Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”დიოგენემ” ”ვარდის სახელის” ქართული თარგმანი გამოსცა


გამომცემლობა ”დიოგენემ” გამოსცა ცნობილი იტალიელი მწერლის, სემიოლოგისა და შუა საუკუნეების მკვლევარის, უმბერტო ეკოს პირველი გახმაურებული რომანი ”ვარდის სახელი”, რომელიც შეფასებულია ყველა დროის ბესტსელერად და ინტელექტუალურ დეტექტივად. ”ვარდის სახელი” ქართულად ხათუნა ცხადაძემ თარგმნა. რვაასგვერდიანი რომანი თავად ავტორის ბოლოთქმით სრულდება, რომელიც რომანის ერთგვარი გზამკვლევიცაა.

უმბერტო ეკოს ”ვარდის სახელი” ქართულად მსოფლიო ლიტერატურულ სივრცეში გამოჩენიდან 30 წლის დაგვიანებით ითარგმნა. ამ წიგნის გამოსვლის შემდეგ ეკო გახდა ერთ-ერთი ავტორი, რომელსაც ყველაზე ხშირად ციტირებენ. ეს წიგნი დღემდე რჩება მსოფლიო ბესტსელერად. რეჟისორ ჟან-ჟაკ ანოს ცნობილი ეკრანიზაციის შემდეგ რომანმა კიდევ უფრო მეტი პოპულარობა მოიხვეჭა. რომანში 1337 წელია. ფრანცისკელი ბერი უილიამ ბასკერვილელი და მისი ყმაწვილი თანამგზავრი ადსო, რომელიც რომანში მთავარი მთხრობელია, იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბენედიქტელთა მონასტერში მომხდარი საზარელი მკვლელობების გამოძიებას ცდილობენ. მკვლელობები მონასტრის ბიბლიოთეკაში შენახულ საიდუმლო სიბრძნის შემცველ წიგნს უკავშირდება. თუმცა წიგნის ხელში ჩაგდების ყველა მსურველი გაურკვეველ ვითარებაში იღუპება. ამ რომანს საქართველოში ძირითადად რუსული თარგმანით იცნობენ. დღეიდან კი, როგორც ”დიოგენეს” ხელმძღვანელი თამარ ლებანიძე გვეუბნება, ეს თეთრი ლაქაც შეივსო და პრინციპით - ჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს, „ვარდის სახელის“ გარდა, სხვა არაერთი, მსოფლიოში უკვე კარგად ცნობილი და ტირაჟირებული წიგნის გამოცემაცაა დაგეგმილი:

”ესეც არის ერთ-ერთი იმ პროექტებს შორის, რომელიც შეავსებს იმ თეთრ კულტურულ ლაქას საქართველოს ლიტერატურაში, საგამომცემლო სივრცეში, რომელსაც ჰქვია უმბერტო ეკოს წიგნები ზოგადად და, კონკრეტულად კი, რომანი ”ვარდის სახელი“. მალე ჩვენ მივიღებთ ეკოს სულ ბოლო წიგნს - სავარაუდოდ, ერთ წელიწადში გამოვცემთ ”პრაღის სასაფლაოს”, რომელიც სულ ახლახან გამოიცა იტალიაშიც. გარდა ამისა, საავტორო უფლება გვაქვს ”ფუკოს ქანქარაზე” და ძალიან გვინდა ხელახლა გამოვცეთ ერთი წიგნი, რომელიც იყო ქართულად გამოცემული, მაგრამ შეუმჩნევლად ჩაიარა ქართული საზოგადოებისათვის ამ ფაქტმა. ვგულისხმობ უმბერტო ეკოსა და კარდინალ მარტინის საჯარო დისკუსიას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო იტალიური საზოგადოებისათვის და ვფიქრობ, რომ არც ქართული საზოგადოებისთვის იქნება უინტერესო.”

ხათუნა ცხადაძე ეკოს ”ვარდის სახელის” თარგმანზე ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა.. ეს არის ტექსტი, ამბობს თავად მთარგმნელი, რომელიც გამდიდრებს, გასწავლის და გხდის უფრო ცნობისმოყვარეს:

”ვარდის სახელი” უნდა წაიკითხო იმიტომ, რომ ეს არის ყველა დროის ბესტსელერი და ინტელექტუალური დეტექტივი, წიგნი, რომელიც გაგიჩენს ცნობისმოყვარეობას უამრავი ისეთი რაღაცის და ვიღაცის მიმართ, რომელზეც წარმოდგენაც კი არ გქონდა იქამდე. მე მიყვარს ეკოში ის, რომ ეს არის კაცი, რომელიც არის ამოუწურავი ცოდნის წყარო და თან არის საოცრად სახალისო. მე მას შევხვდი კიდევ შარშან, ბოლონიაში, მთელი საათი ვისაუბრეთ და დავრწმუნდი, რომ ეს არის კაცი, რომელიც ხალისობს იმით, რასაც აკეთებს. ის არის საოცრად ცნობისმოყვარე ადამიანი, ამ სიტყვის ყველაზე კარგი და ჯანსაღი გაგებით.”

ბოლოთქმაში, რომელიც, როგორც გითხარით, რომანს ახლავს, ეკო წერს, რომ ამ რომანს თავიდან სხვა, დროებითი სახელი ჰქონდა - „სისხლიანი მონასტერი“. შემდეგ ოცნებობდა „მელქელი ადსო“ დაერქმია, მაგრამ ადსო ხომ მთავარი მთხრობელია რომანში და იტალიელ გამომცემლებს კიდევ საკუთარი სახელები არ უყვართო, წერს ავტორი. „ვარდის სახელი“ კი თითქმის შემთხვევით მომივიდა აზრად და მომეწონა, ვარდი ხომ მნიშვნელობებით საოცრად დატვირთული სიმბოლოაო... უფრო მეტ საინტერესო ამბავს, თუ როგორ იწერებოდა „ვარდის სახელი“, სწორედ ამ ბოლოთქმაში წაიკითხავთ. შეგიძლიათ სულაც ბოლოდან დაიწყოთ კითხვა, როგორც ამას მწერალი ზაზა აბზიანიძე და მისი თაობის მეგობრები აკეთებდნენ. დღეს, როცა წლების შემდეგ „ვარდის სახელს“ ქართული თარგმანით დაუბრუნდა, ზაზა აბზიანიძე „ვარდის სახელთან“ დაკავშირებულ თავის პირველ ემოციებს იხსენებს:

”ერთხანს უმბერტო ეკო ამტკიცებდა, რომ ერთი ადამიანი სრულყოფილად მხოლოდ და მხოლოდ ერთ წიგნს აღიქვამს. შემდეგ ცოტა შეარბილა ეს განაჩენი. თუ ამ ეკოსეულ პარადოქსს შევეთამაშებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ვარდის სახელის“ ყველა მკითხველს ჰყავს თავისი უმბერტო ეკო. ეს სეხნიები საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ერთნი კითხულობენ ამ ნაწარმოებს როგორც კლასიკურ დეტექტივს, მეორენი - როგორც ისტორიულ რომანს და მესამენი - როგორც თეოლოგიურ თუ ფილოსოფიურ ნარატივს. თუ მკითხავთ, როგორია ჩემი ეკო, მაშინ ორი ათეული წლით უკან უნდა გადავინაცვლო, როცა ჩემი ლიტერატურული თაობა „ვარდის სახელს“ პირველად რუსული თარგმანით გაეცნო და უმეტესობა მკითხველთაგან კითხვას უკუღმა იწყებდა, ანუ ეკოს ბრწყინვალე ბოლოთქმიდან თავისი რომანისათვის.”

”ვარდის სახელის” პრეზენტაციას თბილისში ესწრებოდა იტალიის ელჩი საქართველოში ვიტორიო სანდალი, რომელიც განსაკუთრებით ამაყი იყო იმის გამო, რომ ეკოს მსოფლიოს არაერთ ენაზე შესრულებულ თარგმანებს ახლა ქათული თარგმანიც შეემატა:

”ჩემთვის, როგორც იტალიელისთვის, პირველ რიგში, და როგორც ელჩისთვის, ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ქართულად ითარგმნა ასეთი დონის ნაწარმოები. ეს წიგნი მსოფლიო ლიტერატურაში ცნობილი თანამედროვე იტალიური ლიტერატურის შედევრია და ის ახლა უკვე ქართულადაც არსებობს. ეს ადასტურებს ზოგადად იტალიისადმი ინტერესს და მგონია, რომ უფრო აახლოებს ერთმანეთთან ქართულ და იტალიურ საზოგადოებას, რაც ჩვენთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონე ფაქტია.”

კარგი იქნებოდა, ქართულად კიდევ ერთი თანამედროვე იტალიელი მწერალი, ბარიკო, ითარგმნოსო ,- კი არ გვითხრა, გვისურვა იტალიის ელჩმა ვიტორიო სანდალიმ. ეკოს ”ვარდის სახელი” კი უკვე წიგნის მაღაზიებშია და ის 29 ლარი ღირს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG