შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 00:04

ბლოგები / ბიძინა მაყაშვილი

09. 09. 09.

x
ტექსტის ზომა - +
ეს თემა ძველი ბლოგის ერთი კომენტარის და თანამედროვე ინგლისური ანეგდოტის გამო ავირჩიე. იმ ანეგდოტის თანახმად, ერთი ტინეიჯერი ეუბნება მეორეს: იცოდი, რომ მაკკარტნი ადრე სხვა ჯგუფში უკრავდაო?!
ერთ-ერთ მიზეზი იმისა, რის გამოც მაკკარტნის ყოფილი ჯგუფი ანეგდოტის სამიზნე გახდა, ის არის, რომ უკვე თითქმის 40 წელი გავიდა, რაც ამ ჯგუფმა არსებობა შეწყვიტა. მისი ერთი წევრი 29 წლის წინ გამოასალმეს სიცოცხლეს, მეორე კი 8 წლის წინ გარდაიცვალა.
ამის მიუხედავად, “ბიტლზი” დღესაც ახერხებს თავის ირგვლივ საზოგადოებრივი ყურადღების ისეთ კონცენტრაციას, როგორსაც პოპულარობის პიკზე ყოფნისას იყო მიჩვეული. დაშლის შემდეგ, მგონი, წელი არ ჩაუგდიათ, რომ სამყაროსთვის რამით მაინც არ შეეხსენებინათ თავი. ხოლო ყოველ 5-6 წელიწადში ერთხელ მსოფლიოს გადასახადის გადამხდელების ფინანსებს სერიოზულ გამოცდას უწყობენ ხოლმე.
ერთი ასეთი მძლავრი შეტევა წელს განახორციელეს. მასმედიის საშუალებით მთელი წლის განმავლობაში ამზადებდნენ საზოგადოებას 9 სექტემბრისთვის. ამ კამპანიაში ჩართული იყო არა მარტო ავტორიტეტიანი მუსიკალური გამოცემები (Q, Mojo, NME, RollingStone), არამედ ყოველკვირეული ჟურნალები (Newsweek, Time…), ყოველდღიური გაზეთები (Times, Daily Telegraph, Guardian და ა.შ. თავიანთი საკვირაო გამოშვებებით) და BBC-ის, როგორც რადიოს სხვადასხვა სამსახურები, ისე ტელევიზიის სხვადასხვა არხები თავიანთი ინტერნეტგამოცემებით. და ეს მხოლოდ მცირე ნაწილია ამ საქმეში ჩართული საშუალებებისა. ამაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ უფრო ნათლად წარმოიდგინოთ, რა მასშტაბებს აღწევს ტვინების დამუშავება. შეუძლებელია ამას სადმე დაემალო.
მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი კეთდება დიდი გემოვნებით: ინტერვიუები მაკკარტნისთან; ის და რინგო ერთად ტელესტუდიაში (რაც, ყველაფრისგან დამოუკიდებლად, მოვლენაა); სტატიები აქამდე უცნობი ფაქტებით; ეგზოტიკა - მასალები საბჭოთა ბიტლომანების შესახებ. და, რაც მთავარია, და რაც ყოველთვის მაგიჟებს ხოლმე - ეს ზღვა მასალა ილუსტრირებულია დღემდე გამოუქვეყნებელი ფოტოებით.
მთელი ეს ძალისხმევა კი მიმართული იყო იქითკენ, რომ გადასახადების გადამხდელების გონებაში ჩაბეჭდილიყო: მეორე ათასწლეულის მეცხრე წლის მეცხრე თვის მეცხრე დღეს გასაყიდად გამოვიდოდა “ბიტლზის” ყველა კლასიკური ალბომის ე,წ, რემასტერებული ვერსიები და ვიდეოთამაში The Beatles: Rock Band.
“ბიტლზის” ალბომები კომპაქტდისკებზე 1987 წელს გადაიტანეს, წელს კი - ციფრულად დამუშავების შემდეგ - ისინი უფრო ეპოქის შესაბამისად ჟღერენ. გარდა ამისა, ყოველი დისკისთვის დაიწერა ახალი ანოტაცია; მათ დაურთეს იშვიათი ფოტოები და დოკუმენტური ვიდეოები.
თამაშის მეშვეობით კი პირველად გეძლევათ საშუალება, არა მარტო უსმინოთ და უყუროთ, როგორ ქმნის “ბიტლზი” როკის ისტორიას, არამედ თვითონაც გახდეთ ჯგუფის წევრი. “როკბენდს” კომერციული წარმატება გარანტირებული აქვს: ვიდეოთამაშების მოყვარულთა გარდა, მისით ძალიან დაინტერესდებიან “ბიტლზის” ფანები, რომლებიც ადრე სრულიად გულგრილები იყვნენ მსაგავსი გასართობების მიმართ.
ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ 09.09. 09. წარმატებული პროექტი და სერიოზული თანხების აკუმულირების წყაროა. თუმცა, ჯგუფის ორ დარჩენილ წევრს, დიდი პრობლემები ისედაც არ ჰქონდათ. მაკკარტნი ინარჩუნებს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მუსიკოსის არაოფიციალურ ტიტულს. რინგო სტარი კი მუშაობს ახალ, მე-15 სოლოალბომზე, რომლის ჩაწერაშიც მაკკარტნიც მონაწილეობს. ალბომი გასაყიდად სულ მალე, 10 იანვარს გამოვა.
დაბოლოს, ერთი კურიოზი. ბრიტანელ ტინეიჯერებს შორის ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა თითქმის ნახევარს “ბიტლზის” სიმღერის Eleanor Rigby-ის გმირი რეალური პიროვნება ჰგონია. ვერ გეტყვით, ეს სიმღერის დიდ პოპულარობაზე მეტყველებს თუ ახალგაზრდობის არაინფორმირებულობაზე, მაგრამ ფაქტია: იმავე გამოკითვის კიდევ უფრო მეტ მონაწილეს შერლოკ ჰოლმსიც რეალური პიროვნება ჰგონია. მაგრამ სხვაზე რა მაქვს სათქმელი: ბავშვობაში მეც ძალიან გავოცდი, როცა ერთმა ფრანგმა მსახიობმა განაცხადა, ჩემი საყვარელი ისტორიული პირი იესო ქრისტე არისო.
ალბათ ძალიან გაოცდებოდა ჩერჩილი, ამ გამოკითხვის შედეგები რომ გაეგო. ადამიანი, რომელსაც ეკუთვნის სიტყვები: ისწავლეთ ისტორია; ყველა საიდუმლოს გასაღები ისტორიაში ძევსო, ბრიტანელი ტინეიჯერების მეოთხედს გამოგონილი გმირი ჰგონია. ჩერჩილს კიდევ ერთი ინგლისელის სიტყვებით დავამშვიდებდი: „ისტორიის მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ ისტორიის გაკვეთილი არ არსებობს.“
საინტერესოა, რა სურათს მოგვცემდა ანალოგიური გამოკითხვა საქართველოს ტინეიჯერებს შორის, ჩერჩილის თანამედროვე, სტალინის შესახებ? გამიხარდებოდა, თუ ბავშვები ასეთი ადამიანის რეალურად არსებობას ვერ წარმოიდგენდნენ და მას, ყველაზე მეტი, ძეგლად ჩათვლიდნენ.
დავუბრუნდეთ ისევ იმას, რითაც დავიწყეთ. მიუხედავად “ბიტლზის” უზომო პოპულარობისა, ძალიან ბევრია იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ ეს ჯგუფი თავისი დროის ისეთივე დონის პოპ-ფენომენია, როგორიც, ვთქვათ, სულ ცოტა ხნის წინ იყო Spice Girls. მე მათ არ ვეთანხმები, მაგრამ მშურს მათი, რადგან ჩემზე ახლოს არიან მცნებასთან - ნუ შეიქმნი კერპსო.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ლელა საიდან გვწერთ: პრაღა
24.12.2009 22:02
ბიძინა,მოხიბლული ვარ შენი ქართულით. ატაცებულმა ბევრი დავწერე რის ვაი-ვაგლახით(ფონტს ვებრძვი)და წამეშალა.ვეღარც გავმეორდები,სამწუხაროდ. შენი ენა გამორჩეულად დახვეწილია,რაც ტექსტის სიმშვენიერეს დიდწილად განაპირობებს.დავისვენე და ვისიამოვნე კითხვის დროს.შესაბამისად შევირგე შინაარსიც.

ავტორი: dali kuprava საიდან გვწერთ: Tbilisi
18.12.2009 15:04
Eleanor Rigby და შერლოკ ჰოლმსი მეც "ნამდვილები მგონია" :)))

ავტორი: მწარია საიდან გვწერთ: სამწარეთიდან
16.12.2009 20:07
ბიძინას და მას ვისაც RFE უყვარს

მეჩვენება თუ გაუგებრობაა? ჩვენთან კლიმატი კარგა ხანია ცხელია. კლიმატის გლობალური კონვენციის შედეგები კი ვერ იქნება ასახული Georgian მედიაში. მითუმეტეს მისდამი მედიისადმი ექსპონირებულ გარემოში (გეოგრაფების ენით, მოსახლეობა).

ამის მიზეზი არა მხოლოდ ისაა, რომ ქართულ საჯარო კომუნიკაციაში (ეტყობა აქაც) ცაიტგაისტის-, კონტექსტის ბუნდოვანების- და მოვლენათა შეფასების პრობლემებია. არა?



სახეზეა შეუსაბამობათა მრავალფეროვნებას. შედეგად ვიღებთ UNFCCC-საზოგადოების მიერ მანიპულირებულ კლუბს (პირველ რიგში national საზოგადოება გვაფიქრებს. ან ვართ კი საზოგადოება?).

ბიზნეს-კურიერის დღევანდელი გადაცემის განხილვაც კი საკმარისი იქნებოდა იმის დასადგენად, რომ არა! ეს პრობლემაა. სასიცოცხლო რანგის.

ავტორი: iago საიდან გვწერთ: tbilisi
16.12.2009 17:46
რატომ გშურთ ბატონო ბიძინა მაგ ბავშვებსაც ჰყავთ კერპი – ბრიტნი სპირსი!!!

ავტორი: მოდერატორი
15.12.2009 19:40
ძვირფასო მეგობრებო,
გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ, რომ ფორუმზე გაჩნდა ახალი ფუნქცია: ბლოგერების და მოდერატორების მსგავსად თქვენც შეგიძლიათ გამოეხმაუროთ კონკრეტულ პოსტს ისე, რომ თქვენი გამოხმაურება ამ პოსტის "ბუდეში" გამოქვეყნდება. ამისთვის უნდა დააჭიროთ ღილაკს "პასუხი". ასეთი კომენტარების რაოდენობა განუსაზღვრელია. "პასუხის პასუხის" გამოქვეყნება არ შეიძლება. ამის საშუალება მხოლოდ ბლოგერს და მოდერატორს აქვს.

გთხოვთ, გამოცადოთ ეს სისტემა და გარკვეული დროის შემდეგ თქვენი აზრი შეგვატყობინოთ, ღირს თუ არა ამ ფუნქციის დატოვება. ყოველი შემთხვევისთვის გაითვალისწინეთ, რომ თუ გირჩევნიათ, მომავალშიც შეგიძლეიათ გააგრძელოთ ძველებური წესით გამოხმაურება სტატიებზე და ერთმანეთის პოსტებზე. უბრალოდ, ფუნქცია "პასუხი" არ გამოიყენოთ.
გმადლობთ.

ავტორი: ნენე საიდან გვწერთ: აშშ
14.12.2009 07:21
ბიძინა, მართლაც ნამდვილი ფანი ხართ "ბიტლზის" :-)
"ძველი ბლოგის ერთი კომენტარი" კი არ გვითხარით რა იყო...

ავტორი: sun dro საიდან გვწერთ: Abbey Road
13.12.2009 21:25
მომეწონა. და ბითლები ნამდვილად უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ფენომენი იყო ვიდრე Spice Girls, ან კიდე ათასი სხვა ჯგუფი,

ავტორი: დიმიტრი საიდან გვწერთ: Boerum Hill
13.12.2009 20:36
მადლობა ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ბლოგისთვის : )

ყველაზე პოპულარული