Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ


გასულ კვირას, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე, გენერალური აუდიტორის მოადგილემ 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ აუდიტის სამსახურის მოხსენება წარმოადგინა.

მომზადებულ მოხსენებაში ყურადღებას გავამახვილებთ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების კუთხით გამოკვეთილ მნიშვნელოვან მიგნებებზე. საგადასახადო შემოსავლების კუთხით, ნომინალურ გამოხატულებაში ყველაზე მასშტაბური შეუსრულებლობით ხასიათდება მოგების გადასახადი, რომელიც ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმურ მაჩვენებელს 83 მლნ ლარით ჩამორჩა.

ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშზე დეკემბრის თვეში მიმართული საბიუჯეტი სახსრების მოცულობა 2014 წლის პირველ 11 თვეში გადატანილი თანხის 448 %-ს შეადგენს. შესაბამისად, ფისკალური წლის ბოლოს დაბრუნების ქვეანგარიშზე არსებულმა ნაშთმა 83.7 მლნ ლარი შეადგინა.

2014 წლის ბიუჯეტის კანონით, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი დივიდენდების წლიური გეგმა 55 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა, მაშინ როცა ფაქტობრივმა შესრულებამ მხოლოდ 219 ათასი ლარი, ანუ წლიური გეგმის 0.4%, შეადგინა.

გასული წლების მსგავსად, 2014 წლის დასასრულსაც ადგილი ჰქონდა ბიუჯეტიდან გაწეული გადასახდელების მკვეთრი ზრდის ტენდენციას. კერძოდ, დეკემბრის თვეში გაწეული გადასახდელების ჯამური მოცულობა 11 თვის საშუალო თვიური მაჩვენებლის 183 %-ს შეადგენს. აღნიშნული ტენდენცია განაპირობა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ფისკალური წლის ბოლოს ავანსების სახით ისეთი ღონისძიებების დაფინანსებამ ან საქონლის/მომსახურების შესყიდვამ, რომელთა გადახდის აუცილებლობა საჯარო უწყების წინაშე იმ მომენტისათვის არ იდგა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, წლის ბოლოსათვის აუთვისებელი საბიუჯეტო სახსრების მასშტაბური ხარჯვა ქმნის რესურსების არაეფექტიანად და არამიზნობრივად გახარჯვის რისკს.

ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით საყურადღებოა შემდეგი საკითხები: საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ წლის განმავლობაში პროგრამებს/ქვეპროგრამებს შორის ასიგნებების გადანაწილების მასშტაბურობა და სიხშირე, რაც ბიუჯეტის ფორმირების პროცესში არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებზე მიუთითებს; ხშირ შემთხვევაში მხარჯავი უწყებების მხრიდან ადგილი აქვს იმ პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე თანხების უკან მობრუნებას, რომლებიდანაც წლის განმავლობაში ხდებოდა ასიგნებების გადატანა; წლის განმავლობაში საბიუჯეტო ორგანიზაციის ასიგნებებში განხორციელებული ცვლილებებით ხდებოდა ცალკეული პროგრამებისათვის გათვალისწინებული სახსრების შემცირება და მათი მიმართვა სხვა პროგრამებზე, თუმცა უწყების მხრიდან ვერ საბუთდება აღნიშნული გადანაწილების აუცილებლობა და მისი უპირატესობა ასიგნების გადანაწილების არსებულ ფორმატთან მიმართებაში.

აუდიტის სამსახურის დასვკნაში ნათქვამია, რომ აუცილებელია დამატებით ყურადღება გამახვილდეს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ლიმიტებთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწასა და დეტალიზაციაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ფისკალური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის შესაძლებლობა ან, მათი ცვლილების შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანოს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საბიუჯეტო პროცესის დახვეწასა და ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული გეგმური მაჩვენებლების მასშტაბური ცვლილებების თავიდან აცილებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG