Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები


2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სოფლის მეურნეობა კვლავ ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგად რჩება - სექტორის განვითარებისთვის მიმართულია მთლიანი სახელმწიფო ბიუჯეტის სამი პროცენტი. საინტერესოა თვალი გადავავლოთ ამ დარგში მომავალი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ცვლილებებს. სოფლის მეურნეობა განვითარდება ოთხი პროგრამის მეშვეობით: 1) სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა; 2) სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა; 3) მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება და 4) სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო კვლევითი ღონისძიებების განხორციელება.

აღნიშნული დარგის 2015 წლის ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, 10 პროცენტით გაიზარდა და 291 მილიონი ლარი შეადგინა. დაფინანსების წყარო იქნება როგორც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ცალკეული დონორი ქვეყნების მიერ გაცემული სესხები და გრანტები, კერძო ინვესტიციები. მომავალი წლისთვის გრანტის მოცულობა 700 ათასით, ხოლო კრედიტის 30 მილიონი ლარით განისაზღვრა.

ყველაზე მოცულობითი არის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა, რომელიც რამდენიმე ქვეპროგრამას მოიცავს (სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემუშავება და მართვა, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის მართვა და ადმინისტრირება რეგიონებში, სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია, ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცია, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები, შეღავათიანი აგროკრედიტები, მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სესხისა და ლიზინგის ვალდებულებების დაფარვა, აგროსექტორის განვითარება/ხელშეწყობა). პროგრამის დაფინანსება 230,215 ათასი ლარით განისაზღვრა (9-პროცენტიანი მატება, წინა წელთან შედარებით).

ცალკეულ ქვეპროგრამებში 2015 წლისთვის გათვალისწინებულია გარკვეული ცვლილებები. კერძოდ, შემცირდა აღნიშნული პროგრამის ზოგიერთი ქვეპროგრამა. მაგალითად, 8 პროცენტით შემცირდა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის მართვა და ადმინისტრირება რეგიონებში; 43 პროცენტით შემცირდა შეღავათიანი აგროკრედიტების ქვეპროგრამა, რაც, სამინისტროს თქმით, ოპტიმიზაციით არის გამოწვეული. ამ მხრივ, სასურველია, რომ დაფინანსების სტრუქტურაში თანდათან გაიზარდოს კერძო ინვესტიციების წილი სხვა დაფინანსების შემცირების ხარჯზე. თუმცა, სადავოა რამდენად არის დარგი მზად იმისთვის, რომ სუბსიდირებული სესხები კერძო ინვესტიციებით ჩანაცვლდეს. 2015 წლისთვის 3,5-ჯერ გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები - ამ მიმართულებით გამოყოფილი დაფინანსება 4,320 ათას ლარს გაუტოლდა. ორჯერ არის გაზრდილი სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო კვლევითი ღონისძიებების განხორციელება, რაც მისასალმებელია, რადგან დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ტრენინგების, საგანმანათლებლო და კვლევითი კომპონენტების გააქტიურება, რის შედეგადაც დაიხვეწება სასოფლო-სამეურნეო სისტემა და დარგი ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდება.

XS
SM
MD
LG