Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა დგას სტალინის მოწონების მიღმა


სტალინის შესახებ ლაშა ოთხმეზურის ბლოგმა მკითხველთა ნაწილის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ამან ცოტა გამაკვირვა, რადგან არ ველოდი, თუ ეს ასეთი მგრძნობიარე საკითხი გამოდგებოდა. შემდეგ, CRRC‑ის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის შედეგები ვნახე და უფრო მეტად განვცვიფრდი: საქართველოში მცხოვრები ქართულენოვანი მოსახლეობის 29 %-ს დადებითი დამოკიდებულება აქვს სტალინის მიმართ, ხოლო დაახლოებით 22 %-ს უფრო დადებითი, ვიდრე უარყოფითი! ეს მთელი მოსახლეობის დაახლოებით ნახევარია.

უფრო რომ დავაზუსტოთ, სტალინის მიმართ დადებითი დამოკიდებულება, ამავე გამოკითხვის მიხედვით, აუცილებლად არ უდრის ვლადიმერ პუტინის და დღევანდელი რუსეთის მხარდაჭერას - გამოკითხულთა დაახლოებით 70 % პუტინს უარყოფითად აფასებს (18 % ნეიტრალურად არის განწყობილი, მხოლოდ 7,5 % აფასებს დადებითად). აქედან გამომდინარე, ამ კულტის არსებობის ასახსნელად სხვა მიზეზები უნდა ვეძებოთ. ქვემოთ სწორედ იმ მიზეზებზე ვილაპარაკებ, რამაც სტალინისადმი დადებითი დამოკიდებულება გამოიწვია და ასევე იმაზე, თუ რამდენად გამართლებულია სტალინის დასაცავად მოხმობილი არგუმენტები.

პირველი მიზეზი ის უნდა იყოს, რომ სტალინს ქართველების ნაწილი უყურებს, როგორც ყველაზე წარმატებულ ქართველს მსოფლიო ისტორიაში. 9 მაისს თავად პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომი „ქართველმა მოიგო და ამიტომ არის უფრო განსაკუთრებული.“ ისე გამოდის, რომ სტალინის მხარდაჭერა ამ ადამიანებისთვის, პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, უდრის ქართველების ნიჭიერების დაფასებას. ვინაიდან ერთი კაცის „წარმატება“ მთელი ერის ნიჭიერების საზომად გამოიყენება, ქართველების ნაწილი სტალინის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს რაც შეიძლება მეტად აზვიადებს. მაგალითად, მიიჩნევენ, რომ სტალინი იყო გენიოსი, ზებუნებრივი ნიჭიერების მქონე ადამიანი, რომელმაც შეძლო უზარმაზარი იმპერიის ბელადი გამხდარიყო.

რა თქმა უნდა, გააჩნია, „ნიჭიერებას“ როგორ გავიგებთ. ყველამ იცის, რომ სტალინი არ იყო ბოლშევიკური პარტიის მთავარი ინტელექტუალი (განსაკუთრებით, ლენინის, ტროცკის, ზინოვიევის, კამენევის, ბუხარინის ფონზე), მაგრამ მან შეძლო ოპონენტების განადგურება, მათ შორის, მის მიმართ ყველაზე ლოიალურად განწყობილი ბუხარინის ჩათვლით. ბოლშევიკი და არაბოლშევიკი მტრების წინააღმდეგ და ძალაუფლების განსამტკიცებლად განხორციელებული კამპანიის ფარგლებში სტალინმა მილიონობით ადამიანი გადაასახლა და დახვრიტა. იელის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორის, ტიმოთი სნაიდერის შეფასებით, გულაგის (შრომა-გასწორების ბანაკებისა და კოლონიების მთავარი სამმართველო) ბანაკებში სტალინის პერიოდში დაახლოებით 2-დან 3 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. „დიდმა ტერორმა“ (1936 წლიდან 1938 წლამდე მიმდინარე პოლიტიკური რეპრესიების კამპანიამ) დაახლოებით ერთ მილიონამდე ადამიანი შეიწირა. უკრაინაში მიმდინარე მასობრივი შიმშილობის, ე.წ. „ჰოლოდომორის“ და, ასევე, ყაზახეთში შიმშილობის დროს სტალინის კისერზეა დაახლოებით 5 მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილი. 1936-1937 წლებში სტალინის ბრძანებით, „ნკვდ“-მ დახვრიტა 380 000 „კულაკი“ (გლეხები, რომლებიც ძირითადად იმაზე ცოტა მეტ მიწას ან საქონელს ფლობდნენ, ვიდრე მათი მეზობლები). ასევე, სტალინის ბრძანებითვე დახვრიტეს სახელმწიფოს მტრად მიჩნეული ეთნიკური უმცირესობები - დაახლოებით 250 000 ადამიანი (მათ შორის, 100 000-ზე მეტი პოლონელი). საბოლოო ჯამში, სტალინის რეჟიმს დაახლოებით 6 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

თუ „ნიჭიერებაში“ ამას ვგულისხმობთ - ტოტალიტარულ რეჟიმში ძალაუფლებისთვის სასტიკ და სისხლიან ბრძოლაში გამარჯვებას, მილიონობით ადამიანის გადასახლებას და დახვრეტას, მაშინ, რა თქმა უნდა, სტალინი უდავოდ ნიჭიერი იყო, შეეძლო ადამიანებით მანიპულირება და მათი მასობრივად განადგურება. მან შეძლო ის, რომ ზოგჯერ მის მიერ რეპრესირებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრებიც კი, მისი კულტის გავლენის ქვეშ ექცეოდნენ.

საკითხავი ის არის, თუ რატომ უნდა გვეამაყებოდეს იმ ადამიანის „ნიჭიერება“, რომელმაც ტოტალიტარულ საბჭოთა კავშირში შეძლო ყველაზე სისხლიანი და დაუნდობელი დიქტატორი ყოფილიყო? ნუთუ იმდენად ცუდად ვაფასებთ ჩვენს თავს, რომ სტალინის ფიგურით ამოიწურება ჩვენი ნიჭიერება?

აქ კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ სტალინისადმი დადებითად განწყობილი ადამიანების ნაწილმა არ იცის სიმართლე სტალინის შესახებ. ეს ძალიან კარგად ჩანს გამოკითხვაშიც: გამოკითხულთა 35 % ამბობს, რომ სკოლაში არაფერი უსწავლია სტალინის შესახებ, 38 %-ს კი სკოლაში სტალინის შესახებ მხოლოდ დადებითი ინფორმაცია მიაწოდეს. ამის მიზეზი ნაწილობრივ ის არის, რომ ამ ადამიანების ნაწილს საბჭოთა პერიოდში აქვს სოციალიზაცია გავლილი; თუმცა დღესაც კი ქართულ სკოლებში სათანადოდ არ ისწავლება და მოწმდება ინფორმაცია სტალინის და მის მიერ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ. არასათანადოდ ისწავლება ზოგადად საბჭოთა კავშირის ისტორია, რომელიც ალბათ საერთოდაც ცალკე სასკოლო საგნად გამოყოფას იმსახურებს (მინიმუმ, ისტორიის ან სამოქალაქო განათლების საგნების ფარგლებში გაძლიერებულად სწავლებას). ვფიქრობ, ამის გამოსწორებაზე სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს.

კიდევ ერთი, მესამე მიზეზი, რატომაც სტალინს მოსახლეობის ნაწილი დღემდე დადებითად უყურებს, ის არის, რომ სტალინი ასოცირდება „ძლიერ ხელთან“ და ზებუნებრივი თვისებების მქონე ფიგურასთან, რომელმაც „წესრიგი დაამყარა“. ჩვენდა სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ის საზოგადოება ვართ, რომელიც ეძებს გადამრჩენელს, რომელიც თანამედროვეობის ქაოსში, დაამყარებს წესრიგს და მოგვცემს ცხოვრებისეულ ორიენტირებს. ზოგიერთის თვალში სტალინი ისეთივე მესიაა, როგორც სააკაშვილი ან ივანიშვილი - ლეგენდარული, არამქვეყნიური ძალების მქონე ადამიანი, რომელიც ხელის ერთი მოსმით აწესრიგებს ყველაფერს. დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანების კეთილდღეობა ერთ ადამიანზე და მის „ზებუნებრივ“ ძალებზე კი არა, თავად საზოგადოებაზე უნდა იყოს დამოკიდებული და საზოგადოების წევრების მიერ ერთმანეთის მიმართ გამოვლენილ სოლიდარობაზე. ჯერჯერობით, მინიმუმ იქამდე, სანამ სტალინის კულტი ზოგიერთი ჩვენგანისთვის ჯერ კიდევ არსებობს, დემოკრატიულობასა და სოლიდარობაზე პრეტენზია ვერ გვექნება.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG