Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ულტრამემარჯვენეები ავსტრიაში დამარცხდნენ


ალექსანდერ ვან დერ ბელენი
ალექსანდერ ვან დერ ბელენი

ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე კანდიდატი დამარცხდა, თუმცა მცირე სხვაობით. ხმების გადანაწილება 22 მაისს გამართულ არჩევნებზე თითქმის 50/50-ზე იყო. გამარჯვებული ალექსანდერ ვან დერ ბელენი უმცირესობათა უფლებების დამცველია, ხოლო დამარცხებული ნორბერტ ჰოფერი - ემიგრანტების მოწინააღმდეგე ულტრამემარჯვენე.

ავსტრიის პრეზიდენტად ალექსანდერ ვან დერ ბელენი აირჩიეს. მწვანეთა პარტიის ყოფილმა ლიდერმა არჩევნებში დაამარცხა ულტრამემარჯვენე კანდიდატი.

შინაგან საქმეთა მინისტრ ვოლფგანგ სობოტკას განცხადებით, ვან დერ ბელენს მხარი ამომრჩეველთა 50,3-მა პროცენტმა დაუჭირა, ხოლო ნორბერტ ჰოფერი, რომლის კამპანიაც იმიგრანტთა საწინააღმდეგო პოლიტიკაზე იყო დაფუძნებული, მას სულ მცირედით ჩამორჩა და ხმების 49,7 პროცენტი მიიღო. ასეთი მცირე სხვაობა ავსტრიის ისტორიაში საარჩევნო კანდიდატებს შორის პირველად დაფიქსირდა:

„წინასწარი დათვლის შედეგებით, ხმები ასე გადანაწილდა: ინჟინერმა ნორბერტ ჰოფერმა 2 მილიონ 223 ათას 458 ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 49,7 პროცენტია. დოქტორმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა - 2 მილიონ 254 ათას 484 ხმა, რაც ხმათა 50.3 პროცენტს უდრის. გუშინდელი [22 მაისის] არჩევნების საბოლოო შედეგები 2016 წლის 1 ივნისს გამოცხადდება. მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და ახლად არჩეულ პრეზიდენტს მივულოცო გამარჯვება“.

ნორბერტ ჰოფერი
ნორბერტ ჰოფერი

22 მაისს გამართულ არჩევნებზე ბევრი ელოდა ულტრამემარჯვენე კანდიდატის, ავსტრიის თავისუფლების პარტიის წარმომადგენლის, ნორბერტ ჰოფერის გამარჯვებას.

ჰოფერი არჩევნების შედეგებს თავის ფეისბუკგვერდზე გამოეხმაურა, სადაც ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა და მოუწოდა ფარ-ხმალი არ დაყარონ.

„რა თქმა უნდა, მწყინს“, - დაწერა მან. - „ძალიან მინდოდა, რომ ჩვენი დიდებული ქვეყნისთვის მიმეხედა, როგორც პრეზიდენტს“.

ავსტრიის არჩევნებს ყურადღებით აკვირდებოდნენ ევროპის სხვა ქვეყნებშიც, განსაკუთრებით მეზობელ გერმანიაში, სადაც უფრო და უფრო იკიდებს ფეხს იმიგრანტების მოწინააღმდეგე პარტია - „ალტერნატივა გერმანიისთვის“.

23 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ავსტრიის არჩევნებს გამოეხმაურა ფედერიკა მოგერინი, საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი:

„ავსტრიის [საგარეო საქმეთა] მინისტრმა [სებასტიან კრუზმა] საქმის კურსში ჩააყენა [ევროკავშირის საგარეო უწყება]. კომენტარს არ გავაკეთებ [ავსტრიაში გამართული არჩევნების შედეგებზე], მაგრამ ვიტყვი, რომ ჩვენი მუშაობა მიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხებზე, ასევე ევროკავშირის გლობალურ სტრატეგიაზე მიზნად ისახავს ევროპის კავშირის გაძლიერებას. ევროკავშირის გაძლიერება წაადგებათ ჩვენს მოქალაქეებს. სწორედ ამ მოქალაქეებს სჭირდებათ ინსტრუმენტები, იარაღი და პოლიტიკა, რათა ჩვენ, როგორც კავშირმა, ერთად მივაღწიოთ მიზანს“.

საფრანგეთში კი საპრეზიდენტო არჩევნებისწინა გამოკითხვებში ულტრამემარჯვენე ეროვნული ფრონტის ლიდერი მარი ლე პენი ლიდერობს.

შევეცდები მაქსიმალურად კარგად წარვადგინო ავსტრია ევროპასა და მსოფლიოში. სახლში კი ვეცდები, ვკონცენტრირდე ჩვენს საერთო ინტერესებსა და თანამშრომლობაზე...
ვან დერ ბელენი

2015 წელს ავსტრიამ 90 ათასი თავშესაფრის მაძიებელი შეიფარა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 1 პროცენტზე მეტია.

ახლად არჩეული ვან დერ ბელენი, რომელიც პროფესორია ეკონომიკის დარგში, საკუთარ თავს წარმოადგენს როგორც „ლტოლვილების შვილს, რომელმაც ავსტრიისგან ბევრი რამ მიიღო“.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მან თქვა, რომ ქვეყანას სჭირდება ხალხთან ახლებური კომუნიკაცია - პოლიტიკამ ყურად უნდა იღოს ნამდვილი პრობლემები, შიშები და ზოგჯერ ბრაზიც ქვეყნის მოსახლეობაში:

„[არჩევნების ეს შედეგი] 50/50-ზე არის თანასწორობის ნიშანი. ეს ერთიანი ავსტრიის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ნაწილია. ვიღაც იტყვის, მე შენნაირად მნიშვნელოვანი ვარო და მეც თქვენნაირად მნიშვნელოვანი ვარ. ჩვენ ერთად წაავუძღვებით ლამაზ ავსტრიას.

შევეცდები მაქსიმალურად კარგად წარვადგინო ავსტრია ევროპასა და მსოფლიოში. სახლში კი ვეცდები, ვკონცენტრირდე ჩვენს საერთო ინტერესებსა და თანამშრომლობაზე“.

ვან დერ ბელენი ცნობილია როგორც უმცირესობათა უფლებების დამცველი პოლიტიკოსი. ის ასევე მომხრეა ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინებისა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG