Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბელინგკეტი“: აღმოსავლეთ უკრაინაში სამგზავრო თვითმფრინავი რუსეთის „ბუკმა“ ჩამოაგდო


მალაიზიის ავიაკომპანიის თვითმფრინავის ფრაგმენტი
მალაიზიის ავიაკომპანიის თვითმფრინავის ფრაგმენტი

დამოუკიდებელმა საგამოძიებო ჯგუფმა, „ბელინგკეტმა“, გამოაქვეყნა მასალა, რომლის თანახმადაც, 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საზენიტო-სარაკეტო დანადგარმა ჩამოაგდო სამგზავრო თვითმფრინავი. საუბარია მალაიზიის ავიაკომპანიის თვითმფრინავზე, რომელიც ასრულებდა რეისს ამსტერდამიდან კუალა ლუმპურის მიმართულებით და 2014 წლის 17 ივლისს კატასტროფა განიცადა აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის საზღვრიდან 40-მდე კილომეტრში. „ბელინგკეტი“ აქვეყნებს ინფორმაციას, თუ როგორ შეძლო დაედგინა, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდო „ბუკის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარმა, სარეგისტრაციო ნომრით 332.

„ბელინგკეტმა“ წუხელ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც, მალაიზიის ავიაკომპანიის თვითმფრინავი 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდო საზენიტო-სარაკეტო დანადგარმა, სარეგისტრაციო ნომრით 332. აქამდე ცნობილი იყო სარეგისტრაციო ნომრის პირველი და ბოლო ციფრები. ახლა, მთელი ნომრის აღდგენის შემდეგ, გამომძიებლებს გაუადვილდებათ იმ პირთა დადგენა, ვისაც უშუალო კავშირი აქვს სამგზავრო თვითმფრინავისათვის ცეცხლის გახსნასთან. უკვე დადგენილია ის, რომ „ბუკის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარი, სარეგისტრაციო ნომრით 332, ეკუთვნოდა რუსეთში მდებარე კურსკის 53-ე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბრიგადას.

„ბელინგკეტის“ ამ პუბლიკაციას უკვე მოჰყვა კრემლის გამოხმაურება. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვერაფერს იტყვის „ბელინგკეტის“ გამოძიების სიზუსტეზე, რადგან არ მოეპოვება დეტალური ინფორმაცია რუსეთის შეიარაღების საიდენტიფიკაციო ნომრებზე. თუმცა პესკოვი, მისივე თქმით, ფიქრობს, რომ „ბელინგკეტის“ წარმომავლობა და იდენტობაც კი არ არის დადგენილი. და, ზოგადად, მალაიზიის თვითმფრინავის კატასტროფაზე ინფორმაციის უდიდესი ნაწილი „სპეკულაციური ხასიათისაა“ და „რაღაც ჭორებით ოპერირებს“, ამბობს პესკოვი.

არადა, „ბელინგკეტი“ გამოძიების დროს ფაქტებს, სამხილებს იყენებს. ახალი ანგარშში გამოყენებული აქვს ფოტოსურათები, რომლებსაც კურსკის 53-ე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბრიგადის წევრები 2010 წლის შემდეგ ინტერნეტში აქვეყნებდნენ. ფოტოების საფუძველზე "ბელინგკეტის" ექსპერტებმა აღმოაჩინეს შვიდი თავისებურება, რომელიც ჩანს აღმოსავლეთ უკრაინაში ავიაკატასტროფის დღეს, 2014 წლის 17 ივლისს, გადაღებულ საზენიტო-სარაკეტო დანადგარზე. ამ შვიდ თავისებურებას შორის არის ნაწილობრივ დაზიანებული საიდენტიფიკაციო ნომრები და საბურავების ტიპი.

„ბელინგკეტმა“ შეაგროვა მასალა, რომელიც აჩვენებს, რომ „ბუკ“ 332-ს ჰქონდა შვიდივე მახასიათებელი და, შესაბამისად, მარტო ის შეიძლებოდა ყოფილიყო დანადგარი, რომლითაც აღმოსავლეთ უკრაინაში თვითმფრინავს ესროლეს.

ბრიტანეთში დაფუძნებულმა ამავე დამოუკიდებელმა საგამოძიებო ჯგუფმა წელს, თებერვალში, გამოაქვეყნა ანგარიში აღმოსავლეთ უკრაინაში ავიაკატასტროფასთან დაკავშირებულ გარემოებებზე. მასში მოყვანილი მასალებით, რუსეთის სამხედრო სარდლობის მაღალი რანგის წარმომადგენლები არიან დაკავშირებული სამგზავრო თვითმფრინავზე სარაკეტო იერიშთან.

მაშინაც და ახლაც, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები უარყოფენ „ბელინგკეტის“ მასალების სისწორეს. სეპარატისტები უარყოფენ, რომ რუსეთის საზენიტო-სარაკეტო დანადგარები ოდესმე იმყოფებოდნენ უკრაინაში სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიებზე. კრემლიც მუდამ უარყოფდა და უარყოფს ბრალდებებს უკრაინაში სამხედრო მოსამსახურეების ან სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნის შესახებ. თუ რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა, კრემლი აცხადებს ხოლმე, რომ ისინი „მოხალისეები“ იყვნენ.

კიევის ინფორმაციით, ამჟამად 30 ათასზე მეტი რუსი სამხედრო იმყოფება აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდასაჭერად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG