Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“აუდიტორია 115” საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს


“აუდიტორია 115”-ის წევრები და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უმაღლესი განათლების შესახებ კანონში არსებულ იმ ნორმებს ასაჩივრებს, რომლებიც, მათი მტკიცებით, სტუდენტურ თვითმმართველობას პრივილეგიებს ანიჭებს, და ამ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. სარჩელი სასამართლოში 10 მაისს გაიგზავნება. სტუდენტები მუშაობენ ასევე კანონში შესატან ცვლილებებზეც.

“უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის 45-ე, მე-20 და 27-ე მუხლი - სწორედ ამ რიცხვებით დანომრილი ჩანაწერები იქცა დავის საგნად, რომლის გამოც სტუდენტური გაერთიანება „აუდიტორია 115“-ის შვიდი წევრი საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს - სარჩელით, რომელშიც ისინი წერენ, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის გარკვეული ნორმები სტუდენტურ თვითმმართველობას პრივილეგიებს ანიჭებს და დანარჩენი სტუდენტები, მათთან შედარებით, არათანაბარ პირობებში რჩებიან. „აუდიტორია 115“-ის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს. საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ასე განმარტავს მიზეზს, რის გამოც საიამ სტუდენტების გვერდში დგომა გადაწყვიტა:

„ეს სარჩელი განსაკუთრებით ღირებული არის იმით, რომ ის არ წარმოადგენს და არ იცავს მხოლოდ „აუდიტორია 115“-ის შვიდი წევრის ინტერესებს. ეს სარჩელი იცავს ყველა სტუდენტის ინტერესებს - იმ ადამიანების ინტერესებს, რომლებიც დღეს არიან სტუდენტები, და იმ ადამიანების ინტერესებსაც, ვინც ხვალ და ზეგ უნდა გახდნენ სტუდენტები, რათა მათ უნივერსიტეტში ჰქონდეთ თანაბარი და სამართლიანი გარემო“.

სხვა სტუდენტს, რომელიც არ არის თვითმმართველობის წევრი და არის სხვა გაერთიანების წევრი ან, საერთოდ, არ არის არც ერთი გაერთიანების წევრი და არის, უბრალოდ, სტუდენტი, არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს აკადემიური საბჭოს არჩევნებში...
გიორგი გოცირიძე

კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავოდ არის ქცეული ის ნორმები, რომლებიც, სტუდენტური თვითმმართველობის წევრების გარდა, ყველა სხვა სტუდენტს ართმევს უფლებას აირჩიონ აკადემიური საბჭოს წევრები, რომლებიც შემდეგ, თავის მხრივ, ირჩევენ რექტორს. სამართლებრივ დახმარებას „აუდიტორია 115“-ის წევრებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე უწევს. სწორედ ის განმარტავს საკონსტიტუციო სარჩელის შინაარსს და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში არსებული ნორმების არაკონსტიტუციურობაზე საუბრობს:

„სხვა სტუდენტს, რომელიც არ არის თვითმმართველობის წევრი და არის სხვა გაერთიანების წევრი ან, საერთოდ, არ არის არც ერთი გაერთიანების წევრი და არის, უბრალოდ, სტუდენტი, არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს აკადემიური საბჭოს არჩევნებში. მიგვაჩნია, რომ ეს არის დისკრიმინაციული და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მეთოთხმეტე მუხლის მოთხოვნებს. ამავდროულად, ეს ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით აღიარებულ გაერთიანების თავისუფლების უფლებას. გაერთიანების თავისუფლება გულისხმობს ადამიანის უფლებას გაერთიანდეს ან არ გაერთიანდეს კონკრეტულ ორგანიზაციაში და თუკი ის არ გაერთიანდება კონკრეტულ ორგანიზაციაში, მას რაიმე ტვირთი და შეზღუდვა არ უნდა დაუწესდეს და სწორეს ეს ნორმა, თუკი სტუდენტი არ გაერთიანდება სტუდენტურ თვითმმართველობაში, ართმევს მას აკადემიური საბჭოს ფორმირებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას“.

„აუდიტორია 115“-ის მიერ კიდევ ერთი გასაჩივრებული ნორმა ეხება ფაკულტეტის საბჭოს დაკომპლექტების წესს, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობის წევრთა მონაწილეობით კომპლექტდება ფაკულტეტის საბჭო, რომელიც შემდეგ უკვე ფაკულტეტის დეკანს ირჩევს. გარდა ამისა, გიორგი გოცირიძის განმარტებით, ფაკულტეტის საბჭოში წევრობის უფლებაც მხოლოდ და მხოლოდ თვითმმართველობის წარმომადგენლებს ენიჭებათ, აკადემიურ პერსონალთან ერთად:

„იმისთვის, რომ არ მოხდეს დისკრიმინაცია, ამ კონკრეტული სიტუაციიდან გამოსავალი არის ის, რომ სტუდენტთა საყოველთაო არჩევნების გზით იყვნენ არჩეულნი როგორც აკადემიური საბჭოს წევრები, ისე ფაკულტეტის საბჭოს წევრები. ანუ ეს არის ჩვეულებრივი არჩევნები, როდესაც სტუდენტი, მიუხედავად იმისა, ის არის თუ არა თვითმმართველობის წევრი, იღებს ბიულეტენს, შემოხაზავს მისთვის სასურველ კანდიდატს და ამ გზით მოხდება ამ ორი უმნიშვნელოვანესი ორგანოს არჩევა. ერთი ორგანო, რომელიც ირჩევს რექტორს, და მეორე, რომელიც ირჩებს დეკანს“.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე აპელირებს იმაზე, რომ თუკი ითხოვთ უნივერსიტეტის ავტონომიას, რატომ აძლევთ პრემიერ-მინისტრს იმის უფლებას, ჩაერიოს უნივერსიტეტის შიდა საქმეებშიო...
თამარ ონიანი

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 45-ე მუხლში არსებული ერთი ჩანაწერის ბუნდოვანებაზე ლაპარაკობენ და მის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ „აუდიტორია 115“-ის წევრები და მათი უფლებადამცველები. ეს არის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, „თვითმმართველობა ახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს“. გიორგი გოცირიძის განმარტებით, კანონმა, რადგან არ აკონკრეტებს, რას ნიშნავს „სხვა უფლებამოსილება“, „პრაქტიკაში მახინჯი ფორმა მიიღო“. ამ მხრივ, ის საყურადღებოდ მიიჩნევს უნივერსიტეტის საბიუჯეტო რესურსებზე წვდომის შესაძლებლობას. ამის საშუალება, გიორგი გოცირიძის თქმით, მხოლოდ და მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს აქვთ, დამოუკიდებელი სტუდენტები კი მოკლებულნი არიან მსგავს უფლებას თვითმმართველობის ჩართულობის გარეშე.

გარდა კონსტიტუციური სარჩელისა, „აუდიტორია 115“-ის წევრები მუშაობენ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე. ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც, მათი აზრით, კანონში უნდა შევიდეს, ეხება რექტორის არჩევის წესს, რომლის მიხედვითაც, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს მთლიანად აკადემიური პერსონალი, მაშინ როდესაც რექტორს მხოლოდ და მხოლოდ აკადემიური საბჭო და მისი 14 წევრი ირჩევს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტისა და „აუდიტორია 115“-ის წევრის თამარ ონიანის თქმით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დაპირების მიუხედავად, მაინც ჭიანურდება კანონპროექტის მიღების პროცესი და სწორედ ამიტომ მიმართეს სტუდენტებმა დახმარებისთვის პრემიერ-მინისტრს:

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე აპელირებს იმაზე, რომ თუკი ითხოვთ უნივერსიტეტის ავტონომიას, რატომ აძლევთ პრემიერ-მინისტრს იმის უფლებას, ჩაერიოს უნივერსიტეტის შიდა საქმეებშიო. ეს ასე არ არის. ყველამ, ვინც იცის იურიდიული პროცედურები, ისიც იცის, რომ პარლამენტში კანონპროექტის მიღებას საკმაოდ დიდი დრო უნდა, ხოლო მთავრობას აქვს იმის უფლებამოსილება, რომ მოსთხოვოს პარლამენტს დაჩქარებული წესით, რიგგარეშე განიხილოს ჩვენ მიერ წარდგენილი კანონპროექტი“.

თუკი კანონში ცვლილებები პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე შევა, მაშინ რექტორის არჩევნები, რომელიც, სავარაუდოდ, ან აგვისტოში გაიმართება და ან სექტემბერში, სწორედ ახალი კანონმდებლობის მიხედვით შედგება. „აუდიტორია 115“-ის წევრებმა კი პირობა იმის შესახებ, რომ კანონპროექტი მხოლოდ და მხოლოდ სტუდენტებთან კონსულტაციების შემდეგ დაიწერება, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისგან 23 აპრილს მასთან გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG