Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკო: არ შეიძლება ევროპის საზღვრები სურვილისამებრ ვჭრათ და ვკეროთ


ალექსანდრ ლუკაშენკო
ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო უკვე ათწლეულებია თავისი ექსცენტრიკული განცხადებებითაა ცნობილი, თუმცა, როგორც ირკვევა, მას კვლავაც შეუძლია ამ კუთხით შთაბეჭდილების მოხდენა.

ყაზახეთის ინტერნეტ-ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 5 ოქტომბერს გამოქვეყნდა, მან პირდაპირ დაგმო რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები ევროპაში საერთაშორისო საზღვრების შესაცვლელად:

„ჩვენ არ გვსურს უკრაინის სახელმწიფოს დაშლა. ბევრი ამბობს, რომ ყირიმი ოდესღაც არასწორად მიაკუთვნეს უკრაინას, რომ ის ოდითგანვე რუსეთის ტერიტორია იყო. ეს არასწორი მიდგომაა".

ლუკაშენკოს თქმით, თუ დაიწყება საზღვრების შეცვლის პროცესი, რომელიც ისტორიის ამა თუ იმ მონაკვეთს დაეყრდნობა, მისი შეჩერება შეუძლებელი იქნება და, შესაძლოა, თავად რუსეთიც გაქრეს, თუკი შუა საუკუნეების, თათარ-მონღოლთა უღლის დროს არსებული საზღვრებიც აღდგება:

„მაშინ დავბრუნდეთ ბათო ყაენის ხანაში, მონღოლ-თათართა უღლის პერიოდში. მოგვიწევს ყაზახეთს, მონღოლეთს და კიდევ სხვებს გადავცეთ რუსეთის, დასავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ ევროპის პრაქტიკულად მთელი ტერიტორია, გარდა ბელორუსიისა - მონღოლებმა ჩვენამდე კი მოაღწიეს, მაგრამ ჩვენ არ შეგვხებიან. რა აზრი აქვს იმასთან დაბრუნებას, რაც ოდესღაც იყო? არ შეიძლება საზღვრები ჩვენი სურვილისამებრ ვჭრათ და ვკეროთ“.

ლუკაშენკომ დასძინა, ევროპის ამჟამინდელი საზღვრები არაერთი საერთაშორისო შეთანხმებითაა დაცული, რომელთა უგულებელყოფა და გაუქმება დაუშვებელიაო.

ბელორუსიის პრეზიდენტი ძირითადად ლაპარაკობდა კიევსა და პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტსა და რუსეთის მიერ მარტში ყირიმის ანექსირებაზე, თუმცა, ცხადია, მისი განცხადებების მისადაგება ასევე შეიძლება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან, ისევე როგორც მოსკოვის მხრიდან მოლდავეთის სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის, მხარდაჭერასთან.

ლუკაშენკოს მხრიდან ასეთი პირდაპირი განცხადებები და ყაზახეთის ხსენება განსაკუთრებით გასაკვირია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბელორუსია და ყაზახეთი მონაწილეობენ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის პროექტში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის საგარეო პოლიტიკის მთავარ ღერძად რჩება. 10 ოქტომბერს მინსკი უმასპინძლებს ამ სამი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრას, სადაც უნდა გაიცვალოს კავშირის შესახებ სარატიფიკაციო დოკუმენტები. კავშირი 2015 წლის 1 იანვარს უნდა ამოქმედდეს.

მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინაში გატარებულმა პოლიტიკამ აშკარად შეაშფოთა ყოფილი საბჭოთა ქვეყნები, მათ შორის, მოსკოვის ერთგული მოკავშირეები - ბელორუსია და ყაზახეთი. ვლადიმირ პუტინმა აგვისტოში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე დასმულ კითხვაზე გაცემული პასუხით ეს შეშფოთება კიდევ უფრო გაზარდა, როდესაც თქვა, “ყაზახებს თავიანთი სახელმწიფო არასოდეს ჰქონიათო“ და თანამედროვე ყაზახეთის „შექმნა“ პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს მიაწერა.

XS
SM
MD
LG