ერაყიდან მოსული ცნობებით, ბაღდადში კიდევ ორი აფეთქება მოეწყო მას შემდეგ, რაც 11 მაისს შიიტების რაიონში დანაღმული ავტომანქანის აფეთქებამ შეიწირა, სულ ცოტა, 63 ადამიანი.
ეს იყო ბაღდადში ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი თავდასხმა. მის შემდეგ რამდენიმე საათში მოწყობილი ორი აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, 10 კაცია დაღუპული. პირველი ინციდენტისას, რომელიც შიიტების რაიონში, სადრ სიტიში, ბაზრობაზე მოხდა - 80-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა. ძალადობაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამურმა სახელმწიფომ". ცნობების თანახმად, მოგვიანებით ორი აფეთქება ასევე დანაღმული ავტომანქანებით მოეწყო დასავლეთ ბაღდადში, ორ სხვადასხვა რაიონში. ერთში, ძირითადად, შიიტები ცხოვრობენ, მეორეში - სუნიტები. სუნიტი ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“, რომელიც ჩრდილოეთ და დასავლეთ ერაყში დიდ ტერიტორიას აკონტროლებს, ხშირად ახორციელებს თავდასხმებს რეგიონებში, სადაც შიიტები ცხოვრობენ. ეს ექსტრემისტები შიიტებს მწვალებლებად მიიჩნევენ.
დაწერეთ კომენტარი