Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის მეტროში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა


მოსკოვში, სულ ცოტა, 21 ადამიანი დაიღუპა მეტროში მომხდარი ავარიის შედეგად. დაშავდა 160-ზე მეტი, ბევრი მათგანი მძიმედ.

15 ივლისს, დილით, პიკის საათის დროს, მოსკოვის მეტროში ლიანდაგიდან გადავიდა მატარებელი, როცა ის მეტროსადგურ „სლავიანსკი ბულვარიდან“ სადგურ „პარკ პობედისაკენ“ გადაადგილდებოდა. ავარიის შედეგად, ადგილზევე დაიღუპა 19 ადამიანი, მოგვიანებით კიდევ ორი გარდაიცვალა საავადმყოფოში. მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გეორგი გოლუხოვის მონაცემებით, მოსკოვის საავადმყოფოებში მოათავსეს 120-ზე მეტი ადამიანი. ასევე ოფიციალური ინფორმაციით, მატარებლიდან ევაკუირებულ იქნა 200-მდე პირი.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა მოსკოვში, მთავრობის სხდომაზე, გააკეთა განცხადება ავარიის შესახებ. „მოსკოვში მოხდა ტრაგიკული ინციდენტი - ავარია მეტროში. ხალხი დაიღუპა. 100-ზე მეტი ადამიანი უკვე მოთავსებულია საავადმყოფოებში სამკურნალოდ. მსურს, ყველა აქ მყოფისა და, მთლიანად, რუსეთის მთავრობის სახელით, მივუსამძიმრო დაღუპულთა ნათესავებს. და უდავოდ, აუცილებელია მოსკოვისათვის დახმარების გაწევა ამ მძიმე ინციდენტის შედეგების ლიკვიდაციის საქმეში“, - განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.

დახმარების საკითხს უკვე შეეხო მოსკოვის მერი სერგეი სობიანინიც. მისი თქმით, ქალაქის ხელმძღვანელობა ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს დაღუპულების ახლობლებს: თითო დაღუპულის სახელზე მილიონი რუბლი გამოიყოფა.

ავარიის შესაძლო მიზეზებზე საუბრისას ოფიციალური პირები გამორიცხავენ ტერაქტს. აი, რა თქვა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა ვლადიმირ მარკინმა: „ტერაქტის ვერსია გამორიცხულია, რადგან გარეგნულად - იმით, რაც ახლა ნახეს უშიშროების ფედერალური სამსახურისა და საგამოძიებო კომიტეტის ექსპერტებმა - არ ჩანს ტერაქტის არანაირი ნიშნები. ამიტომ ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ეს არის ტექნოგენური კატასტროფა და მიზეზი შესაძლოა, რამდენიმე იყოს“, - აღნიშნა მარკინმა.

უფრო კონკრეტული მინიშნება გააკეთა რუსეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვიქტორ ბირიუკოვმა. მისი თქმით, ვარაუდობენ, რომ ძაბვის უეცარი შემცირების გამო ამოქმედდა სიგნალიზაცია, მატარებელმა მკვეთრად დაამუხრუჭა და ლიანდაგიდან გადავიდა რამდენიმე ვაგონი.

განცხადება გააკეთა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმაც, რომან სემუშკინმა: „განიხილება მომხდარის რამდენიმე ვერსია. მთავარი ვერსია არის ტრანსპორტის უსაფრთხოების სფეროში მოთხოვნათა დარღვევა“.

მოსკოვის მეტროთი დღეში ცხრა მილიონამდე მგზავრი სარგებლობს. 16 ივლისი რუსეთის დედაქალაქში გლოვის დღედ გამოცხადდა.

XS
SM
MD
LG