ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 14:04

ბლოგები / გიორგი მაისურაძე

„ღვთისმშობელო, გახდი ფემინისტი!“

x
ტექსტის ზომა - +
2012 წლის 21 თებერვალს ხუთი ახალგაზრდა ქალი, რომლებიც ქალთა პანკ-ჯგუფის Pussy Riot-ის წევრები არიან, თავზე ჩამოცმული ნიღბებით შეიჭრა მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში და საკურთხეველზე შემომდგარმა შეასრულა სერგეი რახმანინოვის საგალობლის „Богородице дева“-ს მოტივებზე შექმნილი საკუთარი საპროტესტო-პოლიტიკური შინაარსის პანკ-ვერსია: „ღვთისმშობელო, ქალწულო, პუტინი განდევნე!“. ამ ფემინისტური პანკ-აქციის ფორმაც და შინაარსიც იმდენად პროვოკაციული აღმოჩნდა (ჯგუფის სახელწოდებაც - Pussy Riot-ი, „ვაგინის ამბოხს“ ნიშნავს), რომ ამან არა მხოლოდ რუსეთის ხელისუფლება და სამღვდელოება ან მორწმუნეები აღაშფოთა, რომლებმაც მკრეხელობად და საკუთარი რელიგიური გრძნობების შებღალვად აღიქვეს ახალგაზრდა ქალების ნამოქმედარი, არამედ თავდაპირველად ვერც რუსი ლიბერალები ვერ მალავდნენ საკუთარ გაღიზიანებას და, როგორც ლიბერალებს ზოგადად სჩვევიათ, სხვისი, თანაც უმრავლესობის რწმენისადმი პატივისცემაზე აპელირებდნენ. ფაქტობრივად, Pussy Riot-ის პირველი და ალბათ ერთადერთი გულწრფელი დამცველები თუ მხარდამჭერები რუსული კონტრკულტურის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ, როგორიცაა, მაგალითად, რუსული კინოანდერგრაუნდის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, რეჟისორი არტურ არისტაკისიანი ან აქციონისტი ხელოვანი ოლეგ კულიკი. ხოლო პუტინის რეჟიმის ცნობილი კრიტიკოსი იური შევჩუკი თავის პირველ კომენტარებში გარკვეული დისტანციის შენარჩუნებას ცდილობდა და გოგონების საქციელსაც გასაკიცხად მიიჩნევდა.

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ განგაშის ზარი შემოჰკრა და თებერვლიდან მოყოლებული თითქმის დღე არ გასულა, რომ რუსულ მედიაში თითო სამღვდელო პირს მაინც თავისი აღშფოთება არ გამოეხატა და დამნაშავეთა დასჯა არ მოეთხოვა. თავად პატრიარქმა კირილმა, რომელიც პანკ-აქციის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო და მას „საგალობელში“ ასეთი სიტყვები ეძღვნებოდა - „Патриарх Гундяй верит в Путина, Лучше бы в Бога, сука, верил“, - მთელი რუსეთის მასშტაბით საყოველთაო ლოცვაც კი ჩაატარა მწვალებლობისა და ღვთის გმობის წინააღმდეგ. მართლმადიდებელმა ეკლესიამ 21-ე საუკუნეში უცებ სრული სიცხადით აჩვენა ის სახე, რაც ადრე ისტორიის სახელმძღვანელოებიდან თუ მხატვრული ლიტერატურიდან იყო ცნობილი: ერთი მხრივ, როგორც ძალაუფლების დამცველი და მისი ლეგიტიმურობის გარანტი და, მეორე მხრივ, როგორც სადამსჯელო ინსტანცია, რომლის უმთავრესი დანიშნულება სრული შეუწყნარებლობაა ყველა სახის „ერესის“ მიმართ, ანუ ყოველივე განსხვავებულისა და ახლისადმი, რომელიც მას არ აღიარებს უმაღლეს ავტორიტეტად, არ ემორჩილება, მის კრიტიკას ბედავს.

მას შემდეგ, რაც პანკ-ჯგუფის სამი წევრი დააპატიმრეს და პროკურატურამ მათთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა, ეს ამბავი თანდათან საერთაშორისო სკანდალში გადაიზარდა. დაპატიმრებულთა მხარდასაჭერად უკვე ევროპისა და ამერიკის დიდ ქალაქებში ეწყობოდა და ეწყობა საპროტესტო აქციები, ხოლო დასავლეთის ქვეყნების ლიდერები, მათ შორის ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თავიანთ ოფიციალურ განცხადებებში გამოთქვამდნენ შეშფოთებას სამი ახალგაზრდა ქალის დაპატიმრებისა და მათი არაადეკვატურად მაღალი სასჯელის გამო. სასამართლომ 17 აგვისტოს დაპატიმრებულებს 2 წლით შრომა-გასწორების კოლონია მიუსაჯა. განაჩენმა და მანამდე მთელმა სასამართლო პროცესმა Pussy Riot-ი პროტესტისა და უსამართლობასთან ბრძოლის სიმბოლოდ აქცია რუსეთის მიმართ კრიტიკულად განწყობილ დასავლეთსა და პროდასავლური შეხედულებების რუსულ თუ პოსტსაბჭოთა საზოგადოებებში. დღეს უკვე ამ ამბის შესახებ არა მხოლოდ პოლიტიკოსები საუბრობენ, არამედ ლამის ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი ინტელექტუალი საკუთარ ინტერპრეტაციას თუ არ გვთავაზობს, პოზიციის დაფიქსირებას მაინც ცდილობს.

ამ მრავალ მოსაზრებასა და კომენტარს შორის ორი მინდა გამოვყო, რომლებიც, ჩემი აზრით, განსაკუთრებით ზუსტად გადმოსცემს Pussy Riot-ის ფენომენისა და მათი ყველაზე ცნობილი აქციის არსს და მნიშვნელობას. პირველია პოპულარული თანამედროვე სლოვენი ფილოსოფოსი სლავოი ჟიჟეკი, თავისი მკვეთრად გამოხატული მემარცხენე-კრიტიკული პოზიციით ძალაუფლების სტრუქტურებისა და მექანიზმების მიმართ, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ მოსკოვში წაკითხულ ლექციებზე თქვა, რომ Pussy Riot-მა თავისი აქციებით რუსეთის ხელისუფლების ფარული უხამსობა გამოამჟღავნა. ანუ მან აიძულა რუსეთის ხელისუფლება. თავისი ის სახე ეჩვენებინა, რაც ჩვეულებრივ მდგომარეობაში არ არის ხილული. სამწუხაროდ, ჩემთვის უცნობია ის არგუმენტაცია, რომელიც ჟიჟეკმა თავისი მოსაზრების დასასაბუთებლად გამოიყენა. თუმცა, ამ მოსაზრების უკეთესად გაგებაში დაგვეხმარება ჟიჟეკისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიციების ულტრაკონსერვატორი რუსი ინტელექტუალი და პოლიტიკური მოაზროვნე ალექსანდრ დუგინი, რომელმაც, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მის პათოსსა და შეთქმულებათა თეორიისაკენ სწრაფვას, ყველაზე ზუსტად აღწერა მომხდარი ამბის არსი და მნიშვნელობა, - კიდევ ვიმეორებ, დუგინისეული შეფასებებისგან დამოუკიდებლად. ამასთანავე, თემა, რაზეც დუგინი საუბრობს, - ძალაუფლებისა და ეკლესიის ურთიერთკავშირი რუსეთსა და, ზოგადად, მართლმადიდებელ სამყაროში, - მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, როგორც მართლმადიდებელი და, ამდენად, რუსეთთან კულტურულად საკმაოდ ახლოს მყოფი ქვეყნისათვის.

დუგინის თქმით, რუსეთი, რომლის ნაციონალური იდეაც ბიზანტიის იმპერიის მემკვიდრეობასა და, ამდენად, მართლმადიდებელი სამყაროს წინამძღოლობაზე დგას, ისწრაფვის საერო და სასულიერო ხელისუფლებების „სიმფონიისაკენ“, რაც ბიზანტიური ყაიდის კონსერვატორული პოლიტიკის ამოსავალი პრინციპია. ხელისუფლება, რომელიც საეროსა და სასულიეროს ჰარმონიულ ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს, საკრალურია და მასზე თავდასხმა, რუსეთის პოლიტიკური სხეულის ყველაზე სათუთ და მგრძნობიარე წერტილზე თავდასხმაა.

Pussy Riot-მა, რასაც სრულიად მართებულად აღნიშნავს დუგინიც, სწორედ ეს შეძლო და თავისი აქციით, - ერთი ცნობილი რუსული ზღაპრის ალეგორია რომ მოვიშველიოთ, - იმ კვერცხს შეეხო, რომელშიც უკვდავი კაშჩეის სიცოცხლის დამცველი ნემსი ინახება. შესაბამისად, ამან ხელისუფლების ორივე ინსტანციის განგაში გამოიწვია და სახელმწიფოც და ეკლესიაც სრული პარანოიით შეეცადა წინ აღდგომოდა ხუთ გოგონას, რომლებსაც ისინი რუსეთისა და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო შეთქმულების ინსტრუმენტებადაც წარმოაჩენდნენ. ანუ, შეიძლება დამაჯერებლობით ითქვას, რომ არც პანკი გოგონების მიმართ ატეხილი აჟიოტაჟი არ ყოფილა მედიის სპექტაკლი და არც რუსეთის ხელისუფლებისა და ეკლესიის რეაქცია - გადამეტებული. ამაში უკეთესად გასარკვევად კი მოკლედ გადავხედოთ იმ ვრცელ თემას, რასაც მართლმადიდებლობის პოლიტიკური შინაარსი გადმოგვცემს თავისი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებითა და სახეცვლილებებით.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია, განსხვავებით კათოლიკურისაგან, არასდროს ყოფილა სუვერენული და საერო ხელისუფლებისგან გამიჯნული. ის შეიქმნა სახელმწიფო იდეოლოგიად ბიზანტიის იმპერიისა, რომელიც საკუთარ თავს ღვთაებრივი წესრიგის მიწიერ განსახიერებად განიხილავდა, და მისი მთავარი ფუნქცია მიწაზე აშენებული ამ საკრალური წესრიგის დაცვა იყო. განსხვავებით კათოლიციზმისგან, მართლმადიდებლობა „ნაციონალური“, ავტოკეფალური ეკლესიებისგან შედგება, რომლებშიც წირვა-ლოცვა ადგილობრივ ენებზე სრულდება და თითოეულ ეკლესიასაც საკუთარი მეთაური ჰყავს. თუმცა კი მართლმადიდებელი ეკლესიის სიმბოლური წინამძღოლი არა რომელიმე სასულიერო პირი, არამედ ბიზანტიის იმპერატორი იყო – ერთადერთი „ბასილევსი“, ხელმწიფე, რომელსაც მართლმადიდებელი პოლიტიკური თეოლოგია „ღმერთის ანალოგად“ მიიჩნევდა. იმპერატორი, რომელიც პანტოკრატორ ქრისტეს განასახიერებდა, იყო მართლმადიდებლობის საყრდენი ღერძი. ასეთ პირობებში არანაირი მნიშვნელობა ცალკეულ მართლმადიდებელ ეკლესიათა ავტოკეფალურობას არა აქვს. გადამწყვეტი მხოლოდ კეისარი და მისდამი დაქვემდებარებული ეკლესიაა. სხვათა შორის, ამავე ანალოგიით ქმნის სტალინი საბჭოთა იმპერიასაც, სადაც ყველა მოკავშირე თუ ავტონომიურ რესპუბლიკაში პარტიული ხელმძღვანელობა ადგილობრივი კადრებით კომპლექტდება და სამუშაო ენაც რუსულთან ერთად ყველგან ადგილობრივი ნაციონალური ენაა. სახელმწიფოს მოწყობის ეს პრინციპი „კორენიზაციის“ სახელითაა შესული საბჭოთა კავშირის ისტორიაში.

კიდევ ერთი ისტორიული მაგალითი რომ გავიხსენოთ: XI საუკუნის დასაწყისში, როდესაც საქართველოს მეფეები გიორგი I და ბაგრატ IV ბიზანტიასთან საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან, კათალიკოსი მელქისედეკი მადლობას უხდის ბიზანტიის იმპერატორებს ბასილისა და კონსტანტინეს სვეტიცხოვლის მშენებლობაში ფინანსური დახმარებისა და შემოწირულობებისათვის, აგრეთვე ოკუპირებულ ტაოს ტერიტორიაზე მისთვის 10 სოფლის ჩუქებისათვის. ეს კი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ქართული ეკლესია ლოიალურია არა ქართული სახელმწიფოსი, არამედ იმპერიის, როგორც მართლმადიდებლური პოლიტიკური წესრიგის განსახიერებისა. ეს ვითარება იცვლება დავით აღმაშენებლის მიერ მოწვეული რუის-ურბნისის საეკლესიო კრების შედეგად.

რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელიც მანკიერებასთან ბრძოლის პათეტიკურ სიმბოლოდაა ქცეული თანამედროვე ქართულ რიტორიკაში, სხვა არაფერი ყოფილა, გარდა საქართველოს მეფის მიერ ქართული ეკლესიის ბიზანტიისათვის წართმევისა და საკუთარი თავისთვის დაქვემდებარებისა, მთელი თავისი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობიანად, რომელიც საეროსა და სასულიერო ძალაუფლებების ერთ თანამდებობაში მოქცევას და მის სახელმწიფო მოხელედ ქცევას გულისხმობდა. ამ კრებაში რომ მორალი და „ქუაბ-ავაზაკთა“ პრობლემა წმინდად პროპაგანდისტული მხარეა, იმაშიც ჩანს, რომ სწორედ დავით აღმაშენებელი აიძულებს ეკლესიას ყველაზე მეტად არაეკლესიურ და ამორალურ საქციელს: აღსარების საიდუმლოს გაცემას! ფაქტობრივად, მთელი სამღვდელოება მეფის ჯაშუშად, ხოლო ეკლესია სადაზვერვო-საინფორმაციო სამსახურად გარდაიქმნება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ „გავმზადებულვართ ახალ ბიზანტიად“, რაც მართლმადიდებელ სამყაროში წარმოუდგენელიც კი იყო და ვერც ქართველი მეფე ვერ ირქმევს ბასილევსის ტიტულს, - რადგანაც მართლმადიდებლური პოლიტიკური თეოლოგიით ერთადერთი ბასილევსი, ბიზანტიის კეისარი არსებობს, - არამედ საკუთარი სიძლიერის გამოსახატავად ირანული „შაჰინ შას“ („მეფეთა მეფის“) წოდებით იმოსება. რუის-ურბნისით საქართველოში პირველი ტოტალიტარული, საყოველთაო კონტროლსა და შიშზე დამყარებული სახელმწიფოს პრეცედენტი შედგა, რომელსაც პოლიტიკურად დასუსტებასთან ერთად ტრანსნაციონალურობისა და იმპერიულობის ყოველგვარი თეორიული შანსიც კი გაუქრა.

1453 წელს ბიზანტიის აღსასრულთან ერთად მართლმადიდებლური „სიმფონიაც“ კვდება და ერთი საუკუნის შემდეგ მის გაცოცხლებას იწყებს მოსკოვის სამთავრო, რომლის მიერ გაერთიანებული რუსეთიც საკუთარ თავს ახალ ბიზანტიად წარმოადგენს. თუმცა ზენაციონალური ბიზანტიისაგან განსხვავებით, რუსული ბიზანტინიზმი ერთი ეთნოსის – „წმინდა რუსეთის“ რჩეულობაზეა დამყარებული და ამით კონფლიქტში შედის იმპერიულ უნივერსალიზმთან. სწორედ ამ დეფიციტის შეცვლას ცდილობს პეტრე I, რომელსაც რუსეთში ევროპული წესები შემოაქვს და მთელი თავისი რეფორმებით საფუძველს უთხრის რუსულ ბიზანტინიზმს. აქედან მოყოლებული ჩნდება ორი რუსეთის – ტრადიციულ-„ბიზანტიურისა“ და ევროპულ-განმანათლებლურის იდეა, რომელიც XIX საუკუნეში სლავოფილებისა და მედასავლეთეების დაპირისპირებაში გამოიხატა. ოქტომბრის რევოლუციითა და სტალინის რეჟიმის დამყარებით, რუსეთში კვლავაც ბიზანტიური მოდელი იმარჯვებს, თანაც სწორედ მის პირვანდელ სახესთან უფრო მეტად მიახლოებით, ვიდრე ეს რუსულ მესიანიზმში იყო. ოღონდ, ბიზანტიისგან განსხვავებით, ეკლესიისა და მართლმადიდებლობის ადგილი საბჭოთა იდეოლოგიასა და მმართველ კომუნისტურ პარტიას, თეოკრატიისა - იდეოკრატიას უკავია.

იდეოკრატიული სახელმწიფო – ესაა თეოკრატია ღმერთის გარეშე. საბჭოთა კავშირის დანგრევა, ბიზანტინიზმის პერსპექტივიდან, ისეთივე კატასტროფა იყო, როგორიც კონსტანტინოპოლის დაცემა. დამარცხდა არა მხოლოდ სოციალისტური წყობილება და საბჭოთა სისტემა, არამედ დაიშალა ის ზე-პოლიტიკური საძირკველიც, რომელზედაც ან რომელთან ჭიდილშიც რუსული კულტურა იდგა. ასეთ ვითარებაში კვდომის პირას მყოფ რუსულ მართლმადიდებლურ-ნაციონალურ იდეას მხსნელად პუტინი მოევლინა. სწორედ პუტინმა აღადგინა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ის სიმფონიური თანამშრომლობის პრინციპი, რომელზეც დუგინი საუბრობს. რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაიბრუნა თავისი ძველი, ლამის პეტრე პირველამდელი ადგილი და ფუნქცია, როგორც ყველაფერ უცხოსა და დასავლურის მიმართ მტრულისა და მუდამ ერესის წინააღმდეგ მებრძოლი იდეოლოგიური აპარატისა.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, Pussy Riot -ის აქცია ყველაზე ძლიერი და ზუსტად მონიშნულ მიზანში მოხვედრილი დარტყმა იყო რუსულ-მართლმადიდებლური პოლიტიკური სისტემისათვის, რომელსაც პუტინის რეჟიმი განასახიერებს. ჟიჟეკი ხსენებულ ლექციაზე ასეთ შეფასებას აძლევს პანკ გოგონათა ფენომენს: „პარადოქსია - Pussy Riot-ი იმიტომ იქცა გლობალურ ფენომენად, რადგანაც ის საკმაოდ ლოკალური, კონკრეტული, ძალიან რუსული ფენომენია. როდესაც თქვენ კონკრეტული, ნაციონალური და ლოკალური ხართ, სწორედ მაშინ ხდებით უნივერსალური.“ Pussy Riot-მა შეძლო დასავლური საპროტესტო ხელოვნების ფორმა გადმოეტანა რუსულ რეალობაში და მასში მთლიანად რუსული შინაარსი ჩაედო. ცნობილი რუსული საგალობლის თავიანთ პანკ-ვერსიაში ისინი ღვთისმშობელს მიმართავენ ვედრებით, განდევნოს პუტინი, მაგრამ საამისოდ ჯერ თავად ღვთისმშობელი უნდა გახდეს ფემინისტი! ამ მკრეხელობის შედეგად, ღვთისმშობელი უკვე აღარაა ეკლესიის საკუთრება და ის საპროტესტო კულტურის სიმბოლოდ გარდაისახება, რომელიც ამბოხებულ გოგონებთან ერთად ეკლესიის, პუტინის, კაგებეს და ფულის ალიანსს უპირისპირდება. Pussy Riot-ი რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ თავად რუსული კულტურის ამაღლებულ სიმბოლოებს იყენებს. ამგვარად, დახურულ კულტურულ სივრცეში უცხო ელემენტი კი არ შემოიჭრება, არამედ ერთგვარი მოკლე ჩართვის შედეგად შიგნიდან ნგრევას იწყებს.

მკრეხელობის, ერესის, მწვალებლობის რევოლუციური ძალა, - როგორც პოლიტიკური, ასევე კულტურული თვალსაზრისით, - სწორედ ისაა, რომ იგი სარწმუნოების ან კულტურის შეცვლას, მისგან გაქცევას კი არ გულისხმობს, არამედ მის შიგნით, მისი კანონებისა და ნორმების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, შიგნიდან აფეთქებს მის გალავანს და ჩაკეტილი და ლოკალური უნივერსალურ ორბიტაზე გაჰყავს. ასეთი მოვლენა კი ჯაჭვურ რეაქციებს წარმოშობს და მუდამ რელიგიასთან ალიანსში მყოფი კონსერვატიულობის წინააღმდეგ მიმართულ გლობალურ ფორმად გადაიქცევა. ამისი ერთ-ერთი რადიკალური მაგალითია უკრაინელ ფემინისტთა მოძრაობა „ფემენის“ აქცია. ამდენად, Pussy Riot-ი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თანამედროვე რადიკალური საპროტესტო კულტურის გლობალურ ფენომენად, რომელიც თანაბრად უჯანყდება როგორც რელიგიურ-პოლიტიკურ კონსერვატიზმს, ასევე გლობალურ ფინანსურ სამყაროსაც და ხელოვნების ტოტალურ გაკომერციულებას.

თუმცა, ამგვარი მოვლენა, ვფიქრობ, საქართველოს ჯერჯერობით არ ემუქრება. საქართველოში, სადაც წინასაარჩევნო კამპანია ერთ დიდ რელიგიურ დღესასწაულს ჰგავს და სადაც ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ერთმანეთს ეჯიბრებიან პირჯვრის წერასა და ხატებზე მთხვევაში და სამშობლოს ტირანიისგან თუ კრემლის ურჩხულისგან გათავისუფლების ფარსი სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის ესქატოლოგიურ ხარისხშია აყვანილი, შეუძლებელიც კია პროტესტი და კრიტიკა გაჩნდეს თავად ძალაუფლებისა და მისი მანიპულატორული მექანიზმების, სოციალური თუ პოლიტიკური ჩაგვრის მიმართ. საქართველოში პოლიტიკა პერსონიფიცირებულია და ის მთლიანად ამა თუ იმ მხსნელ ძალასთან იგივდება. Pussy Riot-ის, ისევე, როგორც ნებისმიერი შემდგარი შემოქმედებითი ამბოხის, ამოსავალი პრინციპი კი ისაა, რომ ამბოხებული "არავისიანია", არცერთი პოლიტიკური სტრუქტურის ინტერესებს არ გამოხატავს, მთლიანად სუვერენულია და თანაბრად უპირისპირდება ძალაუფლების ყველა ინსტიტუციას.

Tags: პუტინი, რუსეთი, პოლიტიკა, ბლოგი, ეკლესია, მართლმადიდებლობა, ფემინიზმი, Pussy Riot, ბიზანტია



ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ეკა საიდან გვწერთ: ბათუმი
24.09.2012 15:00
საქართველოში შეინიშნება "თავისუფლად მოაზროვნეთა" ჯგუფი, რომელიც გამოირჩევა სა ე ჭ ვ ო სიძულვილით ზოგადად მართლმადიდებლობისა და კონკრეტულად სასულიერო ფენისადმი: ნებისმიერი მათი მსჯელობა მთავრდება ეკლესიის ლანძღვით. მე ვერ დავუწყებ ბატონ გიორგის კამათს ამ თემაზე, რადგან მისთვის სრულიად მიუღებელია მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა, მრწამსი, შინაარსი და ისტორია, აღარაფერს ვამბობ ცხოვრების წესზე; შთაბეჭდილებასაც კი ტოვებს, რომ ნომინალურადაც არ აღიარებს თავს მართლმადიდებლად და საერთოდ, რომელ კულტურას მიაკუთვნებს თავს, საინტერესოა. პრინციპში, ჩემთვის არც ეს არის საინტერესო.
შესაძლებელია ეკამათო ადამიანს, რომელსაც რაიმე სფეროში რაღაც არ მოსწონს, მაგრამ, როდესაც ზიზღით არის გაჟღენთილი, დიალოგში შესვლაც კი ფუჭია. უბრალოდ, პატარა კომენტარი მინდა გავაკეთო პატიმართა საქმის გამო ბატონი გიორგის მიერ ეკლესიის პასუხისმგებლობის გაშმაგებული მოთხოვნის შესახებ (საშუალება რომ მიცემოდა, მთელ გადაცემას ამას დაუთმობდა, ალბათ). მაინტერესებს, რა იყო თქვენი მოლოდინი, საპარლამენტო საათი მოეთხოვა პატრიარქს პატიმრების უფლებების დარღვევის თაობაზე, პატიმრების აღსარებების ფარული ჩანაწერები გამოექვეყნებინათ, თუ მსგავსი ვიდეოჩანაწერების მოპოვებას ავალდებულებდით? უნდა მოგეხსენებოდეთ, რომ სასულიერო პირის ტრიბუნა არის ამბიონი, საიდანაც პატრიარქს არა ერთხელ გამოუთქვამს წუხილი პატიმრების ბედის გამო და პირდაპირ მოუწოდებია მათი უფლებების დაცვაზე კონკრეტული ადრესატებისათვის; ასევე ეპისტოლეები, რომელშიც ამ და სხვა საჭირბოროტო თემაზე მრავალგზის გაუმახვილებია ყურადღება.
ნუ იქნებით მხოლოდ გრანტებზე ორიენტირებული!
და საერთოდ, საინტერესოა, რატომ მოდის ამდენი დაფინანსება ძირითადად ეკლესიის (აქამდე მეგონა, მხოლოდ ეკლესიის და ბატონი გიორგის ნაშრომების გაცნობის შემდეგ მივხვდი, თურმე, ზოგადად მართლმადიდებლობის) მლანძღველებზე?!

ავტორი: მელანქოლიკოსი
16.09.2012 23:50
თქვენ თავისუფლებას რა ვუთხარი. ფემინიზმი ქალისთვის რომ მავნე ოხრობაა პროფესორებმა ჯაბა იოსელიანმა და გიორგი მაისსურაძემ კი არ ბრძანეს. ეს თქვა იზრაელის კნესეტის წევრმა პატივცემულმა და ნამდვილად პატივსაცემმა ქალბატონმა სხვათა შორის და არა მარტო მან და თქვენ ამას ბეჩავ ქართველებს უმალავთ. ...

ავტორი: ანონიმი
14.09.2012 23:14
"პუსი რაიოტი" დასახელდა სახაროვის პრემიის ლაურეატობის კანდიდატებს შორის

ძალიან გამახარა ამ ამბავმა და გულით გილოცავთ. ფინეთის რომელიღაც ეკლესიაში ამათ მიმდევრებმა შეიტანეს შარდით სავსე ჭურჭელი და მოინდომეს შეკრებილთა გაწუწვა. იმათაც თუ მისცემენ ამ ჯინჯილას ვიქეიფოთ.

ავტორი: ვასო საიდან გვწერთ: თბილისი
13.09.2012 00:36
ერეკლე, რა შუაშია "ვაჯაინა"?! "ვაგინა" ლათინური სიტყვაა და სხვადასხვა ენაზე სხვადასხვანაირად წარმოითქმის.

ავტორი: erekle საიდან გვწერთ: New York
12.09.2012 20:06
"ვაგინის ამბოხი". :D
ქართულად მას საშო, საშვილოსნო ჰქვია, ხოლო თუ მაინცდამაიც ინგლისურად გინდა, ასე გამოითქმება: "ვაჯაინა".

იუ არ ველქამ!

ავტორი: ანონიმი
12.09.2012 19:00
მოკითხვა 13 წლის გოგონას ნარკოტიკით გამბრუებელი და ისე გამაუპატიურებელი ფემინისტი რეჟისორ-ინტელექტუალი რომან პოლანსკისგან! სალუტ!

ავტორი: ანონიმი
11.09.2012 21:03
ბატონო გიორგი ჯერ თქვენ გახდით ფემინისტი და ღვთისმშობელი როგორც ქალი დაინდეთ.პატივისცემით მიმართეთ, და მერე ვინ იცის,შეიძლება გიშველოთ კიდეც. ღვთისმშობელი კაცობრიობის უდიდესი ნაწილისგან განსხვავებით კეთილია.

ავტორი: GERMANE
09.09.2012 03:28
პარასკევის "ფრანკფურტერ ალგემაინეში" ძალიან ჭკვიანური და მოსწრებული შეფასებაა სწორედ ამ თემებზე და შეფასება დიდი პოლიტიკური მნიშვნელობისა მიმაჩნია იმ გაგებით, რომ რუსეთის იმპერია ამგვარი პროცესებიტ სიმტკიცეში იბრძმედება და მერყევი ელემენტების რადიკალიზაციას ახდენს, საკუთარ და ოპოზიციურ წრეებს წმენდს და რეალური პრობლემებისაგან ყურადღება შოუ-პროცესებზე გადაჰყავს (სხვათაშორი იქ პარალელია ხადარკოვსკისთანაც). ამის საფასოდ პუტინის დიქტატურაო იმასაც რისკავს, რომ დასავლეთისაგან კრიტიკა აიტანოსო, უფრო სწორად დასავლეთიო აკრიტიკებს უმნიშვნელო რამეების და არც ისე უსაფუძვლო გადაწყვეტილებების გამო პოლიტიკოს-ხელოვან-ოლიგართა წინააღმდეგო.
მაგალითად, ქალტა ბენდი გერმანიის კანონებიტაც დასასჯელი იქნებოდაო (სამ წლამდეც კიო), ოღონდ ასეთ ფაქტს გერმანიაში ადგილი არ ექნებოდაო. ამით კი ხელისუფლება დასავლეთს და ადგილობრივ ოპოზიციას მნისვნელოვანზე ყურადღებას უფანტავსო - საინტერესო ხედვაა.

ავტორი: ანონიმი
08.09.2012 17:35
ცუდადაა იმ ქვეყნის საქმე სადაც გიორგი მარიამს უბრძანებს ქალების პრობლემებით დაინტერესებას. ეს უფრო გიორგის ფემინიზაციის ნიშანია ვიდრე ჭკუის.ყველამ თავის საქმეს მიხედოს და კოჭი გააგოროს. ეს გიორგისაც ეხება.

ავტორი: ნიკო საიდან გვწერთ: შორიდან
07.09.2012 15:26
კი,შეგვიძლია კრიტიკა,თუნდაც მართლმადიდებლობისა,ოღონდ ხანდახან ეკლესიაშიც შევიხედოთ,დავუნთოთ სანთელი და შევთხოვოთ უფალს ჩვენი სულების გადარჩენა.

ავტორი: მოყვასი
06.09.2012 18:06
ვიდრე ღვთისმშობელს რამეს უბრძანებთ კბილები გამოიხეხეთ და ცხვირი მოიხოცეთ. თუ ხელ-ფეხსაც დაიბანთ უკეთესი. ღვთისმშობელს ბრძანებებს არ აძლევენ,მას თხოვნით მიმართავენ ყველაზე გადარეული მაჰმადიანებიც! ხოდა მარტო კინიკოსი დიოგენის ცინიკოსი მემკვიდრეები აპროტესტებენ პლატონის იდეალიზმს ხმამაღლა და ყველას გასაგონად გაკუებით! ზოგი მათგანი ცხვირიდან ჟღვლინტს იღებს როდესაც სოკრატე მას ესაუბრება ღვთაებრივ სულზე! ლაპარაკია ბერძენ სოკრატეზე და არა მის საბჭოთა ქართულ კარიკატურაზე რომელსაც თბილისში ძეგლი დაუდგით. ხოდა თვითმარქვია ლიბერალები სულ ნუ დაემსგავსეთ თანამედროვე ცინიკოსების ბაბუა ბერძენ დიოგენს რომლის იდეალიც იყო ალალად,ინსტინქტებით ძაღლურად ცხოვრება (კინიკოსი სიტყვა ძაღლიდან მომდინარეობს სხვათა შორის). ძაღლმა შიმპანზესი არ იყოს საბჭოთა დემოკრატისგან განსხვავებით იცის თუ რაა მეგობრობა და ერთგულება და ის ღმერთის და ღვთისმშობლის მიერ ადამიანისთვის პედაგოგად გამოგზავნილი არსებაა და არა აბუჩად ასაგდები პირუტყვი! იცოცხლეთ და გაიხარეთ!

ავტორი: შაკუნტალა საიდან გვწერთ: ინდოეთი
06.09.2012 12:32
ვფიქრობ, თქვენი შეხედულება, რომ მართლმადიდებელი თეოლოგი, რომელიც არ არის მონარქიული წყობის ან იუსტინიანური სიმფონიის რეანიმაციის მომხრე იგივეობრივია კათოლიკი თეოლოგის, რომელიც პაპის ინსტიტუტის მოწინააღმდეგეა, არ არის ზუსტი. ამ ორს შორის დიდი, არა - ძალიან დიდი განსხვავებაა. პაპი კათოლიკურ თეოლოგიაში ამ უკანასკნელის სისტემური ნაწილია და მართლაც შეუძლებელია კათოლიკი იყო, თუ პაპის, როგორც პეტრეს მონაცვლის, ქრისტეს ვიკარის და ეკლესიის კლდის როლს არ აღიარებ. (თუმცა აქაც ნიუანსებია, რადგან 1870 წელს, პირველ ვატიკანზე 400-მდე კათოლიკმა ეპისკოპოსმა არ მოაწერა ხელი პაპის უცდომელობის დოგმატს, რადგან ეს კათოლიკობისგან გადახვევად მიიჩნიეს; ანუ პაპს აღიარებდნენ, მაგრამ არა ასეთი რადიკალური გაზვიადებით; სამწუხაროდ, დღეს მეინსტრიმი კათოლიკი ვერ იქნები, თუ უცდომელობის ამ ძალიან საჩოთირო დოგმას არ აღიარებ). რაც შეეხება იუსტინიანურ სიმფონიას და მონარქიულ ხედვას, ეს არ არის წმინდად თეოლოგიური და სოტეროლოგიური საკითხი, როგორც პაპის აღიარება. ასე რომ, არავინ თხოვს მორწმუნე მართლმადიდებელს ამავე დროს მონარქისტიც იყოს და მარტო იდიოტი და ობსკურანტისტი მღვდელი თუ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ლიბერალური პოლიტიკური შეხედულებების ქრისტიანი სულს ვერ იცხოვნებს. მე ამერიკაში კარგა ხნით მომიწია ცხოვრება და მრავალ სხვადასხვა მართლმადიდებლურ ეკლესიაში დავდიოდი ლიტურგიაზე - სერბულში, ანტიოქიურ ბერძნულში, რუსულში და ლიბანურშიც კი; არსად არ გამიგია ბიზანტიის ნოსტალგიაზე რამე მინიშნებაც კი. რაც შეეხება მოწინავე მართლმადიდებელ თეოლოგებს - მეიენდორფს, შმემანს, ფლოროვსკის, ლოსსკის, კალისტუს უაეარს (ოქსფორდი), ანდრიუ ლაუთს (დარემი), დავიდ ევანსს (ეგვიპტური მონასტიციზმის ალბათ ყველაზე დიდ მკვლევარს) - ესენი, პირიქით, ბიზანტიის გადალახვაზე საუბრობენ მართლმადიდებლობაში და არა ბიზანტიის რესტავრაციაზე. მგონი საკმარისი ვთქვი იმაზე, რომ შუა საუკუნეების ბიზანტიური თეოლოგიზირებული პოლიტიკა დღევანდელ მართლმადიდებლურ აზროვნებაში ისტორიულ ფენომენად ითვლება, რომელიც არანაირად არ არის დაკავშირებული წმინდად თეოლოგიურ და სოტეროლოგიურ საკითხებთან. ახლა, დუნგინი ან თუნდაც პატრიარქი კირილი თუ სხვანაირად ფიქრობენ, ეს მათი პრობლემებია და არა ზოგადად მართლმადიდებლების. უამრავი კათოლიკი და პროტესტანტი ხდება დღეს მართლმადიდებელი რადგან მის წიაღში, უმდიდრეს პატრისტიკულ და მისტიკურ ტრადიციაში, რომელიც ცოცხლად არის შემონახული, პოულობენ თავიანთი სულიერი შიმშილის საზრდოს; ისინი მართლმადიდებლურ მონასტრებსაც აარსებენ ამერიკაში და ევროპაში, მაგრამ არცერთი მათგანი (რამდენადაც ვიცი, და ცოტა არ ვიცი, და რამდენიმეს პირადადაც ვიცნობ) არ არის ბიზანტიის რესტავრატორი ან პოლიტიკაში ბიზანტიური ცეზაროპაპიზმის მომხრე.

ავტორი: შაკუნტალა საიდან გვწერთ: ჰინდუსტანი
05.09.2012 11:33
პუსი რაიოტის სასამართლო პროცესზე ეს გოგოები ამბობენ, რომ ყველა რელიგიას პატივს სცემენ, თუმცა თავად არ არიან რელიგიურები. ანუ ფრაზა "ღვთისმშობელო განდევნე პუტინი" არ არის არანაირი ლოცვა, არამედ ეპატაჟი. აქ ეპატაჟია ყველაფერი და "ლოცვა" მხოლოდ დეკორაციაა. ხომ აბსურდია იმის წარმოდგენაც კი, რომ ეს გოგონები ღამით შეპარულიყვნენ ეკლესიაში და ყველასგან უჩუმრად ჩაეტარებინათ "ლოცვის" ეს აქცია. ამიტომ ალბათ ეს აქცია არც იყო არანაირი მკრეხელობა, რადგან სიტყვა "ღვთისმშობელის" უკან ამ გოგონებისთვის არაფერი არ იდგა; ცხადია, არ იდგა ერთადერთი და უნიკალური ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც თავის თავისუფალი ნებით, ძველი ჰიმნის სიტყვები რომ გამოვიყენოთ, "დაუტევნელი დაიტია" და რომელსაც შეგიძლია მიმართო ლოცვით, რათა გიშუამდგომლოს თავის ძესთან და ღმერთთან.
რაც შეეხება მართლმადიდებლობის გაიგივებას ბიზანტინიზმთან, დუნგინის ეს ხედვა არანაირად არ ასახავს ზოგადმართლმადიდებლურ პოზიციას და თუნდაც ზოგად რუსულმართლმადიდებლურ პოზიციას. არიან ძალიან სერიოზული მართლმადიდებელი თეოლოგები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბიზანტიის იმპერიის დამხობა იყო დიდი სიკეთე ეკლესიისთვის, რადგან ამით იგი გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან. დოსტოევსკი "ეშმაკნი"-ში აშაყირებს რუსული დერჟავული მართლმადიდებლობის იდეას, როცა დერჟავული მართლმადიდებლობა უკვე თავად ღმერთის რწმენაზე მნიშვნელოვანი ხდება (ნახეთ შატოვისა და სტავროგინის დიალოგი). რუსეთში რომ საშინელება ხდებოდა მეცხრამეტე საუკუნეში და მღვდლები ფაქტიურად ახრანკის აგენტები იყვნენ, ამის საპირისპიროდ გაძლიერდა 'სტარეცების' ინსტიტუტი, როცა იდეოლოგიის წნეხისაგან დამოუკიდებელი ქარიზმატული პიროვნებები მასპინძლობდნენ კერძო პიროვნებებს და მათთან ინდივიდუალურ, ინტიმურ საუბრებში ქმნიდნენ ცოცხალი, იდეოლოგიისგან თავისუფალი, ქრისტიანული ურთიერთობის სივრცეს (მაგ. სერაფიმე საროველი). თვით ბიზანტიაშიც, როცა იკონოკლაზმი დაიწყო, საკმაოდ მძაფრი ანტიიმპერიული ხმები გაისმა, მაგ. იოანე დამასკელი ამბობდა: "რა საერთო აქვს იმპერატორს ეკლესიასთან!" ასევე, მანამდეც, ევსევი კესარიელის ქრისტიანული იმპერიის იდეოლოგიისაგან სავსებით თავისუფალია იოანე ოქროპირი, რომელიც იმპერატორში არანაირ "ღვთიურ პერსონას" არ ხედავს, არამედ უბრალო რიგით ცოდვილს (ნახეთ მისი ქადაგებები იმპერატორების წინააღმდეგ, როდესაც მათ საკუთარი ძეგლები დადგეს მოედანზე).
პასუხი

ავტორი: გიორგი მაისურაძე
06.09.2012 03:58
რა თქმა უნდა, ეს არ ყოფილა ლოცვა, არამედ ეს იყო ეპატაჟი, ეპატაჟური ხელოვნება, თანაც ის იშვიათი შემთხვევათაგანი, როდესაც ეპატაჟი სრულყოფილად შედგა.
რაც შეეხება ბიზანტინიზმს: ვერ დამისახელებთ ერთ მართლმადიდებელ თეოლოგს მაინც, ვისაც ბიზანტიის იმპერია ბოროტებად მიაჩნდა, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს! ეგ იგივე იქნებოდა, რომ გეთქვათ, კათოლიკე თეოლოგი, რომელიც პაპის ინსტიტუციას ებრძვის.
რაც შეეხება ბიზანტიის კეისრის და კეისრის ღვთაებრიობის იდეის მაკრიტიკებლებს, მე კიდევ უფრო ვრცელი სია შემიძლია შემოგთავაზოთ, მაგალითად გრიგორ ნაზიანზელი, მაქსიმე აღმსარებელი და ა.შ. ისიც გავიხსენოთ, რომ იოანე ოქროპირი ორჯელ იქნა დანიშნული კონსტანტინოპოლის პატრიარქად და ორჯერვე გაძევებული. მაქსიმე, ერთი გადმოცემის თანახმად, სიკვდილით დაისაჯა, მეორე გადმოცემით ეგრისში იქნა გადასახლებული. ბიზანტიურ ქრისტიანობაში, განსაკუთრებით მისტიკური ტრადიცია (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი, იოანე კლიმაქსი), მთლიანად გვერდს უვლიან ძალაუფლების თემას, მაგრამ ეს სრულიად სხვა სფეროა, თანაც ამ დროს ჯერ ეკლესია არ იყო გაყოფილი.

ავტორი: ანონიმი
04.09.2012 15:37
ფემინისტებო,მასკულინისტებო და ყველანაირად გადარეულებო! ქრისტიანობა თუ არ მოგწონთ შამანისტები მაინც გახდით და თავი გაგვანებეთ რაა!!! ევროპაში სხვათა შორის თანდათან ვრცელდება და ძლიერდება ნეოშამანიზმი და ამისთვის თქვენ არც ციმბირის ტაიგაში და არც ამაზონიის ჯუნგლებში დაგჭირდებათ წასვლა! გაშამანისტდებით ნამდვილად კომფორტულ ევროპულ გარემოში.

ავტორი: ნიკო საიდან გვწერთ: ამაღლება
04.09.2012 12:30
ბატონო გიორგი აღტაცებული ვარ (გულწრფელად, ყოველგვარი ირონიის გარეშე, )ავტორის In Response-ში მოცემული კომენტარით "აქ, ამ ტექსტში მღვდლებზე არ ვსაუბრობ, არამედ ზოგადად მართლმადიდებლობაზე, მის პოლიტიკურ ფუნქციასა და არსზე", რადგან ქართველისაგან პირველად წავიკითხე გულწრფელი პოზიცია, რომ მართლმადიდებლობის არსს აკრიტიკებს და სხვა ქართველი "ლიბერალობას" ამოფარებულ მართლმადიდებლობის მაგინებელივით არ მოიქეცით. ჩემთვის მიუღებელი, მაგრამ წესიერი საქციელია.
პასუხი

ავტორი: გიორგი მაისურაძე
04.09.2012 18:19
ბატონო ნიკო, დიდი მადლობელი ვარ თქვენი მაღალი სადისკუსიო კულტურის. ასეთი დამოკიდებულებით არ ვარ განებივრებული და ძალიან მიხარია.
მე მაინც და მაინც ლიბერალობაზეც ვერ დავდებ თავს...
ცალკეული სამღვდელო პირების აზრები ნაკლებად მაინტერესებს. მათზე ვღიზიანდები, რადგანაც ქართველი ვარ, ანუ რომ არ ვიყო ქართველი და ეს ყველაფერი უშუალოდ არ მეხებოდეს, უფრო საინტერესოც იქნებოდა წმინდად ეთნოლოგიური თვალსაზრისით. მართლმადიდებლობა კი მოცემულობაა და; თემი აზრით, საბედისწეროც, თუმცა ამას ვერაფერი შეცვლის. ერთადერთი, რასაც მისი დაბალანსება შეეძლებოდა, კულტურა მგონია, სუვერენული და ფასეული კულტურა, რომლის ვერანაირ ნიშნებსაც თანამედროვე საქართველოში, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ...
მართლმადიდებლობის, ანუ ბიზანტიური ქრისტიანობის მეორე, ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი მხარე - თეოლოგია, მისტიკა - ამ ყველაფერმა, სამწუხაროდ არსებობა გრეგორ პალამათი დაასრულა და მას შემდეგ წინ აღარ წასულა, თუმცა რუსებმა შთამბეჭდავი წვლილი შეიტანეს, მაგრამ მაინც... ამ მხრივ, ჩემი აზრით, მართლმადიდებლობა ფაქტობრივად თეოლოგიურად მკვდარი რელიგიაა და მხოლოდ მისი პოლიტიკური მხარე აგრძელებს საკმაოდ აგრესიული და ანაქრონული ფორმებით არსებობას.

ავტორი: ავთანდილი საიდან გვწერთ: მონასტრიდან
03.09.2012 22:22
მართლმადიდებლობა და მღვდლები რატომ გერევათ ერთმანეთში ?
პასუხი

ავტორი: გიორგი მაისურაძე
03.09.2012 22:51
აქ, ამ ტექსტში მღვდლებზე არ ვსაუბრობ, არამედ ზოგადად მართლმადიდებლობაზე, მის პოლიტიკურ ფუნქციასა და არსზე.

ავტორი: ნინი საიდან გვწერთ: რუსთავიდან
03.09.2012 18:43
დააკვირდით,რაც უფრო მაღალი რანგისაა სასულიერო პირი, უფრო მაგარი მობილური, მანქანა, ბინა და გარემო აქვს,მათი საბრძანებელიც უფრო მეტადაა მოოქროვილი და ზეგავლენაც საზოგადოებაზე მეტია. არადა ღმერთისთვის ყველა ადამიანს ერთი ფასი აქვსო,გვიმტკიცებენ. როგორ აქვს ერთი ფასი? ვინ უფრო უყვართ ეკლესიაში: ღატაკი თუ ოლიგარქი? რიგითი წევრი თუ მთავრობის წარმომადგენელი? ვის უფრო იხუტებენ გულში?! უბრალო ადამიანები თავს იმით იმშვიდებენ, რომ სამოთხე გარანტირებული აქვთ. ოქრო-ვერცხლში ჩამჯდარ ჩვენს სასულიერო ელიტას,როგორც ჩანს, სამოთხეში მოხვედრაზე პრეტენზია არ აქვს. დააკვირდით, რაც უფრო პოპულარული პარტიის ლიდერი გამოჩნდება ხოლმე რომელიმე აქციაზე, მეუფეზე ნაკლები რანგის სასულიერო პირს ვერ დაინახავთ მის გვერდით. ხოდა ასე ჩახუტებულები გვაბოლებენ ყველას ერთად ვიდრე ხელისუფლებაში მოსვლაბდე.

ავტორი: ნიკო საიდან გვწერთ: ამაღლება
03.09.2012 17:40
მოყვანილი ფაქტები და თვითონ სტატიაც ნამდვილად საინტერესოა, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ეს სტატია მორიგი "ფინტი"-ა (საფეხბურთო ტერმინი რომ ვიხმაროთ) მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. სულაც არ ვთვლი, რომ სასულიერო პირები "უცოდველნი" არიან (სხვათაშორის არც მართლმადიდებლობა არ თვლის ასე), მაგრამ როგორც ბიბლიაში წერია "სხვის თვალში ბეწვს ხედავდეთ..." ერთ ფრაზას კი ვერ დავტოვებ უპასუხოდ: "მართლმადიდებელი ეკლესია, განსხვავებით კათოლიკურისაგან, არასდროს ყოფილა სუვერენული და საერო ხელისუფლებისგან გამიჯნული": ასეთი რამ რამ მოგაფიქრათ? კათოლიკური ეკლესიაა სახელმწიფოსაგან გამიჯნული?:))) ეს ჩვეულებრივი "ფინტი" არ არის ესფოკუს-მოკუსია!:))))
პასუხი

ავტორი: გიორგი მაისურაძე
03.09.2012 19:35
ის, რაც თქვენ ჩემ "ფოკუს-მოკუსად" მიიჩნევთ, ელემენტარული ფაქტია: კათოლიკური ეკლესია არასდროს ყოფილა რომელიმე სახელმწიფოს ნაწილი ან მასზე იურიდიულად დაქვემდებარებული. კათოლიკური ეკლესიის პოლიტიკური ისტორია სახელმწიფო ხელისუფლებებთან ჭიდილია. საამისოდ ნებისმიერი საშუალო ხარისხის ისტორიის სახელმძღვანელოს გადაშლაცაა საკმარისი. 1054 წლის სქიზმის პოლიტიკური საფუძველიც სწორედ ბიზანტიის კეისრის ძალაუფლებასა და პაპის ავტორიტეტს შორის კონფლიქტი იყო. ვატიკანი თავადაა სუვერენული სახელმწიფო. ამიტომაც, "ფინტები" და შეთქმულებები მართლმადიდებლობის წინააღმდეგ სერიოზულ მსჯელობად ვერ გამოდგება.

ავტორი: kes საიდან გვწერთ: თბილისი
03.09.2012 12:17
სად ნახეთ, რომ პირველ კომენტარებში შევჩუკი გასაკიცხად მიიჩნევდა გოგონების საქციელს ? იქნებ დადოთ ლინკი...
პასუხი

ავტორი: გიორგი მაისურაძე
03.09.2012 23:00
აი ერთი ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=16SSusrM3kE
კიდევ სხვა გამოსვლებიც ჰქონდა.
აქ არტურ არისტაკისიანის წერილია, მათ შორის, შევჩუკის პოზიციაზე: http://www.echomsk.spb.ru/blogs/aristakisyan/6499.php

ავტორი: მათუსალა საიდან გვწერთ: საქართველო
03.09.2012 03:53
..."სამშობლოს ტირანიისგან თუ კრემლის ურჩხულისგან გათავისუფლების ფარსი სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის ესქატოლოგიურ ხარისხშია აყვანილი"...

თითქოს ფილოსოფიური აბსტრაჰირების მიუკერძოებელი წერტილიდან იყურება ავტორი და ორივეს - "ოცნებისა" და "ნაცების" სულისკვეთებასა და რიტორიკას ფარსს უწოდებს, სინამდვილეში კი თავად ავტორის ეს წინადადებაა ფილოსოფოსობის ფარსი და ავხსნი რატომაც. არ არის ერთსა და იმავე ხაზზე დასაყენებელი მისგან ხსენებული ორი რამ 1) ტირანიისაგან ქვეყნის გათავისუფლება და 2) კრემლის ურჩხულისგან (წაიკითხე: პუტინ-ივანიშვილის ტანდემისგან) გათავისუფლება. მეორე არის ტყუილი, რადგან ივანიშვილი არ არის პუტინის აგენტი ან კრემლის პროექტი, ამიტომ ნაცების ეს რიტორიკა მართაც ფარსია საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრისთვის. რაც შეეხება პირველს, ანუ ტირანიისგან და ავტოკრატიისგან ქვეყნის გათავისუფლებას, ეს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის რეალური სურვილია; რეალური სურვილია პარლამენტი აღმასრულებელი ხელისუფლების სანოტარო ბიუროდან ნამდვილ პარლამენტად იქცეს; რეალური სურვილია სასამართოლო, რომელიც დღეს ამ დაწესებულების ფარსია, ნამდვილ სასამართლოდ იქცეს და ამდენი უდანაშაულო პატიმარი არ იყოს ციხეში და სახელმწიფო არ წეწავდეს მოსახლეობას საპროცესო გარიგებებით; რეალური სურვილია არ ხდებოდეს ათასობით თეფშის დაყადაღება კანონის მიკერძოებული გამოყენებით და ამით მოსახლეობისთვის ალტერნატიული აზრის დაბლოკვა. და ტყუილია, რომ "ოცნების" ლიდერი ამ სურვილის მისტიფიკაციას ახდენს, როგორც მაგალითად ახლანდელი პრეზიდენტი აკეთებდა ამას 2003-ში და 2004-ში, როცა 23 ნოემბერს ("ვარდების რევოლუცია") და 6 მაისს (აჭარიდან აბაშიძის განდევნა) წმინდა გიორგის ჩარევაზე აპელირებდა რია გამოსვლებში (ნახეთ თუგინდათ არქივი). პირიქით, ივანიშვილი იმაზეც კი არ აპელირებს, რომ 1 ოქტომბერი ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღეს დაემთხვა, არამედ ითხოვს ამ ვადის შეცვლას, რათა უცხოეთში მცხოვრებმა ქარველებმა უფრო კომფორტულად შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა და არა ამ ორშაბათ დღეს, როცა მათ მუშაობა უწევთ. ასე რომ "ოცნების" ლიდერი თავად სავსებით თავისუფალია ყოველგვარი რელიგიური მისტიფიკაციებისგან და რაციონალიზმის ფარგლებში რჩება. მგონი საკმარისი ვთქვი იმისათვის, რომ ასე ჰაი-ჰარაზე გაიგივება ორი სრულიად განსხვავებული პოზიციის და მათი თანაბრად "ფარსის" კატეგორიაში გაყვანა, სხვა არაფერია გარდა უპასუხისმგებლო და ფსევდოფილოსოფიური მსჯელობისა. მაპატიეთ სიმკაცრისათვის, მაგრამ ამას ვაკეთებ ავტორისადმი კეთილგანწყობით, რადგან დიდ პატივს ვცემ მას და მის განათლებას.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
02.09.2012 21:36
გიორგის დიდ მადლობა იმისთვის რომ ასე ანალიზით და არგუმენტებით წარმოაჩინა "შუაშისტობის", ანუ ნეიტრალურ მდგომარეობაში ყოფნით და ამ მდგომარეობიდან ცვლილებების შეტანის სიკეთე

და რომ ამაში ცუდი არაფერია, და რომ პირიქით, ასეთი პოზიცია უფრო მეტ, მიუკერძოებელ ცვლილებას მოიტანს, ვიდრე რომელიმე ზალის დროშის ქვეშ ყოფნა

ავტორი: თ.ლ
02.09.2012 20:07
ატანასე, ეს მართლმადიდებლობის კრიტიკა კი არ არის, არამედ მართლმადიდებლობის სახელით აღსრულებული ძალადობის კრიტიკა. ყველაზე ხშირად, მგლები კითხულობენ სახარებას ცხვრებისთვის.

ავტორი: atanase საიდან გვწერთ: ruis-urbnisidan
02.09.2012 17:49
რა ქნას ავტორმა-მართმადიდებლობა თუ არ აკრიტიკა და მის მიმართ სიძულვილი თუ არ აფრქვია, ვინ დაუფინანსებს ამ აბსურდულ, თითიდან გამოწოვილ, ხელოვნურ, აბსურდულ სტატიებს...

ავტორი: ანონიმი
02.09.2012 15:14
ღვთისმშობელო ადამიანებად აქციე ყველა ისტი ფემინისტების ჩათვლით და საბჭოთა ზარბაზნით საქართველოს დემოკრატიზაციით კმაყოფილი ყველა კრეტინი.

ავტორი: shorenab საიდან გვწერთ: სახლიდან
02.09.2012 11:04
მუდმივად მივსტირით წარსულს, რომლის შესახებ ან საერთოდ არ გაგვაჩნია წარმოდგენა ან გაგვაჩნია ზედაპირული ცოდნა, რომელიც არასწორი ფაქტების წაკითხულის ან მოსმენილის შემდეგ გვიყალიბდება. ქართველი მეფის ხსენება ყოველთვის იწვევს ჩვენში გულაჩუყებული გრძნობების გაღვიძებას, ფარულ სიყვარულს მის მიმართ, ისე რომ ზოგჯერ არც კი ვიცით რა გააკეთა ან არ გააკეთა ამ მეფემ ჩვენი ქვეყნისთვის. როგორიც არ უნდა იყოს მეფე, რომელიც 10 საუკუნის წინ ცხოვრობდა, ვერ გახდება დღევანდელ დღეს მისაბაძი პიროვნება, რადგან დღევანდელი ყოფა ბევრად განსხვავდება 10 საუკუნის წინანდელ ყოფისგან, დღევანდელი გამოწვევები ბევრად სხვაა ვიდრე მაშინ იყო. მთა რაც უფრო შორსაა, მით უფრო ლამაზად მოსჩანს, თუმცა ახლოს რომ მიუახლობდები, შეიძლება იქ სხვა სურათი დაგხვდეს ...

ავტორი: თ. ლ.
01.09.2012 23:56
მაგარი სტატიაა, ბოლო განსაკუთრებით მომეწონა. :)
ფეტიშები არ არსებობენ, ის მხოლოდ ტვინის პროდუქტია. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ტვინის პროდუქტებს ეწირება ნახევარი კაცობრიობა... აბსურდია, მაგრამ ფაქტია.
ტვინთა მართვის ხელოვნებას ადამის მოდგმა გაჩენისთანევე ეზიარა... ტკბილია ძალაუფლება...

ავტორი: ანონიმი
01.09.2012 20:26
ღმერთო, როდის მოასწარი ამდენი "მორწმუნის" დაჩეკვა :(

ავტორი: ანონიმი
01.09.2012 20:19
"რუის-ურბნისით საქართველოში პირველი ტოტალიტარული, საყოველთაო კონტროლსა და შიშზე დამყარებული სახელმწიფოს პრეცედენტი შედგა, რომელსაც პოლიტიკურად დასუსტებასთან ერთად ტრანსნაციონალურობისა და იმპერიულობის ყოველგვარი თეორიული შანსიც კი გაუქრა."
აკი, სულ რომ წერთ, რომ საქართველო მე 19 საუკუნიდან შეიქმნაო? და როდის და რატომ უნდა მოგვენდომებინა ტრანსნაციონალური და იმპერიული ვყოფილიყავით? რა მოწონს ამ ბიჭს, რაღაც ვერ გვაგებინებს კარგად.

ავტორი: ანონიმი
01.09.2012 19:18
ეეჰ, კიდევ კარგი ეს მაისურაძე არ ცხოვრობდა ძველ ეგვიპტეში თორე მოსეს მშობლები მისი შემყურე ასექსუალები გახდებოდნენ, არ გაჩნდებოდა მოსეც და დაიღუპებოდა კაცობრიობა სულ!

ავტორი: Zaratustra საიდან გვწერთ: internetidan :D
01.09.2012 18:11
"სრული სიცხადით აჩვენა ის სახე, რაც ადრე ისტორიის სახელმძღვანელოებიდან თუ მხატვრული ლიტერატურიდან იყო ცნობილი: ერთი მხრივ, როგორც ძალაუფლების დამცველი და მისი ლეგიტიმურობის გარანტი და, მეორე მხრივ, როგორც სადამსჯელო ინსტანცია, რომლის უმთავრესი დანიშნულება სრული შეუწყნარებლობაა ყველა სახის „ერესის“ მიმართ, ანუ ყოველივე განსხვავებულისა და ახლისადმი, რომელიც მას არ აღიარებს უმაღლეს ავტორიტეტად, არ ემორჩილება, მის კრიტიკას ბედავს."

ზოგადად, გეთანხმებით. ეკლესია იცავს საკუთარ ძალაუფლებას (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა რელიგიური ინსტიტუტი) მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არც არაფერი გასაოცარი არ მომხდარა ეკლესიის მხრიდან. ნებისმიერს რო შეუვარდეს ვინმე სახლში, ან თვითონ დასჯის ან სახელმწიფოს მოთხოვს რომ დასაჯოს : ))

გასაგებია ყველაფერი მაგრამ მაინც PUSSY RIOT IS OVER RATED და დუგინის ინტელექტუალობა არ დაიკარგოს არსად : ))

ავტორი: გიო საიდან გვწერთ: თბილისი
01.09.2012 14:13
ჩემი მიამიტობის ბრალია, მაგრამ ამ ბოლო დროს სულ დამავიწდა, რომ ნაფტა-გუგინის ტიპის ინტელექტუალები კიდევ არსებობდნენ. "კონსერვატიული მარადისობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია" რომელიც ცდილობს მორალის , სულიერების, წესიერების და დისციპლინის აღმოფხვრას. რომელიც თურმე პუტინში და მარადიულ რუსულ მართმადიდებლურ ეკლესიაშია ყოფილა განსხეულებული.
ამგვარი ინტელექტუალური-პასიური ტერორიზმი რითი განსხვავდება ბრეივიკის ეთიკურ-აქტიურ ტერორიზმისაგან?
ეჭვი არ მეპარება, რომ დუგინის მანიფესტს საქართველოს მოსახლოების ნახევარი დღესვე ხელს მოაწერდა.
პ.ს: ეს არ ნიშნავს, რომ ის მეორე ნახევარი "კაი ტიპი" გამოვა.

ავტორი: "союз фурий и ума" საიდან გვწერთ: ღელეღურდანიდან
01.09.2012 12:56
ძალიან საინტერესო ტექსტია. კომენტარები კიდევ უკეთესი, მურტალია რა...

ავტორი: ვოლტერი საიდან გვწერთ: v
01.09.2012 12:52
ბატონო გიორგი,
იმედს მიცრუებთ ერთფეროვანი სტატიებით. წაუკითხავად ხვდები უკვე რაც ეწერება და შესაბამისად აღარ ხართ საინტერესო. უამრავი თემა არსებობს რითაც შეგიძლიათ ყურადღება მიიქციოთ და გამუდმებით ნუღარ განმეორდებით მეგობარო , უზომოდ ბანალური და ცოტა სასაცილოც არის, დაიწყო ალთას და დაამთავრო ბალთას. კარგად მეყოლეთ. პატივისცემით,

ავტორი: ვასასი საიდან გვწერთ: ურბნისიდან
01.09.2012 05:14
არ მომეწონა სტატია! :| პუსი რაიოტის პრობლემით იწყებთ, მაგრამ თქვენეული მიდგომა რუის-ურბნისის კრებისადმი და დავითისადმი ჩემთვის, პირადა, მიუღებელია! შემდეგ პეტრე I-თან ავლებთ პარალელს! უიჰ! რა მიგნებაა?! ბაგრატიონების სისხლმა ხომ არ იჩქეფა, ნეტავ, რუს იმპერატორში Mტელი 6 საუკუნის შემდგომ?! ღრმად გამოიძიეთ ეგ საკითხიც, რატომ და რისთვის მოიქცა პეტრე დავითისებურად! ისე, კი, იმ 5 არანორმალური გოგოსთვის ახია ყველაფერი! თუ მასეთი მაგრები იყვნენ, იგივე წესით გაეპროტესტებინათ უკანონობა, სიღარიბე, უმუშევრობა, ნარკომანია... მაგრამ, ყველაფერი ხომ სინამდვილეში შეკვეთილია და ნაყიდია! :((
პასუხი

ავტორი: გიორგი მაისურაძე
01.09.2012 18:10
ისტორიული ფაქტები ახსნას და გაგებას საჭიროებს და არა მიღება-არმიღებას. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ვინმეს მოსწონს თუ არა. სწორედ მოწონებებზე რომაა აგებული ყველაფერი, იმიტომაც გვაქვს გაზღაპრებული ისტორია.
აბა სად ნახეთ დავით აღმაშენებელსა და პეტრე პირველს შორის პარალელი? ერთ ტექსტში რომაა ორივე მოხსენიებული, ეს არანაირად პარალელს არ ნიშნავს.
"ბაგრატიონთა სისხლმა რომ იჩქეფა" - ეს DNS-ის ანალიზით დაასკვენით? სხვათა შორის, პეტრეს არარუსობისა და ნაბიჭვრობის შესახებ ლეგენდა სწორედ რუსი ტრადიციონალისტების შეთხზულია.

ავტორი: ანონიმი
01.09.2012 04:37
ძვირფასო გიორგი, მე რომ თქვენი გულშემატკივარი არ ვიყო, არ მოგწერდით, არც დისკუსიის გამართვას ვაპირებ,ვფიქრობ, თვენთვისაც სავსებით გასაგებია რასა ნიშნავს "ზოგადი ჭეშმარიტება". მე მხოლოდ გთხოვეთ, რომ ძალაუფლებისა და გავლენებისთვის ბრძოლის მოვლენებს, ნუ განვაზოგადებთ, როგორც იერარქიის მკაცრი სისტემის ნიმუშს, რაკი საწინააღმდეგო მაგალითიც ბევრია საქართველოს ისტორიაში, თუნდაც ევდემონ დიასამიძისა. მე მიყვარს თქვენი საუბრის მოსმენა, რადგან თქვენს აზრებს ახლავს ხოლმე კეთილშობილური ეჭვი საკუთარი სიმართლის მიმართ, სტატიებში კი ეს უაღრესად სასიამოვნო ინტონაცია გეკარგებათ ხოლმე დათქვენი ნააზრევი აპრიორული ჭეშმარიტების ფორმას იღებს. მხოლოდ ის გთხოვეთ, რომ წერისასაც შეინარჩუნოთ ეს გამორჩეული თვისება დაფიქრებულობისა, რომელიც თვენს სასაუბრო მანერას გამოარჩევს,
პასუხი

ავტორი: გიორგი მაისურაძე
01.09.2012 18:17
საქმე კერძო შემთხვევებს არ ეხება, არამედ მართლმადიდებლურ (ბიზანტიურ) სამყაროში საერო და სახულიერო ხელისუფლებების ურთიერთმიმართების პრინციპს. შესაბამისად, მე აქ ჩემს სუბიექტურ მოსაზრებებს არ გადმოვცემ, როდესაც რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე ვწერ. შეიძლება თქვენთვის ასეთი მიდგომა მოულოდნელი ყოფილიყო მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში სხვადასხვა მიზეზების გამო ამ საკითხის თემატიზაცია თითქმის არ მომხდარა. ამაზე უფრო ვრცლად "ჩაკეტილ საზოგადოებასა და მის დარაჯებშიც" მიწერია.
როდესაც ვამბობ, რომ მელქისედეკ კათალიკოსი ბიზანტიის იმპერატორისადმია ლოიალური, ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ ის ცუდია ან "სამშობლოს მოღალატეა", - ამგვარი კრიტერიუმები XI საუკუნეში სრული აბსურდია, - არამედ ის, როგორც ადგილობრივი ეკლესიის მეთაური ემორჩილება მთელი საქრისტიანოს წინამძღოლს - ბიზანტიის იმპერატორს.

ავტორი: ლადო საიდან გვწერთ: აქედან
31.08.2012 23:25
საკურთხეველზე ვარსგზით შემოდგებოდნენ... იმ ადგილს ამბიონი ჰქვია...

ავტორი: anonimi საიდან გვწერთ: თბილისი
31.08.2012 22:34
კრიტიკულ კომენტარებს რaტომ არ აქვეყნებთ რა მარაზმია ? უცენზურო ლექსიკა საერთოდ არ მიხმარია.

რადიო თავისუფლება მაინც არ გერქვათ ! :facepalm

ავტორი: კახა საიდან გვწერთ: თბილისი
31.08.2012 21:42
ანტიქრისტეს მოსვლისთვის,როგორც ერთ-ერთი წმინდა დედის გამოცხადებაშია ნათქვამი სწორედ რუსეთი და რუსული მართლმადიდებლური ეკლესია აიღებს დამცველის ფუნქციას თავის თავზე,რუსი მეფე არ დაემორჩილება ანტიქრისტეს ბატონობას. გაბრწყინება კი საქართველოდან დაიწყება,ღვთისმშობლის ხატს რომ ჩამოიტანენ ათონელი ბერები. რაც შეეხება ბლოგს,არ მომწონს დავით მეფეს ესეთ კონტექსტში ხსენება და სათაურიც მკრეხეკურად მიმაჩნია(არ მითხრათ მარტო სათაური წაიკითხეო :)

ავტორი: ანონიმი საიდან გვწერთ: თბილისი
31.08.2012 21:35
ბატონო გიორგი უკვე ძალიან ერთფეროვანი და პროგნოზირებადი გახდით. თქვენი ყოველი ტექსტი, თქვენი ყოველი გამოსვლა მართმადიდებელი ეკლესიის უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას ეძღვნება.

რატომ უთმობთ მართმადიდებლობას ამდენ ყურადღებას და რატომ გაქვთ მის მიმართ ესეთი აგრესია და სიძულვილი ?
მართმადიდებლობაზე უარესი არაფერი არ ხდება ამ ქვეყნად ? მართმადიდებლობაზე უარეს ბოროტებას და პრობლემას ვერ ხედავთ ამ ქვეყანაში ? რატომ ხართ ესე ფოკუსირებული მართმადიდებლობაზე ?

პ.ს. აბა მოუთმენლად ველოდებით შემდეგ სტატიას, იმედია იქ უფრო მძაფრად "ამხელთ" მართმადიდებლობას :facepalm

ავტორი: მარგალი საიდან გვწერთ: სამარგალო
31.08.2012 21:16
როგორც ყოველთვის, ძაან მაგარი ბლოგია!

ავტორი: ნუციკო საიდან გვწერთ: თბილისი
31.08.2012 20:34
პატივცემულო და საყვარელო ავტორო, გასაგებია, რომ ყოველ ისტორიულ ფაქტს იმდენი ინტერპრეტაცია აქვს, რამდენიც მასზე მოფიქრალია, მაგრამ მაინც არ ღირს ჩვენი საკუთარი შეფასებების ზოგად ჭეშმარიტებებად მოძღოლა:( მელქისედეკის ამბავი საჭოჭმანო მოვლენა იყო, სხვაც ბევრი მომხდარა ამგვარი, მაგრამ ეს მაინც წესიდან გადახვევაა და არა წესი:(
პასუხი

ავტორი: გიორგი მაისურაძე
31.08.2012 20:37
ქალბატონო ნუციკო,
რას ნიშნავს ზოგად ჭეშმარიტებებად მოძღოლა? არსებობს ისტორიული ფაქტები და მათი ინტერპრეტაცია. თუ არ ეთანხმებით ჩემს ინტერპრეტაციას, ყურადღებით მოვისმენ თქვენს არგუმენტებს, მაგრამ ზოგადი ფრაზები - "არ გვინდა" და "არ ღირს", უბრალოდ არასაინტერესო მგონია დისკუსიისათვის.

ავტორი: მლოცველი საიდან გვწერთ: ამბიონიდან
31.08.2012 20:13
,, _ღვთისმშობლის კალთა დაიცავს რუსთა პატრიარქის კირილეს ლოცვა-ვედრებით სრულიად სამართლმადიდებლო მსოფლიოსო." ნიშნისგებით მითხრა ყოფილმა მეგობარმა მღვდელმა _ გაოგნებულმა ესღა, მოვახერხე მეთქვა ირონიული ფორმით ;;რატომაც არა, რამ გაგვყო აბა ჩვენ-მეთქი?".. მოკლედ, სრული ათეისტური სიშტერიდან სრულ რელიგიურ სიშტერემდე. აი, ჩვენი მარტივი სულიერი განვითარების ზიგზაგები..

ავტორი: ნინო ჩიჩუა საიდან გვწერთ: ანტვერპენიდან
31.08.2012 19:31
ძალიან საინტერესოა..

ყველაზე პოპულარული