სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 14:06

პოლიტიკა / საქართველო

ცხინვალის რეაქცია სტატუს-ნეიტრალურ დოკუმენტებზე

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშასამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა
x
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებას ნეიტრალური სტატუსის მქონე დოკუმენტის აღიარების შესახებ ცხინვალში მკაცრი რეაქცია მოჰყვა. ჯერ დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრმა ამირან დიაკონოვმა განაცხადა, რომ, დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობისთვის ამერიკისკენ გზის გახსნის მიუხედავად, ნეიტრალური პასპორტის მიღების მსურველი ბევრი არ იქნება. მოგვიანებით კი თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა და ამერიკის სახელმწიფო მდივანი სამხრეთ ოსეთის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. განცხადებაში ნათქვამია, რომ კლინტონმა ყველა ზღვარი გადალახა. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს ადგილობრივ პასპორტთან ერთად რუსეთის ფედერაციის პასპორტებიც აქვთ, რომლითაც მთელ მსოფლიოში მოგზაურობა შეუძლიათ. ოსური საგარეო უწყება მოუწოდებს ამერიკის მთავრობას ნუ მოახდენს ადგილობრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის იგნორირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ოსი ხალხის დისკრიმინაციად შეფასდება. 
 
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ პარალელურად რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ, ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში წასასვლელ ვიზებს არ აძლევენ. შესაბამისად, ოსი და აფხაზი ახალგაზრდები ევროპული განათლების მიღების შესაძლებლობას მოკლებულნი არიან. არსებობს მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევა და  ამის შესახებ ოსი და აფხაზი ახალგაზრდები სამოქალაქო დიალოგის ფორმატში ხშირად საუბრობენ.

ლიახვის ხეობიდან დევნილი ნაზი ბერუაშვილი, რომელიც ქალთა სამშვიდობო მოძრაობის წევრია, მიიჩნევს, რომ ჰილარი კლინტონის განცხადება დროული იყო, რამდენადაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს ქართულ, ევროპულ და ამერიკულ საზოგადოებასთან ურთიერთობის საშუალება მიეცემათ.

რატომ ვხარჯავთ ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს, როცა აღიარების თხოვნით სხვადასხვა ქვეყნებში დავდივართ, თუ იმაზე ვფიქრობთ, რომ რამდენიმე წელში რუსეთის შემადგენლობაში შევალთ? ...
ამერიკის სახელმწიფო მდივნის მიერ ნეიტრალური პასპორტების აღიარება  ცხინვალში - მედიაცენტრ „ირ“–ში - გამართული დისკუსიის მსჯელობის საგნადაც იქცა. ამ შეხვედრაზე მიწვეულმა ექსპერტებმა დიდი ყურადღება დაუთმეს თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკას. მათი აზრით, ჟენევაში ოსური დელეგაციის საქმიანობა წარუმატებლად უნდა შეფასდეს. გარდა ამისა, ბევრი ექსპერტისთვის მიუღებელია ის, რომ, ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, ამ დისკუსიაში ისევ ის ადამიანები მონაწილეობენ, ვინც 2008 წლიდან დაიწყო მოლაპარაკებები. ახლაც ჟენევაში ოსურ დელეგაციას, სტატუსის შეცვლის მიუხედავად, ისევ ბორის ჩოჩიევი გაუძღვა. ოსი პოლიტიკოსი ვიაჩესლავ გობოზოვი ფიქრობს, რომ აუცილებელია ოსურ პოლიტიკაში  ახალი სახეები გამოჩნდნენ, რომლებიც ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ და საზოგადოებრივ აზრს პატივს სცემენ.  

„ის კი არ გვაშფოთებს, რომ იგივე ხალხი წავიდა ჟენევაში, თუმცა ესეც დიდი განგაშის საფუძველია, თუ გავითვალისწინებთ ბოლო წლების მათ დიდ „მიღწევებს“, არამედ ის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თემა წინასწარ განხილული არ ყოფილა არც იურისტებთან და არც ისტორიკოსებთან. საერთოდ გაუგებარია მექანიზმი, გაუგებარია ის, თუ რას ილაპარაკებენ და იქიდან რით დაბრუნდებიან“, –აცხადებს ჩვენს რადიოსთან საუბარში ვიაჩესლავ გობოზოვი.

ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდი დღეს დაიწყო. ოსური დელეგაცია ამ შეხვედრაზე საერთაშორისო ლექსიკონში ტერმინ „ოკუპირებული ტერიტორიების“ გამოყენებას გააპროტესტებს.   

ცხინვალში გამართული მრგვალი მაგიდის დროს ადგილობრივი ექსპერტები შიდა პოლიტიკის პრობლემებსაც შეეხნენ. მათი აზრით, მთავრობის დაკომპლექტების გაჭიანურებული და გაუმჭვირვალე პროცესი ეწინააღმდეგება ლეონიდ თიბილოვის წინასაარჩევნო დაპირებებს  -  ძველი  სახეები ისევ რჩებიან ხელისუფლებაში.  დისკუსიის ერთ-ერთი მონაწილე, სარმატ გაბარაევი, ფიქრობს, რომ ოსურმა საზოგადოებამ საკუთარ თავს ბევრი შეკითხვა უნდა დაუსვას. მისი აზრით, პირველი კითხვა ის უნდა იყოს, სჭირდებათ თუ არა ოსებს დამოუკიდებელი სახელმწიფო:
 
„თუ ჩვენ არ გვინდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენება, მაშინ ყველა დანარჩენის განხილვა უაზრობაა. მოვიყვან ერთ მაგალითს: რატომ ვხარჯავთ ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს, როცა აღიარების თხოვნით სხვადასხვა ქვეყნებში დავდივართ, თუ იმაზე ვფიქრობთ, რომ რამდენიმე წელში რუსეთის შემადგენლობაში შევალთ? რატომ ვხარჯავთ რესურსებს საკუთარი არმიისთვის? რატომ ვხარჯავთ ძალას საკუთარი  ავტონომიური ეკომონიკისთვის? გამოდის, რომ არაფრისთვის. თუ ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ პროვინცია, მაშინ ეს ყველაფერი აღარ გვჭირდება. ეს ყველაფერი მაშინ დაგვჭირდება, როცა შევიგნებთ გვჭირდება თუ არა სახელმწიფო“, –განაცხადა სარმატ გაბარაევმა.

დისკუსიის დასასრულს გაჩნდა იდეა, რომ ცხინვალში შეიქმნას  ექსპერტთა მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც არსებულ პრობლემებზე რეაგირებას მოახდენს და არც კრიტიკას დაიშურებს ხელისუფლების  საგარეო და საშინაო პოლიტიკის მიმართ.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: მარიკა
08.06.2012 15:53
მაინც მშვენივრად დადიან და მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ანტიქართულ ღონისძიებებში. მაგ. იხ:
http://einblickgeorgien.blogspot.de/2012/05/kommentar-abchasien-tag-im-museum-fur.html

ავტორი: გოჩა ხუნდაძე საიდან გვწერთ: თბილისი
08.06.2012 12:04
ცხინვალის მკაცრი რეაქცია „ნეიტრალურ პასპორტზე“ გასაკვირი არ არის. ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ნებისმიერი ხმამაღლა გაცხადებული აზრი, რომელიც საქართველოსთან რაიმე კომპრომისს შეეხება, ცხინვალის ისტებლიშმენტის მიერ აღიქმება როგორც სამშობლოს ღალატი. იდეა, დაუახლოვდეს სეპარატისტული რეგიონები დასავლეთს რუსეთის გვერდის ავლით, არ არის ახალი. ეს პროცესი დაწყებული იყო და საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა.... მაგრამ, იგი ისეთ ნიშნულს მიუახლოვდა, რომ რუსეთის ხელისუფლებისთვის აუტანელი გახდა. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ამ პროცესმა დაიწყო რეგრესია და ნათლად დაგვანახა, რომ კრემლი არ დაუშვებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის „გასვლას“ ამერიკაზე თუ ევროკავშირზე, თუნდაც ნეიტრალური სტატუსით. დე-ფაქტო ხელისუფლების ჩინოვნიკთა კრიტიკული ტონი ჰილარი კლინტონის მიმართ ამის დადასტურებაა, თუმცა ძალიან სასაცილოდ ჟღერს......
მე არ ვიცი მარია პლიევას როგორი პასპორტი აქვს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ოს ახალგაზრდებს აქვთ სურვილი ისწავლონ დასავლეთში, ეზიარონ დასავლურ დემოკრატიულ ღირებულებებს, სახეზეა. ეს „ნეიტრალური პასპორტებიც“ ასეთი კატეგორიის ადამიანებზეა გათვლილი და არა კრემლის ენაზე „მომღერალ“ ჩინოვნიკებზე. რაც უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება ქართულ-ოსურ თუ ქართულ-აფხაზურ საერთაშორისო პროექტებში, მით უფრო მეტ მათგანს გაუჩნდება საშუალება ისწავლოს დასავლეთში და ამ პროცესს ალტერნატივა არ გააჩნია. რატომაა დასავლეთი დაინტერესებული, რომ აფხაზებმა და ოსებმა ისწავლონ ევროპაში თუ ამერიკაში? საქმე ის არის, რომ ეს პოლიტიკა გათვლილია მომავალზე. დასავლეთი დაინტერესებულია ახალი აფხაზური თუ ოსური „ინტელექტუალური თუ პოლიტიკური ელიტის“ შექმნით, რომელიც არ იქნება „აღჭურვილი„ რუსულ-საბჭოთა მენტალიტეტით და მომავალში დე-ფაქტო ხელისუფლებაში მოსვლით (თუ სხვა გზით) შესძლებს საერთაშორისო ნორმების დაცვით აწარმოოს მოლაპარაკება და იქონიოს კონსტრუქციული ურთიერთობა ქართულ მხარესთან.
......რაც შეეხება, ცხინვალში მიმდინარე შიდა პროცესებს, აქაც საინტერესო მოვლენა ფიქსირდება. ოსური სამოქალაქო საზოგადოება უეჭველად „გაიზარდა“. დღეს, მას აქვს ხელისუფლების კრიტიკის უფლება. გოგა, თქვენი რეპორტაჟი ამის ნათელი დასტურია, კერძოდ, გამოვყოფდი ვიაჩესლავ გობოზოვის და სარმატ გაბარაევის ციტატებს. როგორც ჩანს, ცხინვალის რეჟიმი იძულებულია შეეგუოს ასეთ კრიტიკას, ბუნტის სანაცვლოდ....“ბუნტში“ ვგულისხმობ ანტირუსულ და პროქართულ განწყობილებებს, რისიც ძალიან ეშინიათ როგორც მარიონეტულ ხელისუფლებაში, ასევე კრემლში..... „„თუ ჩვენ არ გვინდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენება...“ (არ გავაგრძელებ შემდეგ ციტატას) -აცხადებს გაბარაევი. გამოდის, რომ 20 წელზე მეტია, რაც ცხინვალის რეგიონი გამოეყო საქართველოს და ჯერაც არ გადაუწყვეტიათ თუ რა უნდათ. აი, ეს „თუ“ აწუხებს ამ ხალხს, ეს გაურკვევლობა, ეს მარიონეტული თეატრი.... მათ აქვთ სურვილი გამოვიდნენ ამ ჩიხიდან, მაგრამ იმდენად არიან „ტალახში ამოსვრილნი“, რომ მათ ამოსაყვანად ბულდოზერია საჭირო.... რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობით..... გოგა, საინტერესო რეპორტაჟი იყო. „გადამაგდო“ ფიქრებში :)))).

ყველაზე პოპულარული