Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი სამამულო ომის მითები


„ეს ომი ჩვენი უკანასკნელი სიწმინდეა. თუ ის დაემხო, რაღა დაგვრჩება?“ - დაწერა ერთმა მოსკოველმა სკოლის მოსწავლემ 2001 წელს.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა კავშირმა, ათეისტურმა ქვეყანამ, ამ კონფლიქტისგან შექმნა ნამდვილი რელიგია თავისი კრედოთი, ლიტურგიით, წმინდა ადგილებითა და წმინდანების პანთეონით. ამ რელიგიის კრედოს მიხედვით, ომი არ დაწყებულა 1939 წლის 23 აგვისტოს (როცა გაფორმდა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი), არც 1939 წლის 17 სექტემბერს (როცა წითელმა არმიამ აღმოსავლეთი პოლონეთი დაიკავა), არც ამავე წლის 20 ნოემბერს (როცა თავს დაესხა ფინეთს), არც 1940 წლის აპრილში (როცა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ბესარაბიის ანექსია მოახდინა); ომი დაიწყო 1941 წლის 22 ივნისს. 22 ივნისი ის დღეა, როცა თავს ესხმიან საბჭოთა ხალხს და ისიც, ერთ მუშტად შეკრული, წინ აღუდგა ფაშისტ აგრესორს... სულ რომ არაფერი ვთქვათ ე.წ. „заградительный отряд“-ებზე, რომლებმაც კაგებეს წინამორბედთან, НКВД-სთან ერთად, 1941-42 წლებში წითელი არმიის 198 ათასი მოსამსახურე დახვრიტეს თვითდასახიჩრების, პოზიციის თვითნებური დატოვებისა და სხვა სახის „დეზერტირული მოქმედებების“ გამო, კონფლიქტის მთელი პერიოდის მანძილზე ვერმახტის, SS-ისა და გერმანიის პოლიციის რიგებში 1,5 მილიონი საბჭოთა მოქალაქე მსახურობდა.

ამ კრედოს მიხედვით წითელი არმია იყო სახალხო არმია: ძმური და თანასწორი პირობების შემქმნელი. არადა, კარგა ხანია ცნობილია, რომ წითელ არმიაში ხშირი იყო ეროვნული შუღლის შემთხვევები, ფართოდ იყო გავრცელებული ანტისემიტიზმი. ამდენად, წითელი არმია ბევრად უფრო არაეგალიტარისტული იყო, ვიდრე ვერმახტი. და ეს ვლინდებოდა როგორც ცალკეული მოსამსახურეების დაჯილდოებისას, ისე მათთვის სამსახურის პირობების შექმნისას, იქნებოდა ეს კვება თუ შვებულება.

საბჭოთა კრედოს მიხედვით, წითელი არმია, გადალახა თუ არა თავისი ქვეყნის საზღვრები, თავისი ინტერნაციონალური ვალის შესრულებას შეუდგა: გაათავისუფლა ჩაგრული ერები და დააპურა ობოლი გერმანელი ბავშვები, ქვრივი გერმანელი ქალები (არავინ ახსენებს გაუპატიურებულ პოლონელ, რუმინელ, თუ იმავე გერმანიაში დეპორტირებულ საბჭოთა ქალებს. არადა, გერმანელი ისტორიკოსის, ბარბარა იორის მიხედვით, წითელი არმიის ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა გააუპატიურეს ორ მილიონამდე გერმანელი ქალი და მოკლეს 100 ათასამდე მშვიდობიანი მოსახლე).

რაც შეეხება საკულტო ადგილებს, ისინი მრავლად იყო მიმოფანტული მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე: იქნებოდა ეს კვარცხლბეკზე შემოდგმული ტანკი T-34 თუ გმირთა ობელისკი. კოლექტიური მეხსიერების ყველაზე მონუმენტური კომპლექსები ომის შემდეგ მოხილვის ადგილებად იქცა. პირველ ყოვლისა, ესენია მამაის ყორღანი ვოლგოგრადში (ყოფილი სტალინგრადი), ბრესტის ციხესიმაგრე, ოდესის კატაკომბები და სოფელი ხატინი მინსკის მახლობლად: ამ დასახელების სოფელი საგანგებოდ იქნა შერჩეული, რათა ხატინს ჩაენაცვლებინა კატინი და აღარავის გახსენებოდა იქ 1940 წლის გაზაფხულზე 25 ათასამდე პოლონელი ოფიცრის დახვრეტა НКВД-ს მიერ.

ფოიერვერკი პოკლონაია გორას მემორიალთან (2012 წლის 23 თებერვალი).
ფოიერვერკი პოკლონაია გორას მემორიალთან (2012 წლის 23 თებერვალი).

ბრეჟნევის მმართველობის ხანაში მოსკოვში, პოკლონაია გორაზე, სტალინური არქიტექტურის სტილში აიგო საკულტო ტაძარი, „გამარჯვების პარკი“, რომელიც კიდევ უფრო გააფართოეს ბრეჟნევის მემკვიდრე მმართველებმა: გორბაჩოვმა, ელცინმა, პუტინმა. ამ პარკში ცენტრალური ადგილი უკავია 141,8-მეტრიან „გამარჯვების ობელისკს“ (10 სანტიმეტრი ომის თითო დღის აღსანიშნავად). მის კვარცხლბეკზე მოთავსებულია წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. იქვეა მართლმადიდებელი ეკლესია და ტანკი T-34... „გამარჯვების პარკის“ არქიტექტურა სტალინისტურია არა მხოლოდ თავისი ესთეტიკით, არამედ შინაარსობრივადაც: 1939-41 და 1944-45 წლებში აღმოსავლეთ ევროპის სოვეტიზაცია ხორციელდებოდა არა მხოლოდ კომუნიზმის დროშის ქვეშ, არამედ პანსლავური და მართლმადიდებლური ლოზუნგებითაც.

რაც შეეხება წმინდანების პანთეონს, იგი კამიკაძეებით არის სავსე: იქნება ეს აალებათი სითხით „შეიარაღებული“ ერთი ჯარისკაცი გერმანიის ტანკების უზარმაზარი არმიის წინააღმდეგ თუ „სტალინის შევარდენი“ მფრინავი (сталинские соколы) რომელიც „ტარანით“ ჩამოაგდებს ლუფტვაფეს თვითმფრინავს. დიდი სამამულო ომის კატეხიზმოს მიხედვით, ბავშვები სკოლებში სწავლობენ წმინდა წამებულების ისტორიას, იქნება ეს ალექსანდრე მატროსოვი, ნიკოლაი გასტელო თუ 28 პანფილოველი. 28 პანფილოველის ამბავი, ალბათ, ყველაზე საინტერესოა. საბჭოთა კატეხიზმოს თანახმად, 1941 წლის 16 ნოემბერს, ვოლოკოლამსკთან, 316-ე დივიზიის 1075-ე პოლკის 28 ჯარისკაცმა, ივან პანფილოვის მეთაურობით, ოთხსაათიანი ბრძოლის შედეგად, გაანადგურა გერმანელთა 18 ტანკი. ვინ მოთვლის, რამდენი რომანი, პოემა, სიმღერა თუ ფილმი მიეძღვნა საბჭოთა კავშირში 28 პანფილოველის ამ გმირობას! მის უკვდავსაყოფად მოსკოვსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებში ათობით ქანდაკებაა აღმართული. ასობით ქუჩა თუ მოედანი ატარებს გერმანელთა ტანკების გამანადგურებელთა სახელს. სიკვდილის შემდეგ პანფილოველებს საბჭოთა კავშირის გმირების წოდება მიანიჭეს, რადგან მათ, როგორც 1941 წლის 27 ნოემბერს წერდა გაზეთი „კრასნაია ზვეზდა“, „თავი გასწირეს, მაგრამ გერმანულ ტანკებს მოსკოვისკენ მიმავალი გზა გადაუხერგეს“. მერე რა, რომ მალევე გაირკვა: ამ 28-იდან რამდენიმე „გმირი“ არა მარტო გადაურჩა სიკვდილს, არამედ ფრონტის ხაზიც გადაკვეთა, გერმანელებს ჩაბარდა და კოლაბორაციონისტად იქცა?

1945 წლიდან მოყოლებული საბჭოთა ცენზურა (დღეს კი მისი მემკვიდრე რუსეთის ცენზურა) ფხიზლად ადევნებდა (და ადევნებს) თვალყურს, რომ არავის და არაფერს შეებღალა რწმენის კრედო, არავის გადაეხვია მისგან, ეჭვი არავის გასჩენოდა. ყოველთვის, როცა კომუნისტური ან რუსეთის რეჟიმი სუსტია, იგი საშველად მიმართავს დიდი სამამულო ომის სიმბოლოებს, რათა ამით გაამართლოს თავისი უძლურება ან, პირიქით, ძალის გამოყენება. თუ საბჭოთა ეპოქაში, როდესაც კომუნისტური პარტია უუნარო აღმოჩნდა, შეესრულებინა „დიადი ოქტომბრის“ დაპირებები და კომუნიზმის უმთავრეს მონაპოვრად მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება გამოაცხადა, დღეს ეს მითი პუტინის სამხედრო ექსპანსიას ემსახურება.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG