ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2013 თბილისის დრო 11:35

ბლოგები / ბიძინა მაყაშვილი

სამსახური

x
ტექსტის ზომა - +
იმასთან დაკავშირებით, რომ იანვრის მესამე დეკადიდან საქართველო ნელ-ნელა გადაერთო ჩვეულ სამუშაო რიტმში, გთავაზობთ შესაბამის ეპიზოდს სერიალიდან “ქართველიშვილები”. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად მოგახსენებთ, რომ აქ აღწერილი ამბები და გმირები გამოგონოლია და მათ საერთო არაფერი აქვთ სინამდვილესთან. ბუნებრივია, ეს ეხება ოჯახის გვარსაც, რომელიც აღებულია მხოლოდ მხატვრული მოსაზრებით. პერიოდულად შემოგთავაზებთ სერიალის სხვა ეპიზოდებსაც.

მე გიორგი ქართველიშვილი ვარ და წელს 25 წლის გავხდი. უკვე ერთი წელი გავიდა, რაც ატლანტიდან დავბრუნდი. მე უკვე ინჟინერი ვარ და ვმუშაობ ერთ-ერთ გასაიდუმლოებულ კვლევით ინსტიტუტში. საიდუმლო კი ის არის, რომ არც ერთმა თანამშრომელმა არ იცის რაში მდგომარეობს საიდუმლო. ერთი საიდუმლო მეც მაქვს, მაგრამ არავის ვეუბნები, იმიტომ, რომ საიდუმლოა. თანაც, ეს საიდუმლო ყველამ იცის, უბრალოდ არ იციან, რომ საიდუმლოა. მეც არ ვეუბნები, რომ საიდუმლო იციან, იმიტომ რომ, ეს ჩემი საიდუმლოა და რომ ვუთხრა, აღარ მექნება. სამსახური ცხრაზე გვეწყება, მაგრამ რადგან საიდუმლოა, ცხრის ნახევარზე მივდივართ. ასევე ნახევარი საათით ადრე ვამთავრებთ. ცხადია, შესვენებაც ნახევარი საათით არის გადაადგილებული. მაგრამ, სამსახურის საიდუმლო რომ არავინ გაიგოს, ყველაფერი პირიქით გვაქვს: შესვენებისას ვმუშაობთ; მუშაობისას ვისვენებთ; წასვლისას მოვდივართ და მოსვლისას მივდივართ. ოღონდ ეს ყველაფერი ნახევარი საათით არის წანაცვლებული. სამსახურში რამდენიმე ადამიანი მუშაობს. მათგან ზოგი ქალია და ზოგი კაცი. მაგრამ, რომ არ გაიგონ ვინ ქალია და ვინ კაცი, ქალების ტუალეტს М აწერია, კაცებისას კი Ж. შენობა გარედან ხუთსართულიანია, შიგნიდან კი სამი. ოთახი, რომელშიც მე ვმუშაობ, შიგნიდანაც და გარედანაც მეორე სართულზეა. დირექტორის ოთახი კი პირიქით. სასადილოს სართული არ აქვს, რადგან სარდაფშია. იქ ძალიან მრავალფეროვანი მენიუა: მაკარონი უყველოდ, მაკარონი უარაჟნოდ, მაკარონი უკეტჩუპოდ, მაკარონი უმურაბოდ, მაკარონი უხორცოდ, მაკარონი უგარნიროდ, მაკარონი მაკარონის გარნირით, მაკარონი სუფთა სახით და სხვა. სასმელებიც ბევრი გვაქვს: ცივი, თბილი და ადუღებული წყალი და მაკარონის წვენი. დესერტად, ძირითადად მაკარონის კომპოტი და მაკარონის ნახარშის ნაყინი გვაქვს ხოლმე. ჩემთან ერთად ოთახში სამი თანამშრომელი მუშაობს. ყველას დაშიფრული სახელი გვქვია: მე ინჟინერი ვარ და პენტიუმ-2 მქვია; უფროს ინჟინერს ალფა ცენტავრი-17 ჰქვია, უმცროს მეცნიერ მუშაკს - მატრიცა-3, ხოლო უფროს მეცნიერ მუშაკს - ტერმინატორი-18c. მიუხედავად იმისა, რომ ოთახში ოთხნი ვართ, იქ შვიდი მაგიდა დგას, ვერავინ რომ ვერაფერს ვერ მიხვდეს. ჩვენ ვხმარობთ ყველაზე თანამედროვე აპარატურას: ჩვეულებრივ და ლოგარითმულ სახაზავს, “ჩოთქს” და ოთხმოქმედებიან კალკულატორს. კალკულატორის ხმარება, მარტო თერმინატორ-18c-მ იცის. მის გაკეთებულ გამოთვლებს მატრიცა-3 “ჩოთქით” ამოწმებს ხოლმე. მე ჩვეულებრივი სახაზავით ვმუშაობ. ოთახში ყველას თავისი ჰობი აქვს. უფროსი ინჟინერი როგორც კი თავისუფალ დროს ნახავს, სამსახურის ლიფტით სეირნობს, რადგან ბავშობაში ერთსართულიან სახლში ცხოვრობდა. უფროს მეცნიერ მუშაკს სუნთქვის შეკავება უყვარს. ის სუნთქვას იკრავს და წამზომით დროს ინიშნავს ხოლმე - თავისი პირადი რეკორდის გაუმჯობესებას ცდილობს. ერთხელ კინაღამ თავის ჰობის გადაჰყვა: სუნთქვაშეკრულს ამოსუნთქვა დაავიწყდა და სასწრაფო რომ არ მოსულიყო დროზე, გაიგუდებოდა. უმცროსი მეცნიერი მუშაკი, როცა დრო აქვს, ფანჯრიდან ქუჩაში იყურება და გამვლელი მანქანის ნომრებს ერთმანეთს უმატებს. მერე ყოველი დღის ჯამებს ერთმანეთს ადარებს. მეც ჩემი სისუსტე მაქვს: თვლა მიყვარს. ბავშვობიდან ვითვლი - როგორც კი თვლა ვისწავლე, მას შემდეგ ვითვლი. როცა სხვა საქმეს არ ვაკეთებ, სულ ვითვლი. უკვე 7 მილიონ 450 ათას 813-ზე ვარ მისული. როცა არ ვითვლი, ატლანტაზე ვფიქრობ. არა, კი არ მენატრება, უბრალოდ აქ მომბეზრდა ძალიან.

Tags: ბიძინა მაყაშვილი



ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანი საიდან გვწერთ: ჯიპას ყოფილი რადიოდან :დ
21.02.2011 22:37
აუუუ გავიგუდე სიცილთ, ძააალიან მაგარია ))))) სუნთქვის შეკავება :))) რა ორიგინალური ჰობია :)))))))))))))))))))))))))) ბიძინაააა ანის, მერის, თეოს და ირინას მოენატრეთ :( :*

ავტორი: ინა საიდან გვწერთ: თბილისი
15.02.2011 13:52
ბატონო ბიძინა, პენტიუმ-2-ს უთხრეს რომ ეს მისი საიდუმლოა, თუ თვითონ გამოაცხადა საიდუმლოდ? :)

ავტორი: გივი
11.02.2011 18:19
ვარდები რევოლუციის გარჟრაჟიდან დღემდე სუპში მაკარონების რაოდენობა სულ უფრო იკლებს, საკომპენსაციოსაც რო არაფერს იმატებს ეგ მიწუხებს გულს (თუ კუჭს)

ავტორი: ნენე
09.02.2011 18:21
ბიძინა, ბოდიშს გიხდით, რომ პირდაპირ აქ გწერთ, მაგრამ რამდენიმეჯერ ვეცადე თქვენს იმეილზე დაკავშირება (რომლებიც საერთო ნაცნობის საშუალებით გადმომცეს) და იმეილები უკან მომიბრუნდა. იქნებ დამიკავშირდეთ ამ საიტის საშუალებით: http://literaturuli.com (ჩემს იმეილსაც იქ ნახავთ).
უღრმესი მადლობა

ავტორი: ანონიმი
04.02.2011 19:27
დიდიხანია ვეძებდი სამუშაოს,ისე დავიგალე ძებნით,შინ დაბრუნებულს კარგა ნამსახურები სახე მქონდა.ბოლოს სადგაც მიმიღეს მემანქანეთ დამნიშნეს, გეტყოდი რომელიც ვარ მაგრამ საიდუმლოა.

ავტორი: Fujitsu საიდან გვწერთ: ნოუთბუქიდან
04.02.2011 04:27
საფეხბურთო კლუბ მილანში 18 წლის გერმანელი თამაშობს.. რომელმაც რამოდენიმე დღის წინ თანამემამულე ჟურნალისტებს შესჩივლა: გამაგიჟეს ამ იტალიელებმა სულ მაკარონს მაჭმევენ : ) უკვე დანახვაც აღარ შემიძლია.. ყოველი მატჩის წინ მაკარონი გვაქვს გამოწერილიო : )))

ავტორი: ირმა
01.02.2011 14:07
მაკარონის მრავალფეროვანი მენიუუუუ:)))) და ჩოთქიტ რომ ამოწმებს კალკულატორზე გამოთვლილს:)))

ბრავო ბიძინა ძალიან მაგარიო ხარ ...ჰოო მეც მაგრად მომბეზრდა აქ და თან ძალიან დიდიხანია...ახალი ტალღა დაიწყო

ავტორი: ციცი
30.01.2011 22:19
რომელი სოფელია? :) ადამი სულ არ მჭირდება:)ჩემს წიგნებს წავიღებ, გავაშენებ ვენახს, ბოსტანს, ბაღს, მევენახეობა ძალიან მიზიდავს, მაგრამ ჯერ მინდა დავრწმუნდე რომ 21 წლის ასაკში მიღებული ეს გადაწყვეტილება სანანებლად არ მექცევა, ცოტა მოგვიანებით შეიძლება... ასეთი ცხოვრება, სამსახური რაზეც ბატონი ბიძინა წერს ადამიანს ვერ გააბედნიერებს. ახალს ვერაფერს შექმნი, პროტესტის გრძნობაც კი არ გაგიჩნდება, სისტემა ჩაგყლაპავს და მოგინელებს, ყალიბში ჩამოგასხამს იარლიყს მოგარტყამს და გაგყიდის. ღირსიც იქნები იმიტომ რომ დანებდი, მინიმუმს დაჯერდი და მექანიკურ არსებად იქეცი, სამწუხაროა :(

ავტორი: ევა საიდან გვწერთ: ედემი
30.01.2011 21:15
ციცი,მე ვიცი ერთი ეგეთი სოფელი რაჭაში,ტელევიზორი ხომ არ არის და არ არის და მაგთიც არ იჭერს:-) მოკლედ ნამდვილი ედემია,ოღონდ მანდ "ადამი" აუცილებელია ,გული რომ არ გაგისკდეს საღამოობით:-)

ავტორი: ციცი
30.01.2011 15:10
მე არ მინდა ასეთი სამსახური... ასეთ სამსახურს ბოსტნის გაშენება, მცენარეების მოვლა და სუფთა ჰაერზე ცხოვრება მირჩევნია სადაც არც მანქანის ხმა შემაწუხებს და არც ტელევიზორი მექნება, ამ ყველაფერს სიამოვნებით გავიკეთებ ადრე თუ გვიან...

ავტორი: vincxa საიდან გვწერთ: sacxeidan
30.01.2011 14:50
ვაკანსიები არააქვთ??? :D:D:D:D:D:D

ავტორი: klimenta
30.01.2011 13:50
ალ პაჩინოს მზერა - ყოვლისმცველი - ოღონდ მარჯვენა თვალით - მარცხენა კი --- ტიპიური ჩელენტანოა - არაფრისმთქმელი. უფრო გასაგებად? - ჰემინგუეი და ,,ბუღაძე"

ავტორი: NATIA საიდან გვწერთ: Bristolidan
30.01.2011 01:15
მერე ვერ დაიძახებთ : " გაიტანეთ.... არ ვაგდებ ბატონო ....გაიტანეთ !! "

ავტორი: Wilson Miller საიდან გვწერთ: სამზარეულოდან
29.01.2011 15:23
მეც მინდა ეგეთ სამსახურში მუშაობა :)))) კარგად მოვერგებოდი ჩემი საიდუმლოებებით და ჰობიებით :)))

ავტორი: ირინა
28.01.2011 22:32
ზედმეტად მაგარია!!!! განსაკუთრებით მანქანის ნომრების შეკრებამ მომხიბლა :)))

ავტორი: Kethevane
28.01.2011 21:21
მე კი მგონია, რომ ჩემი სამსახურია, ჩვენც ცხრაზე ვიწყებთ, მაგრამ კვალის დაფარვის მიზნით ათზე მივდივართ :) ჰობიც გვაქვს, მაგალითად პრინტერზე ბეჭდვა და მერე იმის დასკანერება :)
ძალიან მომეწონა, თქვენი ფანი ვარ :)

ავტორი: უსახელო საიდან გვწერთ: არსაიდან
28.01.2011 18:51
ბატონო ბიძინა, ძალიან ბევრი მაცინეთ.

ავტორი: ილია ბაბუნასჰვილი საიდან გვწერთ: თბილისი
28.01.2011 17:16
ძალიან კარგია. კატეგორიულად ვითხოვ საქართველოსი ნიჭიერ ხალხს ბევრი ფული ჰქონდეს :)))

ავტორი: ნინიაა საიდან გვწერთ: თბილისი
28.01.2011 16:34
ბიძინააა, რა ძალიან მაგარი ხააააარ... როგორ მწყდება გული რომ შენი იუმორის ბევრს არ ესმის და ყოველთვის ნაკლები პოსტებია, მაგრამ ხარისხიანი:):):)

ავტორი: ილიკო საიდან გვწერთ: თბილისი
28.01.2011 06:32
მომეწონა.

ავტორი: სალომე
28.01.2011 03:21
ერთი კაი მარკშეიდერი გჭირდება:)

ავტორი: ნინა
28.01.2011 02:20
ძალიან მაგარია ეს ქართველიშვილების სერია რა...
ბრავო, ბიძინა!

ავტორი: ევა საიდან გვწერთ: ედემი
27.01.2011 20:11
გულიანად ვიცინე:-)სულაც არ არის გამოგონილი.ეს ჩემი სამსახურია,მხოლოდ იმ განსხვავებით ,რომ რამდენიმე თანამშრომელი ვართ ჯერ კიდევ ,ვინც რაღაც რეალურს აკეთებს,ვიღაცამ ხომ უნდა გააკეთოს საქმე,მოუთმენლად ველოდები შემდეგ ეპიზოდს ამ სამსახურის დირექტორზე.იდეები სიუჟეტისთვის თუ დაგჭირდათ,აქა ვარ:-)

ყველაზე პოპულარული