Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანგკოკში აფეთქების მომწყობს ეძებენ


ბანგკოკი
ბანგკოკი

18 აგვისტოს ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკის პოლიციამ გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც აღბეჭდილია წინა დღით მომხდარ აფეთქებაში მთავარი ეჭვმიტანილი - ყვითელმაისურიანი ახალგაზრდა, რომელიც აფეთქების ადგილას, ინდუისტურ ტაძართან, ზურგჩანთას ტოვებს. კადრებში ჩანს, თუ როგორ ფრთხილად იხსნის ის ჩანთას და დებს ზუსტად იმ ადგილას, სადაც რამდენიმე წუთში აფეთქება მოხდა.

აფეთქების შედეგად დაიღუპა 20 ადამიანი, მათ შორის - 9 უცხოელი, 120 ადამიანი კი დაშავდა. თავდასხმის კიდევ ერთი მცდელობა იყო ბანგკოკში 18 აგვისტოს, როდესაც უცნობმა პირმა ხელყუმბარა ისროლა ხალხმრავალი სანაპიროს მიმართულებით. საბედნიეროდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა წყალში ჩავარდა და იქ აფეთქდა.

რაც შეეხება 17 აგვისტოს თავდასხმას, ტაილანდის პოლიციის უფროსის სომიოტ პუმპანმუანის ცნობით, ბანგკოკის პოლიცია ძალიან ახლოსაა ეჭვმიტანილის ვინაობის დადგენასთან, თუმცა ისინი სხვა კვალსაც მიჰყვებიან. პოლიციის მუშაობას, მისი თქმით, ართულებს ის, რომ აფეთქება, როგორც ჩანს, კარგად იყო დაგეგმილი.

ჯერჯერობით უცნობია თავდასხმის მოტივიც.ტაილანდის მთავრობა მაჰმადიან ექსტრემისტებს ებრძვის ქვეყნის სამხრეთში, მაგრამ ისლამისტები აფეთქებას თავიანთი რეგიონის გარეთ იშვიათად აწყობენ. ამასთან, თავდამსხმელი, ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ტაილანდელს არ ჰგავს. აფეთქების ხასიათიც განსხვავდება აქამდე მომხდარი თავდასხმებისგან, რომლებსაც მეამბოხეები სამხრეთში ახორციელებდნენ.

ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა პრაიუტ ჩან-ოჩამ აფეთქებას ყველაზე მძიმე თავდასხმა უწოდა ქვეყნის ისტორიაში. მანვე თქვა, რომ დამნაშავეებმა სამიზნეში ტაილანდის ტურიზმი და ეკონომიკა ამოიღეს.

თუმცა, ტაილანდის პრემიერისვე განცხადებით, ქვეყნის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა დაიცვას ქვეყანაში მცხოვრები უცხოელები. ტაილანდში გაძლიერებულია დაცვა ტურისტულ ადგილებსა და სასტუმროებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG