Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანონით გარანტირებულია: "ბიო", "ეკო", "ორგანული"


2014 წლის 1 აგვისტოდან ძალაში შედის საქართველოს მთავრობის დადგენილება "ბიოწარმოების შესახებ", რომლის თანახმად, დაუშვებელია ტერმინების "ბიო", "ეკო", "ორგანული" გამოყენება იმ სურსათის ეტიკეტზე, რეკლამასა და კომერციულ დოკუმენტში, რომელიც შეიცავს ან მიღებულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან და რომელიც ბიოწარმოების წესების შესაბამისად არ იწარმოება. მთავრობის დადგენილების თანახმად, სათანადო სერტიფიკატის უქონლობა და ეტიკეტირების წესის დარღვევა ითვალისწინებს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას.

იაგო ბიტარიშვილი, რომელსაც 2 ჰექტარი ვენახი მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახში აქვს გაშენებული, წლებია ერთგულობს ეკოლოგიურ სოფლის მეურნეობას, რის გამოც მისი ნატურალური, ქვევრში ტრადიციულად დაყენებული „იაგოს ღვინო“ 2006 წლიდან წარმატებით იყიდება იტალიაში, ინგლისში, საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიაში. ამასთან, ჩარდახელი მეღვინე წლის განმავლობაში მხოლოდ 3 ათასი ბოთლი ღვინის ჩამოსხმას სჯერდება:

„რატომ მაქვს ასე მცირე წარმოება? იმიტომ, რომ მე არ ვყიდულობ ყურძენს იმის გამო, რომ არ ვიცი ნაყიდ ყურძენში ნახმარია თუ არა შხამქიმიკატები, როგორ არის მოვლილი და ა.შ. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი მოთხოვნილებაა და უფრო მეტიც შემიძლია, რომ გავყიდო, ვიდრე მე მაქვს, მაინც ვიზღუდავთ თავს და მხოლოდ ჩვენ მიერ მოყვანილი ყურძნიდან გაკეთებულ პროდუქციას ვყიდით“.

ყველას შეეძლო „ბიო“ დაეწერა, მომხარებელი ვერაფრით განასხვავებდა ერთმანეთისგან ბიო და არაეკოლოგიურ პროდუქციას. იმ ადამიანისათვის, ვინც აწარმოებს ბიოპროდუქციას, აზრს კარგავს დამატებითი ხარჯის გაღება...
იაგო ბიტარიშვილი

იაგო ბიტარიშვილი მიესალმება „ბიოწარმოების შესახებ“ მთავრობის დადგენილებას და ბიომეურნეობის მართვის, ბიოპროდუქციის წარმოების, გადამუშავების, ნიშანდების, ეტიკეტირების, დისტრიბუციისა და რეალიზაციის წესების მკაცრ რეგლამენტირებას, რადგან, 1 აგვისტომდე არსებული ვითარებით, ზარალდებოდა როგორც მომხმარებული, ასევე ბიოპროდუქციის მწარმოებელი კომპანიები.

„ყველას შეეძლო „ბიო“ დაეწერა, მომხარებელი ვერაფრით განასხვავებდა ერთმანეთისგან ბიო და არაეკოლოგიურ პროდუქციას. იმ ადამიანისათვის, ვინც აწარმოებს ბიოპროდუქციას, აზრს კარგავს დამატებითი ხარჯის გაღება და შრომა იმისათვის, რომ სერტიფიკატი აიღოს. თუკი გვინდა ცივილიზებულ სამყაროში ცხოვრება, მაშინ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან პროდუქტი, რომელიც სერტიფიცირებულია და მართლა შეესაბამება „ბიო“, „ეკო“ და „ორგანულს“, იმისგან, რომელიც გაკეთებულია ბიოწარმოების წესების დაცვის გარეშე“, უთხრა იაგო ბიტარიშვილმა რადიო თავისუფლებას.

1 აგვისტოდან შეცვლილი ვითარებით კი, პირველ რიგში, მომხმარებელი იხეირებს. საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ აქამდეც ავალდებულებდა მეწარმეებს დაეტანათ პროდუქტზე უტყუარი ინფორმაცია წარმოებისა და წარმომავლობის შესახებ, მაგრამ, როგორც საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე ამბობს, კანონის ეს მოთხოვნა არ მუშაობდა საჯარიმო მექანიზმის არარსებობის გამო და, შედეგად, ტყუვდებოდა მომხმარებელი, რომელსაც აქვს უფლება ჰქონდეს ინფორმაცია სწორი არჩევანის გასაკეთებლად:

ამაზე კონტროლს განახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო. მონიტორინგის ფარგლებში ჩატარებული კვლევების დროს ამას შევამოწმებთ როგორც ნიმუშის აღებით, ასევე დოკუმენტური რევიზიით...
გიგა ქურდოვანიძე

„როდესაც პროდუქციას აწერია „ეკო“, „ბიო“ და „ორგანიკი“, ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი არის სერტიფიცირებული და ეკოლოგიურად სუფთაა. მიკვლევადობის მიხედვით, მთელი ციკლია იმისთვის, რომ დადასტურდეს, რომ პროდუქტი არის ეკოლოგიურად სუფთა. ასე ხდება სერტიფიცირება და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა. როცა პროდუქციის დასახელებებში იყენებდნენ „ბიოს“, „ეკოს“ და ასე შემდეგ, ეს იყო მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა და მომხმარებელი ყიდულობდა არა ბიო და ეკო პროდუქტს, არამედ ჩვეულებრივ დასახელებასა და ბრენდს“.

გარდა მომხმარებელთა უფლებების დაცვისა, სურსათის ევრონულ სააგენტოშიც იმედოვნებენ, რომ მთავრობის დადგენილება "ბიოწარმოების შესახებ" ხელს შეუწყობს საქართველოში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, გარემოს დაცვას, ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას. სააგენტოს წარმომადგენელ გიგა ქურდოვანიძის თქმით, იმისათვის, რომ ბიზნესოპერატორს მიეცეს უფლება ეტიკეტზე დაიტანოს აღნიშვნები: „ბიო“, „ეკო“ და ასე შემდეგ, აუცილებელია მთელი საწარმოო ჯაჭვი შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანოს მიერ იყოს სერტიფიცირებული.

„ამაზე კონტროლს განახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო. მონიტორინგის ფარგლებში ჩატარებული კვლევების დროს ამას შევამოწმებთ როგორც ნიმუშის აღებით, ასევე დოკუმენტური რევიზიით და ის ბიზნესოპერატორი, რომელიც არ დაიცავს ამ ნორმას, პირველ ეტაპზე დაჯარიმდება 400 ლარით, ხოლო ერთი წლის განმავლობაში განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმდება 1200 ლარით“, უთხრა გიგა ქურდოვანიძემ რადიო თავისუფლებას.

ამასთან, ბიოწარმოებისა და ბიომეურნეობის სერტიფიცირება ნებაყოფლობითი იქნება და განხორციელდება ბიზნესოპერატორის ინიციატივით. შესაბამისად, არც სააგენტოში და არც მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერაციაში არ ელოდებიან სურსათზე ფასების მატებას. ნატურალური ღვინის მწარმოებელი იაგო ბიტარიშვილიც ვარაუდობს, რომ 1 აგვისტოდან მომხმარებელს მეტი საშუალება ექნება ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს, რაც, საბოლოო ჯამში, ბიოპროდუქციის წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს. მცხეთელი მეღვინე იმედოვნებს, რომ სამომავლოდ წლის განმავლობაში 8-10 ათასი ბოთლი ღვინის ჩამოსხმასა და გაყიდვას შეძლებს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG