ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013 თბილისის დრო 09:07

რუბრიკები / ბიბლიოთეკა

დათო ტურაშვილი რომ ფეხბურთელი იყოს

დათო ტურაშვილიდათო ტურაშვილი
x
დათო ტურაშვილი
დათო ტურაშვილი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ცოტა ხნის წინ გამომცემლობა "იბერიამ" დათო ტურაშვილის წიგნი გამოსცა სახელწოდებით "მე რომ ფეხბურთელი ვიყო". წიგნი, როგორც ხვდებით, ფეხბურთზეა და იმ იშვიათ გამონაკლისებს მიეკუთვნება, როდესაც ქართველი მწერალი ფეხბურთზე წერს, თან ესმის და რაც მთავარია, უყვარს ის, რაზეც წერს. მართალია ბოლო 20 წელი ძალიან წარუმატებელი იყო ქართული ფეხბურთისთვის, მაგრამ ჩვენ ინერციით მაინც ვრჩებით საფეხბურთო ქვეყნად. სწორედ ამიტომ, ყოველთვის მიკვირდა, რატომ წერდნენ ასე ცოტას ფეხბურთზე. თუნდაც წარუმატებლობის მიზეზებზე მაინც უნდა დაეწერათ ფეხბურთის გულშემატკივარ მწერლებს.

კი ბატონო, პრესაში და ბლოგებზე შიგადაშიგ შეხვდებით სტატიებს, მაგრამ წიგნი არ გამოსულა. ერთიორი თარგმნილი წიგნი მახსენდება მხოლოდ, ისიც ფეხბურთელების ან მწვრთნელების - სერ ალექს ფერგიუსონის "ჩემი ცხოვრების წვრთნა", 2000 წელს გამოცემული ქართულად, ასევე როი კინის ავტობიოგრაფია, 2005 წელი, და დიეგო მარადონას "მე ვარ დიეგო". სხვათა შორის, ეს წიგნი დათო ტურაშვილმა თარგმნა ქართულად და 2010-ში გამოსცა, 2 წლის თავზე კი თავისი საფეხბურთო ნაშრომიც დადო.

სხვათა შორის, დათო იმდენად გაიტაცა ამ თემამ, რომ სამომავლოდ აპირებს ძველი თაობის ქართველ ფეხბურთელებზეც დაწეროს წიგნი, შემდეგ კი ვინ იცის, იქნებ რაგბისაც გადაწვდეს.

დათო ტურაშვილის ეს წიგნი მოგონებებითაა სავსე, მაგრამ არსებითად იგი თანამედროვე ქართულ ფეხბურთს ეძღვნება. ბოლოდროინდელ სიხარულებს და უფრო ხშირად კი, იმედგაცრუებებს, დანაკლისებს... ჩვენც საუბარი პრობლემებზე დავიწყეთ:

"მე ვფიქრობ, რომ, რა თქმა უნდა, კომპლექსურია ეს მიზეზები, რის გამოც ამდენი პრობლემა აქვს ქართულ ფეხბურთს. და მთავარია, რომ ქართულ სახელმწიფოს აქვს პრობლემები. როგორც ქართული სახელმწიფო ვერ შედგა ისეთი, როგორზეც, მაგალითად, მე ვოცნებობდი და შენ ოცნებობდი და ალბათ ყველა ნორმალური ადამიანი, ასევე ვერ შედგა ქართული ფეხბურთი, იმიტომ რომ იგი არასრული იქნება მანამ, სანამ აკლია ძირითადი ატრიბუტები... როგორ შეიძლება შედგეს ფეხბურთი იმ ქვეყანაში, სადაც მოედანი არ არსებობს. ეს ხომ გამორიცხულია".

ამაზე წიგნშიცაა საუბარი, მაგრამ ცხადია, პირობები არაა იქ მთავარი თემა, არამედ გარკვეულ ნაციონალურ ნიშნებზეცაა საუბარი და ერთ-ერთი ასეთი ნიშანი ჩემთან საუბარშიც დაახასიათა დათომ:

  "რამდენიმე წელი გადის და ერთ თამაშს მაგრად ითამაშებენ ქართველები. ეს არის ჩვენი ტიპური, კლასიკური მახასიათებელი. ჩვენ არა ვართ ომის ხალხი, ჩვენ ვართ ბრძოლის ხალხი. გავა წლები, ათწლეულები, ერთხელ ისე იბრძოლებ, რომ დიდგორს ჩაატარებ, მერე კი წამოწვები და ისევ კაკლის ჩრდილში ხარ - ტკბილად… ღიღინი, კაი საფერავის წრუპვა... ამასობაში გადის წლები. ასეა ქართულ ფეხბურთშიც, შეიძლება უცებ ხორვატიას მოუგო, მაგრამ ამ თამაშამდე რამდენი წელი იყო, როცა არაფერი არ გაუკეთებია საქართველოს ნაკრებს; არ უთამაშიათ საერთოდ. ტყუილად დაბოდიალობდნენ".
ფენომენალური მოვლენა იყო გიო ქინქლაძე. მე ვფიქრობ, რომ ასეთი შესაძლებლობა, პოტენციური თვალსაზრისით, არასდროს გვქონია. რატომ დავწერე მასზე მთელი თავი? იმიტომ, რომ ეს არის ჩემთვის საქართველოს კლასიკური მაგალითი. გიომ მხოლოდ ორი სეზონი ითამაშა. ანუ იგი ნამდვილი ქართველია. ის ვერ შედგა სპორტსმენად, თორემ ფეხბურთელი მართლა საოცარი იყო...

დათო შეფასებებისას ხშირად ძალიან მკაცრია ხოლმე, მაგრამ ყოველთვის ჩანს ის დიდი გულისტკივილიც, რამაც ავტორს ეს შეფასებები დააწერინა - ლამის ყოველ კრიტიკულ შენიშვნას დათო გულისდაწყვეტის აბზაცებით კმაზავს, ანდა ქებას და კრიტიკას შეურევს ხოლმე ერთმანეთში. აი მაგალითად, ავიღოთ თავი, რომელიც გიო ქინქლაძეს ეძღვნება და სადაც ასეთ სიტყვებს ვკითხულობთ: "გიო ქინქლაძის მსგავსი ქართველი, მოედანზე არასოდეს მინახავს, თუმცა მსგავსი წყენა, სხვა ფეხბურთელის გამო, არც არასოდეს მქონია". წიგნის გამოსვლის შემდეგ, გიო ქინქლაძის დედას დაურეკავს დათოსთვის:

"დამირეკა გიო ქინქლაძის დედამ, სხვათა შორის. მე სულ გული მწყება, ფენომენალური მოვლენა იყო გიო ქინქლაძე. მე ვფიქრობ, რომ ასეთი შესაძლებლობა, პოტენციური თვალსაზრისით, არასდროს გვქონია. რატომ დავწერე მასზე მთელი თავი? იმიტომ, რომ ეს არის ჩემთვის საქართველოს კლასიკური მაგალითი. გიომ მხოლოდ ორი სეზონი ითამაშა. ანუ იგი ნამდვილი ქართველია. ის ვერ შედგა სპორტსმენად, თორემ ფეხბურთელი მართლა საოცარი იყო... დამირეკა დედამისმა, ქალბატონმა ხათუნამ და მადლობა მითხრა ამ სიყვარულისთვის. მე ვგიჟდები, მართლა ძალიან მიყვარს და ძალიან ვნანობ, რომ ასეთი ბრენდი, ასეთი საოცრება დაკარგა მსოფლიომ. მარტო ქართულმა ფეხბურთმა არა. იმის გამო, რომ ის ვერ იქცა ჟინიან და პროფესიონალ სპორტსმენად, მიუხედავად მისი მართლა საოცარი მონაცემებისა. დაუჯერებელი მონაცემები ჰქონდა..."

ასეთი შენიშვნები ბევრია - უდისციპლინობა, სიზარმაცე, ნარკოტიკები, ალკოჰოლი.. დათო ტურაშვილი, როგორც ყოველთვის, ძალიან პირდაპირია. ასეთია მისი წერის მანერა. სწორედ ამიტომ მიმაჩნია იგი დოკუმენტური პროზის ოსტატად და ამიტომ მგონია, რომ სამოგზაურო წიგნები, ავტობიოგრაფია, პორტრეტები და წამიერი მოგონებები, რაღაც გაელვებები, მისი ჟანრებია. დათოს ავტობიოგრაფიული პროზა სავსეა გაოცებით, ზოგჯერ გულწრფელი, ან გულუბრყვილო, ზოგჯერ კი არტისტული განცვიფრებით. იგი დაახლოებით ისევე წერს, როგორც გესაუბრება, ხოლო მოულოდნელი სკაბრეზულობა და პირდაპირობა თავისებური რეალობის ეფექტს აღწევს.

წიგნი, როგორც ვთქვი, წარსულის მოგონებებიცაა და ჩვენი დროც. აქ შეხვდებით პანტიანისკენ ფეხბურთის საყურებლად დაძრულ მანქანების კოლონას, ფიფასწარწერიან ჯადოსნურ ბურთებს, ადიდასის „სპორტულებს“, მუხლებჩამოწელილ საბჭოთა რეიტუზებს, პირველ ბოტასებს, თეთრ და შავ „კეტებს“.

დათო სტადიონის პირველ შთაბეჭდილებასაც იხსენებს და არ შემიძლია მეც არ გავიხსენო ის დღე, როდესაც მამაჩემმა პირველად წამიყვანა დინამოს სტადიონზე. დათოს პირველი თამაში დინამო-ტოტენჰემი იყო და მას დღემდე დეტალებში ახსოვს ეს თამაში, მე კი იმასაც ვერ ვიხსენებ ვის ხვდებოდა დინამო, მხოლოდ ის მახსოვს, რომ წარმოუდგენელი სიმწვანის მოედანზე ლურჯ და წითელ მაისურებში გამოწყობილი ფეხბურთელები გამოვიდნენ. ნეტავ, ვინ იყო იმ დღეს ჩვენი მოწინააღმდეგე - „სპარტაკი“, „დნეპრი“ თუ მინსკის „დინამო“? არ ვიცი. სამაგიეროდ მწვანე მინდვრის, ტრიბუნებისა და ამდენი ხალხის დანახვით მიღებული შოკი დღემდე ჩემთანაა.

ახლა წიგნის დაწერის მიზეზიც უნდა ვთქვა, მით უმეტეს, ამ მიზეზს ავტორმა მთელი თავი მიუძღვნა. საქმე ისაა, რომ დათომ 2007 წლის 21 ივლისს უმძიმესი ინფარქტი გადაიტანა ფეხბურთის თამაშისას; როგორც თვითონ წერს, "გარდაიცვალა", მაგრამ ექიმებმა გააცოცხლეს და უკან დააბრუნეს. ოპერაციის შემდეგ იმდენად მძიმე დეპრესია და ნერვული შეტევები ჰქონდა, რომ ერთმა ფსიქოლოგმა ურჩია (და მას სხვა ფსიქოლოგები და კარდიოლოგებიც დაეთანხმნენ) _ "თუ ოპერაციის ისტორიას საჯაროდ მოყვები, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გათავისუფლდები პოსტოპერაციული გართულებისგან და შენი ფსიქიკაც ისევ ჯანმრთელი რომ გახდეს, თხრობის დროს ყველა დეტალი უნდა გაიხსენოო." ჰოდა ადგა დათოც და მოყვა ყველაფერი იმ დღეს და მერე რაც მოხდა: რატი ამაღლობელის უზუსტო პასები, აჩი არველაძე ხელში დისკებით, ბიძინა გეგიძე, რომელმაც საავადმყოფოში წაიყვანა დათო, ექიმები, ფენერბახჩეს კლინიკა... ეს თავი ერთ-ერთი ყველაზე მაგარია წიგნში.

ბოლოს ერთი რამე მინდა ვთქვა. რადგან ამ წიგნზე ვწერდი, ვიფიქრე „ბარსას“ და „რეალის“ დრამატულ გავარდნაზეც დამეწერა ორი სიტყვა. თან დათოსაც გადავურეკე, გული ხომ გატკინეს მეთქი. და ომახიანად მიპასუხა - "მე ბილბაოს ატლეტიკის გულშემატკივარი ვარ, ეგ გუნდები არ მადარდებსო". რეალი და ბარსა არც მე მადარდებს, თუმცა კი ორი დრამატული საღამო კი გვაჩუქეს. ხოლო ამ დრამატიზმის გარეშე ფეხბურთი არაფერია, და სწორედ ამიტომაც, ფეხბურთს მწერლის თვალი სჭირდება, რომ ყველაფერი თავის ადგილას დადგეს, ამბად იქცეს.

ამ წამს, როდესაც გადაცემას ვწერ, ახალი ამბავი გავიგე - გუარდიოლას „ბარსადან“ წასვლა გადაუწყვეტია... ჰოდა, ერთი წიგნი ამ ცხელ ამბავზეც დაიწერება.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ყელამდე სავსე
25.05.2012 19:17
ვისხდეთ ახლა ქართველები და ოდესღაც არსებულ "ქართველურ იმპერიაზე" ვილაყბოთ ტურიკას თამადობით, რეალური პრომლემებიდან გაქცევის და მითური აბსურდით ტვინების გამორეცხვის უნიკალური გზაა.
აი ასე გადაეცით ჩემგან დავითს ბატონო მალხაზ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ყელამდე სავსე ერთმა უბრალო მოქალაქემ გირჩიათ ენას კბილი დააჭიროს და თავი დაანებოს მთელი მსოფლიოს ტიპურ ქართულ შოვინიზმისთვის დამახასიათებელი პროვინციალიზმით "ქართველურობის" მიკუთვნებასო. თუ ბუღაძე და ბურჭულაძე სექსის მეტ პრობლემას ვერ ხედავენ ამ ქვეყანაში, თქვენ ის უფრო გადარდებთ როგორ არ აინტერესებთ და როგორ "დაივიწყეს" სხვებმა ეს ყბადაღებული "ნათესაობა", ვიდრე ხალხის რეალური სატკივარი და რეალური გამოწვევები-თქო.
ამ ხალხის ხელში მოდი და გაიკვირვე ახლა ქართული ლიტერატურა, პოეზია, კინო რომ ცოცხალ გვამს ჰგავს!!!

ავტორი: ყელამდე სავსე
25.05.2012 19:10
კაი ბიჭია ეს დათო "ტურიკა" თუმცა საშინლად მაღიზიანებს მისი განუკურნებელი და აკვიატებული "სენი" : რატომღაც დაჟინებული აქვს რომ მთელი მსოფლიოს ხალხები ჩვენი, ქართველების ნათესავები არიან. ამას იმეორებს თუთიყუშივით ყველა თავის მოგზაურობის ჩანაწერში, ნარკვევში, ნაწარმოებში. ჯერ იყო და შოტლანდიელ-ირლანდიელ-უელსელ-კორნუელსელებზე ავტეხეთ ერთი ამბავი, მერე წამოვიდა .......... ესპანელები, კოლუმბიელები, კაპადოკიელები, ბასკები, არგენტინელები, აზერბაიჯანელები, ინდიელები, კორსიკელები, ჯერ ტუტანხამონიო, ახლა ნაპოლეონიო. ვინ ჩვენი "სიძეა", ვინ ჩვენი "ბიძაშვილ-დეიდაშვილ-მამიდაშვილი", ვინ კიდევ "მოძმე" და ა.შ. ისტერიული გაქართველების გზას ვადგავართ კარგა ხანია და სამწუხაროა რომ ტურაშვილიც ემხრობა ამ ფსევდო-პატრიოტულ აბსურდს, მისგან გაცილებით მეტ გამჭრიახობასა და გონებაგასხნილობას ველოდი, ისიც ჩვეულებრივი საშუალო ურაპატრიოტის მენტალობის მატარებელი აღმოჩნდა ჩემდა დიდად სამწუხაროდ (მეტი ჭკუა მას არ ეყო), ობივატელისა, რომელიც დღემდე ვერ შეგუებია იმას, რომ დღეს, აღარ გვაქვს ეს ნიკოფსია და ეს დარუბანდა, რომ დავით-გარეჯი არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ტერიტორია, რომ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ვინაა შენი "ნათესავი" თუ 'ერთი ჯიშ-ჯილაგის მქონე", რა მერე დიდგორის, შამქორისა და ბასიანის ომები რომ მოვიგეთ?! ანტიკურ-ფეოდალური კოშკების შენებას სჯობს დღევანდელი საქართველოს პრობლემებზე ვიფიქროთ ვიდრე დაუმტკიცებელ თეორიებს ჩვენი ბასკებთან ურთიერთობაზე. რა გამოდის, ესე იგი, კაცობრიობას არაფერი ცივილიზაცია არ შეუქმნია საკუთარი ძალისხმევით და მხოლოდ ჩვენი მითიური "სუპერქართველური ტომების" დამსახურებაა მისი არსებობა და თურმე რაც კი სადმე რომელიმე განვითარებული ცივილიზაციის ნიშნები არსებობს, ესეც ჩვენი "დამსახურება" ყოფილა.

ავტორი: მაშო საიდან გვწერთ: ნუცუბიძის ფერდობი
01.05.2012 14:53
ძალიან საყვარელი წიგნია:) ტურიკია <3

ავტორი: წურბელა
30.04.2012 01:18
ავტორი: ანონიმი
29.04.2012 15:33

ამას არ ეკუთვნის ნეტა ერთი გასაშოლტი სეანსი დომინანტის უკუნეთ ტალანებში?

თან ამ სულ ამ მუსიკის ფონზე უნდა გაშოლტონ:)

http://www.youtube.com/watch?v=Zmi2EVb7kQU

http://www.youtube.com/watch?v=6vrz6-eO8Ug

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
29.04.2012 23:02
ეეხ კაია კაი, მართალია ეს კაცი

ავტორი: ანონიმი
29.04.2012 15:33
ნამდვილად ტურაშვილისეულია ხორვატიის დამარცხების დიდგორის ომთან შედარება და ეკუთვნის მასაც ნობელის თუ არა სახაროვის პრემია მაინც.!
პასუხი

ავტორი: მალხაზ ხარბედია
29.04.2012 17:33
არა, მხოლოდ კონსტანტინე ბესკოვის პრემიაზე ქაჩავს.