ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 თბილისის დრო 17:42

ეკონომიკა / საქართველო

მეტი ბური ფერმერი საქართველოში

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ბური ფერმერი დააინტერესოს ინვესტიციების განხორციელებით საქართველოში და სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა სამხრეთაფრიკელ ფერმერთა პირველი კონგრესი, რომელსაც 23 აპრილს თბილისში სასტუმრო ”რადისონ ბლუ ივერია” მასპინძლობდა. ურთიერთგანსხვავებული მოსაზრებების ფონზე, თანამემამულეებს ის ფერმერებიც ეპატიჟებიან, რომლებმაც უკვე წარმატებით მოიკიდეს ფეხი საქართველოში. რა სარგებლობა მოაქვთ ერთმანეთისთვის ბურებს და საქართველოს?

”მე მიყვარს საქართველო”, გვეუბნება 25 წლის სალკ კრუგერი, სამხრეთაფრიკელი ფერმერი, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია ცხოვრობს საქართველოში, უკვე საქართველოს მოქალაქეა და გარდაბნის რაიონში ათას ჰექტარ მიწას ფლობს:

”არასოდეს მიფიქრია სხვა ქვეყანაში გადასვლაზე... მაგრამ როცა ეს შესაძლებლობა გამოჩნდა და საქართველოში ჩამოვედი სიტუაციის გასაცნობად, აქაური ხალხი მომეწონა ძალიან. აქაურები ძალიან გვეხმარებიან, მაგრამ მათ ბევრი რამ აქვთ კიდევ სასწავლი. ჩვენ მათ გამოცდილებას გავუზიარებთ და 2-3 წელიწადში ისინიც შეძლებენ, რომ ეს ქვეყანა აგრარულ ქვეყნად აქციონ.”  

ეს დაცული ქვეყანაა. შეგიძლია ბევრ რამეში დააბანდო ფული. შეგიძლია ჩამოხვიდე შვილებით და ბავშვების მომავალზე იზრუნო ...
საკუთრებაში არსებული ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთიდან სალკ კრუგერი წელს ამერიკული სიმინდის პირველი მოსავლის მიღებას მხოლოდ 160 ჰექტრიდან გეგმავს და უკვე იცის, რომ ამ პროცესში პირველ ეტაპზე 5 ადგილობრივ მოსახლეს დაასაქმებს. საკუთარ წარმატებულ გამოცდილებაზე 25 წლის ფერმერმა ორშაბათს კონგრესზე შეკრებილ დაახლოებით 70 თანამემამულესაც დაწვრილებით მოუთხრო და უთხრა, რომ აქ მათ ბევრი კარგი შესაძლებლობა ელოდება.

თუკი სასურველ მიწის ნაკვეთს შეარჩევს, საქართველოში შესაძლოა მეუღლესა და 2 შვილთან ერთად გადმოსახლდეს სამხრეთაფრიკელი ფერმერი ჰაიდი ხრაილენი. შეკითხვაზე, რა იზიდავს მას საქართველოსკენ, ფერმერი ქალი ასე პასუხობს:

”...ეს დაცული ქვეყანაა. შეგიძლია ბევრ რამეში დააბანდო ფული. შეგიძლია ჩამოხვიდე შვილებით და ბავშვების მომავალზე იზრუნო. დიახ.”

ამ ეტაპზე საქართველოში უკვე 25-მა სამხრეთაფრიკელმა ფერმერმა მოიკიდა ფეხი - ისინი ბურები, სამხრეთ აფრიკაში გადასახლებული ჰოლანდიელი გლეხების შთამომავლები არიან. აქვე ვთქვათ, რომ ძველჰოლანდიურ ენაზე სიტყვა ”ბურ” გლეხს ნიშნავს. სიმინდის მოყვანის გარდა, საქართველოში ჩამოსულ ბურებს ძირითადად მევენახეობა და მეღვინეობა აინტერესებთ.

სოფლის მეურნეობის სექტორის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში სამხრეთაფრიკელი ფერმერების მოპატიჟების პროცესი 2010 წელს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაპუნა დავითაიას ინიციატივით დაიწყო და შედეგებით კმაყოფილება მან არაერთხელ გამოხატა ორშაბათსაც, კონგრესის მიმდინარეობის ფარგლებში:

”საქართველოს ეკონომიკაში უკვე შემოსულია რამდენიმე მილიონი ლარი და ველოდებით, რომ შემოვა კიდევ რამდენიმე ათეული - თუ არა ასეული  -მილიონი ლარი მომდევნო წლების განმავლობაში, რაც ასაქმებს საქართველოს მოსახლეობას. დღესდღეობით უკვე არის ათობით ადამიანი დასაქმებული საქართველოს რეგიონებში სწორედ ამ პროექტის მიერ შემოტანილი თანხებით.”

კი, ბატონო, გასაგებია - სასურსათო ბაზრის კუთხით რაღაც დამატებითი პროდუქტი გაჩნდება... მაგრამ სხვა პრობლემაა სოფლად და, პირველ რიგში, სწორედ ამ პრობლემას სჭირდება მიხედვა ...
როგორც პაპუნა დავითაია აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, ინვესტიციებთან ერთად ბურებს საქართველოში უნიკალური ფერმერული გამოცდილებაც შემოაქვთ, რაც აუცილებლად გამოადგებათ ჩვენს ფერმერებს.

თუმცა ამ აზრს მაინცდამაინც არ იზიარებენ აგრარულ სექტორში დასაქმებული სოფლად მცხოვრები ადამიანები, რომლებიც თავიანთ ძირითად პრობლემებად არა საქმის უცოდინრობას, არამედ უსახსრობასა და არასაკმარის მიწის ნაკვეთებს ასახელებენ. დიდი ფართობები და ბევრი ფული რომ მისცე, ქართველი კაციც მშვენივრად აამოქმედებს შემოსავლიან ფერმებს, - ამბობს ჩვენთან საუბარში ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე, რომლის პოლიტიკური ძალაც იმთავითვე სკეპტიკურად იყო განწყობილი სამხრეთაფრიკელი ფერმერების მოწვევის მიმართ. პარლამენტის ვიცე-სპიკერს ლევან ვეფხვაძეს უშუალოდ ბურების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ სამხრეთაფრიკელი ფერმერები ვერ ააღორძინებენ სოფლის მეურნეობას საქართველოში და რომ დარგის პრობლემები ბევრად უფრო ღრმა სისტემური მიდგომით უნდა აღმოიფხვრას:

”...კმაყოფილი ვიქნებით, რომ ბურების მიერ ქართულ მიწაზე მოყვანილ პომიდორს შევჭამთ. კი, ბატონო, გასაგებია - სასურსათო ბაზრის კუთხით რაღაც დამატებითი პროდუქტი გაჩნდება... მაგრამ სხვა პრობლემაა სოფლად და, პირველ რიგში, სწორედ ამ პრობლემას სჭირდება მიხედვა, რაზეც დღეს, სამწუხაროდ, არავინ არ ფიქრობს. საჭიროა კოოპერაციის გაძლიერება და მხარდაჭერა; საჭიროა გარკვეული სამოტივაციო სისტემის შექმნა იმისთვის, რომ მცირე ნაკვეთები გაერთიანდეს უფრო მომგებიან დიდ ფართობებად.”

ასეა თუ ისე, საქართველოში ბურების მოპატიჟების პროცესი გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მიწის ნაკვეთებს ძირითადად აჭარაში და კახეთში ყიდულობენ.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: stumari საიდან გვწერთ: daburulidan
29.04.2012 14:05
ერთი რამ ყველამ იცის ამ დედამიწაზე, რომ საკუთარი სამშობლო და მიწა- წყალი არუნდა გაყიდო.. რაკი ვყიდით, არაფერიც არ გვცოდნია!

ავტორი: ანონიმი
25.04.2012 23:45
ქალბატონი ელენე ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული საქართველო ააშენეს ჭკვიანმა და გულიანმა ქართველებმა და მათმა ჭკვიანმა და გულიანმა არაქართველმა მოკავშირეებმა. თუ ასეთი ხალხი არ იქნა ვერც კვადრატული კილომეტრების რაოდენობა იქნება. პირველ რიგში ჭკვიანი და გულიანი ქართველების და მათი ასეთივე მოკავშირეების მონახვა და აღზრდაა საჭირო. კვადრატული კილომეტრების რაოდენობის ზრდა არაა მიზანი,ღირსეული ადამიანები აკლია კაცობრიობას.

ავტორი: ელენე საიდან გვწერთ: საქართველოდან
24.04.2012 21:24
ბატონო უიშვილო, ოდესღაც საქართველოც იყო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული. ჰოლანდიის ისტორიას რაც შეეხება ძალიან კარგად ვიცი ამ ხალხმა რას და როგორ მიაღწია და სხვათაშორის 'ბური' მხოლოდ ძველჰოლანდიურად კი არა დღესაც გლეხს ნიშნავს ნიდერლანულად. ფაქტი ის არის, რომ დღეს ჰოლანდია საქართველოზე ორჯერ პატარაა და თუ რამეს გვასწავლიან მათი წარმომადგენლები სასირცხვოდ და დასაძრახად არ უნდა მივიჩნიოთ. რაც შეეხება აღზევებულ ჩინონვნიკებს, ისინი კიდევ მეტად აღზევდებიან თუ ჩვენ უარს ვიტყვით განათლებასა და განვითარებაზე.

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
24.04.2012 19:51
ავტორი: ელენე საიდან გვწერთ: საქართველოდან
24.04.2012 14:05-სამწუხაროდ თქვენც გავრცელებული ავადობა შეგყრიათ-უცოდინარობა, რომელსაც დელიკატურად არაინფორმირებულობადაც ხმობენ, ჰოლანდია მართალია პატარაა, მაგრამ 18-19 საუკუნეებში კოლონიებს ფლობდა და საკმაოდ სარფიანი შემოსავლებიც ჰქონდა იქედან-საქართველო კი თითქმის მუდამ სხვისი კოლონია გახლდათ- ამიტომ მკლავების დაკაპიწებისაკენ იმ მუქთახორებს მოუწოდე ათასობით ლარებს ხელფასებად და პრემიებად რომ იჯიბავენ....და მთელი საქართველოს სიმდიდრე უცხოტომელებს რო ჩაუჯიბეს-სამუდამოდ!

ავტორი: ელენე საიდან გვწერთ: საქართველოდან
24.04.2012 14:05
მიწები არ არისო, რომ გაიძახით, შეხედეთ ჰოლანდიას, საქართველოზე სულ მცირე ორჯერ პატარაა თავისი ტერიტორიით და მსოფლიოში პირველი აგრარული ქვეყანაა. სახსრებს რაც შეეხება ცხადია ეხლა აქვთ სახსრები, მაგრამ რაღაცით ხომ დაიწყეს მათაც და მაშინ ხომ არ იყო იმ ოდენობით სახსრები. ასე, რომ იმის ძახილს, რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით და სხვისგან არ გვესწავლებაო ჯობია ალბათ ენები დავიმოკლოთ და მკლავები დავიკაპიწოთ საშრომელად და სასწავლებლად. სააუკუნეები გადის და ეს დალოცვილი მიწა წალკოტად ჯერ არც ერთ ქრთველს უქცევია.

ავტორი: ანონიმი
24.04.2012 03:06
შენ იცი?
- თუ იცი, რატომ არ აკეთებ ?
როდემდე იყოს გაუკეთებელი?

ავტორი: ანონიმი
24.04.2012 02:41
ნიკო ბურის მიერ დაპატიმრებული ჩერჩილი //უინსტონი// იხსენებდა, ამ დალოცვილ ლომგულს ასე რომ ებრძოლა რუსეთის წინააღმდეგ მისი ქვეყანა თავისუფალი იქნებოდაო. გაგრძელება იქნება...

ავტორი: ანონიმი
23.04.2012 23:09
ბოლშევიკების გამო მახა და ზანდურის მომყვან და ნეოლითური რევოლუციის მომწყობ ხალხს თურმე მიწის მოხვნა ბურებისგან აქვს სასწავლი. რას იზამ. სტოიკოსების მსგავსად ვიფიქროთ იმაზე რაც შეგვიძლია. ბურებს ის შეუძლიათ სხვას-სხვა.

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
23.04.2012 22:29
”მე მიყვარს საქართველო”, გვეუბნება 25 წლის სალკ კრუგერი, სამხრეთაფრიკელი ფერმერი, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია ცხოვრობს საქართველოში, უკვე საქართველოს მოქალაქეა და გარდაბნის რაიონში ათას ჰექტარ მიწას ფლობს:

”არასოდეს მიფიქრია სხვა ქვეყანაში გადასვლაზე... მაგრამ როცა ეს შესაძლებლობა გამოჩნდა და საქართველოში ჩამოვედი სიტუაციის გასაცნობად, აქაური ხალხი მომეწონა ძალიან. აქაურები ძალიან გვეხმარებიან, მაგრამ მათ ბევრი რამ აქვთ კიდევ სასწავლი. ჩვენ მათ გამოცდილებას გავუზიარებთ და 2-3 წელიწადში ისინიც შეძლებენ, რომ ეს ქვეყანა აგრარულ ქვეყნად აქციონ.” -უყვარს ქართული მიწა-ფეხებზე არ ჰკიდია ქართველი?1000 ჰექტარის მფლობელი,(ასეთები 1000-ობით ჩამოვლენ) ფულიანი ჰოლანდიელი (ბურები ჰოლანდიიდანსამხრ.აფრიკაში ჩასახლებული კოლონისტების შთამომავლები არიან) გვარწმუნებენ რომ ღარიბი, უმიწო ქართველები "აგრარულ ქვეყნად აქცევენ საქართველოს"-ცინიზმი კი მომისმენია-მაგრამ მსგავსი არა!

ყველაზე პოპულარული