Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველ ბავშვებზე“, ანუ ჟანამ ქუჩაში აღარ უნდა იცხოვროს


”ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველ ბავშვებზე საქართველოში” - ასე ეწოდება ახალ ორწლიან პროგრამას, რომელსაც საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით იწყებს და რომლის მიზანიც ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დახმარებაა. პროგრამის განხორციელებაში ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიც ჩაერთვებიან. ”ეს არ უნდა იყოს მორიგი მოკლევადიანი პროგრამა, რომელიც ორ წელიწადში დასრულდება. უნდა შეიქმნას სახელმწიფო მექანიზმი, რომელიც მუდმივად იზრუნებს ამ ბავშვების უფლებების დაცვასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაზე” - ასეთია ზოგადი მიზანი პროგრამისა, რომელიც 700 ბავშვზეა გათვლილი და რომლის ბიუჯეტიც 750 000 ევროა.

”ბავშვები ქუჩაში - არ არის კარგი იდეა” - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა 27 თებერვალს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დასახმარებლად შექმნილი ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე. იმისათვის, რომ ქვეყანამ ქუჩაში მცხოვრები ბავშვების პრობლემებს მიხედოს, ჯერ მათი იდენტიფიცირება უნდა მოხდეს და მათთან კონტაქტი დამყარდეს. ფილიპ დიმიტროვის თქმით, ამ პროექტის მიზანიც ესაა - ქვეყანაში იყოს ისეთი ადგილები, სადაც ამ ბავშვებს ყოფნას შესთავაზებენ და ეს ადგილი იქნება ქუჩის ალტერნატივა. ახალი პროგრამა, რომლის პატრონაჟიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ევალება, ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. საერთო ბიუჯეტი 750 000 ევროა, რასაც გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) 100 000 ევროიანი კონტრიბუციაც ემატება.
პროგრამის განხორციელებაში სამი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩაერთვება - ”კარიტასი საქართველო”, ”World Vision” და ”ბავშვი და გარემო”. თუმცა მის იმპლემენტაციაში უნდა ჩაერთოს არაერთი სახელმწიფი უწყებაც - შსს-დან დაწყებული, სახალხო დამცველის აპარატით დასრულებული. ქუჩაში მცხოვრები ბავშვების პრობლემა სისტემურად უნდა მოგვარდეს, გვეუბნება
გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი ქეთი მელიქაძე:

”ამ პროგრამის ამოცანაა, შექმნას მომსახურებათა სერია, რომელიც მოახერხებს დაინახოს ქუჩაში მყოფი ბავშვი, დიალოგი დაიწყოს ამ ბავშვთან, მიიზიდოს სხვადასხვა ტიპის მომსახურებებში, რომლებიც მის ფსიქოლოგიურ, ბიოლოგიურ, სოციალურ რეაბილიტაციას შეუწყობს ხელს და საშუალებას მოგვცემს ეს ბავშვი ჩავრთოთ ყველა იმ მომსახურებაში, რაც ყველა სხვა ბავშვისათვის არის ხელმისაწვდომი, ბავშვთა დაცვის სისტემის ფარგლებში”.
თუ ეს მოხერხდა, შემდეგი ნაბიჯი უკვე არის ბავშვის მოყვანა დღის ცენტრში. სულ იქნება სამი დღის ცენტრი თბილისში და ერთი - დასავლეთ საქართველოში. ბავშვი იქ მოვა და ექნება ჭამის, დაბანის და ასევე სხვადასხვა ტიპის აქტივობებში ჩაბმის შესაძლებლობა...
მამუკა მაჭავარიანი

ამაზე პროგრამის ფარგლებში შექმნილი, ოთხი ადამიანისგან დაკომპლექტებული მობილური ჯგუფი იზრუნებს. მასში შევა სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, დამხმარე მუშაკი, ე.წ. თანასწორ-განმანათლებელი, ანუ ადამიანი, ვინც ქუჩის ცხოვრება უკვე გამოიარა, და მძღოლი. მათი მთავარი ამოცანა და პირველი ეტაპი ქუჩაში მცხოვრები ბავშვების ნდობის მოპოვება იქნება:

”თუ ეს მოხერხდა, შემდეგი ნაბიჯი უკვე არის ბავშვის მოყვანა დღის ცენტრში. სულ იქნება სამი დღის ცენტრი თბილისში და ერთი - დასავლეთ საქართველოში. ბავშვი იქ მოვა და ექნება ჭამის, დაბანის და ასევე სხვადასხვა ტიპის აქტივობებში ჩაბმის შესაძლებლობა - ეს იქნება არაფორმალური განათლება თუ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. მესამე ეტაპი იწყება იმ ბავშვებისთვის, რომლებიც მოახერხებენ ამ რეაბილიტაციას, ეს არის ტრანზიციული, 24 საათიანი მომსახურება, რომლის ფარგლებშიც შევეცდებით რომ ბავშვს შევთავაზოთ გრძელვადიანი ცხოვრების ფორმა - ან მისი ბიულოგიური ოჯახი, ან მიმღები ოჯახი... ანუ ბავშვი უნდა მომზადდეს ამ ეტაპისთვის”.

პირველი მობილური ჯგუფი ქუჩაში დაახლოებით ერთ თვეში გავა, გვეუბნება სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოდგილე მამუკა მაჭავარიანი. მისივე თქმით, ეს პროგრამა მიზანს მიაღწევს მაშინ, თუ ქუჩაში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება:

”ცხადია, ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ამით პრობლემა სრულად გადაიჭრება და ქუჩაში ბავშვები აღარ იცხოვრებენ, მაგრამ მიზანია, რომ რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიდეს მათი რიცხვი. ვნახოთ, ჯერ თბილისში ვცდით, შემდეგ ქუთაისში და შემდგომ უკვე მთელ საქართველოს მოვიცავთ, რომ მაქსიმალურად ბევრი ბავშვი იყოს ამ პროგრამაში ჩართული”.

ბავშვთა და მოზარდთა კეთილდღეობის საკითხებში ექსპერტის, ორგანიზაცია World Vision-ის წარმომადგენლის მაია მგელიაშვილის აზრით, მნიშვნელოვანი სიახლეა მობილურ ჯგუფში ე.წ. თანასწორ-განმანათლებლის მონაწილეობა. ეს ის ადამიანები არიან, ვინც თავად გამოიარა ქუჩის ცხოვრება, თუმცა მოახერხა და საზოგადოებაში ინტეგრაცია შეძლო:

”მათ ძალიან კარგად უწყიან, რას ნიშნავს ქუჩაში ცხოვრება, ასევე შენარჩუნებული აქვთ კონტაქტები დღეს ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებთან და იციან ის გზები და ხერხები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი გახდება მათი ინტეგრაცია დანარჩენ საზოგადოებაში”.
ბავშვი მოხვდა რაღაც სისტემაში, დავუშვათ, ბავშვთა სახლში და შემდეგ იქიდან ან გაუშვეს, ან რაღაც მოხდა და ამოვარდა ამ სისტემიდან. იმის თქმა მინდა, რომ მიზეზების კვლევის გარეშე ეფექტთან ბრძოლა არ იქნება შედეგის მომტანი. აუცილებლად უნდა გაირკვეს, არიან თუ არა ეს ბავშვები იძულებითი შრომის ან ტრეფიკინგის მსხვერპლნი...
ანა არგანაშვილი

რა არის ის, რაც ამ ბავშვებს ყველაზე მეტად სჭირდებათ დანარჩენი საზოგადოებისგან? - ვკითხეთ მაია მგელიაშვილს:

”ყველაზე მეტად სჭირდებათ, რომ საზოგადოებამ შეამჩნიოს ისინი და მიიღონ ისინი, როგორც ჩვეულებრივი ცოცხალი ადამიანები, რომლებსაც აბსოლუტურად იგივე საჭიროებები გააჩნიათ, რაც ყველა დანარჩენ ადამიანებს. არ უნდა გვეშინოდეს და ვერიდებოდეთ მათ”.

პროგრამის დაწყებას მიესალმება, თუმცა უფრო ფრთხილად აფასებს მის მოსალოდნელ შედეგებს სახალხო დამცველის ბავშვის და ქალის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი. მას ახსოვს რამდენიმე წლის წინ წამოწყებული მსგავსი პროექტი, რომელიც ასევე ითვალისწინებდა მობილური ჯგუფის შექმნას, თუმცა სახელმწიფომ მაშინ არ იტვირთა მისი პატრონაჟი, მობილური ჯგუფები კი გაუქმდა. ანა არგანაშვილი კითხვას სვამს პროექტში მონაწილე ბავშვების რაოდენობასთან დაკავშირებითაც - რატომ შვიდასი, როცა მათი რიცხვი გაცილებით მეტია? ის სახელმწიფოსგან მოითხოვს მათ ზუსტ აღრიცხვას და შემდეგ ვალდებულების აღებას, ნელ-ნელა ყველას მიხედოს. და, რაც მთავარია, ვიკვლევთ თუ არა იმ მიზეზებს, რაც ამ ბავშვების ქუჩაში გამოსვლას უწყობს ხელს?- კითხულობს ანა არგანაშვილი. თუ მიზეზი ცნობილი არ არის, მხოლოდ ეფექტთან ბრძოლა, მისი აზრით, შედეგს ვერ მოიტანს:

”მიზეზი კი შეიძლება იყოს ის, რომ ოჯახს თავის დროზე ვერ დაეხმარა სახელმწიფო, ის გაღარიბდა და ბავშვი გავიდა გარეთ, ქუჩაში. ან, შესაძლოა, იყოს სხვა მიზეზი: ბავშვი მოხვდა რაღაც სისტემაში, დავუშვათ, ბავშვთა სახლში და შემდეგ იქიდან ან გაუშვეს, ან რაღაც მოხდა და ამოვარდა ამ სისტემიდან. იმის თქმა მინდა, რომ მიზეზების კვლევის გარეშე ეფექტთან ბრძოლა არ იქნება შედეგის მომტანი. აუცილებლად უნდა გაირკვეს, არიან თუ არა ეს ბავშვები იძულებითი შრომის ან ტრეფიკინგის მსხვერპლნი, და როცა ამ საკითხს დავსვამთ, გაირკვევა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რა შემთხვევაში შეიძლება დავასკვნათ, რომ ბავშვი არის იძულებითი შრომის მსხვერპლი. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ამ ბავშვების დროებით სადმე გადაყვანა და ჩასმა არ არის საკითხის გადაწყვეტა, გაცილებით ღრმა გამოკვლევის ჩატარებაა საჭირო”.

ანა არგანაშვილს პრინციპულ საკითხად მიაჩნია კიდევ ერთი რამ: ამ პრობლემას აქვს კონკრეტული ისტორია და არსებობდნენ მის მოგვარებაზე პასუხისმგებელი პირებიც:

”რატომ მოვედით აქამდე, ამ შედეგამდე, ჩვენ ხომ ახლა არ გადავწყვიტეთ, რომ ეს პრობლემა არსებობს?!... ალბათ, ესეც უნდა გავარკვიოთ, მთელი წინა წლების განმავლობაში ვისი პასუხისმგებლობა იყო ამ პრობლემის მოგვარება. ხომ არ არის სისტემური ეს პრობლემა? ხომ არ არის ის საფრთხე, რომ როდესაც ეს პროექტი დასრულდება, ისევ იქ, საწყის წერტილთან დავბრუნდებით?”

აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ახალი ინიციატივა ბავშვთა დაცვის რეფორმის ნაწილია, რომელიც საქართველოში 2005 წლიდან მიმდინარეობს.
მისი შედეგების ოფიციალური სტატისტიკა კი ასეთია: თუ 2004 წელს დიდი მოცულობის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში 5200 ბავშვი იყო, 2013 წელს მათი რიცხვი არის 100.

ეს ბავშვები დაუბრუნდნენ ბიოლოგიურ ოჯახებს, გაშვილდნენ ან მცირე მოცულობის საოჯახო სახლებში გადაიყვანეს.

რაც შეეხება ე.წ. ქუჩის ბავშვებს, ყველაზე ბოლო, 2008 წლის მონაცემით, საქართველოს დიდ ქალაქებში 1500-მდე ბავშვი ცხოვრობს ქუჩაში. და
ეს არ არის ზუსტი სტატისტიკა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბევრ მათგანს არა აქვს პირადობის მოწმობა, ისინი არ არიან რეგისტრირებული.

ახალ პროგრამაში ჩართვისა და თანამშრომლობის სურვილი ამ ეტაპზე თითქმის ყველა დაინტერესებულმა უწყებამ გამოთქვა, თუმცა რეალურად ორი წლის შემდეგ უნდა გამოჩნდეს, რამდენად მყარი იქნება ამ სტრუქტურებს შორის კავშირი ერთი საერთო მიზნისთვის. მიზანი კი ძალიან ნათელია: 14 წლის ჟანამ, რომელიც 7 წლიდან ქუჩაში ცხოვრობს, აღარასოდეს დაწეროს ეს სიტყვები: ”დედაჩემი და მამინაცვალი მაიძულებდნენ ქუჩაში მათხოვრობას. როდესაც დედას ვუთხარი, რომ აღარ მინდა ამის გაკეთება, დედამ დამარტყა. მამინაცვალი მთხოვდა, რომ მთელი ფული მისთვის მიმეტანა, რადგან სასმელისთვის და სიგარეტისთვის სჭირდებოდა”...

ჟანამ ქუჩაში აღარ უნდა იცხოვროს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG