Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეგიონებში ბიუჯეტის პროექტის განხილვა დასრულდა


ბიუჯეტის პროექტის განხილვა გორში
ბიუჯეტის პროექტის განხილვა გორში

რეგიონებში 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დასრულდა. ბოლო შეხვედრა გორში ჩატარდა. სამინისტროებისა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენლებმა რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს და საზოგადოების წარმომადგენლებს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის პარამეტრები გააცნეს. 2016 წლის ბიუჯეტი 9 მილიარდ 920 მილიონი ლარით განისაზღვრა. იზრდება ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის სამინისტროების ბიუჯეტები. ადგილობრივ საზოგადოებას ყველაზე მეტად მუნიციპალიტეტებისთვის დაგეგმილი ტრანსფერების რაოდენობა და რეგიონში ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით გათვალისწინებული პროექტები აინტერესებდათ. გორში დაიწყება საცურაო აუზის აღდგენა, ტყვიავში კი საავადმყოფოს მშენებლობა დასრულდება.

მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრები საზოგადოებას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა. მისი თქმით, ბიუჯეტის 3-პროცენტიანი გაზრდა არის გათვალისწინებული და მთავარ მიმართულებად ისევ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები რჩება.

ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებს. როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტში გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა მალხაზ ვახტანგაშვილმა საქართველოს მთავრობას საოკუპაციო ხაზთან არსებული სოფლებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების ინიციატივით მიმართა, თუმცა ეს საკითხი წინ არ წასულა. დღეს დეპუტატი აცხადებს, რომ, სტატუსის მიუხედავად, ამ სოფლებში გაჩერებული და გაჭიანურებული პროექტების დაჩქარება ხდება. წელს ისევ პრიორიტეტული იქნება სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების აღდგენა, სკოლების შეკეთება, გაზიფიცირება და გამრიცხველიანება. ვახტანგაშვილის აზრით, ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვების დროს ბევრი საინტერესო წინადადება და შენიშვნა ისმის, რაც ფინანსთა სამინისტრომ უნდა გაიზიაროს.

რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერით გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი გაზრდა არ შეინიშნება. პრიორიტეტებიც თითქმის იგივე რჩება. კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი ამბობს, რომ მომავალ წელს მეტი ყურადღება დაეთმობა სოციალურ პროექტებს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ რეგიონებში საჯარო განხილვები დასრულდა, ახლა ფინანსთა სამინისტრომ და შესაბამისმა საპარლამენტო კომიტეტმა დამატებით დეტალებზე უნდა იმუშაონ და ბიუჯეტის პროექტი პარლამენტის სხდომაზე გაიტანონ.

2016 წელი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წელია. უკვე ცნობილია და ამას მუნიციპალიტეტების მოხელეებიც აღიარებენ, რომ პროექტების დასაწყებად გარკვეული ბიუროკრატიული ბარიერები მოხსნილია და დაფინანსებული პროექტების განხორციელება უფრო უნდა დაჩქარდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG