Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ერთხელ ტერაქტებზე


1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ ისრაელში გავრცელდა ანეკდოტი, რომლის მიხედვითაც, თუ ადრე ებრაელები საუკეთესო ვაჭრები, ხოლო გერმანელები საუკეთესო ჯარისკაცები იყვნენ, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან როლები შეიცვალა: ებრაელები საუკეთესო მეომრები, ხოლო გერმანელები საუკეთესო კომერსანტები გახდნენ.

საყოველთაოდ განთქმული ებრაული იუმორი ძალიან ზუსტი აღმოჩნდა დასავლეთ ევროპის საზოგადოების დიაგნოზში: პირველი და მეორე მსოფლიო ომების საშინელებებმა და ცივი ომის პერიოდის ბირთვულმა პესიმიზმა ევროპას დაავიწყა 1600 წლის წინ რომაელი გენერლის მიერ წარმოთქმული ფრაზა: „თუ გინდა მშვიდობა - ემზადე ომისათვის!“. უფრო სწორად, კი არ დაავიწყა, არამედ დასავლეთმა ამ რომაული გამოთქმის პერიფრაზირება გააკეთა: „თუ გინდა მშვიდობა - ემზადე მშვიდობისათვის!“

ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ საფრანგეთში ბევრმა გადაწყვიტა, რომ მას ჰქონდა უფლება, საფრანგეთთან დადებული რესპუბლიკური კონტრაქტი ნაწილობრივ მაინც გაეწყვიტა. კომუნისტური ბლოკის კოლაფსთან ერთად საფრანგეთის მოქალაქემ დაკარგა საფრთხის შეგრძნება. მოქალაქე-ჯარისკაცმა, მოქალაქე-მუშამ, მოქალაქე-მომხმარებელმა თავს უფლება მისცა, გამხდარიყო განხიბლული მოქალაქე: განხიბლული საფრანგეთით, განხიბლული დემოკრატიით, განხიბლული ევროპით, განხიბლული სახელმწიფო ინსტიტუტებით, განხიბლული სისტემით.

ამ ფენომენის ერთ-ერთი გვერდითი ეფექტი გახდა „სამხედრო ცნობიერების“ ატროფირება. საფრანგეთში შესაშური რეგულარობით ქვეყნდება 50 ან 100 ყველაზე გავლენიანი ფრანგის სია. მასში თქვენ გვერდიგვერდ ნახავთ ქვეყნის პოლიტიკოსებს, კინოს და ტელერეალობის ვარსკვლავებს, ჟურნალისტებს, სპორტსმენებს და მედიალიზირებულ „ფილოსოფოსებს“. თუ გაუმართლათ ღვთის მსახურთ, შეიძლება სიაში ერთი კარდინალიც კი გაერიოს. მაგრამ ვისაც ვერასდროს ვერ ნახავთ ამ სიაში, ეს არის გენშტაბის უფროსი. უცნაური ამაში არაფერია გარდა ერთისა: ფრანგულ პრესას არასდროს დაუსვამს კითხვა, რატომ არ ხვდება გავლენიანი ფრანგების სიაში ის ადამიანი, რომელიც არის ქვეყნის პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი იმ სამხედრო ოპერაციების დაგეგმვისას, რომლებსაც საფრანგეთი დღესაც მრავლად ატარებს აფრიკის კონტინენტზე.

წლების მანძილზე „სამხედრო ცნობიერების“ ატროფია არა მხოლოდ საზოგადოებაში, არამედ პოლიტიკურ ელიტაშიც მიმდინარეობდა. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ეკონომიის მიზნით საფრანგეთის ძალოვანი სტრუქტურების დაფინანსების გამუდმებულმა შემცირებამ ქვეყანა იქამდე მიიყვანა, რომ დღეს 66,3-მილიონიან საფრანგეთში ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად დაკავებულია 25%-ით ნაკლები სახელმწიფო აგენტი, ვიდრე 8,1-მილიონიან ისრაელში.

მე ზემოთ ვახსენე რესპუბლიკური კონტრაქტი, რომელიც მოქალაქეების თავისუფლების და თანასწორობის გარანტია და ამ უკანასკნელისგან მხოლოდ ჩართულობას ითხოვს. ამ კონტრაქტის ერთგულებიდან გამომდინარე, საფრანგეთის მთავრობისათვის საზოგადოების კეთილდღეობა და მდგრადობა ყოველთვის ყველაზე უფრო პრიორიტეტული იყო და ხშირად მისი მაღალ დონეზე შენარჩუნება სამხედრო დაფინასების შემცირების ხარჯზე ხდებოდა. ამის ყველაზე კარგი მაგალითი შემდეგი ციფრებია: მიუხედავად სახელმწიფოს მცდელობისა, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი შეამციროს, 13 ნოემბრის ტერაქტის შემდეგ, ქვეყნის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, მთავრობამ გადაწყვიტა, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში 8500 დამატებითი ადგილი შექმნას, რაც ქვეყანას წელიწადში 600 მილიონი ევრო დაუჯდება. ეს თანხა უფრო ნაკლებია, ვიდრე ის ხარჯები, რასაც საფრანგეთის სახელმწიფო იღებს ყოველწლიურად არალეგალი ემიგრანტების სამკურნალოდ...

2015 წლის პარიზში ჯერ იანვრის შარლი ებდოს და შემდეგ ნოემბრის ტერორისტულმა აქტებმა კარდინალურად შეცვალეს არა მხოლოდ მთავრობის პოზიცია, არამედ მოქალაქეების დამოკიდებულება რესპუბლიკური კონტრაქტის მიმართ: თუ იანვარში შარლი ებდოს ტერაქტის შემდეგ გაორმაგდა ახალგაზრდების რაოდენობა, ვინც ჯარში და ფრანგულ სპეცსამსახურებში მუშაობის დაწყება მოისურვა, ნოემბრის ტერაქტების შემდეგ გაორმაგებული ციფრი კიდევ გასამმაგდა. დღესდღეობით ფრანგული პრესის ფურცლები სავსეა ახალგაზრდების ისტორიებით, რომლებსაც ზურგს უკან ძალზე წარმატებული კარიერა აქვთ და მზად არიან, ხაზი გადაუსვან საკუთარ მიღწევებს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მოქალაქე-ჯარისკაცები გახდნენ.

ამ ისტორიაში ყველაზე ღირსშესანიშნავი ის არის, რომ ტერაქტებზე ფრანგების ეს „პატრიოტული პასუხი“ მხოლოდ ერთი ნაწილია რეალობისა. ამ რეალობის მეორე ნაწილი კი, სავარაუდოდ, შეიძლება კიდევ უფრო დიდი დაფასების და აღფრთოვანების საგანია: თუ შარლი ებდოს 11 იანვრის ტერორისტული აქტის შემდეგ საფრანგეთში ბესტსელერების სიაში პირველი ადგილი მყარად დაიკავა ვოლტერის ტრაქტატმა ტოლერანტობაზე, პარიზის 13 ნოემბრის ტერაქტის შემდეგ გაყიდვების ყველა რეკორდი მოხსნა არა ჰანტინგტონის წიგნმა ცივილიზაციათა შორის კონფლიქტზე, არამედ ჰემინგუეის ნაწარმოებმა ერთი ძალზე თვალსაჩინო სათაურით „პარიზი მუდმივი ზეიმია“...

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG