Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესლანის სისხლიანი ტერაქტიდან 10 წელი გავიდა


54 წლის ნადეჟდა გურიევა ახლაც მუშაობს ქალაქ ბესლანში, იმ სკოლის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სასწავლო დაწესებულებაში, სადაც 10 წლის წინ ექსტრემისტებმა თვალწინ დაუხოცეს საკუთარი ქალ-ვაჟი. 26 წლის სტაჟის მქონე მასწავლებლისათვის ძალიან ძნელი იყო პედაგოგიურ საქმიანობას დაბრუნებოდა, მაგრამ ერთი თვის შემდეგ მან ეს გააკეთა. იმ ამბავმა, რომ მასწავლებლის პროფესიას დაუბრუნდა, განამტკიცა ნადეჟდა გურიევა.

„მასწავლებლისა და მსახიობის პროფესიებს შორის ბევრი რამაა საერთო. გული გტკივა და გეგლიჯება, მაგრამ მოგწონს ეს თუ არა, უნდა წახვიდე და ბავშვებს გაკვეთილი ჩაუტარო. მათთან მუშაობაა საჭირო. მე 10 ბავშვი მყავდა, რომლებთანაც სკოლის შემდეგ კერძო გაკვეთილებზე დავდიოდი. ღრმად ჩავისუნთქავდი ხოლმე, გავიღიმებდი და ისე მივდიოდი მათთან. წავამეცადინებდი, გამოვდიოდი და გზაში შემდეგი მოსწავლის სახლამდე ვტიროდი, ისეთ რთულ ბავშვებთან მიწევდა გაკვეთილების ჩატარება“.

ჩვენ უკვე ვოცნებობდით, რომ ნებისმიერი სახით დასრულებულიყო ეს ჯოჯოხეთი. სპორტდარბაზში ძირითადად მკვდარი სიჩუმე სუფევდა. მძევლები მორჩილებაში რომ ჰყოლოდათ, ტერორისტები ჭერში ისროდნენ, მაგრამ ასეულობით მძევალი უმართავი ხდებოდა...
ნადეჟდა გურიევა

ნადეჟდა იხსენებს, რომ 2004 წლის 1 სექტემბერს, იმ საბედისწერო დღეს, მის შვილებს ნაციონალური ტანსაცმელი ეცვათ და სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაში აპირებდნენ მონაწილეობის მიღებას. თუმცა ზეიმი არ შედგა. 2004 წლის პირველ სექტემბერს ჩეჩენი და ინგუში ექსტრემისტები სკოლაში შეიჭრნენ, მძევლად აიყვანეს 1100 მასწავლებელი და მოწაფე და 52 საათის განმავლობაში ჰყავდათ ისინი დამწყვდეული სკოლის მცირე სპორტდარბაზში, რომელიც თვითნაკეთი ბომბებით დანაღმეს.

ნადეჟდა გურიევა ერთ-ერთი ბოლო იყო, ვინც ექსტრემისტებმა სკოლის დარბაზში შეაგდეს. სულ მალე დედამ სხვა მძევლებს შორის თავისი სამი შვილიც აღმოაჩინა.

„ორ დღე-ნახევრის განმავლობაში დახუთულ სპორტდარბაზში მყოფი მძევლებიდან ექსტრემისტები მხოლოდ ბავშვებს აძლევდნენ საპირფარეშოში გასვლისა და წყლის დალევის უფლებას. წყლის მილები დაზიანებული იყო, ზოგი ბავშვი მაისურს ასველებდა და ისე მოჰქონდა წყალი მწყურვალე მშობლისა და მასწავლებლისათვის, ზოგიერთი კი წყალს პირში იგუბებდაო“, - იხსენებს ნადეჟდა გურიევა.

ჩეჩენი და ინგუში ექსტრემისტები 2004 წლის 1 სექტემბერს მძევლების სიცოცხლის სანაცვლოდ რუსეთის ხელისუფლებისგან ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანას მოითხოვდნენ, მაგრამ მოსკოვმა ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი თქვა. პასუხად, ექსტრემისტებმა მესამე დღეს ბავშვებსაც აუკრძალეს წყლის დასალევად საპირფარეშოში გასვლა.

„ჩვენ უკვე ვოცნებობდით, რომ ნებისმიერი სახით დასრულებულიყო ეს ჯოჯოხეთი. სპორტდარბაზში ძირითადად მკვდარი სიჩუმე სუფევდა. მძევლები მორჩილებაში რომ ჰყოლოდათ, ტერორისტები ჭერში ისროდნენ, მაგრამ ასეულობით მძევალი უმართავი ხდებოდა“.

3 სექტემბერს, შუადღის პირველ საათზე, სპორტდარბაზში მძლავრი აფეთქება მოხდა. ვისაც შეეძლო, წამოხტა და გასასვლელისაკენ გაიქცა, გაქცეულებს კი ექსტრემისტები მეორე სართულის ფანჯრებიდან ცეცხლს უშენდნენ. პირველ აფეთქებას მალე მეორეც მოჰყვა, რადგან ექსტრემისტებს სპორტდარბაზი ერთმანეთზე თოკებით მიერთებული თვითნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერებით ჰქონდათ დანაღმული.

ჩვენ შორის ბევრი თვითმკვლელობა მოხდა. მაგრამ მე არ მქონდა არჩევის საშუალება. მე დამრჩა პატარა ბავშვი, რომელიც ხშირად მოდიოდა და თვალებში ჩამყურებდა, რომ გაეგო, ვტირი თუ არა. ის კი არადა, ტირილის უფლებასაც ვერ ვაძლევდი თავს...
ნადეჟდა გურიევა

მეორე აფეთქების შემდეგ ნადეჟდა გურიევას ორი შვილი, ვერა და ბორისი, ადგილზე დაიღუპნენ. მესამე შვილი, ირინა, სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. დაჭრილმა დედამ ერთადერთ გადარჩენილ შვილთან ერთად ფანჯრიდან გაქცევა და სამშვიდობოს გასვლა მას შემდეგ მოახერხა, რაც რუსეთის სპეცდანიშნულების ნაწილმა სკოლის შტურმი დაიწყო. ბესლანის სკოლაში მომხდარი აფეთქებისა და სროლის შედეგად, 334 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 186 ბავშვი იყო.

„ასეთი საშინელი სიტუაციიდან გამოსვლის შემდეგ, ნებისმიერმა ადამიანმა ისევ უნდა მოძებნოს სიცოცხლის აზრი. რატომ, რისთვის გააგრძელოს სიცოცხლე? თუ ისიც სასაფლაოზე წავიდეს? ჩვენ შორის ბევრი თვითმკვლელობა მოხდა. მაგრამ მე არ მქონდა არჩევის საშუალება. მე დამრჩა პატარა ბავშვი, რომელიც ხშირად მოდიოდა და თვალებში ჩამყურებდა, რომ გაეგო, ვტირი თუ არა. ის კი არადა, ტირილის უფლებასაც ვერ ვაძლევდი თავს“.

ნადეჟდა გურიევას თქმით, მისმა ქმარმა სტანისლავმა, რომელიც იტანჯებოდა შურისძიების გრძნობით და ვერ შეეგუა იმას, რომ შეუძლებელი აღმოჩნდა მისი შვილების დაღუპვაში დამნაშავეების მოძებნა, სმას მიჰყო ხელი და მალე გარდაიცვალა. ნადეჟდა კი აგრძელებს მასწავლებლად მუშაობას ბესლანის ნომერ პირველი სკოლის წინ აშენებულ ახალ სკოლაში, რომელსაც დიდი ასოებით აწერია: „ჩვენ ახალ ცხოვრებას ვიწყებთ“. თუმცა, როგორც ნადეჟდა გურიევა ამბობს, ახალი ცხოვრების დაწყება არ ნიშნავს წარსულის დავიწყებას.

„პირველი სკოლის ისტორია ეს ჩვენი ისტორიაა. ის მძიმეა, ის საზარელია, ის სისხლიანია, მაგრამ ეს ჩვენი ისტორიაა. ჩვენ ის გვახსოვს და ახალ სკოლაში გადასვლით არ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას. ჩვენ განვაგრძობთ ცხოვრებასო“, - ამბობს ნადეჟდა გურიევა.

XS
SM
MD
LG