შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 04:14

რუბრიკები / თავისუფლების დღიურები

გოგი ალექსი-მესხიშვილი, მხატვარი

x
ტექსტის ზომა - +
4 დეკემბერი, კვირა
დღიურიც და ჩემი დღეც 6 საათზე იწყება. შაბათ-კვირას 7 საათზე ჩოგბურთზე მივდივარ, მერე - მშრალი ხიდი და სახელოსნო... მაგრამ დღეს ბევრი ვერ ვიმუშავე. კარის საკეტი გამიფუჭდა. ორ საათს მოვუნდით შეკეთებას - შმაგი მოვიდა და დამიყენა. შემდეგ ვცადე მუშაობა, მაგრამ რატომღაც წინ ვერ წავედი. დღე გაფუჭდა...

პიესა, რომელსაც ვაკეთებ, პესიმისტურ-რეალისტურ-აბსურდულია და არ უხდება რეალისტური დეკორაცია. უამრავი მასალა მაქვს და გადახარშვა სჭირდება.

არაჩვეულებრივი ამინდებია. 18 დეკემბერს ბერლინში მივდივარ ჩემს შვილთან და შვილიშვილთან, მანამდე ბევრი რამ უნდა მოვასწრო. საღამოს ძირითადად პატარა ჩანახატებს ვაკეთებ, რომ არაფერი დამავიწყდეს.

დიდი მწერალი ჩემგან არ გამოვა, მაგრამ ძალიან ვცდილობ.

5 დეკემბერი, ორშაბათი
დილის 6 საათია. ვკითხულობ ბროდსკის. საერთოდ, ძირითადად პოეზიას ვკითხულობ. ბევრ რუს პოეტს საშინელი ბიოგრაფია აქვს. ახმატოვას „რეკვიემში“ მოგონება მანდელშტამზე - როგორ მოსპო სისტემამ... გალაკტიონი მახსენდება - ჩვენს მეშვიდე ვაჟთა სკოლაში შეხვედრა მოუწყვეს - ესეც ტრაგიკული ბედი...

მერე ინტერნეტში, ჩემი კოლეჯის ვებგვერდზე, წავიკითხე, რომ ფრიდონ შუბითიძემ, რომელიც ჩვენთან მუშაობს, მოიგო ამერიკის თავდაცვის სამინისტროს კონკურსი და დიდი გრანტი თავისი გამოკვლევისთვის. საოცარი ბიოგრაფია აქვს: აფხაზეთიდან დევნილი, ამერიკაში მოხვდა და დღეს მსოფლიოში თავისი დარგის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია!
Loading
12:00:00 / -:--:--
ჩამოტვირთეთ

აქ არავის სჭირდება შენი ნიჭი, ცოდნა, გამოცდილება, რისი მაგალითიცაა სამხატვრო აკადემიასთან დაკავშირებული ჩემი ამბავი, და რურუას საქციელი სტურუასა და ჩემს მიმართ. საერთოდ, წელს ბევრი უსიამოვნება შემხვდა: პრაღაში მომხდარი ამბავი, აკადემია და ასე შემდეგ... სამწუხაროდ, აქ ახალგაზრდებს არავითარი ცოდნა არა აქვთ და ეს არავის აწუხებს.

ეს დილის ფიქრებია. წავედი სამუშაოდ.

საღამოს ჩემს დასთან ვიყავი და ბავშვები ვნახე. მერე შინ დავბრუნდი და ინტერნეტი - არეულობაა მთელ მსოფლიოში.

ჩვენი სახლის წინ ძველ შენობას ანგრევენ. ამბობენ, ბაღი გაშენდებაო, რაც ძალიან მახარებს. ბუნებას არაფერი ჯობია!

6 დეკემბერი, სამშაბათი
6 საათზე ავდექი, 7-ზე კი წავედი კუს ტბაზე. აქ სიარულს მამაჩემმა ბავშვობიდანვე მიგვაჩვია მე და ჩემი ძმა. ეს პატარა, კოხტა ტბა შემორტყმულია უამრავი უშნო ჯიხურით, რესტორნით. ჩვენთან როგორც ამახინჯებენ და არ სცემენ პატივს ბუნებას, მე მგონი, სხვაგან არსად მინახავს. უაზრო ქანდაკებები, ჭრელა-ჭრულა სახლები ზღვასთან, ყველგან რკინის ჯვრები, ღამით რომ ანათებენ... კუ-კლუქს-კლანი გეგონება! სად წავიდა სვეტიცხოვლის, ყინწვისის, ნიკორწმინდის გემოვნება?

მთელი დღე ვიმუშავე და, მე მგონი, კარგად მივდივარ. ბროდსკის „წარმოდგენა“ წავიკითხე და ამან მომცა იდეა დეკორაცია-კოლაჟ-ინსტალაციისთვის. სრული თავისუფლება! ვინ იცის, საიდან ჩნდება იდეა? სულ ანტენასავით მომართული უნდა იყო...

ველოდები რობიკოს ჩამოსვლას ინგლისიდან და მერე ვნახოთ, საით წავალთ. საერთოდ, მისი გაგდება თეატრიდან სამარცხვინო ფაქტია. საქმე ისაა, რომ არავინ არის ახალი იდეებით; ყველა შებერებული, პროვინციალი რეჟისორია თავისი "ქეთო და კოტეებით". თემურ ჩხეიძე არ მოვა რუსთაველის თეატრში - წესიერი ადამიანია. მსახიობს სჭირდება დიდი და რთული მიზანი, რომ გაიზარდოს. მე რასაც ვხედავ, ახალგაზრდა რეჟისორებსა და მხატვრებს ელემენტარული პროფესიონალიზმი არ გააჩნიათ... ერთმა ახალგაზრდა ინგლისელმა დადგა სპექტაკლი „რუსთაველში“. ძალიან მომეწონა - ეტყობოდა სკოლა, ცოდნა, და ნიჭიც არ აკლდა...

დღეს მზიანი დღე იყო, ბევრი ვიმუშავე და საღამოს ჩემს მეგობრებთან ერთად კარგი დრო გავატარე. მერე - სახლი და ისევ - რა ხდება მსოფლიოში? კარგი არაფერი! რუსეთში არეულობა იწყება. ვნახოთ, რა მოხდება...

7 დეკემბერი, ოთხშაბათი
6 საათზე ვისაუზმე და სახელოსნოში წავედი. მაკეტს შევეშვი და ვხატავ. წასვლამდე ოთხი ნამუშევრის დამთავრება მინდა.

პროვინციალიზმი: საქართველომ საშინელი დანაკლისი განიცადა 1921-1937 წლებში და მოგვიანებითაც. მთელი გენოფონდი მოისპო და პროვინციალიზმი მეფობს! იშვიათი გამონაკლისის გარდა...

მერაბი და ანდრო მოვიდნენ თეატრიდან. ვაშინგტონის „სინეტიკ“ თეატრის სავარაუდო გასტროლების შესახებ მაკეტები გავაკეთე, რომ თანხა დავთვალოთ. პაატა ციქურიშვილი - აი, ქართული ნიჭის კიდევ ერთი მაგალითი: თეატრი შექმნა და წარმატებას მიაღწიო ამერიკაში?! ეს საოცრებაა!

საღამოს მაიასთან ავედი და ჩუბიკას შვილი ვნახე. ჩუბიკაც საოცრად ნიჭიერია!

ნიჭის შესახებ: ჩემს ცხოვრებაში ბევრი ძალიან ნიჭიერი და საინტერესო ადამიანი შემხვდა. ამან ძალიან ბევრი რამ მომცა.

ბევრი დასაწერი არა მაქვს: სახლი - კუს ტბა - სახელოსნო - სახლი - წიგნი - მეგობრები...

თბილისში არაფერი იწყება 10-11 საათამდე, რასაც გადაჩვეული ვარ.

8 დეკემბერი, ხუთშაბათი
ვიყავი გუდაურში და ძალიან ვისიამოვნე. მთებს თავისი ჯადო აქვს. ზღვა ერთ კვირაში მბეზრდება, მთაში კი თვეობით შემიძლია ვიყო. შარშან სვანეთში ვიყავი (მგონი, უკვე მეათედ) და გაისად მინდა, რაჭა მოვიარო.

საღამოს დოვლატოვი წავიკითხე. ძალიან მიყვარს. საოცარი მოთხრობა აქვს პესიმიზმსა და ოპტიმიზმზე - საბჭოთა ოპტიმიზმი და ბაირონის პესიმიზმი... საერთოდ, ჩვენთან თუ წერდა ვინმე ისე, როგორც შალამოვი ან ახმატოვა? წერდა და მაგიდის უჯრაში ინახავდა ყოველგვარი იმედის გარეშე, რომ ოდესმე დაიბეჭდებოდა?

საღამოს ვიმუშავე სახელოსნოში, მერე ინტერნეტში შევედი. მომივიდა წერილი ნიუ-იორკის უნივერსიტეტიდან (NYU) ჩემი ყოფილი სტუდენტის შესახებ. მადლობას მიხდიან და მწერენ, რომ ბრწყინვალე სტუდენტია. საერთოდ, ჩემი სტუდენტები ამერიკაში ძალიან წარმატებული არიან და მათთან ახლო ურთიერთობა მაქვს.

კარგი დღე იყო!

9 დეკემბერი, პარასკევი
მთელი დღე, საღამომდე, ვხატე. მერე - ახალი ამბები, რუსეთი. მე მგონი, რუსებს მონობის სინდრომი თუ გენი აქვთ. მთელი მათი ისტორია ამას ამტკიცებს.

ჩემს საქმეს იმდენი დრო მიაქვს, რომ არაფრისთვის მცალია. თანაც, სულ იმეილები მომდის ამერიკიდან მიუზიკლის შესახებ - ციფრები, ნახაზები და ასე შემდეგ...

ეს არის და ეს ჩემი დღე!..

10 დეკემბერი, შაბათი
7-ზე ჩოგბურთზე წავედი. ბნელა. ნაგვის ყუთებში ადამიანები იქექებიან - ძალიან სევდიანი სურათია.

დღეს ალა სიგალოვამ გამომიგზავნა ჰარვარდში რომან კოზაკისა და ჩემი სპექტაკლის ვიდეო. რომა გამახსენდა, უნიჭიერესი რეჟისორი და ბრწყინვალე ადამიანი, ასე უდროოდ რომ წავიდა.

ცოტა ვიმუშავე. 3 საათზე ჩაწერა მაქვს. მერე წავალ თეატრში. რობიკოს ვნახავ და შეხვედრაზე მოველაპარაკები.

ღამით ფეხბურთია - ჩემი საყვარელი „ბარსელონა“ და „რეალი“.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: manana jinjikhashvili საიდან გვწერთ: new-yorki
05.01.2012 04:24
ძვიფასო გოგი, როგორ მიხარია, რომ შემოხმიანების საშუალება მაქვს. შენს დღიურთან დაკავშირებით დაწერილი კომენტარები წავიკითხე და, სიმართლე გითხრა, გამეცინა. ადამიანმა კარგად რომ გაიგოს რას ამბობ, პირველ რიგში შენი ხელოვნება უნდა იცოდეს და ესმოდეს მეტ-ნაკლებად მაინც, და მერე კიდევ, უნდა იცოდეს შენი საუბრის სტილი - სიტყვაძუნწი და ტევადი ფრაზა. მე მემგონი მივხვდი რას გულისხმობდი.
ცალკეულ დეტალებზე არ ვილაპარაკებ...
ახლა რაც შეეხება სამხატვრო აკაადემიის რექტორად შენს დანიშვნას: მხოლოდ ორი ნიშნით მემეტებოდი მაგ თანამდებობისთვის: პატიოსნება-შრომიმოყვარეობით (!) და იმით, რომ ზოგადად ძალიან ნიჭიერი და ინტელექტუალური ადამიანი ხარ (მესმის, ეს ის თვისებებია, რომლებიც ძალიან ჭირდება შემოქმედებითი სასწავლო ორგანიზაციის ხელმძღვანელს), მაგრამ სხვა დანარჩენით ადმინისტრაციული სამსახურისათვის ნამდვილად არ მემეტებოდი. მხოლოდ მინდა, რომ ეს მტკივნეული არ იყოს შენთვის, რადგან შენ შენი შემოქმედებით ყოველგვარ რექტორობაზე მაღლა დგახარ და ვერავითარი თანამდებობოის პირი, რა რეგალიებსაც არ უნდა ფლობდეს, შენს დისკრედიტაციას, უბრალოდ, ვერ შეძლებს. წარმატებებს გისურვებ,
მანანა ჯინჯიხაშვილი.

ავტორი: N საიდან გვწერთ: თბილისი
03.01.2012 17:05
მთელი ცხოვრების სიამეს ითხოვს ხელოვანთა ეს ნაწილი. და რომ არიან სხვებიც ნიჭიერებიც და პროფესიონალებიც და მათ გამოსავლენად ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგია არც ერთ მათგანს ამის მოსმენა ცხადია სასიამოვნო არაა მათთვის. მხოლოდ ისინი არიან ნიჭიერებიც, პროფესიონალებიც და მხოლოდ მათ უნდა დგან და ხატონ, წერონ და აქვეყნონ. თან ერთი და იგივე გაუთავებლად. საკლმარისი არაა?! თან უკმაყოფილოები რომ არიან .... მე პირადად მომბეზრდით... ყველაფერთან ერთად უმადურები ხართ

ავტორი: lova საიდან გვწერთ: saidanac pirveli mogceret
31.12.2011 16:30
ხო კიდევ არის ერთი მომენტი რატომაც ასე უგვანად ხვდებიან ასეთ ადამიანებს ჩვენში

აბა ვინ იცის ვინ არის გოგი ალექსი-მესხიშვილის ძმა? ან თვითონ გოგი?

მისი ძმა ლადო მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალი დონის კარდიო-ქირურგია რომელიც ბერლინის გულის ცენტრში მუშაობს აგერ უკვე 20 წელიწდზე მეტია და იქაური პროფესორია, მისი ნაშრომები და ლექციები მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების სილაბუსებშია შეტანილი და იწვევენ კიდეც ლექციების წასაკითხად

თავად გოგი კი უნიჭიერესი მხატვარია და მისი ნამუშევრებით არაერთი უდიდესი თეატრის სცენა და წარმოდგენა გაფორმებულა

აბა ეხლა ვინ იცის ვინ არის შაქრო კალაშოვი, ან ტარასა? ისიც გეცოდინებათ ნახალოვკელი ქურდი ონისე ;)

მაგათ ცხოვრებაზე არაფერი იციან და კურდების ძველი ბიჭების და პარლამეტარების მინისტრების და კიდევ ვიღაცეების ლამის ფეხის ზომაც იციან

გემოვნების ამბავია ეგ, ვის ვინ მოსწონს და ვისკენ არის მათი სიმპათიები გადახრილი

ავტორი: Lova საიდან გვწერთ: saxlidan
30.12.2011 04:11
რატომ არის მოდაში ყველაფერი კარგის ლაფში ამოსვრა? იმიტომ რომ თვითონ კარგს ვერაფერს გთავაზობენ, რამე ხო უნდა დაწერონ და კარგის კრიტიკა უკვე განსხვავებულად აჩენს ადამიანებს (ისე ამდენს რო ხვდებიან ეგ კარგია)

მე ესე დასვავდი შეკითხვას: რატომ თვლის ყველა საჭიროდ რომ თავიანთი იდიოტური აზრები გამოთქვან სახალხოდ

ოღონდ რამე ბოროტი დაწერონ და არაფერზე აღარ ფიქრობენ, იმასაც ვერ ხვდებიან თუ როგორ ძალიან სასაცილოდ გამოიყურება მათი კომენტარები

ავტორი: ანონიმი
18.12.2011 18:19
გოგიმ ადრეც ხომ დაწერა ერთხელ დღიური?
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
18.12.2011 21:38
არა, გოგი ამ რუბრიკის სტუმარი პირველად იყო. 2009-ში დღიური დაწერა მისმა ძმამ, ლადო ალექსი-მესხიშვილმა. შეგიძლიათ ნახოთ აქ:
http://www.tavisupleba.org/content/article/1741185.html

ავტორი: ანამარია
18.12.2011 09:32
დღიურები მომეწონა, კომნტარებმა შემძრა, საერთოდ რატომაა მოდაში ყველაფრის ლაფში ამოსვრა? ყველა სხვაზე ჭკვიანია? რა ჩემი საქმეა ღობიკოს შოვინიზმი და პოლიტიკა, რობიკო მაგარი რეჟისორია, ალექსი-მესხიშვილი ბრწყინვალე მხატვარია და ეს მარადიულია, დანარჩენი-პოლიტიკოსები, თანამდებობა და ყველაფერი წარმავალია

ავტორი: ალექსანდრე საიდან გვწერთ: რადიო თავისუფლებიდან
18.12.2011 07:54
თავს ვდებ, რომ ბოლო კომენტარი გოგი გვახარიას დაწერილია. და სიტყვების წყობაც და ლოგიკაც ზუსტად ემთხვევა მისას..... ავტორი: გიორგი საიდან გვწერთ: თბილისი
18.12.2011 04:23 რომ წერია მაგი მაქვს მხედველობაში.

ავტორი: გიორგი საიდან გვწერთ: თბილისი
18.12.2011 04:23
'აქ არავის სჭირდება შენი ნიჭი, ცოდნა, გამოცდილება, რისი მაგალითიცაა სამხატვრო აკადემიასთან დაკავშირებული ჩემი ამბავი, და რურუას საქციელი სტურუასა და ჩემს მიმართ. საერთოდ, წელს ბევრი უსიამოვნება შემხვდა: პრაღაში მომხდარი ამბავი, აკადემია და ასე შემდეგ'
საინტერესოა, ვინ არიე ეს "არავის". ალბათ მთავრობას გულისხმობთ, ხომ, ბატონო გოგი? მთავრობას არც უნდა სჭირდებოდეს. მხატვრის ნიჭი, უპირველეს ყოვლისა, უნდა სჭირდებოდეს მაყურებელს, ადამიანებს და მგონი, ხელოვანი სწორედ მათთვის ქმნის. და თუ მაინც არავის სჭირდება, ვისი ბრალია? ვის საყვედურობს ბატონი მხატვარი? თან თუ დღიურებს წერთ აუდიტორიისთვის, რატომ ვარაუდობთ, რომ მან უნდა იცოდეს, თუ როგორ მოგექცათ თქვენ რურუა და რა შეგემტხვათ პრაღაში?

ავტორი: რურუა საიდან გვწერთ: მთავრობიდან
17.12.2011 20:04
არა, ყურადღება არ მიაქციოთო რომ გიწერენ გოგი ალექსი მესხიშვილი, არა, არ მიაქციოთ და თავი იტყუეთ, რომ სტურუას შოვინისტური ხუმრობებისთვის მხარდაჭერას ყურადღებას არ მიაქცევს აშშ ს ნატურალიზაციის და ემიგრაციის სააგენტო, ბრიტანეთი არ მიაქცევს ყურადღებას სტურუა რომ შოვინისტურად ხუმრობდა....... არ მიაქციოთ ყურადღება... ისე კარგად იცით, არც ერთს რომ აღარ გექნებათ არსად წასვლის და მუშაობის საშუალება.

ავტორი: ლევან საიდან გვწერთ: თბილისი
16.12.2011 17:46
ბატონო გოგი,
არ გეჭყინოთ, ყურადღება არ მიაქციოთ ამ კომნტარებს– ხალხი აქ "ენის მოსაფხანად" შემოდის, თორე ისე არ არიან, დარწმუნებული ვარ, გაბოროტებულები.

ავტორი: ანონიმი
16.12.2011 17:30
"ARS LONGA, VITA BREVIS" -- ხელოვნება მუდმივია, სიცოცხლე ხანმოკლე."

ავტორი: ილიკო საიდან გვწერთ: თბილისი
16.12.2011 09:31
კომენტარებმა შემაძრწუნა. უფსკრულისკენ მივექანებით.

ავტორი: ო.ქ. საიდან გვწერთ: თბილისი
15.12.2011 19:50
ARS LONGA,VITA BREVIS. არსებობის ერთ–ერთი ღირსეული (და შეიძლება, ყველაზე ღირსეული) ფორმა–შემოქმედებაა(ფართო გაგებით) და სწორედ ეს იდევნება ჩვენს ქვეყანაში.დღეს ჩვენთან ყვავის პროვინციალიზმი და დილეტანტობა.

ავტორი: ნინო ომაძე საიდან გვწერთ: თელავიდან
15.12.2011 14:28
გოგო ბატონო, მიშაზე რომ მზე და მთვარე ამოგდიოდათ, მაშინ რას ფიქრობდით. თქვენ, როგორც მხატვარმა, თვალებში თუ ერთხელ მაინც ჩახედეთ, იქ ვერაფერი დაინახეთ? ანდა თქვენი მეგობარი ყანჩელი რას ფიქრობს?
ახლა იტყვით, პოლიტიკოსები არა ვართო. ხმალამოღებული რომ იცავდით, განა ეს პოლიტიკაში გასვრა არ არის?

ავტორი: ანონიმი
15.12.2011 11:25
ავტორი: რურუა საიდან გვწერთ: მთავრობიდან
14.12.2011 13:59

შეგეძლო ეს ბოღმიანი პოსტი შენი ნამდვილი სახელით დაგეპოსტა..და ვირთხასავით არ დამალულიყავი. იოლია სხვების ნიღბებით ცხოვრება არა?

ავტორი: ანონიმი
15.12.2011 03:22
"აქ არავის სჭირდება შენი ნიჭი, ცოდნა, გამოცდილება," ბატონ გიორგის დაავიწყდა რომ იმათ ვისაც შევარდნაძე მიესალმა როგორც დემოკრატიისთვის მებრძოლებს;რომელთა შორისაც საბჭოთა ქართული ზედაფენის სახელგანთქმული წარმომადგენლებიც იყვნენ, დაანგრიეს თბილისის ცენტრი,დაწვეს პირველი სკოლა,მხატვრის სახლი, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი იქ არსებული უმდიდრესი და უნიკალური არქივით. სხვა რამეები რომ არ ჩამოვთვალოთ. ვანდალიზმი გამოცხადდა ღირსებად და ამის გამომცხადებელს დაუჩოქა საბჭოთა საქართველოს ბოდიში ნაღების თუ ქაფის ნაწილმა მაინც. ამ ატმოსფეროში უკეთესის მოლოდინი ძნელია. რასაც დასთეს იმას მოიმკი... ღმერთი შევარდნაძით,ძმები შენგელაიებით და მამარდაშვილით სცდის ქართველობას. თუ ჯერ არ გამოჩენილა მალე გამოჩნდება ვინ გაუძლებს.

ავტორი: თა–მილა საიდან გვწერთ: სამსახურიდან
14.12.2011 20:17
რურუას დღიური მაინტერესებს როგორი იქნებოდა,აქ რომ იგესლება.....

ავტორი: სოფო თოდუა საიდან გვწერთ: თბილისი
14.12.2011 19:02
არა, აშკარად ცუდადაა ჩვენი საქმე, მარტო კომენტარებს რომ წაიკითხავ, იმით გამოიტან ამ დასკვნას. ჯერ ერთი, ამ ნიკებს ამოფარებული ლანძღვა რა უბედურებაა?! რაც შეეხება აკადემიას - აბა, ბატონ გოგის რომ ხელიდან გაუშვებ და კრეტინებით გაავსებ იქურობას, ღირს კი საერთოდ ლაპარაკი? პატივისცემით, ბატონო გოგი)))

ავტორი: მალიარი საიდან გვწერთ: შეღებილი თბილისიდან
14.12.2011 18:04
ბატონო გოგი, ძალიან მომწონს თქვენი შემოქმედება, თქვენს მიერ გაფორმებული სპექტაკლები. ერთხელ, მახსოვს, თქვენს გამოფენაზეც მოვხვდი, სადაც უზარმაზარი ზომის ფერწერული ტილოები იყო გამოფენილი. რაღაც სტრანნი ფერების კომპოზიციები იყო. ერთმა გოგონამ წამიყვანა და არ ველოდი ისე თუ რამე გამიკვირდებოდა. ჩვეულებრივი გამოფენის მოლოდინი მქონდა, მაგრამ ტილოების გიგანტურმა მაშტაბმა სულ სხვა განწყობა შემიქმნა:)
და ვაფშე, თუ მაშინდელ თბილისს გაიხსენებთ, დაახლ.15 წლის წინანდელს, გაგახსენდებათ ჩამუქებული, დეპრესიული დარემო, შიგ მობორიალე გულუბრყვილო ადამიანები და ა.შ. არადა, რატომღაც, ის დრო, მაშინდელი თბილისი უფრო საინტერესოდ მეჩვენება. იმ გარემოში უფრო მეტად იგრძნობოდა ნიჭიერება და შემოქმედებითი მუხტი. ჰმ!

ავტორი: slave trader
14.12.2011 17:02
მონობის გენი რუსების სისხლში როდის იპოვნეს DNA-ს ანალიზში?
შოვინიზმის გენიც არსებობს?

ავტორი: რურუა საიდან გვწერთ: მთავრობიდან
14.12.2011 14:14
გოგი ალექსი მესხიშვილი თქვენგან მოვითხოვ სტურუას შოვინისტური გამონათქვამების ან იუმორის შეფასებას, ტაში დაუკარით? თქვენც იგივე აზრზე ხართ, რომ ეთნიკური ქართველებს მეტი უფლებები უნდა ქონდეთ აქ ვიდრე სხვებს?

ავტორი: rurua საიდან გვწერთ: mtavrobidan
14.12.2011 14:09
პირდაპირ თქვით, რობიკოს რასისტული იუმორი რა არის თქვენთვის რის გამოც გავარდა თეატრიდან? ყველა პასუხი და მითუმეტეს იგნორი ამ კითხვაზე აშშ ს ემიგრაციის და ნატურალიზაციის სერვისი განიხილავს. ბრიტანეთს კი ვურჩევ რობიკო დაკითხოს და მისი იუმორის რასისტული ამბავი გაარკვიოს, წინაამღდეგ შემთხვევაში ბრიტანეთი და აშშ ჩაითვლება ირანად, რადგან ასეთ შოვინისტური იუმორის ხალხს უშვებს თავისთან.

ავტორი: რურუა საიდან გვწერთ: მთავრობიდან
14.12.2011 13:59
არავის ჭირდება აქ შენი პროფესიონალიზმი...ჩემგან ელით დასაქმებას? უთხარით ივანიშვილს, თუ მოვა მთავრობაში და ქარხანას გააკეთებს ცეხში მუშად თუ დაგასაქმებთ... სტურუას მხარდაჭერაზე// საინტერესოა თქვენს მიერ რობიკოს ფაშისტური ხუმრობების მხარდაჭერის `შესახებ რომ გაიგოს ამერიკის მთავრობამ დეპორტს ელოდეთ და შემდეგ ირანის თეატრში მოგიწევთ თქვენც და ბატონ რობიკოსაც მუშაობა.. ან ბოდიშს მოიხდით ორივე ფაშიზმის მხარდაჭერისთვის, ან ორივე იმუშავებთ მხოლოდ რუსთაველზე მიწისქვეშა გადასავლელში ან ირანში. ეს ბოლო გაფრთხილება იყო ყველა შოვინისტური იუმორის მოყვარულებისათვის.

ავტორი: გაბი საიდან გვწერთ: თბილისი
14.12.2011 12:47
პოლიტიკური ნიშნით შეარჩიეს აკადემიის რექტორი.... არადა რამდენ გემოვნებიანს ასწავლიდით სტუდენტებს?! მაინც გამარჯვებული ხართ, ~ ყველას უყვარხართ ★★★★★

ავტორი: X საიდან გვწერთ: Tbilisi
13.12.2011 21:50
რობიკოს როგორ ნახავთ, ეგ მოსკოვში არ წავიდა? თუ ისევ ჩამოვიდა? თუ არც წასულა?
მთელი მსოფლიო რომ ეპატიჟებოდა და თავს იკლავდნენ ბუენოს-აირესიდან ლონდონამდე, მაგ ამბავს რა ბედი ეწია?

პათეტიკურია ეს დღიური, ისევე როგორც მთელი საქართველო...

ყველაზე პოპულარული