Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აშშ-ს ძალადობის, კორუფციისა და დაპატიმრების ჭეშმარიტი სამშობლო უწოდა


რადიო თავისუფლების თანამშრომლები დალუქული ოფისის კართან ბაქოში.
რადიო თავისუფლების თანამშრომლები დალუქული ოფისის კართან ბაქოში.

აზერბაიჯანის პროკურატურამ 27 დეკემბერს რეიდი მოაწყო ჩვენი რადიოს აზერბაიჯანული სამსახურის ბაქოს ბიუროში, რომელიც დაილუქა მათ მიერ.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ბაქოს ბიუროს 12-ვე დაკავებული თანამშრომელი 28 დეკემბერს, დაკითხვის შემდეგ, ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს. მათი დაკითხვა თითქმის 12 საათს გაგრძელდა. 29 დეკემბერს ბაქოს ბიუროს კიდევ 8 ყოფილი და ახლანდელი თანამშრომელია დაკითხვაზე დაბარებული. ისინი გააფრთხილეს, რომ ნებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში იძულებით წაიყვანდნენ დაკითხვაზე.

რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ბაქოს ბიუროს თანამშრომლებს 28 დეკემბრის დაკითხვაზე ადვოკატის თანხლების უფლება არ მისცეს. ადვოკატს განუცხადეს, რომ მას ჩამორთმეული აქვს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებასთან მუშაობის უფლება და რომ მასაც დაკითხავენ. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ბაქოს ბიუროს თანამშრომელთა იძულებით წაყვანას დაკითხვაზე „უპრეცედენტო“ უწოდა რადიო თავისუფლება/თავისუფალი ევროპის მთავარმა რედაქტორმა და კომპანიის ერთ-ერთმა მთავარმა აღმასრულებელმა პირმა, ნენად პეიჩმა. „აზერბაიჯანის პოლიცია ჩვენი რადიოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახების ტერორიზებას ახდენს“, - განაცხადა ნენად პეიჩმა.

აზერბაიჯანის ოფიციალური წარმომადგენელი აშშ-ის დიპლომატს სიტყვიერად თავს დაესხა მას მერე, რაც ეუთოში აშშ-ის წარმომადგენელმა დენიელ ბეარმა ტვიტერის საშუალებით გააკრიტიკა ბაქოს ქმედება რადიო თავისუფლების ბაქოს ბიუროს თანამშრომლების მიმართ. ბეარმა 27 დეკემბერს დაწერა, რომ ბაქოს გადაწყვეტილება დახუროს აშშ-ის მთავრობის მიერ დაფუძნებული მაუწყებლობის ოფისი, „სუსტი, საკუთარ თავში დაურწმუნებელი და კორუმპირებული ლიდერის“ მოქმედებაა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილისა და საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელის ნოვრუზ მამადოვის თანახმად, აშშ-ის დიპლომატმა წონასწორობა დაკარგა. მამადოვი ბეარს მოუწოდებს, უკეთესი იქნება, საკუთარ ქვეყანაში ნახოთ, რა ხდებაო და შეახსენებს სენატის ანგარიშს, რომელშიც ლაპარაკია დაზვერვის ცენტრალური საამმართველოს მიერ გამოყენებულ წამების მეთოდებზე ტერორიზმში ეჭვმიტანილების მიმართ. მამადოვის თანახმად, ძალადობის, კორუფციისა და დაპატიმრების ნამდვილი სამშობლო აშშ-ია. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ბაქოს ბიუროს 12-ვე დაკავებული თანამშრომელი 28 დეკემბერს, დაკითხვის შემდეგ, ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს. მათი დაკითხვა თითქმის 12 საათს გაგრძელდა. 29 დეკემბერს ბაქოს ბიუროს კიდევ 8 ყოფილი და ახლანდელი თანამშრომელია დაკითხვაზე დაბარებული. ისინი გააფრთხილეს, რომ ნებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, იძულებით წაიყვანენ დაკითხვაზე.

აი, რა განუცხადა ამერიკის ხმას ზეინალ მამადლიმ - რადიო თავისუფლების ბაქოს ბიუროს მთავარმა რედაქტორმა და ბაქოს ბიუროს კოორდინატორმა:

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაკითხეს, სულ ცოტა, 12 ადამიანი. რასაკვირველია, კარგი იქნებოდა ეს ნორმალური პროცედურა ყოფილიყო, მაგრამ ნამდვილად არ არის ასე, თუ გავითვალისწინებთ, როგორ კეთდება ყველაფერი: მთელი ეს ხმაური, მუქარა, დაკითხვაზე მიყვანა ყოველგვარი შეტყობინების გარეშე, ადვოკატებით სარგებლობაზე უარის თქმა და ა.შ.“.

მამადლი იმ თანამშრომლების ბედზე ლაპარკობს, რომლებიც, სავარაუდოდ, სამსახურს დაკარგავენ. „ამწუთას რასაც ვგრძნობ, არის წუხილი, შეშფოთება. შეშფოთებული ვარ ჩემი კოლეგების გამო. ვფიქრობ იმაზე, თუ რა ელით ამის შემდეგ, - ვგულისხმობ ხელფასს, - რითი იცხოვრებენ. ზოგს ბანკში კრედიტი აქვს აღებული. სამსახურის დაკარგვა მძიმე იქნება. ამიტომ მადარდებს მათი ბედი - როგორც სოციალური, ისე პროფესიული თვალსაზრისით“.

დაკითხულთა შორის იყო კამრან მაჰმუდოვი, რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის დღის შოუს წამყვანი, რომელიც დაკითხვაზე 28 დეკემბერს, სახლში მიმავალი, გზიდან იძულებით წაიყვანეს.

ჩინგიზ სულთანოვი, აზერბაიჯანული ბიუროს რუსულენოვანი საიტის რედაქტორი, ამგვარად დაიბარეს დაკითხვაზე:

„ჩემს კართან გამოჩნდა კაცი, სამოქალაქო ტანსაცმელში, და წარმომიდგა როგორც ადგილობრივი პოლიციელი. კარზე დაგვიკაკუნა. მათ არც ერთხელ არ დაურეკავთ. ქაღალდიც არ გამოუგზავნიათ წინასწარ. მითხრა, იასამარის რაიონის პოლიციის უფროსს სურს შენთან ლაპარაკიო. მეც დავთანხმდი“.

დაკითხვაზე ძალის გამოყენებით, სულ, რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის 12 თანამშრომელი მიიყვანეს. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ადვოკატს პროკურატურაში განუცხადეს, რომ ჩამორთმეული აქვს უფლება, იყოს რადიო თავისუფლების დამცველი, რადგან გამომძიებლებს მის მიმართაც აქვთ შეკითხვები.

ვიდეორეპორტიორმა ისლამ შიმხალმა თქვა:

„გამაფრთხილეს არავითარი განცხადებები არ გამეკეთებინა. ჩემი ადვოკატი ამბობს, ეს უკანონო მოთხოვნააო, მაგრამ მე მაინც არ მინდა გავამხილო დასმული შეკითხვები - გეტყვით მხოლოდ ზოგადად, რომ მეკითხებოდნენ ხელფასზე, მეკითხებოდნენ ვინ ამიყვანა სამსახურში“.

აზერბაიჯანის კანონი რადიო თავისუფლების ბაქოს ბიუროს განიხილავს როგორც უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციას. მმართველი პარტიის წარმომადგენელი სიავუშ ნოვრუზოვი ფიქრობს, რომ პროკურატურის რეიდი გამართლებულია. მან ადგილობრივ მედიას განუცხადა, ბიუროს დახურვა საჭირო იყო, რათა აღკვეთილი იქნეს ჯაშუშობაო და დასძინა, რეიდები უნდა განხორციელდეს ყველა პუნქტში, რომელიც მუშაობს უცხოეთის დაზვერვისა და სომხური ლობისთვისო.

აზერბაიჯანში დღესსხვადასხვა მედიის, სულ, 15 ჟურნალისტიასაპატიმროში. მათ შორისაა ჩვენი რადიოს ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვაც.

XS
SM
MD
LG