სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 22:25

ბლოგები / ბიძინა მაყაშვილი

ახალი წელი

x
ტექსტის ზომა - +
გილოცავთ ახალ წელს და გთავაზობთ საახალწლო ეპიზოდს სერიალიდან “ქართველიშვილები”. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად მოგახსენებთ, რომ აქ აღწერილი ამბები და გმირები გამოგონოლია და მათ საერთო არაფერი აქვთ სინამდვილესთან. ბუნებრივია, ეს ეხება ოჯახის გვარსაც, რომელიც აღებულია მხოლოდ მხატვრული მოსაზრებით. პერიოდულად შემოგთავაზებთ სერიალის სხვა ეპიზოდებსაც.

მე გიორგი ქართველიშვილი ვარ და ეს ჩემი მეთერთმეტე ახალი წელია. ეს ჩემი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია 1 მაისთან და 7 ნოემბერთან ერთად. მაგრამ მე ახალი წელი მირჩევნია, რადგან „პარადზე“ არ მივყავართ. ისე, ამ ორი „პარადიდან“ მაისის უკეთესია, რადგან ნოემბერში ძალიან ცივა და მაინც თეთრი „საროჩკით“ უნდა იყო და თანაც ხელში ტრანსპარანტი უნდა გეჭიროს. წელს ძალიან ციოდა და ქარი უბერავდა. შარშანაც ციოდა, მაგრამ ქარი სხვა მხრიდან უბერავდა. ამის მიუხედავად, მაინც კარგი იყო, იმიტომ რომ ძალიან გავცივდი და 15 დღე (კვირების ჩათვლით) არ დავდიოდი სკოლაში. ისეთი მაღალი სიცხე მქონდა, რომ ფანჯრებს სულ ღია ვტოვებდით, ოთახში რომ ცოტა აგრილებულიყო. მაგრამ, მთელი ორი კვირის განმავლობაში დედა ყოველდღე ექვს ცალ ვალიდოლს მასმევდა და მოვრჩი. ავადმყოფობის შემდეგ ერთი თვე ვიარე სკოლაში და მერე ზამთრის არდადაგებზე დაგვითხოვეს. სკოლიდან რომ დავბრუნდი, სახლში ჩვეული წინასაახალწლო ფუსფუსი დამხვდა: დედა სამზარეულოში საგოზინაყე მაკარონს ჭრიდა; მამა სამლიტრიან ქილაში მთელი წლის განმავლობაში შეგროვილი კიტრის ნაფცქვენებიდან არაყს ხდიდა. ჩემი და კი საბავშვო ბაღში საახალწლოდ ნაჩუქარ ქაღალდის წებოს ენით სინჯავდა. მეც ამოვიღე ჩანთიდან წიგნი, რომელიც სკოლაში მაჩუქეს საახალწლოდ - „მენავთობის ცნობარი“. მე და ჩემმა დამ ცოტა ხანი ერთმანეთის საჩუქრებით ვითამაშეთ: მე წებოს დავაწე ენა, ჩემ დას კი წიგნი დავაჭერინე. როცა თამაშით დავიღალეთ, გადავწყვიტეთ ნაძვის ხის მორთვა. რადგან მამა მესაფლავეა, ნაძვის ხეს ყოველთვის საფლავებიდან იპარავს. წელსაც ასე იყო, ოღონდ დამატებით კუბოს ლურსმნებიც მოგვიტანა ხის მოსართავად. ოთხი დიდი ლურსმანი იყო და 20 პატარა. დიდი ლურსმნებით კუბოს სახურავს აჭედებენ, იქიდან რომ გვამი არ ამოვიდეს; პატარებით კი შიგნით ქსოვილს ამაგრებენ, გვამმა რომ თავი კომფორტულად იგრძნოს და ამოსვლა არ მოუნდეს. ლურსმნების გარდა, ნაძვის ხეზე მამას ნახმარი „ნევას“ ძველი „ბრიტვები“ ჩამოვკიდეთ; მართალია, ზოგს ჟანგი და სისხლი ჰქონდა შემხმარი, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზად ბრჭყვიალებდნენ. კიდევ დედამ, რომელიც ფოსტალიონია, ყველა საახალწლო მისალოცი ღია ბარათი კი არ დაარიგა, არამედ სახლში მოიტანა. და ჩვენც იქიდან ამოვჭერით ლამაზი სურათები და ისინიც ხეზე დავკიდეთ. ერთი სიტყვით, ძალიან ლამაზი ნაძვის ხე გამოვიდა. ახალი წელი რომ დადგა, რადიო ჩავრთეთ და საახალწლო სუფრას შემოვუსხედით. მეზობლებმა თოფების სროლა ატეხეს. ჩვენ თოფი არ გვქონდა, ამიტომ „ლაგატკა“ ამოვიღე და წინასწარ მომზადებული კენჭების სროლა დავიწყე, მაგრამ ავაცდინე; სამაგიეროდ, კენჭი ერთადერთ ნათურას მოხვდა, გატეხა და ნატეხები მაკარონის წვენის ბაჟეში ჩაიყარა. დაბნელდა და ყველანი დავწექით; მეზობლების ბინებიდან კი მრავალჟამიერი და „აბბას“ „მანი, მანი“ ისმოდა და ტკბილად ჩამეძინა. მეორე დილას მამამ მე და ჩემი და სპორტის სასახლეში წაგვიყვანა ნაძვის ხეზე. შესასვლელში ძალიან ლამაზი მუყაოს ყუთები მოგვცეს, რომელშიც ძალიან ბევრი საჩუქარი იდო: მრგვალი, გამხმარი „პეჩენია“ ნამგლისა და უროს გამოსახულებით, ლეღვის ხმელი ჩირი, კოწახურის კანფეტი, ქლიავის “პავიდლოიანი” კანფეტი, „ფისო-ფისო“ კანფეტი, მაგარი ნუგა, მწვანე კანმიმხმარი მანდარინი და ღია ბარათი ლიპეცკის მეტალურგიული ქარხნის ფოტოთი. ჩემ დასაც ზუსტად იგივე საჩუქრები ერგო, ოღონდ მის ღია ბარათს კრასნოდარის №2 ჩაის კომბინატი ეხატა; თანც, მის ჩირში ნამდვილი მატლი ცხოვრობდა. სპორტის სასახლეში ციოდა, მაგრამ მაინც კარგი იყო: დიდი ნაძვის ხის გარშემო დარბოდნენ, ხტუნაობდნენ და მღეროდნენ თოვლის პაპა, სნეგუროჩკა, ფიფქია და შვიდი ჯუჯა, ფოკუსნიკი და კლოუნი. კლოუნი მაყურებელს ვედროდან წყალს ასხამდა - ძალიან სასაცილო იყო, ოღონდ, ცოტათი ცივი. თანაც თოვლის პაპა მამას კლასელი აღმოჩნდა, რომელიც 17 წელი არ ჰყავდა ნანახი. როცა წარმოდგენა დამთავრდა, მან ექვსი ცალი ყუთი გვაჩუქა და მამასთან ერთად ბოლო რიგში დაიწყო არყის დალევა. ხალხი უკვე წასული იყო, ისინი სვამდნენ, ჩვენ კი საჩუქრებს ვჭამდით. როცა ჭამას მოვრჩით, ისინი უკვე მთვრალები იყვნენ და საკუთარ ნარწყევში ეძინათ. ჩვენ გვციოდა; თან ჩემ დას მუცელი ასტკივდა, კუჭი აეშალა და ჩაისვარა. ნახევარი საათის შემდეგ მეც იგივე დამემართა. ორი საათის შემდეგ დარაჯმა მამა გააღვიძა და სახლში წავედით. სიმთვრალის გამო მამას მეზობელი სადარბაზოდან ნათურის მოპარვა დაავიწყდა და რადგან სახლში ბნელოდა, ყველანი დავწექით. მე და ჩემი და გავცივდით, მაგრამ დედას სამსახურიდან მოპარული კროსვორდებიანი გაზეთები აქვს მოტანილი და მთელი ზამთრის არდადეგები გასართობი მექნება. ძალიან მიყვარს ახალი წელი.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: გია ჯაფარიძე საიდან გვწერთ: ატლანტა, აშშ
26.01.2010 02:14
ბიძინა,

გამიხარდა შენი სახის დანახვა....

ავტორი: taska საიდან გვწერთ: sakartvelo
21.01.2010 15:57
სისულელეა ესეთი ახალი წელი არასოდეს არავის ჰქონია ...გიორგი ქართველიშვილი ჩემი მეგობარია და შესაბამისად ვიცი :D:D:D

ავტორი: irma
12.01.2010 03:53
თან გამეცინა,თან მეტკინა..

მაგარი ხარ

ავტორი: aleko საიდან გვწერთ: Tbilisidan
11.01.2010 23:12
ბიძო, კარგია, მომეწონა. გიორგი ქართველიშვილი, თოვლის პაპა (სანტა კლაუსი) და მამა გასაგებია ვინც არიან, მაგრამ გიორგის დაც თუ ყავდა არ მეგონა

ავტორი: გივიიი საიდან გვწერთ: ქარელი
09.01.2010 22:03
გამხმარი ;პეჩენიები;,მინისტრების სახეებით და სააკაშვილის ხელმოწერით.მაგ ;პეჩენიაზე; მგონი ოპოზიციის ლანდებიც ჩანს.მქრალად

ავტორი: ნენე საიდან გვწერთ: აშშ
09.01.2010 19:46
არაჩვეულებრივია, ძალიან ტკივილიანი! კუბოდან ამოძრობილი ლურსმნები და სისხლშემხმარი ბრიტვები საუკეთესო კომპონენტებია... მოკლედ, სიურეალისტური ახალი წელია, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის ლამის რეალობადაა ქცეული. ამ ფონზე ვერ ვხვდები, თბილისში როცა ვრეკავ, ყველა წუწუნებს და ოხრავს: აღარ შეგვიძლია ამდენი სუფრა, საჭმელი და ქეიფიო... მერე ადექი, შე დალოცვილო, და იმ ნასუფრალს, გადასაყრელად რომ ამზადებ, მშიერ ოჯახებს წაუღე... ძალიან, ძალიან სამწუხაროა, რომ ბევრი უმსგავსობა ნორმად იქცა და პირველ რიგში კი - სიცოცხლის და ბედნიერების უფლების ხელყოფა...

ავტორი: A.F. საიდან გვწერთ: from Bulavaio
09.01.2010 19:09
კომენტარებით გაღიზიანებულ ბლოგერს! )

ნიძლავს გააჩნია, და.....შემიძლია გაგასაუბრო ორ-სამ "პრარაბს" მაინც,...ოთხმოციან წლებში (მაგალითად) რომ აშენებდნენ მაგ "ფუტკრის სკებს",.........წინასწარ მხოლოდ იმას გეტყვი რომ ჯერ კიდევ, რამდენი ხნით ადრე იყვნენ გაკვირვებული, რა ამაგრებსო ამ კორპუსებს "ფეხზე"....რაც ჩვენ მაგის მასალა ვყიდეთო...!!)))

ავტორი: ბიძინა მაყაშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
09.01.2010 15:50
ბლოგით გაღიზიანებულ მკითხველებს

ამ ბლოგში აღწერილია ქვეყანა, სადც შენობა-ნაგებობების დემონტაჟ-რეკონსტრუქსიისას ადამიანთა დაღუპვა ნორმად იქცა, ხოლო დემონტაჟს გადარჩენილი საზოგადოების ნაწილი პრეზიდენტობანას, ხელისუფლებობანას, ოპოზიციონერობანას და ომობანას თამაშობს; მეორე, უფრო პროგრესული ნაწილი კი თავის ინტელექტს იმაზე კამათში ცვეთს, უნდა იყოს თუ არა დედაქალაქის ცენტრი გაჩახჩახებული საახალწლო დღეებში.

ავტორი: გიგა საიდან გვწერთ: საქართვე-ლოები
08.01.2010 22:48
''საოცარი''და საშინელი ყოფილა საბჭოთა ახალი წელი............ისეთივე ბოროტი როგორიც იმპერია იყო...........მაგრამ იცით ეს ახალი წელი მეცნო.........საშინელებაა რომ 21 საუკუნეში (კვაზი)თავისუფალ საქართველოში მოსახლეობის 90 % საბჭოთა ახალი წლით ცხოვრობს...........უბრალოს ლოზუნგებია შეცვლილი..................

ავტორი: A.F. საიდან გვწერთ: from Bulavaio
08.01.2010 19:55
მდა!.....

(მე გავაკეთე კომენტარი ამ თემაში,........................შენ??!)
*
((რუჩკებს არ ენდოთ..;))

ავტორი: ნიანუ საიდან გვწერთ: თბილისი
08.01.2010 17:51
რატომ არ ვიცი, მაგრამ ძალიან მომეწონა. იცით რა გამახსენდა? ბავშვობაში სხვადასხვა ფერის ვირის გამოსახულებიანი მაკრატელი მქონდა და იმით ვჭრიდი საახალწლო ნაძვის ხეზე გასაკეთებელ ფიფქებს, თუმცა არასოდეს გამომდიოდა:)

ავტორი: ანონიმი
08.01.2010 17:05
მოგესალმებით ყველას! სიმართლე გითხრათ წავიკითხე ეს სტატია და კარგად ვიხალისე. თავიდან ცოტა უცნაურად მომეჩვენა, მერე ხელმეორედ გადავიკითხე. გასაგებად ეწერა გმირები და ამბები გამოგონილია-ო. დავწყნარდი.მაგრამ უცებ თვალწინ წარმომიდაგა ორი სხვადასვა მატერიალურად განსხვავებული ყოფის ოჯახები,რომელთაგან ერთი შეძლებულია ,შეუძკლია საახალწლო მოთხოვნილებების სრულად დაკმაყოფილება და მეორე რომელიც თავშესაფრისა და ლუკმა პურის გარეშეა დარჩენილი,.მეორე ოჯახი მსგავსად მოყვანილი გმირებისა უჩვეულო ახალი წლის მომსწრეა.ცოტა არიყოსდა უცებ აზრები შემომაკლდა გონებაში და ქვეცნობიერად იმ ოჯახის წევრი გავხდი.არ მომეწონა იქაური ყოფა და უმალ აზრზე მოვედი.არა, გამოსავალი უნდა ვიპოვო ვიყვირე ჩემთვის გულში. მე ასე მეგონა. თურმე იმხელა ხმაზე მიყვირია, რომ გვერდით ოთახში მჯდარი დედა შემოვიდა.უნდა დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს არა მარტო მატერიალურად არამედ მორალურადაც!ეს წინადადება ლოზუნგის სახით გამომივიდა...ეჰ. ხალხნო მოდით ეს ფრაზა მხოლოდ ლოზუნგის დონეზე არ დარჩეს და რეალიზაციაში მოვიყვანოტ ყოველდრიურ ცხოვრებაში.

ავტორი: me საიდან გვწერთ: saqartvelo
08.01.2010 13:42
ეს რა არის?

ავტორი: GERMANE
08.01.2010 12:13
ბედნიერ შობა-ახალ წელს გილოცავ ბიძინა!

ისე კი რა ჰუამანისტი უნდა იყო კაცი, მითუმეტეს ქართულ რეალობაში სუფრებსა და სიცილ-კისკისებს შორის, რომ ამგვარ რამეებზეც იფიქრო.

მიყვარს ინგლისური შავი იუმორი ხანდახან, უფრო სწორად მხოლოდ მაშინ როცა კუბოსლურსმნებიანმორთულ ნაძვის ხეს მაჩვენებენ იმის ჩვენების გარეშე, თუ როგორ მოიპოვეს ეს ლურსმნები.

ეს მოთხრობა მიხეილ სააკაშვილს გაუგზავნეთ, ძალიან მოეწონება. მისი ინსცენირებული ახალი წლის შოუს გავს, ოღონდ პირიქით, პარალელურ დიმენსიაში.

მადლობა ბიძინა.

ისე კი შესანიშნავი სცენარი იქნებოდა, ვინაა დალი (შოკ.ფაბრიკა) და დიკენსი.

ოღონდ ერთს გთხოვ, ამ ოჯახს, ისე არ გამოიყვანო, "ქართველიშვილობა" დარქმეული ჰქონდეთ და სინამდვილეში მაგალითად ვერეს ხეობაში ან ავლაბრის წუმპეებში მცხოვრები "ქურთები" იყვნენ.
ეს უკვე იუმორი არ იქნება, არც შავი. აქ გადის მე მგონია ზღვარი ჰუმანიზმისა.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა - ნამდვილი საშობაო მოთხრობაა.

ავტორი: ნოდარი საიდან გვწერთ: თბილისიდან
08.01.2010 10:07
არასერიოზული ფანტაზიები სერიოზული რადიოსადგურ "თავისუფლების" ვებ-გვერდზე. ეჰ, პატივცემულო ბლოგერო, "ძალიან გამაცინე". თემები ხომ არ შემოგაკლდათ?

ყველაზე პოპულარული