Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განდეგილი მწერლის „შეთქმულების თეორია“


ამერიკელი თომას პინჩონი ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი მწერალია არა მხოლოდ დღეს, არამედ ალბათ ლიტერატურის ისტორიაში. იგი უკვე 77 წლისაა და მის შესახებ ხეირიანად დღემდე არავინ არაფერი იცის. სად და როგორ ცხოვრობს, რას აპირებს, ელემენტარულად, როგორ გამოიყურება. მისი მხოლოდ ახალგაზრდობისდროინდელი ორიოდე ფოტო თუ არსებობს ვიზუალური ინფორმაციით გადახუნძლულ თანამედროვე სამყაროში. თუკი ასაკოვანი სელინჯერის ერთი ფოტო მაინც შემოგვრჩა, განრისხებული სელინჯერის, რომელიც პაპარაცოს მუშტს უქნევს, პინჩონის კარჩაკეტილობა ისეთია, რომ ხნიერ ასაკში გადაღებულ მის ფოტოებს თუ ინტერნეტში ქექვისას გადააწყდებით, ფოტოებს ქვემოთ მინაწერებსაც უნდა დააკვირდეთ, რადგან მინაწერები გვეუბნებიან, რომ ეს ფოტოები სიმულაციებია, ახალგაზრდული ფოტოებიდან გაკეთებული, ანუ ვარაუდი, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს განდეგილი მწერალი ამჟამად.

როცა თომას პინჩონის წიგნის კითხვას იწყებ, ხვდები, რომ მსგავსი არაფერი წაგიკითხავს. თავიდან შეიძლება დაგრჩეს შთაბეჭდილება, რომ მწერალი მიზანმიმართულად ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს შენს მსოფლაღქმაზე, ჩაგითრიოს სადღაც, ფეხქვეშ მიწა გამოგაცალოს...
ირმა ტაველიძე

თანამედროვე ყოფამ ის მოიტანა, რომ ხელოვანის ნებისმიერი საქციელი, თუნდაც მისი საზოგადოებისაგან გარიყულობა, შეიძლება ბევრმა გათვლილ პიარ-კამპანიად აღიქვას, მაგრამ ყოველთვის ეს ასე ნამდვილად რომ არ არის, ამაში პინჩონის ტექსტების გაცნობა დაგარწმუნებთ. სამყარო, რომელიც მის ნაწერებშია ასახული, იმდენად თავზარდამცემად დეფორმირებულია, რომ მაშინვე გიჩნდება განცდა, რომ ადამიანი, რომელიც ამ სამყაროს თან დაატარებს, ალბათ სწორედ ასეთიც უნდა იყოს - ლიტერატურულ რუტინას მაქსიმალურად გარიდებული.

გამომცემლობა „დიოგენეს“ მიერ წამოწყებული შესანიშნავი სერია „ამერიკელები“, რომელიც იმ ამერიკულ ლიტერატურას გვაცნობს, რომელიც აქამდე ჩვენთვის პარალელურ რეალობაში არსებობდა, ცხადია, ამ საკულტო მწერალს გვერდს ვერანაირად ვერ აუვლიდა. „ლოტ 49-ის გამოცხადება“ პინჩონის რიგით მეორე რომანია, 1966 წელს დაწერილი, და იგი ინგლისურიდან თამარ ლომიძემ თარგმნა, წიგნის რედაქტორი კი ირმა ტაველიძეა. ჩვენ სწორედ ირმა მოვიწვიეთ დღეს პინჩონზე და მის წიგნზე სასაუბროდ.

ირმა ტაველიძე: „როცა თომას პინჩონის წიგნის კითხვას იწყებ, ხვდები, რომ მსგავსი არაფერი წაგიკითხავს. თავიდან შეიძლება დაგრჩეს შთაბეჭდილება, რომ მწერალი მიზანმიმართულად ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს შენს მსოფლაღქმაზე, ჩაგითრიოს სადღაც, ფეხქვეშ მიწა გამოგაცალოს... თუ კითხვას გააგრძელებ, მერე აღმოჩნდები შეთქმულების მოწმე და ამასთანავე მონაწილე - რაღაც გლობალური შეთქმულების, რომელიც წიგნის საზღვრებში ვერ თავსდება, გამოდის ამ საზღვრებს გარეთ, ხდება მკითხველის ყოველდღიურობის ნაწილი. როცა ვკითხულობდი ამ წიგნს, გამახსენდა დევიდ ლინჩის ცნობილი „Twin Peaks“ და ფრაზა, რომელიც იქ ხშირად მეორდება და რომელიც საკმაოდ უცნაურად ჟღერს: „ბუები არ არიან ისინი, რადაც ჩანან“. თავიდან ფიქრობ, რომ სულელური ფრაზაა და მნიშვნელობას არ ანიჭებ. მერე ეს ფილმში იმდენჯერ მეორდება, რომ იწყებ ფიქრს იმაზე, თუ რა აზრი უნდა იყოს ამ სიტყვებში, შემდეგ ხვდები, რომ არანაირი აზრიც არ არის. და სამყაროში ყველაფერი არ იმართება რაღაც ლოგიკით. ეს განცდა, რომ ისედაც იცოდი, სამყაროში ყველაფერი რომ არ იყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო, მუდმივად გაქვს ასევე თომას პინჩონის წიგნების კითხვის დროს. თომას პინჩონზე საუბრისას ხშირად ახსენებენ ხოლმე ისეთ მწერლებს, როგორიცაა მელვილი, კონრადი, ჯოისი, ფოლკნერი, ნაბოკოვი - მწერლები სიგიჟის ზღვარზე. პინჩონის სიგიჟე თან ჰგავს მათ სიგიჟეს და თან განსხვავებულია. ეს არის თავიდან ბოლომდე გამოგონილი სიგიჟე და ამავე დროს არის მათემატიკური სიზუსტით აწყობილი, და შეიძლება ამიტომაც იყოს მისი წიგნები ძალიან ძვირფასი იმ მკითხველისთვის, რომელიც ლიტერატურაში ლიტერატურას ეძებს“.

ირმა ტაველიძე
ირმა ტაველიძე

და მაინც რა ხდება ამ რომანში? ამ ურთულეს კითხვას მარტივად მხოლოდ ასე შეიძლება ვუპასუხოთ: რომანს ჰყავს მთავარი პერსონაჟი, 28 წლის ქალბატონი ოიდიპა მაასი, რომელიც მოულოდნელად ხდება გარდაცვლილი ყოფილი საყვარლის ქონების განმკარგულებელი. ამის გამო ის წყდება ოჯახურ ცხოვრებას და იწყება მისი მოგზაურობები და შეხვედრები ათასი ჯურის ადამიანებთან. მათგან ოიდიპას ესმის სულ უფრო და უფრო უცნაური ისტორიები, ესმის ბოდვები, რაღაც იდუმალი სიტყვები, დაშიფრული ფრაზები, და ის ბოლომდე იძირება ამ სივრცეში. ის ცდილობს, რაღაც კავშირები დაამყაროს ამ ისტორიებს, გამონათქვამებს, ნიშან-სიმბოლოებს შორის. ეს კავშირები სწრაფი ტემპით მატულობს, ხილულ და ინტუიციურად მისაღებ ფორმებს იღებს და ოიდიპასთვის მთელი გარემომცველი სამყარო თანდათანობით ხდება ფარული კავშირებით მართვადი სისტემა. თომას პინჩონი აღწერს იმ სიგიჟეს, რაც შეიძლება დაემართოს „შეთქმულების თეორიით“ შეპყრობილ ადამიანს. ის თითქოსდა დასცინის კონსპიროლოგიური მითებს, რადგან ადამიანები, რომლებმაც მთავარ გმირში ამ მითებისადმი რწმენა გააღვივეს, არიან პარანოიკები, ლოთები, ნარკომანები, ყოფილი გესტაპოელები და ა.შ. მაგრამ ამავე დროს ის თავისი შეშლილი მზერით ძალიან ღრმად იხედება ისტორიულ-სოციალურ-პოლიტიკურ პლასტებში. პინჩონის ამ გარეგნულად აბსურდულ და ექსცენტრულ სამყაროში ერთმანეთს ეჯახება მართვის ორი სისტემა: ერთი ოფიციალური, მეორე - ალტერნატიული. ეს ბრძოლა, რომელიც შუა საუკუნეებიდან იწყება, ნაჩვენებია ორი საფოსტო მონოპოლიის საშუალებით. აქედან ერთი - „თურნი და ტაქსისი“ - რეალურია, მეორე - „ტრისტერო“ - მხატვრული ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ სწორედ მისი არსებობის იდეა, რასაც თითქოსდა ჭკუიდან გადაჰყავს ავტორიც და მისი რომანის მთავარი გმირიც, ჩემი აზრით არის ის, რაც სწორედაც რომ წონასწორობას უნარჩუნებს სამყაროს. ანუ, იდეა იმისა, რომ რაც არ უნდა მძლავრი იყოს ოფიციალური სისტემა, მაინც წარმოიშვება და იარსებებს მისი ალტერნატიული და ასევე მძლავრი სისტემა - ეს არის ალბათ ამ რომანის მთავარი მესიჯი.

ირმა ტაველიძე: „თავისთავად ის ფაქტი, რომ ეს ქართული თარგმანი არსებობს, კარგია. ნებისმიერი მთარგმნელის წინაშე დადგებოდა ამოცანა, გაეგო, ზუსტად რას ამბობს ავტორი. რას ამბობს და რას გულისხმობს თომას პინჩონი, ამის გაგება ნამდვილად ძალიან რთულია, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით, როდის არის ის სერიოზული და როდის არის არასერიოზული. უფრო სწორად, ის ერთდროულად არის სერიოზულიც და არასერიოზულიც; ეს გლობალური შეთქმულება არსებობს და არც არსებობს; ჩვენ ვართ ნაწილი და ამავე დროს არ ვართ ნაწილი ამ შეთქმულების; და ეს წიგნიც ითვლება როგორც პოსტმოდერნული ლიტერატურის ტიპური ნიმუში და ამავე დროს როგორც პაროდია თავად ამ პოსტმოდერნულ ტექსტებზე“.

როდესაც ამ ტექსტებზე ვმუშაობდი, მქონდა განცდა, რომ ფეხქვეშ მიწა გამომეცალა და სამყარო არ არის ისეთი, როგორიც მეგონა. პინჩონის მკითხველს ემუქრება საფრთხე: ის შეიძლება გაგიჟდეს...
ირმა ტაველიძე

აბსოლუტურად არაკომუნიკაბელური ადამიანის მიერ დაწერილი ეს რომანი არის თითქოსდა ასევე სრულიად არაკომუნიკაბელურ ადამიანებზე. ადამიანებზე, რომლებიც ადეკვატურად ვერ აღიქვამენ სამყაროს, უჭირთ რეალური კონტაქტი, არადა, სინამდვილეში, ეს რომანი არის კომუნიკაციაზე, მის ძალმოსილებაზე, მის პირველადობაზე, იმაზე, რომ სახელმწიფოც კი უსუსურია იმის წინაშე, ვინც საკომუნიკაციო საშუალებებს ფლობს და მართავს.

დაბოლოს: სანამ წიგნს გადაშლით, გირჩევთ მოუსმინოთ ირმა ტაველიძის ფრიად საყურადღებო გაფრთხილებას და კითხვის დროს აუცილებლად გაითვალისწინოთ იგი.

ირმა ტაველიძე: „როდესაც ამ ტექსტებზე ვმუშაობდი, მქონდა განცდა, რომ ფეხქვეშ მიწა გამომეცალა და სამყარო არ არის ისეთი, როგორიც მეგონა. პინჩონის მკითხველს ემუქრება საფრთხე: ის შეიძლება გაგიჟდეს. ის შეიძლება გახდეს პარანოიკი. და ეს არის ერთ-ერთი კარგი რამ, რაც შეიძლება მას დაემართოს ცხოვრებაში.“

XS
SM
MD
LG