Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრეტასთან ნაპოვნია ჩამოვარდნილი თვითმფრინავის სავარაუდო დეტალები


საბერძნეთის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ კუნძულ კრეტის ნაპირებთან ნაპოვნია თვითმფრინავის ფრაგმენტები, რომლებიც, სავარაუდოდ, რადარებიდან გაუჩინარებული ეგვიპტის ავიახაზების კუთვნილ თვითმფრინავს უნდა ეკუთვნოდეს.

საბერძნეთის არმიის შეიარაღებული ძალების სპეციალური წარმომადგენლის ვასილის ბელეციოსისის თქმით, ეგვიპტის კუთვნილმა ს-130-ის თვითმფრინავმა აღმოაჩინა წყალზე მოტივტივე ნაწილები, რომელთა გამოსაკვლევად შემთხვევის ადგილზე რამდენიმე ბერძნული გემი გაიგზავნა. ეგვიპტის ხელისუფლება აცხადებს, რომ თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო ტერორისტული აქტი ან ტექნიკური გაუმართაობა. ავიაკატასტროფის მიზეზებზე საუბრის დროს ნებისმიერ ვერსიას მიიჩნევს დასაშვებად საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, რომელმაც 19 მაისს პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს სიმართლის დასადგენად.

„როგორც კი გვეცოდინება ზუსტად რა მოხდა, შევძლებთ დასკვნის გაკეთებას - უბედური შემთხვევის ბრალი იყო ეს თუ საქმე სხვა რამესთან გვაქვს, მაგალითად, ტერორიზმის აქტთან, რაზეც, ალბათ, თითოეული ჩვენგანი ფიქრობს. ამ წუთებში თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და განვაგრძობთ კატასტროფის მიზეზების გამოძიებას“.

პარიზი-კაიროს რეისის თვითმფრინავი MS804, რომელშიც 56 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა, 19 მაისს, ეგვიპტის საჰაერო სივრცეში შესვლისთანავე, გაქრა რადარებიდან. სალოკაციო სადგურებმა სულ ბოლოს თვითმფრინავი ხმელთაშუა ზღვის თავზე დააფიქსირეს.

ხმელთაშუა ზღვის აუზში მიმდინარე სამძებრო და სამაშველო სამუშაოებში ეგვიპტის და საბერძნეთის შეიარაღებული ძალების საზღვაო და საჰაერო ძალები მონაწილეობენ.

ბოლო ხანს ამ რეგიონში რამდენიმე საავიაციო ინციდენტს ჰქონდა ადგილი. მარტის თვეში ეგვიპტის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ალექსანდრიიდან კაიროსაკენ მიფრინავდა, მძევლად აიყვანა პირმა, რომელიც ეკიპაჟის განთავისუფლების სანაცვლოდ თავისი ყოფილი ცოლის ნახვას მოითხოვდა. ექვსსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდა. ოქტომბერში სინაის თავზე კატასტროფა განიცადა რუსეთის კომპანია „მეტროჯეტის“ კუთვნილმა თვითმფრინავმა „აირბასA321“-მა. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 224 ადამიანი. დასავლეთისა და რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი გახდა ბომბი, რომელიც თვითმფრინავში მალულად შეიტანეს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG