კომისიასთანაც, რომლის ერთ-ერთი წევრი ტრანსპორტის პროფკავშირის პრეზიდენტიც იყო. ისინი ახალი ტენდერის ჩატარებას მოითხოვენ. რაც შეეხება ტენდერში გამარჯვებულ კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსს”, ის ვალდებულებას იღებს 2012 წლის იანვრამდე ქალაქში არსებული ყველა სამარშრუტო ტაქსი ახალი, კომფორტული მანქანებით ჩაანაცვლოს.

მსმენელს განსაკუთრებული მოლოდინი რომ არ ჰქონდეს, დავიწყოთ ბოლოდან და ვთქვათ, რომ სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის გაძვირებასთან დაკავშირებით არც თბილისის მერია და არც თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის - ”თბილისის მიკროავტობუსის” - წარომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს გავიხსენოთ, რომ მგზავრობის საფასურის 50 თეთრიდან 80 თეთრამდე გაძვირებას თბილისის მერიამ ორი დღის წინ სპეციალური განცხადება მიუძღვნა, სადაც ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ”ფასებს ბაზარი არეგულირებს და, შესაბამისად, თბილისის მერიასა და საკრებულოს მისი განსაზღვრა არ შეუძლია”. რაც შეეხება ”თბილისის მიკროავტობუსს”, რადიო თავისუფლებასა და კომპანიის პიარმენეჯერს შორის გაცვლილი რამდენიმე მოკლე ტექსტური შეტყობინების შემდეგ, ასეთი შედეგი დაფიქსრიდა: ”სამწუხაროდ, კომენტარს ვერ გავაკეთებთ”. რაც შეეხება მათ ოფიციალურ გვერდს სოციალურ ქსელ ”ფეისბუქზე”, თუკი წინა დღეებში ამ გვერდზე სტუმრობა ყოველგვარი პრობლემის გარეშე იყო შესაძლებელი, 21 ივლისს გვერდი, სახელწოდებით ”თბილისის მიკროავტობუსი”, აღარ არსებობს.

და ლოგიკურად ისიც საინტერესოა, თუ რა საკითხებთან დაკავშირებით ეძებდა კომენტარებს რადიო თავისუფლება. ამ შემთხვევაში დავიწყოთ თავიდან. 21 ივლისს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ღირებულების გაზრდა გააპროტესტა. ე.წ. ”მარშრუტკების” ტენდერში გამარჯვებული ფარული მონოპოლისტი სოციალურად შეჭირვებული მოქალაქეების ხარჯზე ცდილობს ბიზნესის კეთებას, ტენდერში გამარჯვებული კომპანია მძღოლებს იძულებულს ხდის მგზავრობის გადასახადი გაზარდონ - ასეთი გზავნილებით იწყებს ბრიფინგს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი მერაბ ჯანიაშვილი. ის თბილისის მერიასა და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს გააუქმონ ჩატარებული ტენდერი:

”ჩაატარონ ახალი ტენდერი ისეთი პირობებით, რომელშიც მონაწილეობის საშუალება ექნება ყველა მცირე და საშუალო მეწარმეს. შესაბამისად, ბაზარზე უნდა იყოს არა ერთი და ორი კომპანია, არამედ ასი და ასზე მეტი, რომ შეიქმნას კონკურენცია და ფასი არ გაიზარდოს.”

საკრებულოს წევრი, რესპუბლიკელი თინათინ ხიდაშელი რადიო თავისუფლებასთან ცდილობს ახსნას ის, თუ რატომ ვერ გაზრდიან მძღოლები მგზავრობის გადასახადს თვითნებურად:

”ტენდერში გამარჯვებულია მხოლოდ ერთი კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსი”. შესაბამისად, მისი ვალდებულებაა საგადასახადოსთან იყოს პატიოსანი და დაარეგულიროს ურთიერთობები. შესაბამისად, შეუძლებელია, რომ ის დამოკიდებული იყოს ვიღაცის მიერ თვითნებურ ფასთა წარმოქმნაზე, რადგან ეს შეუძლებელს გახდის მისთვის შემოსავლის დათვლას და, შესაბამისად, სახელმწიფოს მოატყუებს გადასახადის გადახდის დროს. ამიტომ თუკი კომპანია ამბობს, რომ მძღოლი თვითნებურად აძვირებს გადასახადს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ამით აღიარებს, რომ ის საგადასახადოს ატყუებს, რადგან კომპანიამ არ იცის რამდენი შემოსავალი ექნება დღის განმავლობაში, რომ იმის შესაბამისად გადაიხადოს გადასახადები”, - ამბობს თინათინ ხიდაშელი.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ახალგაზრდა ფინანსისტები ამახვილებენ ყურადღებას, არის ის, რომ, მათი თქმით, ფარული მონოპოლისტი არ აპირებს ინვესტიციების განხორციელებას. ანუ ე.წ. ”ყვითელი მარშრუტკების” ღირებულებას კომპანია მგზავრობის საფასურის გაზრდით მიღებული შემოსავლებიდან თანდათან დაფარავს. ისინი ასევე საუბრობენ ხელშეკრულების ერთ-ერთ პირობაზე, რომლის მიხედვითაც, ”ყვითელი მიკროავტობუსების” მძღოლებს მოუწევთ ყოველთვიურად კომპანიას 463 ევრო უხადონ, რაც მათ 10 წლის შემდეგ საშუალებას მისცემს, რომ ფორდის მარკის ავტომობილი პირად საკუთრებაში გადაეცეთ. მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით, 18 ათას ევროდ ღირებულ ავტომობილში მძღოლებს, საბოლოო ანგარიშით, 50 ათას ევროზე მეტის გადახდა მოუწევთ.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციას“ პრეტენზიები აქვს სატენდერო კომისიასთან. როგორც ისინი ამბობენ, კომისიის წევრებმა გამარჯვებულს პირობად არ ჩაუდეს ინვესტიციის განხორციელება, ფასების ზრდის დასაბუთების მოთხოვნა, რამაც, ფაქტობრივად, შექმნა წინაპირობა ფარული მონოპოლისტის ჩამოყალიბებისათვის. მერაბ ჯანიაშვილს პრეტენზია აქვს საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირთან და მის ხელმძღვანელ ლავრენტი ალანიასთანაც, რომელიც ასევე იყო სატენდერო კომისიის წევრი:

”ძალიან ცუდად მოიქცა ლავრენტი ალანია. როდესაც საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი გამოვდიოდით და ვიძახდით, რომ ამ პირობებით ტენდერის ჩატარება არ შეიძლება, სამწუხაროდ, ისინი წავიდნენ და ხელი მოაწერეს ამ კომპანიის ხელშეკრულებაზე.”

„საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეტენზიებს პასუხობს ტრანსპორტის პროფკავშირის პრეზიდენტი ლავრენტი ალანია და აღნიშნავს, რომ პროფკავშირის პირდაპირი მოვალეობაა დასაქმებული ადამიანების ინტერესების დაცვა. მისი თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლთა უფლებები სრულად არის გათვალისწინებული:

”ჩვენ ვიცავთ დასაქმებული ადამიანების ინტერესებს. ”თბილლაინი” მოიგებს თუ ”ფაბლიქკარი”, ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა. მთავარი, რაც სატენდერო პირობებში ჩავადებინეთ, იყო ის, რომ 3500 დასაქმებული ადამიანი, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, კვლავ დასაქმებული იქნება. ამიტომ გავაფორმე კოლექტიური ხელშეკრულება დასაქმებაზე და არა მათ მონოპოლიზაციაზე”, - ამბობს ლავრენტი ალანია.

მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ”თბილისის მიკროავტობუსის” მფლობელობაში მყოფი ყვითელი მიკროავტობუსები მხოლოდ ერთ ხაზს ემსახურებიან, ქალაქში არსებული ხაზების მნიშვნელოვანმა ნაწილმა, სადაც ჯერ კიდევ ძველი მიკროავტობუსები მოძრაობენ, მგზავრობის ღირებულება 80 თეთრამდე გაზარდა. რაც შეეხება მიკროავტობუსების მგზავრებს, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი, გაძვირებული ღირებულების მიუხედავად, კვლავ 50 თეთრს იხდის.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: თუთა საიდან გვწერთ: მანგლისი
25.07.2011 00:03
პირველ დღეს რომ ავედი მარშუტკაში, მძღოლი შავ დღეში ჩავაგდე, მე რას მერჩითო, მერიის ბრძანებით გაგვიძვირესო, მოვითხოვე ბრძანება გააკარით ტრანსპორტშიმეთქი,რომ თქვენ ასცდეთ ხალხის უკმაყოფილებას, მაგრამ არცერთ მანქანას ასეთი ბრძანება არ აქვს,ეს ზეპირი ბრძანება იყო მერიის, ამ მძღოლებს ხომ ხმის ამოღების უფლება არ აქვთ,იტანენ ხალხის გინებას, ეს ყველაფერი რამდენიმე დრე გაგრძელდება, მერე ყველა შეეჩვევა ამ ცვლილებას და მერია თავისას გაიტანს.....ხალხი სულაც არ ადარდებს არც მერს და არც საკრებულოს უმრავლესობას, მათ გარანტირებული ტრანსპორტი აქვთ..
ჩვენ კი რა დაგვრჩენია, ისედაც შემცირებული სასურსათო კალათა კიდევ შევამციროთ, სინათლის ქალაქი ისევ ჩავაბნელოთ, რომ გადასახადები შევამციროთ, რათა შვილებმა სასწავლებლად შეძლონ სიარული 60% -ით გაძვირებულ გზაზე.ცოცხლად ვკვდებით.თუ ასე გაგრძელდა სოციალური აფეთქებაა მოსალოდნელი....გამოფხიზლდით ხალხო....

ავტორი: იდიოტოკრატიის მინისტრი საიდან გვწერთ: ტიფლისი
22.07.2011 03:59
ჩვენთან ხო ასე ხდება ხოლმე: ნებისმიერი სახის გაზრდილი გადასახადი პრობლემას წარმოშობს მხოლოდ დამატებითი თანხის მოძიების მხრივ.
ფიქრი მიდის იმაზე როგორ გადავიხადო და არა იმაზე რატომ უნდა გადავიხადო...

რასაკვირველია ბნელა, ბატონებო, ბნელა...
პროტესტი ჩვენი არსობისა არ არს...

ავტორი: nd საიდან გვწერთ: tbilisi
22.07.2011 01:17
არ ვაპირებ ძველ და ამორტიზებულ მანქანებში მეტის გადახდას. რას ჰგავს ეს ყველაფერი, მაგათი მაიმუნი ვინაა, ბოლო-ბოლო?! მძღოლებმა თუ უნდათ იჩხუბონ, იგინონ, იწყევლონ...მე ვეტყვი " გამძვირებელს მიუვიდესთქო" :))))ვოტ, ტაკ!

ყველაზე პოპულარული