Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიკვდილი, როგორც შოუ


(წერილები კანიდან - 6)

„არა, კინოკრიტიკოსების დარბაზში შეშვება აგვიკრძალეს. შუა ფილმიდან გადიხართ და ასე ზემოქმედებთ ფილმის მყიდველზე და გამქირავებელზე“, გამომიცხადა კინობაზრობის სრულიად ცარიელ დარბაზში შემშვებმა ახალგაზრდა კაცმა და ცხვირწინ მომიხურა კარი.

მორიგი ცდა, კანის კინოფესტივალის ბაზრობაზე მაინც მენახა ჩემი საყვარელი ნანი მორეტის ახალი ფილმი „დედაჩემი“, წარუმატებლად დასრულდა. ბაზრობის დირექციამ კიდევ ერთხელ გამოაცხადა, რომ არ დაუშვებს პრესას აქაურ სეანსებზე.

ჩემი გოგოები მეუბნებიან, რომ განგებაა ეს: ნანი მორეტი სწორედ იმ თემას ეხება, რომელმაც კანის წლევანდელ ფესტივალზე დაგვიანებით ჩამომიყვანა - შვილების ვალდებულებებს მშობლების წინაშე. იტალიელებს, ესპანელებს და, ცხადია, ქართველებს, ღვთის მადლით, ეს ვალდებულება არ დაგვიკარგავს. და არ სჭირდება ამას „ოჯახის სიწმინდის დღის“ დაარსება და კონცერტები (მით უმეტეს, რაღაცის ჩასანაცვლებლად). ჩემი აზრით, არსებობს „სიწმინდეები“, რომელთა შესახებ ლაპარაკიც კი უხერხულია.

ანდრე ბაზენი, იმ პერიოდში, როდესაც წერდა წიგნს „რა არის კინო“, სერიოზულად იყო გატაცებული სახვით ხელოვნებაში მემკვიდრეობისა და სიკვდილის ასახვის შესწავლით. ავადმყოფობის, ტანჯვის თუ სიკვდილის „დანახვა“ , ლევ ტოლსტოის „ივან ილიჩის სიკვდილისა“ არ იყოს, სულიერი ზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. ბაზენი არ კმაყოფილდება მხოლოდ ავადმყოფ თუ მომაკვდავ ახლობელზე ზრუნვის განცდით. ის უფრო შორს მიდის და ამ თავისებური კათარზისის მიღწევის შესაძლებლებებს კინოს ენაში ხედავს. რა არის კინო, თუ არა დროის მუმიფიცირება და იმის ჩვენება, როგორ „იწყება“ და „მთავრდება“ დრო - წუთი, წამი. რა არის კინო, თუ არა სიცოცხლიდან სიკვდილზე გადასვლის პროცესის ჩვენება, სიკვდილის გადაქცევა პოეზიად, შოუდ.

ასეთი კინოპოეზიის ხილვის მოთხოვნიულება, როგორც ჩანს, ძალიან ძლიერია თანამედროვე კინოს სამყაროში. ამას ამტკიცებს კანის ფესტივალის დახურვამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნებული რეიტინგები.

კრიტიკოსთა „სიებში“ მოულოდნელად გავიდა პირველ ადგილზე ტაივანელი რეჟისორის, ჰოუ სიაოსიენის ფილმი „მკვლელი“. კინოს ცოცხალმა კლასიკოსმა, რომელსაც ბევრი იასუძირო ოძუს ერთადერთ მემკვიდრედ მიიჩნევს (ფილმიც აქვს გადაღებული ოძუზე) კანში ჩამოიტანა სრულიად ფანტასტიკური სილამაზის ფილმი, რომელშიც მეცხრე საუკუნის ჩინეთის სურათებია აღდგენილი. ამბავი სამეფოს მემკვიდრეზე, ნამდვილ მზეთუნახავზე (ამ როლს ასრულებს სახელგანთქმული მოდელი და მშვენიერი მსახიობი შუ ცი), რომელსაც ევალება „სახელმწიფოს ინტერესებისთვის“ გაუსწორდეს ყველა მოღალატე მამაკაცს, იწყება როგორც ისტორიული დრამა. მაგრამ ნელ-ნელა გადაიზრდება ეპიკურ ტრაგედიაში - ქალს ბეზრდება ამდენი მსხვერპლი და არჩევანს აკეთებს არა სახელმწიფოს ძლიერების, არამედ ადამიანთა სიცოცხლის სასარგებლოდ. არის ალბათ კიდევ ბევრი ნიუანსი, რომლის ცოდნა აუცილებელია საოსანის ფილმის სრულფასოვანი აღქმისთვის - ჩინეთის ისტორიის ცოდნა, ჩინური კულტურის, თეატრის ცოდნა. ამის გარეშე „მკვლელის“ აღქმა საკმაოდ რთულდება. მიიუხედავად იმისა, რომ სურათის ყველა კადრი მართლაც რომ ხელოვნების ნიმუშია. თავიდან ბოლომდე შორ და საშუალო ხედებზე გადაღებული „მკვლელი“, შეიძლება ითქვას, „დუელში იწვევს“ სატელევიზიო სერიალის ესთეტიკას, ასე რომ მოედო უკვე მსოფლიო კინოხელოვნებას.

სატელევიზიო ესთეტიკა - ეს ერთადერთია, რაც ალბათ პრობლემებს შეუქმნის „პალმისთვის“ ბრძოლაში კანის 68-ე ფესტივალის, ჩემი აზრით, საუკეთესო ფილმს, მექსიკელი რეჟისორის, მაიკლ ფრანკოს „ქრონიკას“ ტიმ როთით მთავარ როლში. ამ ავტორის წინა ფილმები ცოტა არ იყოს ზედმეტი რაციონალიზმით და სიცივით ცოდავდა. აქ, როგორც ჩანს, ტიმ როთის ფაქტორმა იმუშავა. „ქრონიკა“ აღმოჩნდა ის იშვიათი ფილმი, რომლის დასრულება არ გინდა ხოლმე.

ფილმის მთავარი გმირი, მარტოხელა შუახნის მამაკაცი დევიდი, რომელმაც წარსულში საზარელი ტრაგედია გადაიტანა, შვილი დაეღუპა შიდსით... მძიმედ ავადმყოფების მომვლელად მუშაობს. ამ საქმის ნამდვილი პროფესიონალია. უფრო მეტიც, მისთვის ეს საქმე მთელი შემოქმედებაა. მაგალითად, როცა პარალიზებულ არქიტექტორს უვლის, იწყებს არქიტექტურის შესწავლას, რათა ავადმყოფი არა მარტო დაბანოს, არა მარტო გამოკვებოს, ჩააცვას, არამედ იმაზე ელაპარაკოს, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს პაციენტს. დევიდი ცხოვრობს მომაკვდავებთან ერთად, მათთან ერთად ებრძვის სიკვდილს და აკვირდება, როგორ ემშვიდობება ადამიანი სიცოცხლეს. ფრანკოს ზედმიწევნით სტატიკური ფილმი, გრძელი კადრებით და უმოძრაო კამერით, ნელ-ნელა გვაცილებს რეალობას, რომელსაც ვხედავთ და რეფლექსიის, თვითჩაღრმავების სამყაროში გადავყავართ. ასეთი იყო ოდესღაც მონიკა ვიტი ანტონიონის ფილმებში. ასეთია ტიმ როთი ფილმში „ქრონიკა“ - ის არ თამაშობს, მხოლოდ უყურებს, აკვირდება ადამიანების ტანჯვას. ამ ყველაფერს კომენტარს არ უკეთებს, თავის აზრებს არ გამოთქვამს. მხოლოდ აკვირდება. და ჩვენც, მაყურებელიც, ჩაფლული დაკვირვების ამ სასიამოვნო, მაგრამ მძიმე პროცესში, ვგრძნობთ რა აწერია მსახიობს სახეზე, რას კითხულობს, როცა ამდენი ადამიანის ტანჯვის პროცესის თანამონაწილე ხდება - რატომ უნდა სტკიოდეს ასე ადამიანს? აქ მოულოდნელად შემოდის ევთანაზიის თემაც - დევიდი დათანხმდება მოკლას თავისი პაციენტი.

მაიკლ ფრანკომ თავისი პირველი ფილმი გადაიღო ამერიკაში, ამერიკელი მსახიობებით, ინგლისურ ენაზე. თითქოს აღარაფერია აქ მექსიკური. მაგრამ აღარაფერია ზედაპირზე. სინამდვილეში ვინ ვინ და ალბათ მექსიკელმა იცის ყველაზე უკეთ, როგორ გადააქციოს სიკვდილი შოუდ, როგორ უჩვენოს სიკვდილი და ტანჯვა იმავე ამერიკელებს, რომელთაც არაერთხელ უთქვამთ, რომ ვეღარ ნახულობენ მომაკვდავ ოჯახის წევრებს. ოჯახის წევრები ავად ხდებიან და მიჰყავთ ჰოსპიტალში. მერე, თუკი ვერ გადარჩა, დასაფლავებაზე იკრიბებიან და აქ ემშვიდობებიან. სადღაა „ივან ილიჩის სიკვდილი“ და რეფლექსიები სიკვდილის თემაზე, ვისღა სცალია ამისთვის?

ძალიან მაინტერესებს, როგორ წარმოგვიდგინა დედის სიკვდილი ნანი მორეტიმ. თუკი ყველაფერი კარგად იქნა, ფილმს „დედაჩემი“ ფესტივალის ბოლო დღეს, განმეორებით სეანსებზე ვნახავ (სამწუხაროდ, მორეტის ფილმის სეანსი დაემთხვა კიდევ ერთ ფილმს, რომელიც ვერ ვნახე, ბერძნულ „ლობსტერს“). „დედაჩემის“ დასრულებისთანავე ჟიური კანის 68-ე ფესტივალის გამარჯვებულებს დაასახელებს.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG