კვირა, 23 ნოემბერი, 2014 თბილისის დრო 09:36

ბლოგები / ბიძინა მაყაშვილი

სახელი

x
სახელებს დიდ მნიშვნელობას არასოდეს ვანიჭებდი. უფრო პრაქტიკული კუთხით ვუყურებდი: მთავარი იყო დამემახსოვრებინა გარშემომყოფებს რა ერქვათ, რათა საჭიროების შემთხვევაში იმას მოეხედა, ვისაც ვეძახდი. ამ მეთოდმა გაამართლა. სახელებზე არ ვფიქრობდი, უბრალოდ ვიყენებდი მათ, როგორც, ვთქვათ, ჩანგალს.

მაგრამ ერთხელ, მართალია, ცოტა ხნით, მაგრამ მაინც მომიხდა ამ თემაზე დაფიქრება. სხვა გზა არ მქონდა - მეორე დღეს ჩემს ცოლს უნდა ემშობიარა. ამ შემთხვევაშიც ცივი გონება შევინარჩუნე და საკითხს, პრაქტიკულად, მხოლოდ 15 წუთი დავუთმე. დავეყრდენი საერთაშორისო გამოცდილებას, რაც მკარნახობდა, რომ ჩვენს პლანეტაზე, რეალურად, ან გოგონები იბადებოდნენ, ან ბიჭები. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ორი სახელი უნდა შემერჩია: გოგოსი და ბიჭის.

ბიჭის სახელზე თითქმის არ მიფიქრია: საფრანგეთში ემიგრირებული წინაპრის თხოვნით, რომელიც კომუნისტების ზიზღით სამშობლოში ვერ ბრუნდებოდა, ბიჭისთვის მისი სახელი უნდა დაგვერქმია. გამოდის, რომ მხოლოდ გოგონას სახელი უნდა შემერჩია. აქაც ტრადიციებიდან გამოვედი და გადავწყვიტე ბავშვისთვის წინაპრის სახელი დამერქმია. არც მე და არც ჩემს მეუღლეს ჩვენი დედების სახელები არ მოგვწონდა, ამიტომ ბავშვისთვის მამაჩემის დედის სახელი ავირჩიეთ.

სულ ეს იყო. ამის შემდეგ სახელებს დიდი, ძალიან დიდი ხანი არ შევუწუხებივარ. თუმცა, უკვე ნახევარი წელია, რაც ყველაფერი უკუღმა დადგა. ეს კი იმის ბრალია, რომ ჩემი სახელი ზედმეტად ტირაჟირებული გახდა.

საერთოდ, ჩემი სახელის შესახებ არცთუ ბევრის თქმა შემიძლია. პირველ ყოვლისა, ვიცი, რომ ქართული სახელია და ჩვენ გვარში ტრადიციულად ითვლება. მეც პაპაჩემის მიხედვით დამარქვეს. 21 წლის იყო, მამამისთან ერთად რომ დახვრიტეს კომუნისტებმა ქაქუცა ჩოლოყაშვილთან თანადგომისთვის. მამაჩემი მაშინ ექვსი თვის ყოფილა და ბებიაჩემთან ერთად, რაღაც ხნით, აკვნით, ციხეშიც კი ჩაუსვამთ. ზემოთ ნახსენები საფრანგეთში ემიგრირებული წინაპარი კი პაპაჩემის ძმა იყო, რომელმაც დახვრეტისას წარმოქმნილი არეულობით ისარგებლა და გაიქცა.

ეს ისე, ცოტა ისტორიული გადახვევა გამომივიდა. ისევ თემას რომ დავუბრუნდეთ, იმ უცხოელებს გავიხსენებ, რომლებიც პირადად არ მიცნობდნენ და მხოლოდ ელექტრონული ფოსტით გვქონდა ურთიერთობა. მათ აბსოლუტურ უმეტესობას აინტერესებდა სახელ Bidzina-ს უკან Dear Sir იდგა, თუ Madam. „ახლოსაზღვარგარეთელებს“, ამ მხრივ, ნაკლები პრობლემა ჰქონდათ: რუსები, მაგალითად, ყოველგვარი ირონიის გარეშე, თუმცა, მსუბუქად გაოცებულები, ბენზინას მეძახდნენ ხოლმე. შეიძლება იყო კიდევ რამე ტუტუცური ისტორია, მაგრამ ახლა ვერ ვიხსენებ.

ცნობილია, რომ გასული საუკუნის 50-იანი წლების შუახანებამდე ჩვენში პიროვნების კულტი არსებობდა. სტალინის კულტი. საბედნიეროდ, ამას ვერ მოვესწარი. ჩემი ცხოვრების პირველ ნახევარში კი სხვანაირად იყო. ოჯახის წევრების და ნათესავების გარდა, ქვეყნის მეთაურები არავის უყვარდა. პირიქით, ისინი, ძირითადად, სძულდათ.

90-იანების დადგომისთანავე მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი კერპი გახდა, მეორეს ქუჩაში დაუჩოქეს, მესამეს პოპულარობასთან საქართველოს ვერც ერთი სპორტსმენი ან შოუბიზნესის წარმომადგენელი ახლოსაც ვერ მივა.

ახლა კიდე ეს ჩემი სეხნიაც გამოჩნდა და წამართვა სახელი. ამას წინათ ახლობელს დავურეკე მისთვის უცნობი ნომრიდან. როგორც კი მიპასუხა, რომ არ დაბნეულიყო, ეგრევე მივახალე ჩემი სახელი და გვარი. წამიერად ჩაფიქრდა და მიპასუხა, ნეტავ გვარი არ გეთქვაო.

ასეთი შემთხვევაც. იყო: ერთმა ჩემმა კოლეგამ მნიშვნელოვანი ორგანიზაციის დირექტორს უთხრა, ხომ შეიძლება ჩვენს შეხვედრას ბიძინაც დაესწროსო. დირექტორმა მშვენივრად იცოდა, ვისზეც იყო საუბარი, მაგრამ არ გაუშვა შანსი, დაეფიქსირებინა თავისი პოლიტიკური ორიენტაცია და „იუმორის“ გრძნობა და ღიმილით თქვა, გააჩნია, რომელი ბიძინაო.

ერთხელ კიდევ ლიტერატურული პორტალის პრეზენტაციაზე ვიყავი. საღამოს წამყვანმა, რომელიც ცალსახად ასოცირებულია ჩემს სეხნიასთან, მიკროფონით, მთელი დარბაზის გასაგონად, მხოლოდ სახელით მომმართა. საზოგადოების რეაქცია ადეკვატური იყო: ერთგვარი იმედგაცრუებაც კი შევატყვე, როცა მე შევრჩი ხელში.

ერთსაც მოვყვები და გვეყოფა. ქალბატონებმა, რომლებიც საარჩევნო სიების დაზუსტების მიზნით კარდაკარ დადიან, ვერაფრით დაუშვეს, რომ შესაძლებელი იყო, მე უპირობოდ არ გამეზიარებინა იმ ადამიანის შეხედულებები საქართველოს მომავალ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოწყობასთან დაკავშირებით, რომლის სახელიც მერქვა. 

ამ ბოლო შემთხვევამ საბოლოოდ დამასამარა და ასე დავკარგე იდენტობა ჩემს სახელთან. თუმცა, არცთუ ისე დიდი ხნის წინ ეს სახელი ჩემს თაობაში სწორედ ჩემთან და ჩემ ერთ კოლეგასთან ასოცირდებოდა.

მაშინ ის დაკავშირებული იყო როკთან და ფეხბურთთან, კინოსთან და, საერთოდ, ხელოვნებასა და სუბკულტურასთან. დღეს რასთან არის დაკავშირებული, ასე უბრალოდ ვერ იტყვი. თავიდან ერთ რამეში ყველა თანხმდებოდა - ის იყო ყველაზე მდიდარი ქართველი, მატერიალურად ეხმარებოდა ქართველ მეცნიერებს და ხელოვანებს, ეკლესიას და სახელმწიფოს.

მერე გადაწყვიტა პოლიტიკოსობა. და სწორედ მაშინ გახდა ჩემი „კონკურენტი“. სწორედ ამ გადაწყვეტილებამ მოუტანა უზომო პოპულარობა.

და სწორედ ამ პოპულარობის გამო მგონია, რომ საქართველო ჯერ ძალიან, ძალიან ღრმა სოროშია ჩარჩენილი და ჯერ კიდევ ძალიან დიდი დრო გავა, სანამ იქიდან ამოვა.

ამ შემთხვევაში ჩემ გაპოპულარულებულ სეხნიას არაფერს ვერჩი. ვერჩი იმ გარემოს, რომელმაც ჩვენი საზოგადოება ისეთად ჩამოაყალიბა, რომ კერპად პოლიტიკოსის მეტი ვერავინ გაიხადა.

Tags: ბლოგი,ბიძინა ივანიშვილი



ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ირმა
11.08.2012 12:51
"ამ შემთხვევაში ჩემ გაპოპულარულებულ სეხნიას არაფერს ვერჩი. ვერჩი იმ გარემოს, რომელმაც ჩვენი საზოგადოება ისეთად ჩამოაყალიბა, რომ კერპად პოლიტიკოსის მეტი ვერავინ გაიხადა."

მეც მაგას ვტირი..ჩემი კერპი შენ ხარ:)

ავტორი: აიკ ტერნერი საიდან გვწერთ: ზეციური მისისიპი
10.08.2012 13:20
საქართველოში ინტერნეტის სახლში დაყენებაზე ფსიქოლოგიური ტესტი უნდა იყოს გასავლელი.

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
30.07.2012 10:59
ავტორი: ანონიმი
22.07.2012 11:49
ჰა მიდი, არც მწვადი დაწვა და არც შამფური, ჯიგრი.
რას ქვია "გაპოპულარულებულ სეხნიას არაფერს ვერჩი"? აბა ვის ერჩი? რა გინდა საერთოდ, რეებს მიედ-მეოედები?
სწორედ რომ შენი სეხნიის ბრალია ხალხის ასეთ დონეზე დაქლიავების კიდევ უფრო ხელის შეწყობა და უკან ამორეცხვების მცდელობა.-ვინც უკან "ამორეცხვაზე" ლაპარაკობს,ის "ჩარეცხვის" საკითხში მიშას მომხრეა და ჩასარეცხია მიშასა და მთელი ნაცXმოძრაობასთან ერთად! ეს მალე რო იქნება ყველა ნიშანი სახეზეა:ხელისუფლებას-რომელიც აცხადებს, რომ მხარს ხალხის 70% უჭერს -ეშინია იმავე ხალხისათვის "თეფშების" დარიგება-თუ მომხრეა, რისი გეშინია? რას იზამს შენი მომხრე- ოპოზიციურ გადაცემას როცა ნახავს, მოწინააღმდეგე მხარეს გადავა? ე. ი. სიმართლის გეშინია- ვისაც ამის ეშინია ის ყოველთვის მარცხდება-"არ არსებობს დაფარული, რომელიც არ გაცხადდეს"
მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ბლოგით ავტორმა გააკეთა ისეთივე, როგორიც კომუნისტების დროს კოლმეურნეობის ერთმა "თავკაცმა".მან პატიაშვილს ასეთი შინაარსის ტელეგრამა გაუგზავნა: "ედვარდის მოსკოვში გადაყვანის მწუხარება-შენმა ცეკას I მდივნად არჩევამ გადამატანინაო"

ავტორი: ბიძინა მაყაშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
29.07.2012 19:55
ამ პოსტის მკითხველებს ვულოცავ ოლიმპიურ ოქროს!!!

ავტორი: imano საიდან გვწერთ: burkina -faso
29.07.2012 14:24
საინტერესოა რატოა ეს სტატია ყველაზე კითხვადი?თუმცა მეც დავბოლდი და ბილომდე ჩავიკითხე რაღაცის მოლოდინში....ის რაღაცა ალბათ შემდეგ სტატიაში იქნება

ავტორი: ანონიმი
28.07.2012 12:55
საქართველოში უამრავი სიტყვაა დამახინჯებული. ახლა სახელებიც მიყვება.
აქ ეს არაა, მაგრამ სხვისი სახელის გამიზნულად დამახინჯება "არა ჰკლას" -ნაირ ცოდვად მიმაჩნია.

ავტორი: maradi საიდან გვწერთ: tbilisidan
27.07.2012 14:37
გაუგებარი სტატიაა, უფრო სწორად ღირებულება არა აქვს, არც ფასი. ჯობდა დაეწერა, თუ ეწერებოდა მაინცდამაინც, ისეთ ცნებებზე როგორიცაა სამართლაინობა, სიმართლე, ღირსება, უფლებები, ღირებულებები. საზოგადოებაზე აპელირება ადვილია, თუმცა საზოგადოების ტერმინს ამოფარებული ღაღადი და დამოძღვრა, არ ვიცი რა არის.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
23.07.2012 10:31
ამოსარეცხი არავინ გახდებოდა თავის დროზე პირდაპირ ეთერში რომ არ ჩაერეცხათ

სხვა რო არაფერი ვთქვათ, უბრალოდ სირცხვილია პირველი პირი ესეთ განცხადებებს რომ აკეთებს თავის მოქალაქეებზე, როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი (და თუნდაც არა თავის მოქალაქეებზე)

ვინ რისი ამომრეცხავია არ ვიცი, მაგის დიდი ინტელექტუალობის არ მჯერა მე, სიბერეში წიგნ-ნაკითხი ბიზნესმენია და მეტი არაფერი, მაგრამ სანამ იმის კრიტიკას მოყვებით იმასაც ნუ დაივიწყებთ რა გენიოსი, ინტელიგენტი და სერიოზულობით გაჟღენთილი კაცი გიმართვათ ქვეყანას

არც ერთისგან გამოვა პრეზიდენტი და არც მეორე შედგა პრეზიდენტად, ორივე თავის ნაჭუჭში გამოკეტილი ჩვეულებრივი ინდივიდია

ავტორი: ანონიმი
22.07.2012 11:49
ჰა მიდი, არც მწვადი დაწვა და არც შამფური, ჯიგრი.

რას ქვია "გაპოპულარულებულ სეხნიას არაფერს ვერჩი"? აბა ვის ერჩი? რა გინდა საერთოდ, რეებს მიედ-მეოედები?

სწორედ რომ შენი სეხნიის ბრალია ხალხის ასეთ დონეზე დაქლიავების კიდევ უფრო ხელის შეწყობა და უკან ამორეცხვების მცდელობა.

ავტორი: Tamari საიდან გვწერთ: NY
21.07.2012 19:52
ანონიმს ნეტა თავად რამდენჯერ აქვს ნამღერი - "მიშა მაგარია"?
და ამ ბლოგის ავტორი სამართლიანად მიუთითებს ჩვენში არსებულ, უაღრესად არქაულ, პერსონის გაფეტიშების ტენდენციაზე.

ავტორი: lelii_s საიდან გვწერთ: facebook
21.07.2012 09:50
მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემ თქვენი ოჯახის წარსულს, მის ტრადიციებს და თქვენც, ვერ გავიგე ამ სათაურის ქვეშ რატომ დამალეთ თქვენი დამოკიდებულება სეხნიასთან? ვფიქრობ უფრო კარგი იქნებოდა პირდაპირ გეთქვათ, ის რაც გაწუხებთ! უამრავ ადამიანს ქვია ერთნაირი სახელი, ზოგი მიშაა, ზოგი გრიშა... რა პრობლემაა??????

ავტორი: teo საიდან გვწერთ: tbilisi
21.07.2012 08:48
სტატია მომეწონა.მაგრამ კომენტარები მაფიქრებს.ან ბიძინისტი უნდა იყოს ადამიანი ამ მიშისტი? მესამე ვარიანტი არ არსებობს?ჩემს თავს არ ვაკადრებ ”ვინმესისტი ”რომ ვიყო... მინდა ცვლილება ქვეყანაში, არ მინდა უსამართლობა.მაგრამ ვიღაცა ერთ ადამიანს , პირდაღებული არასდროს არ შევღაღადებ და მთელი ძალებით არ ავტენი პედესტალზე. ჩემს 4 შვილს გავზრდი შეგნებულებს,ვიღაცეებზე არადამოკიდებულებებს, რომ მშვიდად შეძლონ მერე ვინმე ბლოგერის ,რაიმე სტატიის წაკითხვა და აზრი ისე გამოიტანონ , რომ ეგრევე სიძულვილით არ აივსონ...

ავტორი: ლამბალო საიდან გვწერთ: ციხიდან
21.07.2012 00:28
:) შენი სეხნიის პატრიოტიზმის, სიყვარულის, სიმამაცის და თავდადების 10%ც რომ გქონოდა, ვერავინ დაგრჩდილავდა და დაკვეთილი ბლოგების წერაც არ მოგიწევდა...

ავტორი: ანონიმი
20.07.2012 23:27
ნინოს.. ,,რაც მე მომწონს არის, მისი ერთგვარი უხერხულობა ”ბიძინა” შეძახილზე”. ქალბატონო ნინო, რად თამაშობთ ეგრერიგად გულუბრყვილო პიროვნებას.. განა ასლანაც უხერხულად არ იშმუშნებოდა საყოველთაო ყურადღების ქვეშ? მაგრამ სულაც აღარ ეუხერხულებოდა აჭარის რეგიონის ასლანიზაცია.. საკუთარი თავის კულტივირების ათასი მეთოდი, ხერხი არსებობს..გააჩნია ინდივიდუალობას და კიდევ, .. შესაბამის ისტორიულ ეპოქებს.

ავტორი: GERMANE
20.07.2012 21:35
ბიძინა - ბატონობით არ მოგმართავ, ხალხს არ ეგონოს იმ ბიძინას ვგულიხმობდე!!! (ხომ გაგეცინა ხუმრობაზე????)

ჰოდა, ბაბუაჩემის მამას, ანუ მამაჩემის ბაბუას ძალიან მაგარი სახელი ერქვა - იმდროინდელ მეზობელ სამეგრელოში გავრცელებული - ლავრენტი.
მერე, ბებიაჩემი, ამაყი მეგრელი რომ გაგრიდან "დასაფსებ" იმერეთში გამოთხოვდა, ბაბუაჩემის ოჯახში პირველი ვაჟის სახელი სადისკუსიო არ ყოფილა - რათქმაუნდა ლავრენტი.

ბებიაჩემი ამას იმიტომ დასთანხმდა სიხარულით, რომ ლავრენტი ბერია მამაჩემის დაბადების დროს უკვე ძაან დაფასებული კაცი იყო.
ასე ბეეეევრი წელი ცხოვრობდნენ ბედნიერად.

კი, მართალია ლავრენტი ბაბუა კი გარდაიცვალა პატრა ლავრენტის დაბადებიდან რამდენიმე თვეში - გული გაუსკდა მისთვის უკვე წართმეულ მაგრამ მისივე ხელით დახნულ-დათესილ სიმინდის ყანაში რომ კოლმეურნეობის კამეჩები საძოვრად იხილა.
მაგრამ, ასე დაახლოებით 17 წლამდე პატარა ლავრენტი დიდ ლავრენტად ბედნიერად იზრდებოდა და ყოველსაღამოს ისმენდა ბებიაჩემის ნამღერ ჩქიმ ლავრენტი ბერიას.

ერთ მშვენიერ დღეს კი ყველაფერი შეიცვალა - ლავრენტი უკვე ხალხის მტერი გახდა და ვინ დაუძახებდა მამაჩემს სკოლაში ლავრენტიას? ასე დარჩა ადამიანი ოჯახის გარეთ უსახელოდ - სკოლის ამხანაგებიც ვერ ბედავდნენ სახელის დაძახებას საჯაროდ.
მაშინ არ იყო ასე, ახლა როა - თუ ლავრენტი გქვია, დაგიძახებენ ან ლავრიკას, ან ლავრუშკას, ან კიდევ სულ თანამედროვედ - ლაავ!

მაშინ ერთი ვარიანტი იყო -ლავრენტიე.

არადა სკოლა უკვე მთავრდებოდა და ატესტატიც უნდა მიეღო.
სკოლის დირექტორმა არც აცია-არც აცხელა და მამაჩემს სახელი შეუცვალა- არ ვიცი რატომ, მაგრამ ეცადა რომ საერთოდ არცერთ ბგერაში არ დამსგავსებოდა ადრინდელ სახელს.
მერე მამაჩემმა ამ შეცვლილი სახელით, რომელიც მასაც მოეწონა, ინჟინრობა მოინდომა, ისწავლა, დაკაცდა და მოუნდა ქორწინება.
პირველი დიდი პრობლემა აქ შეიქმნა - დსაქორწინებლად საჭირო იყო პასპორტი და დაბადების მოწმობა.
ალბათ წარმოგიდგენიათ - დაბადების მოწმობაში ერთი სახელი და ყველა სხვა საბუთში სავსებით სხვა. ბოლოსდაბოლოს მიუჩინეს მამაჩემს ის მეორე, მოწონებული სახელი, მისცეს პასპორტი (ასე უთხრეს, არ გირჩევ ლავრენტობას, სამხედრო სამსახურში რუსი ოფიცრები გადაგეკიდებიანო).
ყველაფერი მიწყნარდა - შევარდნაძის მეორე მეფობის ხანაში ერთი პერიოდი კი ჰქონდა პრობლემა პენისიის დანისვნასტან დაკავშირებით, მაგრამ, საბჭოთა პასპორტის სახელი დემოკრატი ედუარდის სისტემისათვისაც ხელშეუხებელი იყო.

2003 წელს მოვიდა ახალი მთავრობა და 2007 წელს საპენისიო საბუთები ხელახლა გადამოწმდა, თანაც, მამაჩემს აუცილებლად უნდა აეღო ახალი პასპორტი - ამჯერად ქართული.
სწორედ აქ იზეიმა სამართალმა - 70 წლის შემდეგ:
სააკაშვილის მთავრობა მართალია არ შედავებია მამაჩემს რომ ის მართლა დაბადებული იყო და საპენისიო ასაკისა იყო - არა, ეს სადაოდ არ გაუხდია, მაგრამ... აი სახელი კი...
მამაჩემის სახელს ოფიციალური რეაბილიტაცია გაუკეთეს - მართალია მამაჩემის სურვილის და დაჟინებული პროტესტის საწინააღმდეგოდ, მაგრამ მაინც, სამართლიანობამ იზეიმა - გამოუწერეს ქართული პასპორტი "ლავრენტის" სახელით.

გმადლობთ ბიძინა ეს ამბავი რომ გამახსენე.

ავტორი: ვერელი საიდან გვწერთ: ვერიდან
20.07.2012 20:30
ჩემო ბიძინა, არ გაგიმხელ ჩემ სახელს, მაგრამ ისეთი ცნობილი სახელი მქვია,რაც დიდ დისკომფორტში მაგდებს!
ასე, რომ თანაგრძნობისა და სამძიმრის მეტს ვერაფერს შემოგაშველებ! (შენ კიდევ ჩემზე უარეს სიტუაციაში მეჩვენები).

ავტორი: აღშფოთებული საიდან გვწერთ: აღშფოთებული საქართველოდან
20.07.2012 16:49
გაგრძელება.

„მერე შვილები დაგვეზრდებიან, შევიყვანთ დიპლომის ასაღებად 5 წლიან უმაღლესში, არადა ვის უნდა სწავლა დღეს საქართველოში? მარტო სასიდედროს და სასიმამროს- დიპლომიანი შემოუვათ სახლში„.

მერე, ცოტაა მაგი?! ერთი, დაითვალე, რამდენი სასიდედრო და სასიმამრო იქნება და ვინც შენ აინშტაინობა და პუანკარეობა დაგაბრალა, იმას რა ვუთხარი მე!

„სწავლის დაფასებას ვინ ითხოვს ქვეყანაში? არავინ!!!„

რავა, არც შენე ითხოვ?! აბა, რა გინდა აქანე, რო სთესავ, ვინცხა იმისი არ იყოს, ბოდლერის ნიღილიზმის ყვავილებს?!

„მერე დაამთავრებს ჩვენი შვილი უმაღლესს და თუ გაუმართლა ბანკში დაჯდება კომპიუტერთან, ნუ ეგეც კაია, უამრავი კრედიტის გადახდას ხო ფული უნდა და მაგათ იაფი კრედიტები ერგებათ როგორც წესი„

დაფასებია და ეგაა!

აპა, ჩვენე რო ვზივართ და ვაკაკუნებთ ამ კომპიუტერებზე უფასოდ და მუქთად, აგია საქმე?!

„ასე ამაოების ბაზრად ვაქციეთ ჩვენი ქვეყანა, სადღეგრძელოებით და ღვინით გაჟღენთილებმა, აქაოდა ასე ვმღერით და ასე ვცეკვავთო და ბოლოს და ბოლოს მრავალჟამიერის ტექსტიც კი არ ვიცით ზეციური პრეზიდენტის მომლოდინეებმა„

ეს იტყვის კიდო, პატრიოტი ვარო!

ბიჯო, ეგ თეკერეის უბედურ ინგლისში იყო ამაოების ბაზარი!

აპა ჩვენს ბაზარში შეიარე, ამაოება კი არა სამოთხის ბაღში გეგონება თავი!

ამხელა კაცმა, კიდო, თუ სიმღერა, ცეკვა და მრავაჟამიერის ტექსტიც კი ვერ ისწავლე ზეპირად, რაის ქართველი ხარ?! და საერთოდ ვინ ხარ, რას აკეთებდი ამდენ ხანს!

!„სირცხვილი ვართ ჩვენ დღეს და სხვა მეტი არაფერი, ჩვენი წინაპრების შემრცხვენელები„

ვაი, ესაა, ბიჯო, ქართული?!

სამარცხვინოები მაინცა თქვი, თუ მეტი გზა არაა!

ქართულს არ უფრთხილდები შენე და ამ ზეგარდმო ნიჭითა და ცხვირ–პირით დაჯილდოებულ პრეზიდენტს გაუფრთხილდები პრეზიდენტს გაუფრთხილდები?!

ავტორი: აღშფოთებული საიდან გვწერთ: აღშფოთებული საქართველოდან
20.07.2012 15:55
ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutuceti
20.07.2012 14:04

უყურეთ, ერთი, უყურეთ, როგორ არ იშლისის თავისას?!

რას უძახი, კაცო, შენე, ძარცვას?!

ვინცხამ, ფარცხაგობაში, წელიწადში რაცხა მილიარდი წამოგაშველოს, პატარა, ხელი გაგიმართოს, სამაგიეროდ, ისტორია, წარსული, ტრადიციები, მართლმადიდებლობა, დედმამიშვილობის, წინაპრების, სუფრის, ქალიშვილობის, თამადობის ინსტიტუტი წაგართვას, გადაგაგვაროს და გადაგაჯიშოს... – ამას უძახი შენე ძარცვას?! გლახა ხასიათზე არ ვიყო, გეტყოდი ახლა კაი რაცხას შენე!

თანაც, უკულტურო, უისტორიო, რაცხა ორასწლიანი ამერკა სადაური ჩვენი მეზობელი და ტოლია?! გეკითხები მე შენე, შე ნიღილისტო და მასონო! ა, მათქმევინა მაინც რაცხა!

დაუნახავი თუ არ ხარ, შე პრავაკატორო, სადაა გადასაგდები და სანაგვე საჭმელი?!

თუნდაც იყოს, თუ კოხტად ცელოფნის პარკში გამოკრა და ისე გადმოაგდო, რაია მაგაში ცუდი?! რაღა ნაგვის ყუთში იქექოს ვინცხამ, აიღებს იქვე კორპუსთან კოხტად ცელოფანში გამოკრულს და გააქანებს ბედნიერი ოჯახში, რომ ახლა იქანე გაახაროს და გააბედნიეროს! ამდენს ვერ უნდა აზროვნებდე ამხელა კაცი?! ა, ისევ მათქმევინა რაცხა!

იგივე ითქმის შენგან დაწუნებულ სიგარეტის ნამწვზე და სიგარეტის კოლოფებზე, შე გაქსუებულო! უქიშინებ, ხომ დღეში 5 კოლოფს, შე ბურჟუა, შენე! ვინცხა იმისი არ იყოს, მშიერს მაძღარიც მშიერი ეგონაო! რა ღირსი ხარ შენ „პარლამენტის„, პრიმა, პრიმა გინდა შენე!

რავა, მარტო ჩემია?! შენი, შენი არაა ეს, შენთვის ისეთი და ზოგისთვის ასეთი საქართველო?!

გადამრევს აი, კაცი!

გადადგა კი არა, თლად ქუთეისში გარბის ეს უბედური პარლამენტი და მეტი რა ქნას ახლა?!

ან რა სამუშაო ადგილები, განათლება უნდა მოგცეს მაგ უბედურმა, ბოლოსდაბოლოს, შენობაა, ქვები, აგურები, ცემენტი და ტალახი!.. სად გაიზარდე ასეთი... ფანტაზიორი, ჰაა?!.:

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
20.07.2012 14:54
ბიძინა მეც საზოგადოება (სამწუხაროდ არარსებული) მტკივა და მაინტერესებს ჩვენს ქვეყანაში

ავტორი: ბიძინა მაყაშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
20.07.2012 14:05
ნინო, ამ პოსტს ივანიშვილთან არ არქვს საქმე. ეს ბლოგი საზოგადოებაზეა.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutuceti
20.07.2012 14:04
დავსხდეთ და ვძარცვოთ ჩვენი მეზობლები იმისთვის რომ ჩვენი ოჯახი ავაშენოთ მხოლოდ, მერე ჩვენივ ნაჭამი ნაგავი სანაგვის ყუთამდე არ მივიტანოთ, იქვე კორპუსის წინ გადმოვაგდოთ ცელოფნის პარკში გამოკრული, მერე სიგარეტის ნამწვიც ზედ მოვაყოლოთ და სიგარეტისვე კოლოფებიც- ეს არის დღეს შენი საქართველო ჩემო აღშფოთებულო

მერე დავდგეთ პარლამენტის წინ და ვიკივლოთ გადადექი გადადექი- ერთხელაც რ მოვთხოვოთ არავის სამუშაო ადგილები, იაფი ხელმისაწვდომი განათლება, შრომის კანონი.. მარტო ვარდები-გადადექი-და მერე ისევ გადადექი

მერე შვილები დაგვეზრდებიან, შევიყვანთ დიპლომის ასაღებად 5 წლიან უმაღლესში, არადა ვის უნდა სწავლა დღეს საქართველოში? მარტო სასიდედროს და სასიმამროს- დიპლომიანი შემოუვათ სახლში.

სწავლის დაფასებას ვინ ითხოვს ქვეყანაში? არავინ!!!

მერე დაამთავრებს ჩვენი შვილი უმაღლესს და თუ გაუმართლა ბანკში დაჯდება კომპიუტერთან, ნუ ეგეც კაია, უამრავი კრედიტის გადახდას ხო ფული უნდა და მაგათ იაფი კრედიტები ერგებათ როგორც წესი

ასე ამაოების ბაზრად ვაქციეთ ჩვენი ქვეყანა, სადღეგრძელოებით და ღვინით გაჟღენთილებმა, აქაოდა ასე ვმღერით და ასე ვცეკვავთო და ბოლოს და ბოლოს მრავალჟამიერის ტექსტიც კი არ ვიცით ზეციური პრეზიდენტის მომლოდინეებმა

სირცხვილი ვართ ჩვენ დღეს და სხვა მეტი არაფერი, ჩვენი წინაპრების შემრცხვენელები

ავტორი: ნინო საიდან გვწერთ: თბილისი
20.07.2012 13:45
ბატონო ბიძინა, არ გეჩვენებათ, რომ ივანიშვილის მიერ ორგანიზებული აქციები სიახლეა საქართველოში, თავისი ფორმით, ნაკლებემოციურობით და მეტად საქმეზე ორიენტირებულობით.
ყველაზე მეტად რაც მე მომწონს არის, მისი ერთგვარი უხერხულობა ”ბიძინა” შეძახილზე და სურვილი ამის მოშლისა ერთხელ და სამუდამოდ. ეს და კიდევ ბევრი რამ სხვა მგონია რომ სიახლეა და არ ღირს ამის არ დანახვა

ავტორი: აღშფოთებული საიდან გვწერთ: აღშფოთებული საქართველოდან
20.07.2012 13:32
გაგრძელება.

და თუ სიმართლე გინდა მართლა და მართლა, კი გვეკუთვნის ქართველებს, მართლა რომ მოგვხედოს 7 მილიარდიანმა მსოფლიომ!

რა გახდა, ვეჟო, რაცხა 4 მილიონიანი ხალხის შენახვა ისევ და ისევ კაცობრიობისა და მისი ისტორიისთვის?!

რავა, არ დავიმსახურეთ?! –

ჩვენი ისტორიით!
ჩვენი წარსულით!
ჩვენი ბუნებით და განსაკუთრებით მიწით, წყლით, ტყით, მთით, ბარით, ზღვით, უდაბნოთი, მდინარეებით, ტბებით, ღელეებით, ჭაობებით, ჭალებით, სავარგულებით, ყანებით, მთებით, გორაკებით, გამოქვაბულებით!..

ჩვენი უძველესი და უახლესი ტაძრებით, სასახლეებითა და ციხეებით!
ჩვენი დიდგორითა და „დიდგორით„!
ძველი ლაზეთითა და მომავალი ლაზიკით!
ვარძიითა და „ვარციხეთი„!
ჩვენი ულამაზესი ქალებით!
ჩვენი უვაჟკაცესი და ურაინდესი, უმეომრესი კაცებით!
ჩვენი უზრდილობესი და უსათნოესი მოზარდებით!
მაშინდელი და ახლანდელი ლიტერატურით!
ფოლკლორითა და არაფოლკლორით!..

კოროჩე, რა ჩამოთვლის!..

და რაც მთავარია, ჩვენი უნიკალური, განუმეორებელი სუფრის აკადემიით!

მოლხენით!
მოძახილით!
თამადობით!
სადღეგრძელოებით!
ცეკვით!
თამაშით!
ტაშ–ფანდურით!..
აუუუ!!! ჭირიმე შენი!..

ოხ, თქვენი დედა და მამა, დამპალო, უკულტურო, უტრადიციო, უდედმამიშვილო, უწინაპრო, უისტორიო, უმაქნისო და უჯიგრო მსოფლიო და დასავლეთო, დასაკარგი და გადასაშენებელი ხალხი ვართ, ჩვენე?!

გაგვიფრთხილდით და მოგვიფრთხილდით, პატარა, ისევ თქვენთვის, მსოფლიო ისტორიისა და კულტურისთვის არ იქნება კარგი, ჩვენ რო კარგად ვიქნებით?! ისევ თქვენ არ გამდიდრდებით, თქვენი?!.

ასე რომ, ყველა კარგად დაფიქრდით, სანამ როყიოდ და ამოროყვაზე დაიწყებთ უშნოდ ლაპარაკს!

ავტორი: აღშფოთებული საიდან გვწერთ: აღშფოთებული საქართველოდან
20.07.2012 13:29
ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
19.07.2012 23:37

რაია აგი და რაებსა წერ, კაცკ, შენე, თუ იცი?!

თუ იცი და მაინცა წერ და თანაც შეგნებულად, რაი შეგნებაა მაგი და რეიზა გგონია შეუგნებელი ე ამოდენა საზოგადოება და ჯამაათი, შენე, ვიცხა იმისი და ამისი არ იყოს!

თუ არ იცი და მაინცა წერ შეუგნებლად, იმოდენა შეგნება მაინც უნდა იქონიო, აქანე, ამოდენა საზოგადოებაში და ჯამაათში არ შემოაგზავნო და არ დათესო ჭინჭარი და სარეველა, ამ გადარეულ ხალხს კიდო გადარევა და გადაფიჩინება ჭირია?! გეკიხები–თქვა მე შენე!

რას ქვია, დღეს ბიძინას ქართველები როგორც მშველელს და ჩვენ გადამრჩენს ისე უყურებენო!

გეკადრება აგი შენე?!

მშველელს და გადამრჩენს კია არა, ქართველები მას უყურებენ როგორც ცინცხალ მაგალითს იმისა, თუ რაფრად და რა კარგად შეიძლება მონდომებით, მუყაითობთ, შრომითა და ღვაწლით, გარჯითა და ერთგულებით, ყოველი პატიოსანი და მშრომელი ქართველი ადამიანი გახდეს მასავით წარმატებული!

რაია ცუდი იმაში, რომ ქართველებმა მისდიონ – და მისდევენ კიდეც! – ამ ნათელ და ხელიხელ საგოგმანებელ მაგალითს?!
არაფერი პირადული და ბიზნესური! – რავარც ყოველთვის!

ან აი ჩივილი რას გავს, ქართველები შენებაზე არ ფიქრობენო!

ბიჯო, ქართველები თუ სახლისა და კარის, ოჯახის შენებაზე და აშენებაზე არ ფიქრობენ, აბა, მეტს რას ფიქრობენ?! არ გრცხვენია ამისთანა უკეთურების დაბრალება?! სტიდ ი პაზორ!

რა სორო და სოროსი აგიტყდა ამხელა კაცს, გინახავს შენ ქართველების სრა და გინდა უბრალოდ სასახლეები?!
რამდენად ბრმა და დაუნახავი უნდა იყო ადამიანი, თუნდაც ამ ბოლო 9 წელიწადში აშენებულის „სოროები„ რომ ვერ დაინახო!

ვინც ვხედავთ, გაგვატარეთ, ბატონო, ვეყუროთ და დავსტკბეთ!

ვინ ხარ, სად მოისმინე, რომ ვინმე ბიძინას ნავების დარიგებას სთხოვს?!

ნავიანი და მით უმეტეს, ნადში ქართველი გინახავს შენე?!
ჰაა–ჰაა, თუ მეტი გზა და საშვალება არ დარჩა, შეიძლება ხელმწიფის დიდი თხოვნა–ვედრების შემდეგ მის ნავში ჩაჯდეს უხალისოდ და ძალისძალით!

„ჩვენ მხოლოდ იმაზე უნდა ვიზრუნოთ თუ როგორ ამოვიროყოთ მუცლები ამათი ნაჩუქარი ფულებით„.

უყურე ახლა ამას შენე!

რა ნაჩუქარით, ან ვინ გჩუქნის ამდენს, რომ დღეში ერთი ხუთჯერ, ამოყორვა რას გვიქვია და პატარა წაიხემსო?! და საერთოდ რა გვჭირს, სხვის ნაჩუქარს რომ არ დაველოდოთ, საკუთარი აბა სხვა რისთვის და რა ჭირად გვინდა?!

რავა, ჩვენი მოგონილია სადილ–ვახშამი?!
ასთეა ბუნების წესი, ყველა მისდევს და ჩვენე რატო უნდა ჩამოვრჩეთ?!

ავტორი: ანონიმი
20.07.2012 13:26
ვიღაცას კი ქონდა ზვიადის იმედი ამაყვავებსო მაგრამ მერე ეჭვი რომ შეეპარა ამაში ესროლა ზარბაზანი იმის იმედით რომ ეხლა ზარბაზნის მიმჩეჩებელი აყვავებდა და ყვავის ეხლა მთლა აყვავებულ მოსკოვში. მისი ზოგი თანამებრძოლი და გულშემატკივარი ყვავის სხვაგანაც. სუსტი იმედი მაქვს რომ იგივე არ განმეორდება. და კომუნისტების სიყვარულით საქართველოში დარჩენილები და მცხოვრებლები სულ არ მოსპობენ საქართველოს.

ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: Tbilisi
20.07.2012 12:58
რას ტუტუცობთ ერთი ყველანი. საარჩევნო გარემოზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და მასმედიის თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობაზე, ბიზნესის და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობაზე წერეთ, ვის რა ქვია და ვნ ეთაყვანება, რა მნიშვნელობა აქვს. რეალურად, სკუთარი კეთილდღეობის სანაცვლოდ, იბრძოლეთ ამ ყველაფრისათვის და სამართლიანობა გახდება კერპი ამ ქვეყანაში და არა ვინმე პოლიტიკოსი. დალედი დიანას და ლედი გაგას რომ ფანატები ჰყავს, ეს ხომ ნორმალურია...მაშ რას ერჩით ამ გაუბედურებულ ხალხს? უკანონობით დაღლილს ვიღაცის იმედი რომ უჩნდება, ესაა დანაშაული? მართლაც რა, გრანტებით გაბერილი სნობები, რომლებიც საცოდავ ადამიანებზე ღადავით იფხანენ პატივმოყვარეობას... გადაჩეხეთ ეს ქვეყანა დემოკრატობანას თამაშით, თქვენი პროექტია შევარდნაძეც და მიშაც, არაფერი დააკელით ამ ხალხს, ყველაფერს მოუნახეთ გამართლება - დახვრეტებს, წართმევებს, გადასახლებებს და ახლა კიდევ თავს უფლებას აძლევთ ქედმაღლურად იღადავოთ და წეროთ ვითომ პამფლეტები. გრაფომანობა ყველაფერში - აი ქართველთა მთავარი ეროვნული სენი და კერპი...

ავტორი: maia საიდან გვწერთ: tilisi
20.07.2012 11:33
პატარა სინათლეს ვხედავ ჩვენს ფანჯრებში:))) ამ ბლოგზე არსებული კომენტარებით აღმოვაჩინე, რომ ადამიანების თუნდაც მცირე ნაწილს ამ ქვეყანაში, ჯანსაღი კრიტიკა შენარჩუნებული აქთ და ქართული საზოგადოების დიიიდი ნაწილივით ,,რაც კარგები ვართ.." არ გაიძახიან. იმ მანკიერებათა მიზეზს, რაც უხვად გვჭირს, ჩვენივე თავში ეძებენ და ,,ხბოს აღტაცებით" არ შესცქერიან არც ძველ და არც ახალ ,,მესიას". მადლობა! ჩემს უსაზღვრო პესიმიზმს ბზარი გაუჩნდა :)))

ავტორი: მაია საიდან გვწერთ: თბილისი
20.07.2012 10:43
მეც მქონდა ერთი პაწაწინა ისტორია ამ სახელთან დაკავშირებით: ჩემს მეგობარს ტელეფონით საუბრისას ვუთხარი, ჩემი ბიძინა-თქო. სხვათა შორის, სწორედ იმ თქვენს კოლეგას ვგულისხმობდი, თქვენთან ერთად ამ სახელთან რომ ასოცირდებოდა თქვენს თაობაში. მეგობარი შეშფოთდა, შენი ბიძინა როგორ არის, რას ლაპარაკობო. ახლა, როცა კი იმ თქვენი კოლეგას მოხსენიება მიწევს, ახსნა-განმარტების თან დაყოლებაც მიხდება ხოლმე. ბიძინა უკვე ერთია. თქვენს აზრს ვეთანხმები.

ავტორი: ნინა საიდან გვწერთ: მოდულიდან
20.07.2012 10:25
და წარმოიდგინეთ რა უხერხულია როცა გვარით ივანიშვილი ხარ...და მთელი ოჯახით...ნაციონალი :)

ავტორი: ანა მაყაშვილი
20.07.2012 02:58
კიდევ კარგი, გოგო გავჩნდი, თორემ მომიწევდა ,,საფრანგეთში ემიგრირებული წინაპრის” საერთაშორისო ენისთვის არცთუ იოლად მოსარგები, გრძელი და კარმა-სპეციფიკური სახელის ტარება.
:))))

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
19.07.2012 23:37
დღეს ბიძინას ქართველები როგორც წინა პოლიტიკოსებს, როგორც მშველელს და ჩვენ გადამრჩენს ისე უყურებენ

მოელიან რომ ბევრი ფულის პატრონი, აქამდეც კეთილი კაცი, აგვაშენებს და აგვაყვავებს

მე საშინლად არ მომწონს ეს მდგომარეობა. ასე იყო ზვიადიც, ედიკაც და მიშაც თავიდან, არიქა აგვაშენებს და აგვაყვავებსო

ქართველები საკუთარი ქვეყნის შენებაზე თვითონ არ ფიქრობენ, მუდმივად ელიან რომ სახლში მსხდომებს მოევლინებათ პოლიტიკოსი-პრეზიდენტი-მესია რომელიც თავისი მარჯვენით სექმნის ბრწყინვალე საქართველოს და დაგვირიგებს ხელფასებს და პენსიებს

ეს არის ზარმაცი და ჩამოუყალიბებლი საზოგადოების (რომელსაც საზოგადოებასაც ვერ დავარქმევ) დამოკიდებულება მის პოტენციურ "მშველელის" მიმართ

მარტო აქედან ჩანს რა შეუმდგარი, მოუმწიფებელი და მართლაც სოროში მჯდომი ერი ვართ

ყველა იმაზე ფიქრობს რომ ზვიდს ქარიზმა და ენერგია აქვს და უეჭველი აგვაშენებს, ედიკას ამხელა ნაცნობობა და საძმაკაცო ყავს მსოფლიოში და როგორ ვერ მოგვხედავს, მიშა დასავლეთის და მდიდარი ამერიკელების კაცია და ავშენდით და ეგაა, ბიძინას კიდე იმათთან შედარებით ბევრი ფულიც აქვს და მეცენატობის ისტორიაც და ეგ მოგვხედავს კი არა დაგვირიგა ყველას ნივები და ეგააო

ეს არის ერი რომელიც თავისი გონებით ჩამოკიდებულია სხვებზე, მესიებზე, აქ გაიგონებთ პატრიარქი რო არ გვყავდეს ჩვენს ღირსებას და პატიოსნებას ვინღა მიხედავდაო, თითქოს ოჯახებში შვილებს მშობლები არ უნდა ასწავლიდნენ ღირსების და პატიოსნების, სიკეთისა და ადამიანობის შესახებ. არა- ამაზე ვინმე, ამ შემთხვევაში პატრიარქი უნდა ზრუნავდეს... დანარჩენზე სხვა, ჩვენ მხოლოდ იმაზე უნდა ვიზრუნოთ თუ როგორ ამოვიროყოთ მუცლები ამათი ნაჩუქარი ფულებით

ძალიან ვგავართ უდაბნოში მოხეტიალე, გამუდმებით მოსეზე მოქილიკე და მაყვედრალ ებრაელებს, ერთია რომ არც მოსე გვყავს (და არც უდნა გვყავდეს) და არც ამ 40 წელს უჩანს ბოლო უახლოესი 40 წლის განმავლობაში

ავტორი: ნასრედინი საიდან გვწერთ: სახელ ოვანი ქალაქიდან
19.07.2012 23:31
არანაკლები გაჭირვებაა გვარებთან დაკავშირებითაც:

„სახელი ჩემი სოლომონ, გვარი — მეჯღანუაშვილი. რაც ქვეყანაში კაცად გამოველ, მეთაკილებოდა ჩემი გვარი და ამიტომ ვცდილობდი გვარი როგორმე შემეცვალა, მაგრამ ვერ მოვახერხე, თუმცა სხვანი ადვილად ახერხებენ. ხან მინდოდა მიმეცა რუსული დაბოლოება, ესრეთ: მეჯღანუევ, მეჯღანუიჩ, მეჯღანუევსკი; მაგრამ სიტყვა ჯღანი არ ამოვარდა. ხან მინდოდა გადამეთარგმნა რუსულად, მაგრამ ვერცა მე გადავთარგმნე, ვერცა სხვამ. შემრჩა ისევ ეს გვარი.

რა ვუთხრა ჩემ მამა-პაპასა!..
განსვენებული დედაჩემი მოგახსენებდათ, ვითომც ეს გვარი დაურქმევია მამიჩემისათვის ღვთისაგან კურთხეულს დიდს ერეკლე მეფეს. მაგრამ მე ეს არ მჯერა: ერეკლეს გვარების დარქმევისათვის არა სცალოდა. ჭკუაზედ უფრო ახლოა, რომ ეს გვარი დარქმევია მამაჩემს, იქნება პაპაჩემსაც, ქალაქელებისაგან (ცოტა-მატანი კი არ არიან ქალაქელები!), რადგანაც მამა-პაპა ჩემი მეჯღანენი ყოფილან.
და ესრეთ, აწ მე გახლავარ “სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი”.

მერე და მერე, ეს საწყალი მეჯღანუაშვილი, ვითარც მოგეხსენებათ, მილიონერი/დღევანდელი კურსით, მთლად მილიარდერი/ გახდა, და შესაბამისად, რაღა თქმა უნდა, მაშინდელ განათლებულ და მოწინავე საზოგადოებაში/ისევე, როგორც ხდებიან დღევანდელ ანალოგიურ საზოგადოებაში/ ერთობ მიღებული, დაფასებული, აღიარებული, პოპულარული, მოკლედ, უკაცრავად, კაროჩე, ცნობადი სახე!..

მაგრამ რად გინდა, ვით იტყოდა ნეტარი ვარდენი „უდიპლომო სასიძოდან", „ვერ იქნა და ვერ იშოვნა თავისი სარგო ფეხსაცმელები", ანუ გვარი.

ვერ მოხელთა აგრეთვე, კაი გვარიანი, თავადიშვილი სასიძო...

საერთოდ, მიუხედავად ახალი, კაი ცხოვრებისა, არ ეღირსა ბედნიერება...

პირიქით, უბედურება დაატყდა თავს...

მოკლედ, ისე წაუვიდა საქმე, ის, ძველი, გაჭირვებული ცხოვრება გაუხდა...

ნეტა, მე რას გიყვებით, ადექით, ესე იგი, დაჯექით და წაიკითხეთ, მე რომ მკითხოთ/ნეტა, ვინ მეკითხება/, ქართული, მრავალსაუკონავი, სახელ ოვანი ლიტერატურის ეს უჭნობი, რაღა თქმა უნდა, დაუფასებელი შედევრი!..

თუმცა, „გიყვართ კი თქვენ ლიტერატურა ისე", როგორც უყვარდა, ვთქვათ, ოპერა იგივე საცოდავ სოლომონსა, მეჯღანუაშვილსა?..

პ.ს.

მართლა, კაცო, „ბიძინა", აკი „ბორისიო"?!

ავტორი: Beka საიდან გვწერთ: Tbilisi
19.07.2012 23:01
ივანიშვილის სახელი - ბორისია (იგი ხომ ქართული წარმოშობის რუსი ოლიგარქია), ასე რომ მშვიდა შეგიძლია გააგრძელო ცხოვრება.

ამ ავტორის სხვა სტატიები:

სხვა მასალები

აუდიო ორი პოზიცია უმრავლესობაში და აუგად ნახსენები მესამე სექტორი

პარლამენტში დარეგისტრირებულ ორ კანონპროექტს შორის უნდა გაკეთდეს არჩევანი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებით ფარულ თვალყურის დევნებას უკავშირდება.
გაგრძელება

აუდიო კახა ბენდუქიძის კვალი საქართველოს განვითარებაზე

დღეს თბილისში დაკრძალეს კახა ბენდუქიძე, საქართველოში განხორციელებული რეფორმების ერთ-ერთი მთავარი ავტორი.
გაგრძელება

აუდიო თამარ ბერუჩაშვილი: სანქციებთან მიერთების აუცილებლობა ჯერ არ დამდგარა

„ჩვენ ამ საკითხს დამოუკიდებლად, პარტნიორებთან ერთად, იმ ინტერსების გათვალისწინებით გადაწყვეტს, რაც საქართველოს აქვს“.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული