შემდეგი გადაცემები:


ვალუტის კურსები

GEL / 
USD
1,8377
GEL / 
EUR
2,4177
GEL / 
RUB
0,0616

კურსები შეიძლება არ იყოს აქტუალური

ბლოგები / ნიკო ნერგაძე

ამბები თავის და ბოლოს გარეშე

12.01.2010
ავტორი ნიკო ნერგაძე
მოდი ერთმანეთს ამბები მოვუყვეთ. მართლა. ასე იმიტომ კი არ ვიწყებ რომ მე რამე საინტერესოს მოვყვები და მორჩა და ეს ”ერთმანეთს” სიტყვის მასალაა. ჯერ ერთი, რის დაწერასაც ვაპირებ მაინცდამაინც საინტერესო არ არის. უფრო საუბრის დასაწყებად გამოდგება. თანაც, სად ერთი რომ იფიქრებს და დაწერს და სად ბევრი რომ იზამს ასე. როგორც იტყვიან, რამხელათი წინ ვიქნებით!

ჰოდა, ასეთი თემა მოვიფიქრე. მოდი ისეთი უცნაური სცენები გავიხსენოთ, ადრე რომ შევსწრებივართ და არ ვიცით როგორ დამთავრდა, არადა გვაინტერესებს. ერთგვარი დეტექტივის თუ დრამის შუა ფურცლები. რაც ხდება საინტერესოა, მაგრამ არც მანამდე ვიცით რა იყო, არც ის - მერე როგორ გაგრძელდა და ვერც ვერასოდეს გავიგებთ. ვნახოთ რა გამოგვივა.

მე ჩემებს გეტყვით, თქვენ თქვენები დაამატეთ.

დავიწყებ.

ასე მესამე ან მეოთხე კლასში ვიქნებოდი. მაშინ დოლიძეზე ვცხოვრობდი და 61-ე სკოლაში ვსწავლობდი. მორჩა გაკვეთილები და ვიფიქრე ზოოპარკში წავალ, სპილო ბაჩოს დავხედავ თქო. მაშინ ცოცხალი იყო. ან, იქნებ არც მივდიოდი ზოოპარკში. რა მნიშვნელობა აქვს. სადაც მივდიოდი აღარ მივედი. ხილიანის კუთხეში კინაღამ მანქანა დამეჯახა. ძალიან სწრაფად მოდიოდა. გაძეძგილი იყო ხალხით. უკან ხუთნი ისხდნენ უკიდურესად სერიოზული სახით. ყველა შავგვრემანი იყო ერთის გარდა. იმიტომ მახსოვს, რომ ის ერთი ძალიან გამოირჩეოდა. შავი სათვალე ეკეთა და სრულიად თეთრი სახე ჰქონდა. არაბუნებრივად თეთრი. ცარცივით. ალბათ დაძაბულობისგან. ხელში პისტოლეტი ეჭირა და წინ, მძღოლის გვერდით მჯდომის კეფაზე ჰქონდა მიბჯენილი. მძღოლის გვერდით მჯდომი ტიროდა. ასე ჩაიქროლეს. ზოოპარკში წასვლა გადავიფიქრე (თუ მართლა იქ მივდიოდი) და სახლში ავბრუნდი. დენი არ იყო. ცოტა ხანს ვფიქრობდი, ნეტა რა ხდებოდა თქო და მერე ამოვიგდე თავიდან. რამდენიმე დღის წინ გამახსენდა.

ახლა მეორე. ასე, ოთხიოდე წლის შემდეგ უნივერსიტეტის წინ გაჩერებაზე ვიდექი და 27 ნომერ ავტობუსს ველოდებოდი. მგონი 27-ს. ეგ არ იყო, ვაკიდან სპორტის სასახლესთან რომ მიდიოდა? რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, რომ მოვიდა. როგორც ყოველთვის, ხალხით იყო გაძეძგილი. უკანა კარი, ბუნებრივია, არ იკეტებოდა და ზედ უნდა დაკიდებოდი. მიყვარდა ეგრე. ის-ის იყო იძვრებოდა, რომ უკანა კარს ასე, 40 წლის კაცი ამოახტა. იქ დაკიდებულებს აქეთ-იქით გვწევდა და შიგნით მიძვრებოდა. რაღაცნაირი ჩია, გამხმარი კაცი იყო. თვალები აქეთ იქით გაურბოდა. ვქირობდი, ხომ ხედავს, რომ შიგნით ადგილი არ არის, ან დაეკიდოს ჩვენსავით და ან შემდეგს დაელოდოს თქო. ამ დროს უკნიდან ორი მოხეული ტიპი მოვიდა. ამ კაცს ხელი მოჰკიდეს და უკვე დაძრული ავტობუსიდან ჩამოსვეს. უსიტყვოდ. სერიოზული სახეები ჰქონდათ. არც ამ კაცს გაუწევია წინააღმდეგობა. უცებ მომჩვარდა. ვუყურებდი და პირდაპირ სადარბაზოში შეაციმციმეს. მერე ავტობუსმა ვარაზისხევში ჩაუხვია და გაჩერება აღარ ჩანდა.

მესამე და მეყოფა. ისევ მესამე თუ მეოთხე კლასში ვარ. მორჩა გაკვეთილები და სახლში ვბრუნდები. 17-სართულიან კორპუსში ვცხოვრობდი. ხომ იცით როგორი კორპუსებია. ჯერ კიბეებით დიდ სადარბაზოში უნდა შეხვიდე და მერე კიდევ ლიფტების სადარბაზოში. მარჯვნივ პატარა ლიფტია, მარცხნივ - დიდი. დიდი ლიფტი თითქმის არასდროს მუშაობდა ხოლმე. ამ დიდი კიბეების შუაშიც არ ვიყავი მისული რომ რაღაც უცნაური ხმა შემომესმა. ქალი კვნესოდა. ასე - მმმ. მმმ. მმმ. კატის ხმას გავდა. ყურადღება მაინცდამაინც არ მიმიქცევია. ლიფტებთან რომ მივედი აღმოვაჩინე, რომ ამ ხმებს მეზობელი გოგო გამოსცემდა. მერვეზე ცხოვრობდა. დიდი იყო. ასე, 25-ის. დიდი ლიფტის კარებზე ჰყავდა აყუდებული ვიღაც ტიპს და თავი ძუძუებში ჰქონდა ჩარგული. არადა გაგანია შუადღე იყო. მესამე თუ მეოთხე კლასის გაკვეთილები ახალი დამთავრებული იყო. რაღა 17-სართულიანი კორპუსის ლიფტის წინ აუტყდათ სექსი? შემრცხვასავით და გამოვიქეცი. ფეხით ავიარე ოთხი სართული და მერე ჩავჯექი ლიფტში. იმათი ხმა მეოთხეზეც ისმოდა. ის გოგო რამდენიმე წლის შემდეგ დაიღუპა ავარიაში.

როგორც თავიდანვე გაგაფრთხილეთ, ყველაზე საინტერესო ამბები არ არის მსოფლიოში. საინტერესოები თქვენ მოყევით.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
     
კომენტარები
ავტორი: lid საიდან გვწერთ: tb.
11.02.2010 17:09
დაახლოებით 10 დღის წინ დადიანის ქუჩაზე მივდიოდი. ერთ ერთი სადარბაზოდან შემზარავი ღმუილი კვნესა და ყვირილი გამოდიოდა, მივუახლოვდი და შევიხედე, კარი მიხურული იყო, მაგრამ რიკულებიდან ორი მამაკცაი გავარჩიე, მგონია რომ სულ სამნი იყვნენ, მოკლედ ჩხუბობდნენ, (ორი ერთის წინააღმდეგ... ეს ჩემი ვარაუდია) მოკლედ ეს ერთი ყვიროდა ნუ მირტყამო და კვნესოდა და ბოლოს ტიროდა, ავად ვარო, მეორე ყვიროდა მეც ავად ვარო..... მესამე არ ვიცი..... მოკელდ ეს ყველაფერი იმდენად შემზარავი იყო... გავჩერდი, გზა ვეღარ განვაგრძე... არა და რა უნდა ვქნა? მე ხელში ბავშვი მიჭირავს და ასეც რომ არ იყოსსადარბაზოში გასაშველებლად სამ კაცს ვერ შეუვარდები. რამე უნდა ვქნა, მაგრამ რა..... ამოვიღე მობილური, პატრულს დავურეკავ თქო ვიფიქრე, სახლსი ნომერს შევხედე, მაგრამ მერე გავჩერდი.... ხომ შიეძლება ეს კაცები ერთმანეთის ახლობლები არიან, აკვე რომელიმე სახინკლეში ბევრი დალიეს და ჩხუბობენ, ხვალ არაფერი ეხსომებათ, მე კიდევ ჩემი პატრულში დარეკვით იქნებ რომელიმე უაზრო პატიმრობაში გავისტუმრო, ან იმხელა ჯარიმა გადაახდევინონ, სულლ ვალებში გადავარდეს თქო... (ჩვენს ქვეყანაში ხომ სასჯელი და ჯარიმა ნორმირებული არ არის ) მოკლედ ჩავიდე მობილური ჯიბეში. მერე ვიფიქრე, მოდი დაცვას ვნახავ, რომელიმე სახინკლის და ვეტყვი გააშველეთ საშინლად ჩხუბობენ თქო, მაგრამ ისევ შევიკავე თავი, მერე დაცვა რომ გალახონ ან იქნებ დანაც გამოიყენონ რა დააშავა თქო.... მერე ვიფიქრე სულაც ჩემი შვილის წინაშეც არ ვარ მართალი, აქ რატომ ვდგევარ პატარა ბავშვით, უნდა გავარიდო აქაურობას თქო... ხოდა ავდექი და გზა განვაგრძე.... ის ხმები რამდენიმე დღე ყურში ჩამესმოდა და მაინც ვერ გავიგე მსგავს სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცეს კაცი.......

ავტორი: nato საიდან გვწერთ: vake
05.02.2010 22:10
ნიკო, რა კარგი ბლოგი იყო! ვნანობ, რომ ასე გვიან ჩავერთე! ალბათ მალე წაიშლება და ახალ ამბებს ვეღარ გავიგებთ?

ავტორი: atex საიდან გვწერთ: tbilisi
05.02.2010 20:02
90-იან წლებში ჩვენს ოჯახში ორი პატარა ბიჭი ცხოვრობდა:ზვიადი და ერეკლე. მთელი ოჯახი ცდილობდა მათ სანიმუშო ქართველებად აღზრდას /გახსოვთ, ალბათ, რა წლებიც იყო/. აღზრდის ეს სისტემა აუცილებლად გულისხმობდა უნაკლო ქართულით მეტყველებასაც. განსაკუთრებით ბარბარიზმებს ვაქცევდით ყურადღებას: შკაფი კი არა კარადა, კრესლო კი არა სავარძელი, ბუბლიკი კი არა ბლითი... ერთხელაც ბიჭები თავიანთი პლასტმასის ხმლებით ერთმანეთს შეერკინნენ და უფროსი სთხოვს პატარას, თან რამე მითხარიო {ახალი ნანახი ჰქონდა "მაია წყნეთელი' და ძალიან უნდოდა რომანტიკული ტექსტის ფონზე ეხმალავა} პატარამ პათეტიკურად აღმართა ხმალი ზევით და არტისტულად წარმოთქვა: კარადა!!!

ავტორი: melanqolikosi
05.02.2010 00:45
მარტო ამბები ო არაა თავის გარეშე, ზოგჯერ უთავო და უსვინდისო პოლიტოლოგ-კონფლიქტოლოგ-რესპუბლიკელებიც არსებობენ !!!
რამოდენიმე წლის წინ ევროპის ქართულ ეკლესიებში ვრცელდებოდა ბატონი პაატა ზაქარეიშვილის ევროპულ ენებზე დაწერილი თუ თარგმნილი წერილები რომლებშიც ის ევროპელებს ევროპულად უხსნიდა რომ ქართველი ხალხი არის თავისი საკუთარი ისტორიის არმცოდნეთა ხროვა. დღეს იგივე პატივცემული გუამი ჩემი საყვარელი რადიო თავისუფლებით ლამის უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავს ევროპელებს და ქართველებს ქართულად უმტკიცებს რომ ევროპელები არიან საქართველოს მიმართ გულგრილი ფარისეველი ოხრები რომლებსაც ეზარებათ საქართველოზე ნაწერი ტექსტის კითხვა და ტაბურეტი რომ დაუდგათ იმას დაამტკიცებენ ეთნოკონფლიქტების მოგვარების პროგრამად. ეს (ვაჟ)ბატონი ევროპელებს ევროპულად უხსნის რომ ქართველები ოხრები არიან და ქართველებს ქართულად უხსნის რომ ევროპელები არიან ოხრები. უმორჩილესად გთხოვთ და გემუდარებით, ჩოგვით : ნუ გადააქცევთ ჩემს საყვარელ რადიო თავისუფლებას ქართველებისთვის ევროპისა და დემოკრატიული სამყაროს შეძულების იარაღად. ევროპელებს (ფართო გაგებით) მტრები ყოფნით და ქართველების მათთვის გადამტარება ნამეტანია. ცოდოა დემოკრატია. უღრმესი პატივისცემით და მოწიწებით.

ავტორი: ღმერთო გვიშველე! საიდან გვწერთ: ქართველებს...
04.02.2010 10:06
ვერაფერს ვიხსენებ ერთის გარდა: კომუნისტების დროა, არდადეგებზე სტუდბილეთებით მატარებლის ბილეთები ავიღეთ, სტუდბილეთებით სხვები (აბითურიენტები) გავუშვით, ჩვენ კი გურიაში წავედით...ნაშუაღამევზე წამოგვყარეს-ბილეთები გვაქვს, სტუდბილეთები არა, გვაჯარიმებენ- ფული არ გვაქვს, ჩამოვსვათო აქტიურობს მოხუცი, დამჭკნარი რევიზორი (მისი სახე დღემდე მახსოვს, ამ დროს საყვარელი ბებიის სახის გახსენება მიჭირს) იქვე ვაგონში ახალგაზრდა მამაკაცი ზის- მაგ ჯარიმას მე გადავიხდიო და გადაიხადა! ვიცი რომ ქუთაისელი იყო, სახელი არაფრით არ გვითხრა...თუმცა რა ბილეთი, რის ფული-სოხუმელი ქალის წერილმა შემძრა-თუ რომელიმე სვანი ამ ბლოგში შემოვა და წაიკითხავს- მინდა დავჯერო ,რომ იმ ავალიანს მონახავს და საკადრისად მიუზღავს-სხვანაირად სამუდამოდ თავმოჭრილია მთელი სვანეთი!
In Response

ავტორი: mematiane ioane
07.02.2010 03:36
გადმოცემით ვიცი რომ "მხედრიონის" გაგრაში შესვლის შემდეგ თავის სახლთან ნახეს ყურიდან ყურამდე ყელგადაჭრილი სვანი ქალბატონის გვამი. ის ქალბატონი ზვიადისტად იყო ცნობილი და არ მალავდა ამ ფაქტს. სამწუხაროდ მისი სახელი და გვარი არ მახსოვს. ეს იყო ქართველთა მხრიდან ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი. მომინდვია ზნეობით სახელგანთქმული ქართველებისთვის იმის გადაწყვეტა არის თუ არა ეს ფაქტი სვანეთის სირცხვილი.უღრმესი პატივისცემით და მოწიწებით. ეს საქმეც გამოსაკვლევია.
In Response

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
04.02.2010 23:13
ალბათ ცოცხალიც აღარ იქნება ის საცოდავი. აფსუს, რა გვარს აფუჭებდა.

ავტორი: პარტიზანი საიდან გვწერთ: კიევიდან
02.02.2010 14:08
ორიოდე დღის წინ კიევის ქუჩებში ვსეირნობდი და მიწისქვეშა გადასასვლელში ე. წ. "ბომჟი" ამეკიდა, "პახმელიაზე" ვარ და ლუდისთვის იქნებ 5 გრივნა მოგეცაო. ვინაიდან "პახმელია" არც ჩემთვისააა მაინდამაინც უცხო, გავიკარი ჯიბეზე ხელი, მაგრამ იქ დედისერთა 200 გრივნიანის მეტი არაფერი აღმომაჩნდა, რომელიც კვირის ბოლომდე უნდა მყოფნოდა სამგზავროდ და საჭმელად.
მიწისქვეშიდან ამოვედი, მაგრამ მაინც ვერ მოვისვენე, უახლოეს ჯიხურში სიგარეტი ვიყიდე, რათა 200 გრივნა დამეხურდავებინა, და უკან დავბრუნდი. კი დაჭირდა ამ ყველაფერს ასე 10 წუთი. ვეძებე ჩემი "ბომჟი" და მივაგენი - ორ კიეველ მილიციონერს ხელებში და ფეხებში ჩაევლოთ ხელი და სადღაც მიარბენინებდნენ. თურმე, საწყალს გული წასვლოდა და სასწრაფოში მიყავდათ. აღარ ვიცი რა ბედი ეწია, მაგრამ მე კი იმ დღეს საბოლოოდ გამიფუჭდა ხასიათი.

ავტორი: vinme საიდან გვწერთ: salxinetidan
30.01.2010 21:40
ერთ ადამიანთან შეხვედრა მქონდა დანიშნული ექვსი თვის მერე. ვერის ბაღის წინ უნდა შევხვედროდი დათქმულ დღეს, დათქმულ საათზე. იმ დღეს მისვლა დამაგვიანდა და ნახევარი საათით გვიან მივედი და თან იმას ვფიქრობდი თუ რომელ მხარეს უნდა შევხვედროდი. საკმაოდ უხერხულად ვიგრძენი თავი მაშინ იქ სასტუმრო მუზა იყო და ჩემი დგომა იქ ზოგს სხვანაირად ესმოდა. მოკლედ დავტოვე ადგილი და წამოვედი. დღემდე არ ვიცი ის ადამიანი თუ მივიდა . და არც აქვს უკვე მნიშვნელობა. იმას რომ მოენდომებინა ისედაც მიპონიდა.
In Response

ავტორი: თამაშგარე საიდან გვწერთ: თამაშგარე მდგომარეობიდან
04.02.2010 21:21
ბოლო წინადადება აღარ მოუხდა ჩანახატს. აფსუს!

ავტორი: nino საიდან გვწერთ: poloneTi
26.01.2010 04:23
სოხუმელი ვარ და სოხუმის დაცემის დღეს მე და შევარდნადძე სოხუმში ვიყავით...
მერე...მას მოაკითხა თვითმფრინავმა და გაფრინდა...( თავის მოკვლას ვაპირებდიო.... მაგრამ ჯაბამ არ დამანებაო! აფხაზეთში ომი არ მინდოდა, მაგრამ კიტოვანმა არ დანაებაო! კორუფციის აღმოფხვრა მინდოდა, მაგრამ ნუგზარ შევარდნაძემ და ჯოხტაბერიძემ არ დამანებესო.... რას გაუგებ ამ უთავბოლო "არ დანებებას" )
მე...მე მაშინ 25 წლის , 53 კილო, 1. 67 სიმაღლის ახალგაზრდა ქალი სვანეთის უღელტეხილს დავადექი... უღელტეხილის ბოლოს 50 კილო, 1,60 და ასი წლის ვიყავი.... თავად უღელტეხილს , არც თავი ჰქონდა და არც ბოლო... გზა იყო უთავბოლო...პოლიტიკა იყო უტავბოლო... ადამიანები იყვნენ უთავბოლონი... რამდენიმე დღის სიარულის მერე, მშიერს და მისვათებულს ერთმა საძაგელმა მოხუცმა, გვარად ავალიანმა, (ყველაზე საზიზღარი ადამიანი ვინც ოდესმე, სადმე შემხვედრი) დამისვა ყოვლად საზიზრარი შეკითხვა - გშიაო? -
პურს თუ მოგცემ მომცემო?!"
....მოხდა საწაული.. ჩემმა თავმაც და ბოლომაც გაუძლო და ვარ ახლა პოლონეთში : " თავბოლოიანი ქართველი ქალი " და ვუყურებ ჩემი ქვეყნის პერანენტულ უთავბოლობას".... საწყალი ჩემი ქვეყანა. კეთილშობილი გვარის გათახსირებას ხომ მოესწრო... მერე მასობრივმა საზოგადოებამ ხომ სულ მოუღო ბოლო...სად არი თავი? სად არის ბოლო?
In Response

ავტორი: manana საიდან გვწერთ: USA
31.01.2010 08:58
ნინო, რა შემაძრწუნებელი ამბავია და კიდევ რამდენს გადახდა იგივე და უარესიც. ზოგი ადამიანის გათახსირებას კიდევ საზღვარი მართლა არა აქვს. ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ თქვენს ახლობლებთან ერთად. იქნებ ოდესმე შეგიმსუბუქდეთ ტკივილი - ამასაც გულით გისურვებთ.
In Response

ავტორი: LA BELLE FEMME
29.01.2010 14:19
ნინო, შემძრა თქვენმა ნაწერმა.. ალბათ ნიკო არც კი იფიქრებდა რომ ვინმე ასეთი ისტორიით გამოეხმაურებოდა მის ნახევრად-სახუმარო პროვოცირებას.. მთელი გულით და სულით თქვენთან ვარ, სადაც არ უნდა იყოთ.. ეცადეთ დაივიწყოთ ეს საშინელი წარსული დღეები.. სოხუმი დაიკარგა, მაგრამ ჩვენი ბავშვობის და ოცნების ქალაქი ხომ მუდამ ჩვენთან იქნება.. ყველაფერში მართალი ხართ.. და სწორედ ამ უთავბოლო ქვეყანამ ალბათ დაიმსახურა კიდეც მისი დაკარგვა.. ეს ყველაფერი ჩვენნაირი უდანაშაულო ადამიანების ბედზეც რომ აისახა ეს არის ცუდი.. მაინც ვფიქრობ რომ ყველაზე საშინელებაც კი ჩვენივე სასიკეთოდ ხდება.. იმედს და სიყვარულს გისურვებთ - ეს ყველაფრის წამალია..
In Response

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
29.01.2010 11:54
დიდი სირცხვილი ჭამა მაშინ ზოგიერთმა სვანმა, სამწუხაროდ.
სასოწარკვეთილებამდე კი ზოგჯერ განგებას იმიტომ მივყავართ, რომ ახლებურად შევხედოთ ცხოვრებას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი დღევანდელი ცხოვრება ნაკლებად განგაწყობთ ცუდის მოგონებისკენ და მადლობა, რომ მაინც ასე გტკივათ აქაურობა.

ავტორი: DreaMar საიდან გვწერთ: www.dreamar.wordpress.com
26.01.2010 03:08
ნიკო შენს მიერ დაწერილმა ამბებმა მეც ჩამაფიქრა. ნეტა როგორ გაგრძელდა. ..კიდე იმის გახსენებას ვცდილობ, მე თუ გადამხდენია თავს მსგავსი რამ. ჯერ ვერ გავიხსენე :)

ავტორი: ინაშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
23.01.2010 21:40
კინოს სახლში დავიგვიანე, იმ დღეს (ჩეხური ფილმი იყო თუ კარგად მახსოვს) "კოლია" გადიოდა... მარტო ვიყავი, მარტო ... მარტო... ვფიქრობ, ფილმს ვუყურებ, მაგრამ მხოლოდ ფერებს ვხედავ , ადამიანების მოძრაობას, მუსიკა მესმის, და ვფიქრობ, კიდევ ვფიქრობ, პრობლემები მაქვს.. წარმოდგენა არ მაქვს ფილმში რა ხდება.. ვიღაც ბავშვს ბანს , შემდეგ ტელეფონით ზღაპარს უყვებიან... სექსი ვიოლინოს გაკვეთილების შემდეგ, ბუნდოვნად ყველაფერი მახსოვს... მე ისევ და ისევ ვფიქრობ პრობლემებზე, და იმაზე რაც დაახლოებით 20 წუთში უნდა მოხდეს.. მესმის მეტროს მატარებლის ხმა და დაკარგული ბავშვის განწირული ძახილი, აი მახსოვს, რაღაც მახსოვს , მაგრამ კარგად არ მახსოვს... ვნერვიულობ, ვერ ვისვენებ , მერედა როგორი სკამებია კინოს სახლში , ჯერ არ ვიყავი მიჩვეული... ფილმიდან გამოვდივარ და ინტერესი მღრღნის, მემუქრება, მლანძღავს, მაგინებს, მიყვრის რომ დამნაშავე ვარ, რატომ შევწყვიტე სურათის ყურება.. მეძახდა მართალია შენ სხვა რამეზე ფიქრობდი მაგრამ მე ვუყურებდი შე ჩათლახოო! .. ვეუბნებოდი ჩუმად ხალხში მაინც არ გრცხვენია? მერე ვილაპარაკოთ ამაზეთქო... შემდეგ ინტერესმა ქვითინი დაიწყო, რაღაცეებს ბუტბუტებდა კოლია ნეტა რა მოგივიდა , რა ბედი გეწიაო.. მას მერე სინდისი მქეჯნის და ის ფილმი დღესაც არ მინახავს.. ეს იყო ჩემი უთავბოლოო უინტერესო (?) ცხოვრების ეპიზოდი.. ჰარე კრიშნაააააა... ჰარე კრიშნააააა... ვერც დასაწყისი ვნახე და ვერც დასასრული...

ავტორი: დათო საიდან გვწერთ: აშშ
23.01.2010 03:55
თურქეთის საზღვარი ახალი გახსნილი იყო. დედაჩემი და მამაჩემი წავიდნენ სტამბოლში ”ოვირში” მომუშავე ერთ-ერთი ნაცნობი ქალბატონის დახმარებით. მადლობის ნიშნად ამ ქალბატონს თურქეთიდან დედამ საჩუქარი ჩამოუტანა, რომელიც შოკოლადის დიდ ყუთთან ერთად შეინახა კარადაში, რათა შაბათს სტუმრად რომ წავიდოდა ”ოვირელ” მეგობართან, თან წაეღო. უამრავი ტანსაცმელი, სათამაშოერბი და ”ულკერის” თურქული შოკოლადებიი მეც ჩამომიტანეს (მაშინ ახალი ხილი იყო), მაგრამ თვალი მაინც იმ გადანახული ორსართულიანი ბამბანერკისკენ გამირბოდა. სიმსუნაგემ სძლია საღ გონებას და ორსართულიან შოკოლადს შემოკრული ”ცელოფანი” გვერდიდან ფრთხილად გავუხსენი (ასეთ საქმეებში ბადალი არ მყავდა). შევყოფდი ხელს გახსნილ ცელოფანში პერიოდულად და ვიპარავდი შოკოლადს. შემდეგ შემეშინდა, რომ გამიგებდნენ, ამიტომ ცელოფანი ისევ დავაწებე, შოკოლადის ყუთი კარგად შევანჯღრიე, დანაკლისი რომ არ შეტყობოდა და ისევ თავის ადგილას დავდე. შაბათს დედა ”ოვირელ” მეგობართან წავიდა და შოკოლადიც თან წაიღო. იმ დღეს წნევა არ გამიზომია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, 280 მექნებოდა 180-ზე (ისედაც ჰიპერტონიკი ვარ). დედა მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდა მეგობრისგან. აივნიდან გადავიხედე მანქანის ხმაზე. მანქანა გააჩერა და ისეთი სწრაფი ნაბიჯებით ამოირბინა კიბეზე, მივხვდი ტორნადო გარდაუვალი იყო. ის ჩემი ცოდვით სავსე ”ოვირელ” მეგობარი დედას ყავით და მისივე მიტანილი შოკოლადით გამასპინძლებია. შემოუხსნია ცელოფანი და... 1 ცალი შოკოლადი იყო თურმე ლამაზად ჩარჩენილი ორსართულიან ყუთში. გამშრალა მოულოდნელობისგან დედაჩემი და ხმა ვერ ამოუღია.
ალბათ 25 წელი გავიდა იმ ამბის შემდეგ და დღემდე ვერ მოუნელებია. როდესაც გაახსენდება, კიდევ მეუბნება: ”თავი რატომ მომჭერი, რატომ არ გამაჩერე, ის შოკოლადი რომ მიმქონდაო”
In Response

ავტორი: nato საიდან გვწერთ: vake
05.02.2010 21:23
მახსოვს, ჩემმა დედინაცვალმა მუსიკის მასწავლებელთან 10 ცალი ჩირჩხელა გამატანა. არადა ჩუჩხელა მე თვითონაც ძალიან მენატრებოდა და არ მაძლევდნენ. გზაში ერთი ცალი გემრიელად მივირთვი და 9 ცალი მივუტანე. დღემდე ვიხსენებ ამას, რას იფიქრებდა - თქო ის ქალი?
In Response

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
29.01.2010 11:58
:))
შოკოლადის ორსართულიანი კოლოფები დღემდე საშინლად მახსენდება - ერთხელ მთელი დღის მშიერს ხელში ჩამივარდა და ბოლომდე პატიოსნად გავანადგურე. მერე მთელი ღამე სიცხე მქონდა და მამტვრევდა .

ავტორი: ანა&ანგა საიდან გვწერთ: თსუ–დან
21.01.2010 16:17
ერთი შტერული ამბავი გამახსენდა ბავშვობიდან,
მაშინ, მგონი, მეხუთე კლასში ვსწავლობდი, ოტობაიის სკოლაში დავდიოდი (ეს გალშია) და დილით ადგომა მეზარებოდა საშინლად. ზამთრის ერთ სუსხიან დილას სკოლაში მივდივარ, გზაზე სულ გუბეებია, მივდივარ და ვცდილობ ფეხი არ დამისველდეს. მარტო ვარ, მაგვიანდება, მცივა და უცებ... ტანკის ხმას ეგრევე ვცნობ, მიჩვეულები ვიყავით, ხშირად მოძრაობდნენ. გავიხედე და მოდის ტანკი, ნაბიჯს ავუჩქარე, თითქმის გავრბივარ, ვიცი არაფერს არ დამიშავებენ, მაგრამ მარტო ვარ და მეხუთე კლასელი ვარ და ბუნებრივია, მეშინია. გზაზე ერთი დიდი გუბე იყო, დიდი არა უზარმაზარი... რომ ჩახტა ამ გუბეში ეს ტანკი იმხელა ტალღა გამოემართა ჩემკენ, მეგონა შავ ზღვამდე ჩამიტანდა, მაგრამ ხავსს მოვეჭიდე და გადავრჩი, ზემოდან რომ რუსი "ცისფერჩაფხუტიანები" ისხდნენ, ისინი კვდებოდნენ სიცილით, მე სულს ვერ ვითქვამდი. სიამაყით უნდა განვაცხადო რომ არ მიტირია, არც შევიმჩნიე და გმირულად გავუძელი ამ შეურაცხყოფას, მერე სახლში დავბრუნდი, გავშრი და ... გამოვიძინე.
In Response

ავტორი: nato საიდან გვწერთ: vake
05.02.2010 21:25
ცრემლები მომივიდა... რა ""კარგი" ჩანახატი გამოგივიდათ!

ავტორი: cnobismoyvare
19.01.2010 21:02
ვიქტორინა:

არა, სანაძლეოს ვდებ რომ ასეთ საინტერესო რამეს ვერავინ მოყვება :

"... ბერლინს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს დამყარებული თელ-ავივთან და გერმანია ითვლება იზრაელის მეორე "საუკეთესო მეგობრად " ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ. 1973 წლიდან ის უკვე იყო იზრაელის მეორე კომერციული პარტნიორია და ებრაული სახელმწიფო ნამდვილად ვერ აიგებოდა და ვერ გადარჩებოდა გერმანიის მატერიალური და მორალური დახმარების გარეშე. ეს ეფუძნება შოას მიერ წარმოქმნილი გერმანული ვალის შეგნებას გერმანელების მიერ..."
(ფრანგ კათოლიკეთა გაზეთი "ჯვარი", 2010 წლის 19 იანვარი,გვ. 6.)

როგორ ფიქრობთ როდის შეიგნებს ნორჩ და არც თუ ისე ნორჩ ანდროპოველთა მიერ გათელილი რუსეთი რომ მას ვალი აქვს 1801 წლიდან მის მიიერ გათელილი საქართველოს წინაშე?

ავტორი: melanqolikosi
19.01.2010 16:57

ერთი ამბავი დღეს, სულ ხუთი წუთის წინ შემემთხვა :

საინტერესო ამბავი გავიგე კრემლის მიერ გაწვრთნილ-მოშინაურებული "მართლმადიდებლების" ცხოვრებიდან :

"ჰაიტის დღევანდელ უბედურებათა მიზეზები საძებნელია მისი მკვიდრების მიერ ზნეობრივი სახის დაკარგვაში", ყაზახეთში ყოფნისას ეს განაცხადა მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ.

დღესვე გავიგე რომ ჰაიტიზე ნანგრევებიდან ცოცხალი გამოიყვანეს რამოდენიმე დღის მანძილზე ღვთის ანაბარა დარჩენილი 18 თვის ბავშვი.

დიდება უფალს.

მადლობა მას ამ "უზნეო" ჰაიტელისადმი თანაგრძნობისა და მისი გადარჩენისთვის.

იცოცხლეთ და გაგიმარჯოთ, გაუძელით ამ კირილეს ვიზიტს.

ავტორი: Tazo
16.01.2010 22:26
აუ ნიკო, რაღაც ამბების მოყოლის ხასიათზე დავდეგი, მგონი ბლოგის მიზანიც ეგ იყო არა? მაშინ ჩაგეთვალა:)
მეხუთე კლასში თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ვსწავლობდი. კლასში სიგრძე-სიგანეში იმ დროსაც ყველაზე დიდი ვიყავი. ხომ იცი, სკოლებში როგორ აწიოკებენ ბიჭები გოგოებს. იქაც ზუსტად ეგეთი სიტუაცია იყო. სულ რაღაც ორი დღის გადასული ვარ ამ სკოლაში და ატყდა კლასში ბავშვებს შორის ჩხუბი. უცებ გამოიქცა ერთი გოგო(მარინე ერქვა :) ) და ყელზე შემომეხვია რაც ძალი და ღონე ჰქონდა. თაზო, დამიცავიო. ჰოდა, დაახლოებით სამი ბიჭი, რომელიც ამ გოგოს მოსდევდა, უკან გაბრუნდა უსიტყვოდ. ჩემს დაუკითხავად ამ გოგომ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩემი შეყვარებული იყო. ჰოდა, მთელი წელი მე გაბღენძილი, მარინე კი ჩემზე ჩამოკონწიალებული დავდიოდით. 11-12 წლისები ვიყავით, აბა სიყვარულის ჩვენ რა გაგვეგებოდა, მაგრამ მაინც სიყვარული იყო, რაღაცნაირი, ბავშვური. შემდეგ წელს ჩემი ცოდვით სავსე მშობლებმა დასავლეთში დამაბრუნეს. მას შემდეგ მარინე არ მინახავს. ვინ იცის ახლა რა გოგოა :)

ავტორი: Tazo
16.01.2010 11:55
თსუ-ში რომ ჩავირიცხე, ვერა-ვაკის ტერიტორიას თითქმის არ ვიცნობდი. ჩემი კურსელების უმრავლესობა ჩემსავით რაიონიდან იყო. ჰოდა, ვერის ბაღის გარდა პირველ კვირებში ვერცერთი ადგილი ვერ დავამუღამეთ. დამთავრდებოდა ლექციები და საათობით ვისხედით ვერის ბაღში. ერთხელაც მე და ჩემი კურსელი გოგო ვსხედვართ ჩვეულ ადგილზე. მე ინტერნეტი ტელეფონში იმ დღეს ჩავრთე და რაღცეებს ვათალიერებთ. ის გოგოც ჩემს ტელეფონში იყურება. ამასობაში, თავისი ტელეფონი გვერდით უდევს, სკამზე. ისე გავერთეთ ინტერნეტში ძრომიალით, რომ გარშემო სხვა ვერაფერს ვამჩნევდით. მოიხედა ამ ჩემმა მეგობარმა და სადაა ტელეფონი. გავაჩერეთ პატრული. წაგვიყვანეს სადღაც ოპერის უკან, განყოფილებაში და ვწერთ განცხადებას. ამ დროს გამომძიებელი გვეკითხება, კი მაგრამ ასეთს რას აკეთებდით, რომ ტელეფონი გვერდიდან აგაცალესო.
ჩვენი პასუხი:"ინტერნეტში დავძვრებოდით"
გამომძიებელი:"ვის ეკაიფებით თქვე ტუტუცებო, ჰმ, ვერის ბაღი და ინტერნეტი, მომინდომეს ინტერნეტი, ინტერნეტი არა ის..."
ჩვენ უკვე მოვწვით რაც გაიფიქრა გამომძიებელმა და ჩემი კურსელი აყვირდა: "არ ვზასაობდით, არაო... :D :D :D"
მოკლედ, შეურაცხყოფილი სახეებით დავტოვეთ პოლიციის განყოფილება. იმ გოგოს კი მეორეჯერ არც მოუკითხავს თავისი დაკარგული ტელეფონი. რამდენიმე დღე აღშფოთებული ამბობდა, ეს როგორ გვაკადრა მაგ დეგენერატმაო :D :D :D

ავტორი: ანა საიდან გვწერთ: დიოგენეს კასრიდან
15.01.2010 23:18
მეც მახსოვს ერთი "უთავო და ბოლოო" ამბავი. ალბათ 20 წლის წინ ქუთაისიდან მოვდიოდით თბილისში. მატარებლის გასვლამდე ასე,20 წუთით ადრე მივედით და კუპეში დავსხედით.ორნი ვიყავით. ამოვიდა ახალგაზრდა წყვილი. როგორც წესია, ბარგი ჩააწყვეს ქვევით, ყუთში და დასხდნენ. ხუთ წუთში შემოქაქანდა ორი ქალი, როგორც მერე გაირკვა -დედა-შვილი. ეცნენ ამათ ბარგს და ამოუქექეს. ამოალაგეს და ამოალაგეს ტანსაცმელი და ფეხსაცმელები. ეს ბიჭი პირდაღებული შესცქეროდა.მოკლედ, გაირკვა შემდეგი: ეს უფროსი ქალი ამ ბიჭის დეიდა იყო, უმცროსი - დეიდაშვილი.ბიჭს თავისი ახალშერთული ცოლი ქუთაისში ჩაუყვანია სტუმრად თავის დეიდასთან გასაცნობად და ამ სტუმარს მოუპარავს ოჯახში, თუ რამე იპოვა. იმათ ამათი წამოსვლისთანავე აღმოუჩენიათ ეს ამბავი და მალევე დაეწივნენ და ჩამოართვეს ნაქურდალი. დეიდამ თავის დისშვილს უთხრა, შენ ასეთი ქალი არ გამოგადგებაო. მოკლედ ჩავიდნენ. მატარებელი დაიძრა და ბიჭი იჯდა გაოგნებული. მერე ადგა და გადაიკარგა. ალბათ სადმე ჩავიდა . ეს გოგო ურცხვად იჯდა. ნეტა რით დამთავრდა?
In Response

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
29.01.2010 12:01
რა სცოდნია ნამდვილ სიყვარულს... :)

ავტორი: sofia საიდან გვწერთ: tbilisi
15.01.2010 21:34
ავტობუსში
ერთ მშვენიერ წელს გახლდით გერმანიაში თუ მშვენიერი ერქვა იმ წელს არ ვიცი ,თუ რატომ ეს დიდი ამბავია და მერე მოვყვები , მოკლედ ჩემი დაც იმ წელიწადს სწავლობდა იტალიაში და მესტუმრა გერმანიაში, თუ რა დეპრესიაში ჩავარდა იტალიის შემდეგ 10 დღე ჩემი და ამასაც არ მოვყვები. მოკლედ მე და ჩემმა დამ გადაცწყვიტეთ დაგველაშქრა ახლო მახლო ტერიტორია. ჩავსხედით ავტობუსში და გადავწყვიტეთ მგზავრობის თანხა არ გადაგვეხადა , უფრო სწორედ მე შევთავაზე არ გადაგვეხადა. ქართველების ამბავი მოგეხსენებათ და მითუმეტეს სტუდენტების და მოკლედ არ უნდა გადაგვეხადა ასე გადავწყვიტეთ, მაგარმ ამიასათვის საჭირო იყო ბოლო ადგილზე დასხდომა, კეპების ბოლომდე ჩამოწევა ნიკაპამდე და თავის ჩაწევაც, მოკლედ ეს სტრატეგიაც შევიმუშავეთ და ასედაც მოვიქეცით. შესაბამის სადგურამდე რომ მივედით ვიფიქრეთ გავრჩითთქო და მოვემზადეთ ჩასასვლელად ისე დაგვადგა ერთი ძალიან, ძალიან მოფამფალებული მოხუცი და ხელის კანკალით და ხმის კანკალლით გვეკითხება რატომ იყავითო თავ დახრილები და კეპებ ჩამოფარულებიო თან გაჰკგკიოდა ბოლო ხმაზე, მაგრამ გერმანელებს რომ შეეფერებათ ისე, მოკლედ მძღოლმა უნდა დაგინახოთო სარკიდანო. ჩვენ რა დაგვემართებოდა არ იცით? ისე მოვკურცხლეთ რომ რავიცი.

ავტორი: sofia საიდან გვწერთ: tbilisi
15.01.2010 21:05
ეს ამბავი სატირალია სასაცილო რომ არ იყოს.
ერთ მშვენიერ დღეს მე და ჩემი მეგობარი ვსეირნობდით.ჩვეულებრივი დღე იქნებოდა რომ არ ყოფილიყო არაჩვულებრივი, მოკლედ ამ სეირნობა სეირნობაში შევედით ერთ მაგაზიაში და ვათვალიერებდით რაღაცეებს ,ისე მოგვიახლოვდა ერთი ქალი ბავშვით ხელში და გვთხოვა ცოტახნით დაგვეკავებინა, მანამ სანამ თვიონ საპირფარეშოდან დაბრუნდებოდა,ჩვენც ახლა დიდად გვესიამოვნაო ეს ფაქტი ვერ ვიხსენებ, მაგრამ რა გვექნა მაინც დიდი ,,სისმოვნებით" გამოვართვით ბავშვი. ბავშვის დატოვებიდან გავიდა 15 წუთი, გავიდა ნახევარი საათი, გავიდა 1 საათი 2 საათი 3 საათი და პატრონი არ ჩანს. დავიწყეთ ამ ქალის ძებნა ახლო მახლო,მაგრამ ისე გამქრალიყო ეს ქალი თითქოს მიწამ ჩაყლაპაო. მოკლედ ძალიან ავღელდით. მერე ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა გადავწყვიტეთ მიგვეყვანა ეს ბავშვი პატრულში , პატრულშიც მივედით ,აუხსენით სიტუაცია ასე და ასე მოხდათქო და უნდა გვიშველოთქქო . პატრულმაც მოგვისმინა შემდეგ აგვხედ დაგვხედა და გაეცინა, ახლავე წადით აქედანო. თქვენ თვითონ აჩენთ ბავშვებსო და მერე კი ცდილობთ ვინმეს დაუტოვთ და დააგდოთო.წადით აქედანო და გამოგვეკიდა, ჩვენც მივრბივართ ამ ბავშვით ხელსში და პატრულიც მოგვდევს. მერე როგორ დამთავრდა იცით? მე გამომეღვიძა/ აბა
In Response

ავტორი: nato საიდან გვწერთ: Vake
05.02.2010 21:39
:) ვიხალისე! სიზმრებზე თუ გადავადით არაა ურიგო ბლოგი!!

ავტორი: ანონიმი
15.01.2010 15:16
ვერა ხარ, რააა...

ავტორი: ანონიმი
14.01.2010 12:38
აუჰ, ერთი ამაბვი კიდევ გამახსენდა. ამასაც დავწერ, თქვენი ნებართვით:

ესეც შარშან გაზაფხულზე მოხდა. ამჯერად უკვე უნივერსიტეტში მივდიოდი. ზოოპარკთან რომ მიწისქვეშა გადასასვლელია, იქ ჩავედი (ისე, კახეთში როგორც იტყოდნენ, მანდ თავმომწონე კატა კნუტებს არ დაყრის, მაგრამ ზემოდან გადარბენას ყველაფერი მირჩევნია). გრძელი გადასასვლელია, ბინძური და ბნელი. შუაში რომ მივედი, იქ, სადაც გვირაბი (თუ რაც ჰქვია) გადახურული არაა და სინათლე შემოდის, ვიღაც ქალი დავინახე, მეორე მხრიდან მოდიოდა. სახეზე აწითლებული და აჭრელებული იყო. ერთი შეხედვითვე შეატყობდით, ყველაფერი რიგზე ვერ ჰქონდა. ისე კი, ჩვეულებრივი ქალი იყო. ასე, 55 წლის, მოვლილი.
რომ მომიახლოვდა, მორდებით მკითხა - 80 თეთრ ხომ არ გაქვსო? და მოჰყვა ახსნას: ცუდად ვარ, ჰაერი არ მყოფნისო. ჩანთაში სულ მიდევს კანფეტი და ასეთ დროს მშველის ხოლმეო, მაგრამ ახლა არ აღმომაჩნდაო. საავადმყოფოში ვიყავი, ჩიყვზე გავესინჯე და რაღაცამ ალერგია მომცაო. აეროზოლი (თუ რაღაც წამალი მითხრა, სახელი აღარ მახსოვს) 80 თეთრი ღირსო და ვიყიდიო. მე ვუთხარი: გავქცევი, მოგიტანთ-მეთქი. მაგრამ არაო, - კატეგორიულად მითხრა.

რაღას ვიზამდი. ლარიანი მქონდა და მივეცი. ნომერი მითხარი შენიო, ტელეფონზე მაინც გადმოგირიცხავ მერეო, - მითხრა. უი, არა, რას ამბობთ-მეთქი, - შევიცხადე. ბოლოს, სახელი მაინც მითხარი, ლოცვებში მოგიხსენიებო. ლალი მქვია-მეთქი, - ვუთხარი. ეგ არა, ნათლობის სახელიო. ელენე-მეთქი. სახლში წასასვლელი ფული თუ მაინც დაგრჩაო? კი-მეთქი. და წავიდა.

ეგ იყო და ეგ, იმის მერე იმ ქალზე აღარაფერი ვიცი. მართალია, დაზუსტებით ვერც იმას ვიტყვი, მართლა ალერგია ჰქონდა და წამლისთვის უნდოდა ფული თუ არა (აბა, მე რატომ არ გამგზავნა?), მაგრამ სულ მაინტერესებს, ახლა როგორაა. საერთოდ, გააღწია იმ გვირაბიდან (თუ რაც ჰქვია), თუ - არა. ვინანე კიდეც მერე, უნდა მივბრუნებულიყავი და მენახა-მეთქი.

ერთი კია, იმის მერე რამეში რომ გამიმართლებს, ვფიქრობ: მართლა ულოცია, რა გინდა-მეთქი.. :).
In Response

ავტორი: ანონიმი
15.01.2010 00:47
უჰ, რავი.. :( რამდენი ლალია ქვეყანაზე?.. : )))
In Response

ავტორი: ნიკო ნერგაძე
14.01.2010 18:55
ჰეჰე, რაღა ანონიმი გამოხვედი, ლალი?

ავტორი: Tomushka საიდან გვწერთ: http://tomushka.blogspot.
14.01.2010 02:43
შენგან მშვენიერი პირადი ბლოგერი გამოვიდოდა :)
პირადი ბლოგის გახსნაზე არ გიფიქრია? :)
თუ რამე აქ ვართ და მხარში ამოგიდგებით :)
In Response

ავტორი: ნიკო ნერგაძე
14.01.2010 18:56
არაა, ამაზე პირადი აღარ მინდა :)

ავტორი: DOORS საიდან გვწერთ: Tbilisi
14.01.2010 00:05
3-4 წლსი ვიქნებოდი, ბაღში დავდიოდი ქვემო მთაწმინდაზე, ჯამბულზე (ერთი პატარა და ლამაზი ქუჩაა მთაწმინდაზე) მომაკითხა ბებიაჩემა წასაყვანად და რას ხედავს... ვდგავარ და ვიხევი შუაზე ტირილით და თურმე თმებზე ვიკიდებ ხელს და ჩემი მსაწავლებლისკენ ვიშვერ თითს ... ესა , ესაა ვიძახი და თან თმებს ვიპუტავ თურმე ბებიაჩემი ძველი კაკებეშნიკია იმწუთას მიხვდა რაშიც იყო საქმე მივიდა ამ ქალთან და ეუბნება: --
-ქალბატონო რატომ გალახეთ ბავშვი?! იმ ქალს ფერი ეცვალა, რას ლაპარაკობთ ქლაბატონო თითი არ დამიკარებიაო.
-აბა ბავშვი თმებს იპუტავს და შენსკენ იშვერს თითს და როგორ არ გიცემიაო...
- გატყუებთ ქლაბატონო ბავშვი ალბათ, თითი არ დაიმაკრებიაო (უტიფარი)
- არ გცხვენიათ ამხელა ქალს რომ მარტუებთ? როდის იყო 3 წლის ბავშვი ტყუილს იგონებდაო უთხრა ბებიაჩემა და იმ ქალმაც ხმა ვეღარ ამიღო.
ასეა ჩემო კარგებო ტყუილს მოკლე ფეხი ააქვს ზოგჟერ ასეც ხდება რომ 3 წლსი ბავშვი თავის სიმართლეს გაიტანს და 50 წლსი ქალი კი ტყიულს ვერ დაუპირისპირებს თოთო ბავშვს...

ავტორი: IrMa
13.01.2010 18:03
გუშინ 85 ნომერ ავტობუსში (ვაკე-საბურთალო)მოზარდი გოგო პატარა ბიჭს სცემდა.ნუ რა თქმა უნდა ხალხი ჩაერია და აღმოჩნდა რომ ეს 14 წლის გოგო ამ 7წლის ბიჭს(მარტო იყო) ფულს სძალავდა..დაიწყო მომავალი თაობის გინება და ერთი ამბავი, თან პედაგოგები მგზავრობნენ ავტობუსით..გოგომ ყველა გამოლანძღა და ჩავიდა..

მოკლედ საკმაოდ სიმპატიური ბავშვი იყო..მომავალი აი ის..პუტინის საყვარელი სერიალის გმირი..ნიკიტა ან ვინმე მსგავსი..რა შუაშია მარა ეგ გამახსენდა.

ვაა არადა პოზიტიური არაფერი გამახსენდა..

ავტორი: keti საიდან გვწერთ: Tbilisi
13.01.2010 17:21
რუსულ საბავშვო ბაღში ვსწავლობდი, ეს ალბათ ერთი 22 წლის წინ იყო. ვერა და ლუბა მასწავლებლები მყავდა. ყოველ წელს დაგვათრევდნენ დასასვენებლად კოჯრის ბანაკში, ერთი დიდი საერთო ოთახი და ერთი დიდი საერთო აბაზანა გვქონდა, დილაობით მაგრა ციოდა, სულ კანკალით ვიბანდით ხოლმე ხელპირს. შავი პური თხლად წასმული კარაქით და ჩაი - ნამდვილი გემრიელობა იყო. ეხლა ამას რომ ვწერ ძალიან მრცხვენია, მაგრამ მაშინ ბავშვი ვიყავი და თან ასე იყო და... - ვერა მასწავლებელს ხანდახან ჩუმად მივყავდი თავის ოთახში და შემწვარ კარტოფილს მაჭმევდა (რატომღაც გამორჩეულად ვუყვარდი). ამის მიუხედავადაც კი საშინლად არ მიყვარდა ეს კოჯორი, მშობლებს მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ შეეძლოთ ჩამოსვლა, ამიტომ ყოველთვის როცა დედას და მამას ველოდებოდი, შუადღისას, მაშინ როცა ყველას შუადღის ძილის დრო ჰქონდა, მე საჭირო ოთახში ვიპარებოდი - საიდანაც ფანჯარაში გზა მოჩანდა და დედას ველოდებოდი. ასე იყო ზუსტად სამი წელი
In Response

ავტორი: nato საიდან გვწერთ: vake
05.02.2010 21:58
მეც მომინდა ცოტა ანალოგიურის გახსენება: საბავშვო ბაღის ბანაკში ვიყავი ერთ ზაფხულს (ამაზე საშინელი მოგონება ალბათ არც მაქვს) დიდ საერთო საერთო საძინებელს ერთი ღამის ქოთანი ჰქონდა და დილისკენ პირამდე ივსებოდა. კიდევ ერთი საშინელება: მთელი დღე გვამღერებდნენ ეზოში (რომ არ გვეცელქა). დედაჩემი ამბობდა, რომ იმის შემდეგ მე ხმა ჩამიწყდა, მანამდე , თურმე კარგი ხმა მქონდა და ჩემს მომღერლობაზე ოცნებობდა. მშობლებს მხოლოდ კვირაში ერთხელ შეეძლოთ ჩამოსვლა. ერთხელაც ჩემები ჩამოვიდნენ და ულამაზესი თოჯინა (მაშინ დეფიციტი იყო ყველაფერი) ჩამომიტანეს. აი ახლა , რომ ბარბი ჰქვია ისეთი სილამაზის იყო და ცისფერი გუბკის ფუშუფუშა კაბა ეცვა. დილით რომ გავიღვიძე ის თოჯინა მოპარული იყო. მაშინ მახსოვს ბევრი ვიტირე, მაგრამ ეს საქმე გამოუძიებელი დარჩა. ასეთი სილამაზის თოჯინა მერე აღარც მყოლი. დედა და მამა იმ ზაფხულს დაშორდნენ ერთმანეთს.

ავტორი: მართა საიდან გვწერთ: საქართველო
13.01.2010 15:27
აუუ კარგი იდეაა, დავიწყებ აბა . . .
ბაღში დავდიოდი, ასე ხუთი წლის ვარ და თურმე სადილზე პური დააკლდათ. აღმზრდელებს, მზარეულებს და რა ვიცი კიდევ ვინ მუშაობს საბავშვო ბაღში ეტყობა დაეზარათ პურზე გასვლა, არადა მაღაზია იქვე იყო და გამიშვეს მე. ვიყიდე პური, ხურდაც დამიბრუნეს და გზაში ეს კაპიკიანები დამიცვივდა. ვკრივაფ ასფალტიდან ლენინის ფოტოებიან ათ კაპიკიანებს და სულ არ დამინახავს რომ უზარმაზარი მანქანის მგონი ,,ურალის” უკან ვარ ჩაცუცქული , ცალი ხელით პურებს ძლივს ვაკავებ, ცალით კი პატარა ფრჩხილებით კაპიკების აკრეფას ვლამობ. მანქანის ძარაზე ხრეში ყრია, რომელიც წამი - წამ და თავზე დამეცლება. მეზობელს დაუნახივარ და მან გადამარჩინა. მის შემდეგ ცხონებული ყოველ შეხვერდაზე მეუბნებოდა , რომ გათხოვდები ხალათი მიყიდე გადარჩენისთვისო.
In Response

ავტორი: nato საიდან გვწერთ: vake
05.02.2010 22:00
მერედა არ უყიდე ხალათი??:)

ავტორი: თამუნა საიდან გვწერთ: თბილისი
13.01.2010 12:55
მოგესალმებით ყველას. ჩემს თავს გადამხდარი ამბავი იუმორთან უფრო არის დაკავშირებული და თავიც აქვს და ბოლოც.
მოკლედ რომელი წელია ვერ გეტყვით, მე და დედაჩემი წავედით კერძო ექიმთან. თოვდა, საშინლად ციოდა. ჩაფუთნული, პომპონჩიკიანი ქუდით, პირზე კაშნე აფარებული_ ასე გამოვიყურები მე, მივადექით ექიმს. ავადმყოფობის ისტორია, ჩივილები და ა.შ. ბოლოს ექიმის თავჩაქინდრული პოზა:. D.მწვავე ანგინა.თავი რომ არ მოგაწყინოთ, ექიმმა გამოწერა რეცეპტი და აი დადგა ჟამი ჯიბეში ექიმისათვის ფულის ჩადებისა.დედაჩემი ასეთ რაღაცეებში ძალიან მორიდებული ქალბატონი ბრძანდება. დედამ როგორც იქნა მოახერხა და ექიმს ჯიბეში ნელ-ნელა შეუცურა ფული. ამასთან მინდა გითხრათ, რომ ექიმი წარმოშობით სამეგრელოდან იყო, მართალია ჩემი გვარიც მეგრული წარმოშობისაა, მაგრამ ჩვენ გურიიდან ვართ და ვგურულობთ.
____,,.როგორ გეკადრებათ ქალბატონო, არა არ არის საჭირო და .შ.
წარიმართა ხელჩართული ბრძოლა, მამაჩემი ქვემოთ გველოდებოდა, გაიყინა კაცი, ბოლოს ამოვიდა და ამ ხელჩართულ ბრძოლაში თავისი წვლილიც შეიტანა.გამარჯვება ჩვენ გვხვდა წილად.
ისე მოხდა ,რომ რეცეპტით გამოწერილი წამლების ყიდვა მეორე დღისათვის გადავწყვიტეთ.და აი ვეძებთ რეცეპტს და ვერსად ვპოულობთ. თავი რომ არ შეგაწყინოთ, დედაჩემს შეეშალა და ფულის მაგივრად მისივე გამოწერილი რეცეპტი ჩაუდო ექიმს ჯიბეში. შეცდომის გამოსწორება შეუძლებელი იყო, რადგან ექიმი წინა საღამოს მიფრინავდა ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ დიდი ხნით. დედაჩემს ამ ნერვიულობაზე სიცხემ აუწია ,მამაჩემმა კი დაამშვიდა, რომ ჩამოვა ყველაფერი ავუხსნათ-ო. მაგრამ ეს ,,როდის" როდის იქნებოდა ამ კითხვაზე პასუხის ვერავინ გვცემდა.
,,ექიმის შეხედულებები მომხდარზე"
In Response

ავტორი: nato საიდან გვწერთ: vake
05.02.2010 22:03
რა მაგარი ისტორიაა:) ამ პატარა ჩანახატების გადაღება, რომ შეიძლებოდეს საკაიფო კინო გამოვიდოდა:)
In Response

ავტორი: ნიკო ნერგაძე
13.01.2010 17:36
და ბოლოს რა მოხდა? გაირკვა სიმართლე?
ქრთამებზე გამახსენდა, ჩემი ერთი მეგობრის მამა ყმაწვილკაცობაში ექიმს ასე ჯიბეში უცურებდა ხოლმე ხელს, ოღონდ ფულს არ უდებდა. იმ წუთას ხომ არ დაიწყებდა ის კაცი შემოწმებას და თან ალბათ სხვაც ედო ჯიბეში და ვეღარ გაარჩევდა. რომც გაერჩია რას იზამდა. :)

ავტორი: ანონიმი
12.01.2010 23:36
ეს ამბავი შარშან მოხდა. გაზაფხული იყო. ლექციები დაგვიმთავრდა და უნივერსიტეტიდან გამოვედით. მზიურის ჩასასვლელან ხალხი იყო შეგროვებული. მზესუმზირის გამყიდველი ქალი ტიროდა და ვიღაც მოხეული ბიჭები კედელზე აყუდებულ კაცს ურტყამდნენ.

როგორც გავარკვიეთ: ამ მზესუმზირის გამყიდველთან, ასე, მე-4 კლასელი ბიჭი მისულა და ცოტა ხანს თქვენთან დავდგებიო, უთქვამს. აი, იქ რომ კაცი დგას, მე დამსდევსო და თავში მირტყამსო. თან სლუკუნებდა ეს ბავშვი.

ხალხმა რომ ეს გაიგო, "ბიჭო, შენ ბავშვს როგორ ურტყამო, თან ჩვენს უბანშიო?!" - დაიღრიალეს და გაეკიდნენ. გაიქცა ეს კაცი, მაგრამ მაინც დაეწივნენ. მაისური შემოახიეს და ურტყამდნენ ასე კედელთან მიყენებულს. ბავშვი ცალკე კანკალებდა, კაცი - ცალკე. ბავშვს ეფერებოდნენ. კაცს - სცემდნენ.

მერე ამ კაცმა თქვა, ერთი წუთით, დამარეკინეთო და პატრულში დარეკა. მერე კიდევ სადღაც დარეკა და დედა მოდი, აქა და აქ ვარო, უთხრა.

ცოტა ხანში პატრულის ორი მანქანა და ერთი მოხუცი ქალი მოვიდა. ამ კაცმა დედამისი გზის მეორე მხრიდანვე დაინახა და დედა, აქ ვარო, აქო - ყვირლი დაიწყო.

პატრულმა თვითმხილველებს გამოჰკითხა რაღაცები და ამ ბავშვის ერთი-ორმა კლასელმა თქვა, ეს კაცი გიჟიაო. ჩვენს სკოლასთან დგას სულო და ბავშვები დასცინიან ხოლმეო. იმ დღეს გაჩერებაზე იდგა, ჩვენ კიდევ გავრბოდითო და ამან (ბავშვმა, რომელიც ტიროდა) შემთხვევით მხარი გაკრაო. მეტი არაფერი ვიცითო.

მოკლედ, ერთობ მძიმე მდგომარეობა იყო. ბავშვს დედამისის ნომერი ჰკითხეს. ამან თქვა, დედა ინერვიულებს არ დაურეკოთო. ბოლოს მამის ნომერი მისცა ხალხს და მათაც დარეკეს.

მოვიდა მამამისი. ზუსტად ამ ბავშვისნარი კაცი იყო - მაღალი, გამხდარი და შავგვრემანი. ეს კაცი შენს შვილს თავში ურტყამსო, უთხრეს. ვიფიქრე, ამას ახლა ვეღარც გააგდებინებენ იმ საწყალ კაცს ხელიდან-მეთქი, მაგრამ მამამ ერთი შეხედა "ეჭვმიტანილს", მერე დაიხარა და შვილს ჩასჩურჩულა ყურში: "არ გრცხვენია, მამა, ამან როგორ შეგაშინაო?.."

მერე ვიღაც ბიჭები მივიდნენ ამ კაცთან და ბიჭო, შენ ცუდად ხომ არ ხარო, ჰკითხეს. ამ კაცს არაფერი უთქვამს, დაბნეული იყურებოდა. აი, რამე წამლებს თუ სვამო, - დაუზუსტეს. კიდევ არაფერი უპასუხა. დედამისი სადაც იდგა, სულ იქით მიიწევდა.

მერე ჩვენ წამოვედით - გვეჩქარებოდა. ჰოდა, ვეღარ გავიგე, ეს ამბავიროგორ დამთავრდა. დიდხანს მახსოვდა, მაგრამ ამას წინათ დამავიწყდა. ახლა ეს ამბები რომ წავიკითხე, გამახსენდა ისევ.
In Response

ავტორი: nato საიდან გვწერთ: vake
05.02.2010 22:07
ბავშვის მამა რა ღირსეულად მოიქცა! ალბათ ის ბავშვი იყო "წითელკანიანთა ბელადი" და საწყალი ავადმყოფი კაცი გადაიყვანა ჭკუიდან:)
In Response

ავტორი: ნიკო ნერგაძე
13.01.2010 10:49
ეგრე რა. საინტერესო იყო.

ავტორი: დიმიტრი საიდან გვწერთ: Boerum Hill
12.01.2010 23:30
ერთხელ გიგანტურმა მფრინავმა ზღარბმა ”მარშუტკა” გადასანსლა ჩემს თვალწინ. რამდენიმე წუთში ვიღაც ბიძია მოვიდა, ჯიბიდან კალმისტარივით რაღაც ამოიღო და მომანათა. მე მჯერა რომ გიგანტური მფრინავი ზღარბი ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყო, იმიტომ რომ წინა ღამით არ მეძინა.

P.S. იმ კაცმა ბოლოს შოპენჰაუერის სიტყვები მაინც გაიმეორა: ”რა მნიშვნელობა აქვს რისი თქმა მინდოდა. მთავარია, რომ მე ამის უფლება მქონდაო.”
ეს ისე ხუმრობით...

ავტორი: manana საიდან გვწერთ: USA
12.01.2010 22:56
რაიმეს "თავისა და ბოლოს გარეშე" "უთავბოლოს" ეძახიან.
In Response

ავტორი: vaxtangi საიდან გვწერთ: stu
11.02.2010 13:39
სთქვარუკამარაკი...
In Response

ავტორი: ანონიმი
14.01.2010 12:08
უთავბოლო აბდა-უბდას ნიშნავს. ეს ამბები კი სულაც არ არის აბა-უბდა: თავიც აქვთ და ბოლოც. უბრალოდ, ჩვენ არ ვიცით. ამიტომ ვწერთ მათ დასაწყისისა და დასასრულის გარეშე. :)
ისე კი, სათაურში სიტყვას "თავის" ა-სავრცობი მოუხდებოდა: ამბები თავისა და ბოლოს გარეშე. :P
In Response

ავტორი: ნიკო ნერგაძე
14.01.2010 13:45
ვისთვის როგორ. მეწერა ბოლოში ა და მერე წავშალე :)
In Response

ავტორი: manana საიდან გვწერთ: USA
14.01.2010 05:04
კი, ადამიანზეც იტყვიან ხოლმე.
In Response

ავტორი: ნიკო ნერგაძე
13.01.2010 10:49
და უთავბოლო სხვას არაფერს ნიშნავს?
     

პროდუქტები და ფუნქციები

პოდკასტიRSS