Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მებაჟე პაატა შამუგია


ამ ლექსების დიდი უმრავლესობა წაკითხული მქონდა, რაღაც ნაწილი დაბეჭდილიც კი, როგორც „ახალი საუნჯის“ მთავარ რედაქტორს - ამას მივხვდი, როცა ახლად გამოცემული წიგნი გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამომიგზავნა სხვა წიგნებთან ერთად. ტახტზე წამოგორებულმა გადავხედე თავიდან კიდეც, მაგრამ ბოლომდე იგი ერთ რიგით დღეს ვიგრძენი: პოლიკლინიკაში უნდა მივსულიყავი უზმოზე სისხლის ანალიზის ასაღებად (ასაკი მაინც თავისას შვრება, ჯანმრთელობას უნდა მიხედო), და რომ გავემზადე, პაატა შამუგიას „შიზოგადოება“ ჩავიჩურთე ლაბადის ჯიბეში, რათა რიგში უსაქმოდ არ ვმდგარიყავი. დაახლოებით ერთი საათი ლოდინი დამჭირდა იქ, და ვიჯექი მოხუცების, დიაბეტიკების, დაღლილების, გაღიზიანებულების საზოგადოებაში და „შიზოგადოებას“ ვფურცლავდი. რიგი აირია. გოგონა, რომელიც ჩემ წინ იყო, გაქრა და დიდი ნევროზი დაიწყო. „მეგობარო, თქვენ წინ ვინ იყო?“ - მეკითხებოდნენ. და არ ჩანდა ის გოგო... ვაცეცებდი თვალებს, და მერე ისევ „შიზოგადოებას“ ვუბრუნდებოდი. და პირზე ხან მწარე და ხან სულელური ღიმილი მესახებოდა. ვგრძნობდი, რომ ხალხი ჩემს ღიმილზე ღიზიანდებოდა, მაგრამ რა მექნა? ვკითხულობდი წიგნს და სხვადასხვანაირად ვიღიმებოდი, ჩემ ირგვლივ კი ხალხი ბობოქრობდა, საქმეს არჩევდა. მერე თავად მიმიჩინეს ადგილი და კითხვაში გართული სკამიდან წამომაგდეს: შენი რიგი მოვიდაო... სისხლნაკლული გარეთ რომ გამოვედი, ვიგრძენი, რომ საშინლად მშიოდა. ამიტომ ეგრევე დუქანში ავაჭერი. იქ სულ სხვა „შიზოგადოება“ დამხვდა, „პახმელიაზე“ გამომსვლელი. შევუერთდი მათ დილის ზარხოშს და ჭამა-სმისას, პარალელურ რეჟიმში ამ წიგნს ვფურცლავდი მუყაითად. საღამოსკენ კი, ერთ საქმეზე რომ მივდიოდი, გადატენილ „მარშრუტკაში“ ვიჯექი და ისევ შამუგიას ეს კრებული მეჭირა ხელში. ერთი სიტყვით, პოეტის ეს ლექსები კი კარგად ვიცოდი, მაგრამ აშკარად შემთხვევითი არ იყო, რომ საბოლოოდ ხალხთან ერთად გადავამოწმე. მათთან ერთად მჯდომმა, რაღაცების მომლოდინემ, რაღაცებით იმედგაცრუებულმა, ეროვნული საკვებით მუცელგამსკდარმაც... წიგნი, რომლის ყდაზეც ტვინში ჩარჭობილი მაკრატელი იყო გამოსახული, თანაც ყვითელ (sic!) ფონზე, ერთი დღე ხალხის თვალწინ იყო გადაშლილი. და ბასრი მზერაც არაერთხელ დავიჭირე: რას კითხულობს ეს კაციო?!

თუ რას ვკითხულობდი იმ დღეს, ამის ახსნას ქვემოთ შევეცდები, პაატა შამუგიას პოეზიის მთავარი აქცენტების დაჭერაში დახმარება კი პოეტ ეკა ქევანიშვილს ვთხოვე:

ეკა ქევანიშვილი: „პაატა ჩემთვის, არ მინდა ვიხმარო სიტყვა პროექტი, მაგრამ ერთი პროექტია. როგორც დაიწყო, ისე მიდის, ოღონდ მიდის რაღაცა გეომეტრიული პროგრესიით, ზემოთ. ჯერჯერობით მის პოეზიაში, არ მქონია შეგრძნება, რომ მოდუნდა, ან სადღაც ჩავარდა, ან ეს, ასე ვთქვათ, ხაზი ჩამოვარდა დაბლა. კარდიოგრამასავით კი არ არის, რომ ადის-ჩადის, ადის-ჩადის, არამედ იზრდება. ეს შეგრძნება სულ მაქვს. მით უმეტეს, რომ სულ ვკითხულობ, როცა იბეჭდება, როცა მისი წიგნი გამოდის... პასუხები აქვს ყოველთვის. რაღაც კონკრეტულ გამოვლინებაზე საზოგადოების, ხალხის, ხელისუფლების, ეკლესიის, ცალკეული ადამიანების ქცევაზე მას ყოველთვის აქვს რაღაც ირონიული პასუხი. თვითირონია ძალიან დიდი დოზითაა, რაც მე ძალიან მიყვარს, კრიტიკა ძალიან ბევრი რამის, რაც ასევე ძალიან მიყვარს და გამოარჩევს მის პოეზიას სხვების პოეზიისგან. და საერთოდ, მას უყვარს სიტყვებით ჟონგლიორობა, ამოტრიალება რაღაცების. აი, თუნდაც ის, რომ „შიზოგადოება“ დაარქვა ახლა ამ პოეტურ კრებულს, უკვე ჩემთვის ნათელი გახდა, რას მეუბნებოდა, რას გამოკვეთდა“.

ცოტა ეკლექტური კრებული გამოუვიდა, კი, იმიტომ რომ სხვადასხვანაირი ლექსები შემოგვთავაზა, თუმცა დინამიკა და ერთიანობა ჩემთვის არ დაურღვევია. ერთი, რაც მინდა ვთქვა, მე,როგორც პოეტმა, ამ შემთხვევაში: ძალიან ცოტა ავტორი მყავს ისეთი მე პირადად, - თანამედროვე ქართულ პოეზიაზე ვლაპარაკობ, - რომლის წაკითხვის მერეც წერის სურვილი მიჩნდება. შეიძლება იმიტომ რომ, რაღაცნაირად, მეც ამ ხაზის მიმდევარი ვარ...
ეკა ქევანიშვილი

​პირველი, რაც დავიჭირე და, რაც ართულებს წიგნის წარდგენას, ისაა, რომ წიგნი ძალიან ციტირებადია. აი, შეგიძლია გადაშალო ნებისმიერ გვერდზე და შთამბეჭდავი ციტატა მოძებნო. და ციტატა არა უბრალოდ ციტატისათვის, არამედ ციტატა, როგორც მძლავრი სოციალური მესიჯი, სლოგანი, მოტო; როგორც ინტერტექსტუალურობით მუშაობის ნიმუში; როგორც პოეტური და მათემატიკური ლოგიკების კვეთაში ჩასახული ახალი, ფრიად უცნაური ნაყოფი; როგორც დაძველებული ლირიკის დეტალებით ოპერირება ახალი ლირიკის პრეცედენტის შესაქმნელად; როგორც მეტა-მეტაფორა; როგორც საპირისპირო ფენომენების მუტაცია; როგორც რეპლიკა, ნათქვამი ღირებულებათა ომის ტრაგიკომიკულ სცენაზე; როგორც ტვინში ჩასაბეჭდი კალამბური... ჩამონათვალის გაგრძელება შეიძლება, მაგრამ რეგლამენტირებულ ქრონომეტრაჟს გავცდებით. ამიტომ ისევ ეკას მოვუსმინოთ. საუბარში წიგნის კომპოზიციაზე ვკითხე, ვინაიდან „შიზოგადოება“ რამდენიმე განყოფილებისაგან შედგება. არის ციკლი „ფილოლოგიური ლექსები და სხვა“, არის „ეკონომიური ლექსები“, სადაც მინიმალისტური პოეზიაა წარმოდგენილი, და არის პოემების ციკლი, სადაც პაატა ორ პოემას გვთავაზობს სრულად, ხოლო მესამეს - ფრაგმენტულად, რადგან იგი ჯერ კიდევ შექმნის პროცესშია.

ეკა ქევანიშვილი
ეკა ქევანიშვილი

ეკა ქევანიშვილი: „ცოტა ეკლექტური კრებული გამოუვიდა, კი, იმიტომ რომ სხვადასხვანაირი ლექსები შემოგვთავაზა, თუმცა დინამიკა და ერთიანობა ჩემთვის არ დაურღვევია. ერთი, რაც მინდა ვთქვა, მე,როგორც პოეტმა, ამ შემთხვევაში: ძალიან ცოტა ავტორი მყავს ისეთი მე პირადად, - თანამედროვე ქართულ პოეზიაზე ვლაპარაკობ, - რომლის წაკითხვის მერეც წერის სურვილი მიჩნდება. შეიძლება იმიტომ რომ, რაღაცნაირად, მეც ამ ხაზის მიმდევარი ვარ. პირველი, რაც არის ხოლმე, ყოველთვის მაძლევს მუხტს, რომ მეც რაღაც ვთქვა, თითქოს ავყვე მას ამ პროტესტში, ავყვე იმ მანიფესტებში, რასაც ის დებს. მეორე ის, რომ არასოდეს არ წყდება აქტუალურ პრობლემატიკას, რაც ადამიანებს აწუხებთ, რაც დღეს ხდება და რაც ყველასთვის შეიძლება იყოს მტკივნეული. რაღაც განყენებულ თემებზე იშვიათად წერს და მე ეს ძალიან მომწონს. ერთგან წერდა პაატა, რომ მე ძალიან მოვწონვარ ახალგაზრდებსო. მე მგონია, რომ ის ყველა თაობის პოეტია, ყველა ადამიანმა ყველა ასაკში შეიძლება აღმოაჩინოს რაღაც მის ლექსებში, რაც ერთხელ მაინც განუცდია თვითონ. ამიტომ ასე ვერ დავყოფდი... და რამდენადაც თვითირონიულია ხოლმე და ხშირად საკმაოდ ბასრიც, ყველაზე მეტად მაოცებს სინთეზი ამ თვითირონიის და ძალიან პოეტური მეტაფორების... ხანდახან არის ისეთი ფაქიზი, ნაზი, ძალიან მეტაფორული, და უცებ დაგაგდებს ხოლმე მიწაზე ძალიან ამქვეყნიური შედარებებით. ეს სინთეზი მიყვარს, იმიტომ, რომ პრინციპში, ცხოვრებაც ეგეთია. ერთი დღე რომ ავიღოთ, დილით რომ ვართ, ვთქვათ, ძალიან მიწიერები და ვდარდობთ უფულობაზე, მეორე წუთში, შეიძლება ყველაფერი შეატრიალოს ზამთარში ხეზე შერჩენილმა ჩიტის ბუდემ“.

ერთ ლექსს ჰქვია „პოეტის ეპიტაფია“. ძალიან მიყვარს ეს პატარა ლექსები, ეს მინიმები... ყველა ამ პატარა ლექსს დავიწერდი საფლავის ქვაზე.
ეკა ქევანიშვილი

ცოტა ხნის წინ ზაზა კოშკაძის დაბადების დღეზე ასეთი თემა გაჩნდა: სუფრასთან მსხდომთაგან თითოეულში უნდა გვეპოვა მთავარი ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებები. პაატაზე რომ მიდგა ჯერი, ერთ-ერთმა თქვა: ეგ ხომ მეგრელი კახელიაო. საქმე ისაა, რომ პაატა დევნილია გალიდან, რომელმაც თავისი მოზარდობისა და ახალგაზრდობის დიდი პერიოდი კახეთში გაატარა. და ის უცნაური სინთეზი, რაც მის პოეზიაშია და რაზეც ეკამ ილაპარაკა, გლეხურად რომ ვთქვათ, მართლაც „მეგრელი კახელის“ ფენომენია.

მონიშნული, ამოწერილი ციტატები ვჩხირე, ვჩხირე ამ პატარა ტექსტში და ვერანაირად ვერ შევჩხირე. არჩევაც ჭირდა, თუ ავარჩევდი, მერე ენა გამექცეოდა და მათზე ლაპარაკის საღერღელი ამეშლებოდა. ამიტომ შევეშვი, თუმცა ერთი მაინც გამოვარჩიე: ენა მკაცრი მებაჟეა - ამბობს პაატა ერთგან. და მართლაც, ამ წიგნის კითხვა სულ საბაჟოსთან დგომასავითაა. განუწყვეტლივ ერთი ქვეყნიდან მეორეში გადადიხარ, მეორედან - მესამეში... ეს საზღვრები ავტორს ზოგჯერ მართლა ძალიან მკაცრადა აქვს გავლებული, მაგრამ ძირითადში უვიზო მიმოსვლა აქვს დაწესებული. აი ეს უვიზო მიმოსვლა ლექსიკურად, ლოგიკურად, ლირიკულად, სოციალურად სხვადასხვანაირად მომართულ პოეტურ სივრცეებს შორის არის „შიზოგადოების“ განმსაზღვრელი შიდა დინამიკა.

დაბოლოს: რა შეიძლება იყოს პოეტისთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტი? ის, რომ მისმა ნაწერმა სხვას შეიძლება წერის სურვილი გაუჩინოს? ეს მართლა დიდი კომპლიმენტია და თქვა კიდეც ეკამ, მაგრამ რაღაც მომენტში უფრო დიდი კომპლიმენტი წამოსცდა. ღმერთმა ყოჩაღად ამყოფოს იგი, ერთმანეთზე უკეთესი ლექსები აწერინოს და ძალიან დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ ერთი პოეტი მეორე პოეტის ნაწერზე ამას რომ იტყვის, სხვა აღარაფერი დაგრჩენია, გარდა იმისა, რომ ხელები აწიო და შენი სიუჟეტი ამ საოცარი ფრაზით დაასრულო:

ეკა ქევანიშვილი: „ერთ ლექსს ჰქვია „პოეტის ეპიტაფია“. ძალიან მიყვარს ეს პატარა ლექსები, ეს მინიმები... ყველა ამ პატარა ლექსს დავიწერდი საფლავის ქვაზე“.

XS
SM
MD
LG