Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნუგზარ წიკლაური: „ჩემი გატაცება უნდოდათ!“


ნუგზარ წიკლაური
ნუგზარ წიკლაური
„ნაციონალური მოძრაობა“ დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე განხორციელებული თავდასხმის გამო პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობასა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. თავად ნუგზარ წიკლაური ვარაუდობს, რომ მას გაუსწორდნენ შალვა თათუხაშვილის წამების შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დეპუტატზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. რა მოხდა 31 მარტს, გამთენიისას, და რა გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციონერ დეპუტატზე თავდასხმას, რომელშიც ნიღბებით სახედაფარული და ელექტროშოკის ხელსაწყოებით შეიარაღებული რვა პირი მონაწილეობდა?

ნუგზარ წიკლაურს, რომელიც 31 მარტს, გამთენიისას, შინ ბრუნდებოდა, თავდამსხმელები სადარბაზოსთან დახვდნენ. როგორც თავად დეპუტატი იხსენებს, დავდასხმას წინ არ უძღოდა არც შელაპარაკება და არც სხვა სახის დაპირისპირება:

„არ არსებობს არც ერთი ადამიანი, რომელთანაც მაქვს რაიმე სახის პიროვნული ან საყოფაცხოვრებო კონფლიქტი. არასოდეს არ მქონია ბიზნესი და ამიტომ შეუძლებელია ბიზნესთან იყოს დაკავშირებული... და როდესაც უცბად რვა ადამიანი არის ასეთი და რაზმივით მოქმედებენ, თან აქვთ ელექტროშოკი, რომელიც ორჯერ დამადეს (თავსა და ფეხზე)... რაც მთავარია, ზუსტად იცოდნენ ჩემი გადაადგილების მარშრუტი და დრო. იცოდნენ როდის მოვიდოდი სახლში. ასევე ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ თავდასხმა განხორციელდა ძარცვის მიზნით ან უბრალო ხულიგნები იყვნენ... ყველა იყო ფხიზელი და მელოდებოდა მე“.
ერთია, რომ მოერევი ადამიანს და მეორე, რომ აიყვანო ხელში. ეს რომ შეძლო, სრულიად უმოქმედო უნდა იყოს. მე კი ძალიან ვუწევდი წინააღმდეგობას და ვყვიროდი მთელ ხმაზე, რომ ვინმეს გაეგო...
ნუგზარ წიკლაური

ნუგზარ წიკლაურის თქმით, თავდამსხმელებმა მისი გატაცება სცადეს, თუმცა მედგარმა წინააღმდეგობამ და ხმაურზე გამოსულმა მეზობლებმა ეს გეგმა ჩაშალეს:

„ერთია, რომ მოერევი ადამიანს და მეორე, რომ აიყვანო ხელში. ეს რომ შეძლო, სრულიად უმოქმედო უნდა იყოს. მე კი ძალიან ვუწევდი წინააღმდეგობას და ვყვიროდი მთელ ხმაზე, რომ ვინმეს გაეგო. როგორც ჩანს, ეს ამბავი გაგრძელდა ასე 1,5 წუთი და ამ ხნის განმავლობაში მე შევძელი წინააღმდეგობის გაწევა და ამის შემდგომ პირველ სართულზე მცხოვრებმა მეზობელმა ქალბატონმა გაიგონა ჩემი ხმა და დაიწყო ყვირილი“.

ქალბატონი, რომელიც ნუგზარ წიკლაურმა ახსენა, მეზობლად მცხოვრები ლია ტოკლიკიშვილი აღმოჩნდა. რადიო თავისუფლება მას ტელეფონით დაუკავშირდა, თუმცა ლია ტოკლიკიშვილმა კომენტარზე უარი გვითხრა და სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაზე მიგვითითა. აი, როგორ აღწერს თავდასხმის მნიშვნელოვანი მოწმე 31 მარტს, გამთენიისას, მომხდარ ძალადობას:

„ღამის სამი საათიდან ოთხის ნახევრამდე იქნებოდა. ახალი დაწოლილი ვიყავი და ოდნავ ჩათვლემილი... მეგონა, მესიზმრებოდა კაცის ხრიალი, მოგუდული ხმით ყვირილი "მიშველეთ" და გინების, ფურთხებისა და კიდევ რაღაც ხელსაწყოების ხმა. არ მახსოვს, რამდენ ხანს მეგონა სიზმარი. როცა მივხვდი, რომ ეს ხმები ეზოდან ისმოდა და ვიღაცას კლავდნენ, ფანჯრისკენ გავიქეცი. კორპუსის წინ მდგარ მანქანაში ვიღაცას ტენიდნენ ან, პირიქით, მანქანიდან გადმოთრევას ცდილობდნენ. ალბათ, პირველი, რადგან ის უძალიანდებოდა, როგორც შეეძლო. პირზე ხელს აფარებდნენ და სახეში ურტყამდნენ. ხელებში რაღაც ელექტროხელსაწყოები ეჭირათ, რომლებიც ცისფრად ანათებდნენ და რაღაც ხმებს გამოსცემდნენ. ყველას შავი ტანსაცმელი ეცვა და სახეებზეც ასეთი ქსოვილები ჰქონდათ აფარებული. ყვირილის გარდა რა შემეძლო? "ახლავე გაუშვით ხელი... ახლავე! თორემ პოლიციაში დავრეკავ!" - ავყვირდი. რამდენიმე მანქანაში ჩაჯდა. ყვირილი გავაგრძელე და რადგან სამზარეულოს ფანჯარასთან ვიყავი, იქვე მდგარი კარტოფილის პარკიდან დიდი კარტოფილებიც ამოვიღე, რომ, თუ არ გაუშვებდნენ, მანქანისთვის დამეყარა. მაგრამ ნელ-ნელა გაუშვეს“.
ჩვენ მოვითხოვთ ამ ფაქტის უსწრაფეს გამოძიებას, ვინაიდან ნებისმიერი გაჭიანურება საქმის გამოძიების დაადასტურებს იმ ლოგიკურ ეჭვს, რომ ჯგუფი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, გახლდათ კარგად მომზადებული და ამ მიზნისთვის სპეციალურად შექმნილი ჯგუფი...
დავით ბაქრაძე

ლია ტოკლიკიშვილი თავდამსხმელებს პოლიციის გამოძახებით დაემუქრა, თუმცა ნიღბიანმა პირებმა დეპუტატს მხოლოდ მას შემდეგ დაანებეს თავი, რაც სხვა ბინებშიც აანთეს შუქი და სხვა მეზობლებიც ახმაურდნენ. მომხდარის გამო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას დააკისრა. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ დაიწყო ოპოზიციის დევნის ახალი ეტაპი, რომელიც გასცდა ოპოზიციის ლიდერებისა და აქტივსტების დაკითხვაზე დაბარებასა და სასამართლო გარჩევებს:

„ჩვენ მოვითხოვთ ამ ფაქტის უსწრაფეს გამოძიებას, ვინაიდან ნებისმიერი გაჭიანურება საქმის გამოძიების დაადასტურებს იმ ლოგიკურ ეჭვს, რომ ჯგუფი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, გახლდათ კარგად მომზადებული და ამ მიზნისთვის სპეციალურად შექმნილი ჯგუფი სავარაუდო კავშირებით ძალოვან სტრუქტურებთან ან სპეცსამსახურებთან. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს პირად კონტროლზე აიყვანოს ეს გამოძიება“.

გარდა ამისა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს მთავრობას, „პირადად დე იურე პრემიერ ღარიბაშვილსა და პასუხისმგებლობაგაქცეულ დე ფაქტო მმართველ ბიძინა ივანიშვილს. საქართველოს პარლამენტის წევრის გატაცების დანაშაულებრივი დავალების გამცემთა და შემსრულებელთა უსწრაფეს დროში არდასჯა დაადასტურებს ღარიბაშვილ-ივანიშვილის პასუხისმგებლობას“.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ეჭვობენ, რომ ნუგზარ წიკლაურს თავს დაესხნენ შალვა თათუხაშვილის წამების შესახებ გაკეთებული მწვავე განცხადების გამო. მიმართვის ერთ-ერთმა ადრესატმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განაცხადა, რომ აღნიშნული საქმე გამოუძიებელი არ დარჩება:

„ასეთი საქმეების გამოუძიებლობა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ამიტომ ასე წინასწარი დასკვნების გაკეთება არ იქნება სწორი. რაც მოხდა, ეს არის აღმაშფოთებელი და მე მოვუწოდე შესაბამის უწყებებს, რომ დროულად გამოიძიონ საქმე“.

ვიყავი საავადმყოფოში და გადავიღე ტომოგრაფია. დამიდგინეს ტვინის შერყევა (გულის რევის შეგრძნება მქონდა 1,5 საათის განმავლობაში), მაქვს თავის დახურული ტრავმა, დაჟეჟილობა მარჯვენა თვალზე, სადაც, წაქცეულს, წიხლი ამომარტყეს...
ნუგზარ წიკლაური

დროული გამოძიების მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას პარლამენტის თავმჯდომარე და მთავრობის სხვა წევრებიც, თუმცა ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ოპოზიციონერ დეპუტატზე განხორციელებულ თავდასხმაში ხელისუფლების ხელი არ ურევია. ვიცე-პრემიერ კახა კალაძის ვარაუდით, კონფლიქტს შესაძლოა ყოფითი საფუძველი ჰქონდეს:

„ძალიან ცუდია, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკურ სარჩულს უდებენ. ეს შეიძლება იყოს გაუგებრობა, პირადი კონფლიქტი... ამიტომ არ უნდა ვიჩქაროთ და ისე უნდა იქნეს გამოძიებული, რომ კითხვები არ გაჩნდეს“.

თუმცა საზოგადოებაში კითხვები უკვე გააჩინა პროკურატურის გადაწყვეტილებამ, გამოძიება დაიწყოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე, ანუ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაზე და ეს მაშინ, როცა, ნუგზარ წიკლაურის თქმით, სამედიცინო დასკვნა სულ სხვა რამეზე მეტყველებს.

„ვიყავი საავადმყოფოში და გადავიღე ტომოგრაფია. დამიდგინეს ტვინის შერყევა (გულის რევის შეგრძნება მქონდა 1,5 საათის განმავლობაში), მაქვს თავის დახურული ტრავმა, დაჟეჟილობა მარჯვენა თვალზე, სადაც, წაქცეულს, წიხლი ამომარტყეს. მაქვს სხვადასხვა სიდიდის ექსკორიაციები სახეზე, ცხვირსა და ა.შ. და მაქვს ელექტროშოკის კვალი მარჯვენა ფეხზე“, უთხრა ნუგზარ წიკლაურმა რადიო თავისუფლებას.

გარდა ამისა, ნუგზარ წიკლაურის თქმით, თავდამსხმელები ცდილობდნენ მის გატაცებას, რასაც მეზობლებიც ადასტურებენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამოც, რომ დეპუტატზე თავდასხმასა და გატაცების მცდელობას იძიებს დიდუბის რაიონული პროკურატურა და არა მთავარი პროკურორი.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG