ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 08:19

ბლოგები / ბიძინა მაყაშვილი

საბავშო ბაღი

x
ტექსტის ზომა - +
გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და გთავაზობთ შესაბამის ეპიზოდს სერიალიდან “ქართველიშვილები”. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად მოგახსენებთ, რომ აქ აღწერილი ამბები და გმირები გამოგონოლია და მათ საერთო არაფერი აქვთ სინამდვილესთან. ბუნებრივია, ეს ეხება ოჯახის გვარსაც, რომელიც აღებულია მხოლოდ მხატვრული მოსაზრებით. პერიოდულად შემოგთავაზებთ სერიალის სხვა ეპიზოდებსაც.

მე ნინო ქართველიშვილი ვარ. მყავს მშობლები და უფროსი ძმა. დავდივარ თბილისის კიროვის სახელობის საბავშო ბაღში, რომელიც ძერჟინსკის ქუჩაზე მდებარეობს. ჩვენ ჯგუფში 43 ბავშვია; აქედან 20 გოგოა და 14 ბიჭია, მაგრამ ჩემთვის სულ ერთია.
ჩვენი მასწავლებელი 69 წლის ქალია. მას ძალიან უყვარს ბავშვები, განსაკუთრებით მათი ცემა. მე, ძირითადად, ფერდებში მირტყამს და ყურებს მიგრეხს ხოლმე. სამაგიეროდ, ძალიან მრავალფეროვნად გვაჭმევენ: დილას – თბილი, შაქრიანი წყალი, შუადღისას – მოხარშული მაკარონი და მაკარონის ნახარში, საღამოს – მაკარონის კისელი. სათამაშოც ბევრი გვაქვს: ქვიშის ყუთი, წითელი აგურის ნატეხები, პლასტმასის გაბზარული ბურთი, მეეზოვის ძველი ცოცხი, ნახატებშემოხეული ხის კუბი, ფსკერზე საღებავმიმხმარი ვედრო, გათბობის დაჟანგული რადიატორი, რადიოს ბატარეა, გახდილი თოჯინის ტანი და ვარსკვლავიანი ოქროსფერი ღილი.

როცა არ გვძინავს და არ გვცემენ, სულ ამ სათამაშოებით ვთამაშობთ. ყველაზე მეტად ორი თამაში მიყვარს: დაბანობანა და სახლობანა. დაბანობანას დროს ერთი ბავშვი მეორეს ვედროდან ქვიშას უყრის ხელისგულებზე, ვითომ წყალია. მეორე კი ამ ქვიშას ისვამს სახეზე, ყურებში, კისერზე – მოკლედ იბანს. სახლობანას დროს ოთხი ბავშვი ქვიშით აშენებს სახლს. როცა დაამთავრებენ, დანარჩენები წრეს შეკრავენ და ცდილობენ, აგურების სროლით დაანგრიონ. ის ოთხი კი წრის შიგნით დგას და რადიატორის რკინებით იგერიებს თავდამსხმელებს. ძალიან კარგი თამაშია, ოღონდ ცოტათი მტკივნეულია.

ბაღში შუადღისას გვაძინებენ ხოლმე. თუ არ დაიძინებ, გცემენ. მაგრამ მხოლოდ თერთმეტი საწოლი გვაქვს და სამ-სამს ერთად გვძინავს. ზამთრობით კარგია, თბილა ხოლმე, განსაკუთრებით, თუ შუაში მოხვდები. სამაგიეროდ, თუ ვინმემ ჩაიფსა, სამივეს ერთად გვცემენ ხოლმე.

აქ რაღაცეებსაც გვასწავლიან. მაგალითად, უკვე სულმოუთქმელად ვითვლი ოთხამდე და ვიცი ქართულის 45 ასო; შემიძლია ოსურის და ვალსის ცეკვა და ვმღერივარ „მაი ბონის“ და „შენ ხარ ვენახოს“; სამ სხვადასხვა ენაზე ვისწავლე ორ-ორი ფრაზა: რუსულად – „პუსტ ვსეგდა ბუდეტ სოლნცე“ და „დეტი ცვეტი ბუდუშჩეგო“; გერმანულად – „ჰენდე ჰოხ” და „ჰიტლერ კაპუტ“; ინგლისურად – „ვი არ ზე ვერლდ ვი არ ზე ჩილდრენ“ და „თუ ბი ორ ნოთ თუ ბი“.

ერთხელ სახლში ნათურა გადაგვეწვა და მამამ დამავალა, საბავშო ბაღიდან მომეპარა. ბავშვებმა დაიჭირეს ძალიან მაღალი კიბე და მე ნათურასთან ავძვერი. უკვე უნდა მომეხსნა, რომ ბავშვებს კიბე გაუვარდათ. მე ხელების ფართხალი დავიწყე და საბედნიეროდ ბუზების დასაჭერ წებოიან ქაღალდს მივეწებე. ასე ვეკიდე ჭერში რამდენიმე საათი. ბავშვები ჩუმად იყვნენ, რომ მასწავლებელს არაფერი გაეგო. კიდევ კარგი, საღამოს წვიმა წამოვიდა. წყალმა ჭერში სწორედ იმ ადგილას გაჟონა, სადაც ჩემი ბუზების ქაღალდი იყო მიმაგრებული. დასველებული ჭერი ჩამოინგრა და იატაკზე მოვადინე ზღართანი. თუმცა არაფერი მომსვლია, რადგან ერთ ბავშვს დავეცი თავზე.

მალე ძმამ გამოიარა და სახლში წამიყვანა; თან უსაქმურობისგან გზაში მცემდა. ნათურა რომ არ გვქონდა, დედას მაკარონი ჩაეხარშა და გაბრაზებულმა მცემა. სადილის შემდეგ მამა მეზობელი სახლის სადარბაზოდან ნათურის მოპარვას ცდილობდა, მაგრამ ცხელი იყო და თითები დაეწვა. სახლში რომ მოვიდა, გაბრაზებული იყო და მცემა. მერე ყველამ დავიძინეთ, ოღონდ სიბნელის გამო ჩემ ძმას ლოგინი აერია და ჩემთან დაწვა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: lika საიდან გვწერთ: Tbilisi
12.06.2010 09:27
ესეა ყოველთვის აგრესია ჯაჭვია დიდიდან პატარაზე გადადის პატარიდან უფრო პატარაზე ისევ უფრო პატარაზე და ა.შ. : )
მე მახსოვს ჩემი ბაღის პედაგოგი სულ უხასიათოდ იყო ეხლა რომ ვფიქრობ ალბათ არ ულხინდა საწყალს . ბაღში მოსული კი ბავშვების ზუზუნას ვერ იტანდა და გვირტყავდაა : ) შუადღე მოსული არ იყო შეგვყრიდა სტაფილოსფრად განათებულ საძინებელში და აბა ვინმეს ამოეღო ხმაა ! .. ერთად წოლა საერთოდ იკრძალებოდა არადა გული ჩემი ბაღელისკენ მიმიწევდა დათო ერქვა.
ერთი დღე მახსოვს ამ ქალის ცხოვრებიდან როცა ძალიან მხიარულად იყო და ბავშვებიც ამ მოვლენით გაოცებულები გაღიმებულები ვაკვირდებოდით როგორ ცდილობდა მეგი მასწავლებელი ჩვენ გახალისებას . იმ დღეს ჩემი ბაღიდან სახლში წაყვანა დაავიწყდათ. მეგი მასწავლებელი ძალიან გულითადად მომიდგა ნახევრად ბნელ ოთახში ვთამაშობდით " ჩუმად ჩუმად არვინ გაგვიგოოს და შიგადაშიგ ღიღნებდა " ფანჯარაში მტრედია, ნეტავ ვისი ბედია : ))
მაშინ მეგი მასწავლებელი ბებერი მეგონა არადა სულ რაღაც 25 -26 წლის არც იქნებოდა . ეჰ

ავტორი: აქაური საიდან გვწერთ: სააქაოდან
11.06.2010 01:54
ბიძინა, საბავშვო ბაღის ფოლკლორი არ გახსოვს? აბა თქვი რეზინა - უბორნიაში გეძინა; აბა თქვი ნასკი - უბორნიაში გასკდი; აბა თქვი ბოდიში - ჩაგიგორდი ლოგინში და ა.შ.. ნეტა დღესაც თუ შემორჩა საბავშვო ბაღის ხალხურ შემოქმედებას?
მე პირველ ბაღში დავდიოდი და იქ დაშინების ასეთი მეთოდი ჰქოდათ: ვინც დააშავებდა, მეორე ოთახში გაჰყავდათ, იქიდან კი კუნძულზე უნდა გაეგზავნათ. ეს კოშმარი, რომ კუნძულზე უნდა გამაგზავნონ, დღემდე მესიზმრება.

ავტორი: ნინია საიდან გვწერთ: თბილისი
10.06.2010 17:12
ძალიან ნუ მოგვანატრებთ რა ბიძინა თავს. ახალ სტატიას მოუთმენლად ველოდები...

ავტორი: ბიძინა მაყაშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
09.06.2010 15:35
naan
ბაღში სინამდვილეში 34 ბავშვია, მაგრამ ეპიზოდის გმირი, რომელიც გვიყვება ამბავს, 34-ს აღიქვამს, როგორც 3-ის 4-ის კომბინაციას, ანუ მისთვის სულერთია 34 იქნება თუ 43.
პატივისცემით, ბიძინა

ავტორი: naan საიდან გვწერთ: tbilisi
09.06.2010 12:39
"თუ არ დაიძინებ, გცემენ. მაგრამ მხოლოდ თერთმეტი საწოლი გვაქვს და სამ-სამს ერთად გვძინავს", გამოდის ბაღში მხოლოდ 33 ბავშვს შეუძლია დაძინება, არადა ჯგუფში 43 -ია, 20 გოგო და 14 ბიჭი, თუ ეს მხოლოდ მექანიკური შეცდომაა და 34 ბავშვია ჯგუფში და ალბათ ასეცაა, ერთი ბავშვი მაინც ვერ დაიძინებს საწოლის არქონის გამო ყველა ბავშვი რომ მივიდეს ბაღში, აუუუუ რა ცოდოა ის ერთი, ნეტავ სულ ცემენ სანამ სხვები არ გაიღვიძებენ თუ ერთხელ მოსცხებენ შენ რატომ არ გძინავსო?! ან ის ერთი მორიგეობითაა ვინც არ იძინებს თუ დაწოლა დასწრებაზეა? სხვა მხრივ კარგია, გმადლობთ ბატონო ბიძინა

ავტორი: samni საიდან გვწერთ: tbilisi
08.06.2010 22:51
ძალიან გადაჭარბებულია და ამდენად, მთლად მისაღები არა,თუმცა არის ამაში სიმართლის დიდი მარცვალიც,საკუთარი გამოცდილებიდან ვიტყოდი,არც თუ ისე შორეულ წარსულში საკუთარი შვილი (სხვა გზა არ მქონდა და იძულებული ვიყავი ამ ე.წ. საბავშვო ბაღში მეტარებინა) ხშირად დამხვედრია მაგიდაზე თავჩამოდებული,ხელები უკან წაღებული და არც მეტი არც ნაკლები,ჩაძინებული. ჩემი რეაქცია გაინტერესებთ? :((

ავტორი: POEt
08.06.2010 04:52
საყვარელი ლექსია ვასოსი. ბიძინას ტექტსი კიდევ უფრო. : )

ავტორი: vaso საიდან გვწერთ: gori
07.06.2010 12:14
საბავშვო ბაღი

რაც მე ბაღში დავდივარ,
არცთუ დიდი ხანია,
მაგრამ იქ სიარული
სულაც არ მიხარია.

რატომ, ალბათ, იკითხავთ
და არც გამიკვირდება,
უფროსებს ხომ ყველაფრის
განმარტება გჭირდებათ.

აბა, თქვენ იზეპირეთ
ზეიმისთვის ლექსები!
აბა, ყოველ ნაბიჯზე
დაიცავით წესები!

ჭამეთ სუპი ყოველდღე,
კარტოფილის პიურე...
აბა, მოგცხოთ აღმზრდელმა,
ოთახს როცა მიურევთ!

ხელს თუ რამეს მოვკიდებთ,
გვიყვირიან – რას შვრებით!
ნეტავ, ვიყოთ დიდები,
დიდები კი – ბავშვები.

ჰოდა, გუშინ, როდესაც
დაგვაძინეს ძალათი.
დამესიზმრა – ვიყავი
ბაღის გამგე ამათი.

აღმზრდელებად დავნიშნე
ჩემი ამხანაგები,
ჩვენი აღმზრდელები კი
იყვნენ ისე კარგები –

გვიცქეროდნენ თვალებში,
ჩვენ კი რა გავიხარეთ –
თუმცა სულ არ ცელქობდნენ,
ჯავრი მაინც ვიყარეთ!

ვაცეკვეთ და ვამღერეთ,
ცუდი რაა ამაში,
სათამაშოებით კი
არ ვაცალეთ თამაში,

დავაძინეთ ძალით და,
ნეტავ ერთი გენახათ –
როცა მართლა ჩასთვლიმათ,
გავაღვიძეთ ხელახლა.

მერე, ყველა დავსხით და
შევაჭამეთ სადილი –
უკატლეტო პიურე,
სუპი, ბევრი მწვანილით.

დღის ბოლოს კი, შვილებმა
წაიყვანეს როცა შინ,
მე ჩემს ამხანაგებთან
მარტო დავრჩი ოთახში,

ყველა მივხვდით, რა არის
დაღლილობა ნამდვილი
და ვთქვით – თურმე დიდობაც
არ ყოფილა ადვილი.

ანდა თვითონ აქამდე
ნეტავ, როგორ გაგვიძლეს...
ამ დროს მასწავლებლებმა
კიდეც გამოგვაღვიძეს.

2007

ავტორი: რა მნიშვნელობა აქვს ? საიდან გვწერთ: ან - ამას ?
05.06.2010 19:33
ფინალი :))

One of the best posts !

Respect !


ავტორი: Lacho საიდან გვწერთ: Madrid
05.06.2010 00:17
იმათ ვისაც არ მოეწონა - ნუ გეშინიათ, გათენდება! :))) შემდეგ სერიაში, სავარაუდოდ, ამდენი ცემა არ იქნება. გამოცდილება ყველა პერსონაჟმა დააგროვა და უფრო ლაითად წავა ცხოვრება :)))

კარგია!!!

ავტორი: ნიანუა საიდან გვწერთ: თბილისი
04.06.2010 12:06
Lisa-ს ვეთანხმები. აქ დაწერილი კომენტარების პათოსმა მეც გამაგიჟა. ძალიან კარგი სტატია. ნეტა ბევრი იწერებოდეს ასეთი...

ავტორი: Lisa
04.06.2010 00:17
აუ ძაან ბევრი ვიცინე, ბიძინა. მაგრამ კომენატარებს რომ გადავხედე, გული გამისკდა. ზოგიერთის (იმ ბიჭების და იმ გოგოების) პათოსის მმკ-ებს და სმმ-ებსაც შეშურდებოდათ : ) რეებს ბოდავენ საერთოდ : ) ძაან ვიცინე.

ავტორი: ის ბიჭი
03.06.2010 14:07
ავტორი: არტური საიდან გვწერთ: კამელოტიდან
03.06.2010 13:03
ტექსტი კი არ აღვიქვით სერიოზულად, არამედ ბიძინას მდგომარეობა, რომელსაც როგორც სჩანს ასე თუ ისე უმკლავდება და აგერ ჩვენც გვთავაზობს, რომ ერთად გავუმკლავდეთ.
სულ ცოტა, ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და ამიტომაც კარგია, ეს უბედურება, რაც დაწერა.

ავტორი: არტური საიდან გვწერთ: კამელოტიდან
03.06.2010 13:03
მე მგონი ძალიან სერიოზულად აღიქვა ბევრმა ეს ტექსტი. ეს უბრალო რეალობაა, ოღონდ არა საბავშვო ბაღების. ეს ჩვენი დიდი ქართული საზოგადოებრივი ბაღია ესეთი :)

ავტორი: ნინია საიდან გვწერთ: თბილისი
03.06.2010 12:42
კარგით რა ხალხნო, ნუთუ ყველას ისე გაგიმართლათ, რომ ბაღში არ გივლიათ. ჩემი ბავშვობა გამახსნედა და არაფერს არ აჭარბებს. ბრავო ბიძინა ძალიან მომეწონა. და კიდევ, თუ გგონიათ, რომ დღეს სიტუაცია შეიცვალა ცდებით. ახლახან იმის გამო გამოვიყვანეთ ბაღიდან ჩემი ძმისშვილი გოგო რომ მასწავლებელი სცემდა. დირექტორმა არ გაუშვა, სტაჟიანია ეს ქალი და სად გავუშვაო... პარადოქსი... თუ გინდათ სხვა ჯგუფში გადავიყვანო. რა სხვა ჯგუფში ბავშვს ბაღის გახსენება აღარ უნდა...

ავტორი: მარია სკლოდოვსკაია-კიური საიდან გვწერთ: პარიზი
03.06.2010 08:57
1. კარგად ასახავს ეპოქას;
2. ავლენს მაღალ მხატვრულობას;
3. მომწონს.

ავტორი: Jiuri Gagarini საიდან გვწერთ: moskovi
03.06.2010 08:43
იმდენი ვიცინე ყბები მტკივა;
მართლა ძალიან მაგარი ხართ!
ერთი სული მაქვს შემდეგი სერიების წაკითხვის,
მგონი ფილმიც უნდა გადაიღონ, იქნებ სანგუკოს შესთავაზოთ, °ერალაშის° ტიპის სერიალს ვხედავ.

ავტორი: N საიდან გვწერთ: Mars
03.06.2010 02:03
მოკლედ ამბობენ გემოვნებაზე არ დაობენო მაგრამ ზოგიერთი მკითხველი რომ დაკომპლექსებულია და ამის გამო იუმორის გრძნობა არ გააჩნია ეს კომენტარებიდან გამომდინარე ნათელი გახდა! ;-)

ავტორი: ის ბიჭი
02.06.2010 23:45
ბლოგზე მეც არ გავგიჟებულვარ. განსაკუთრებით დასასრული იყო ცუდი. ცუდობის გამო ცუდი კი არა. უბრალოდ, ფორმის მხრივ ცუდი. ზრდილობის ფორმის კი არა, კომპოზივიის თუ რაც არის.
ვისაც უნდა რამეს მიაჯღაბნის, მერე რა... და საბოლოო ჯამში, რაღაცა იმედია, რომ გამოვა. იაენთი ხომ არაა, ბოლო ბოლო.

ავტორი: გაგა საიდან გვწერთ: თბილისი
02.06.2010 18:19
ბატონო ბიძინა მგონი თქვენი ყველაზე სუსტი ბლოგი იყო. ვერც იუმორი გავიგე და ვერც სიშავე. ხელოვნურად გაშავებული მეჩვენა. იუმორი საერთოდ ვერ დავინახე. თანაც არ მიყვარს, როცა ბავშვებზე ღადაობენ როცა ამდენი რამეა გარშემო საღადაო.

ავტორი: შალვა ნათელაშვილი საიდან გვწერთ: დუშეთი
02.06.2010 16:52
კაი იყო, ბავშვების ცემა ძალიან სერიოზული პრობლემაა. რამდენჯერ მინახავს ქუჩაში ცემდნენ პატარა ბავშვს მშობლები. გუშინ იყო საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა სადაც ძველი და ახალი წვერებიანი ხალხი ახალგაზრდებს გაუნათლებლობის გამო ლანძავდნენ. ერთმა ძველი თაობის წვერებიანმა განათლებულობის რეცეპტი მოგვცა, თურმე ბავშვი უნდა ცემო.

ავტორი: ის ბიჭი
02.06.2010 15:04
საქართველოში დღესაც სცემენ ბავშვებს, როცა წაიქცევიან ან შარვალს დაისვრიან. ეს შავი იუმორი კი არა შავი სინამდვილეა.

მახსოვს მიშამ, რომ სანდრა ჩამოიყვანა, მაშინ სანდრამ რაღაც ამ მიმართულებით კრიტიკა თქვა და დედააა, რა ამბავი ატეხეს, ესაო რას გვასწავლის ბავშვების დაზრდასო.

სარეცხის მანქანა ყველას არ აქვს და სხვ. ამიტომ არ ჯობია ბავშვმა არ იხოხოს და 3 დღე მაინც გაუძლოს ტანსაცმელმა?
შედეგები იხ. მეზობელ ბლოგში.

ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: tbilisi
02.06.2010 14:32
იშვიათი უნიჭობაა.

ავტორი: kudriashka siu საიდან გვწერთ: bavshvobidan
02.06.2010 14:06
კარგი იყო შავი იუმორი,გამახსენდა როგორ არ ვათხოვე თოჯინა რა თქმა უნდა ბებერი აღმზრდელის შვილიშვილს,რის გამოც აღმზრდელი დამპირდა რომ აუზში დამახრჩობდა,ეს აუზი რა თქმა უნდა საცურაოდ არ გამოიყენებოდა,ბაყაყები ბინადრობდნენ,მაგრამ მშობლებში კი გამიმართლა,დედიკომ სხვა მასწავლებელთან გადამიყვანა,და ტუალეტში არ გაშვება სკოლის დაწყებით კლასებში მახსოვს ,დაფასთან ჩაფსმული კლასელები,არა მაინც რას გადავრჩიიი:):)

ავტორი: ნინო საიდან გვწერთ: თბილისი
02.06.2010 13:34
მე სათქმელს ვერ მივხვდი სიმართლე რომ გითხრათ. ვერც აქტუალობა დავინახე ამ პოსტის.

ავტორი: dada საიდან გვწერთ: tbilisi
02.06.2010 12:44
ჰა,ჰა,ჰა..... ძალიან ბევრი ვიცინე და კარგ ხასიათზე დავდექი .... შესანიშნავია.... გამახსენდა ერთი სასტიკი ეპოზოდი საბავშვო ბაღის პერიოდიდან ..... მაგალითად, როგორ არ მინდოდა კუბიკის თხოვება ერთი ბიჭუნასთვის, ბოლოს ეტყობა იძულებული ვიყავი და კუბიკი ვესროლე, შიგ თვალში მოხვდა და სისხლჩაქცევა განუვითარდა. მახსოვს შიშის და სირცხვილის გრძნობა და მთელი დღის განმავლობაში კუთხეში მუხლებზე დაჩოქილ -მისჯილი ჩემი თავი. სისასტიკე სისასტიკით დაისაჯა...... დღესაც რომ ამაზე ვიტირო, ხომ წარმოგიდგენიათ რა უბედურება იქნება.... იუმორი გაბოროტებისგან ხსნის, გამოსავალის ძიების და დაკარგული სიყვარულის პოვნის, საკუთარ თავთან დაბრუნების ხომ ერთ-ერთი საიმედო გზაა....

ავტორი: qeshi საიდან გვწერთ: gali
02.06.2010 12:36
უეჭველი გალის იყო ხო? ამბობენ გალის ყველაზე მაგრად აბოლებსო. ისე მეტი აღარ მოწიო..

ავტორი: kako საიდან გვწერთ: komuna
02.06.2010 11:55
"ბაღში შუადღისას გვაძინებენ ხოლმე. თუ არ დაიძინებ, გცემენ"
ჩემი ბაღი გამახსენდა:))) , ნეტა ყველგან ასე რატომ იყო??? დღეს თუ ხდება მასეთები ნეტა??? კარგი იყო (Y)

ავტორი: maia საიდან გვწერთ: düssel
02.06.2010 10:05
გინდა სელინჯერს ჰგავდე?
ჰიიიიიიიიი

ავტორი: ისევ ის ბიჭი ვარ... საიდან გვწერთ: სიყვარულის ზღურბლი
02.06.2010 04:30
ავტორი: gega საიდან გვწერთ: tbilisi
01.06.2010 18:02
ანთაძე სხვა ჟანრში "მუშაობს".

....................
ბავშვებს საბავშვო ბაღში შუადღისას შენობაში არ უშვებდნენ, აუცილებლად გარეთ უნდა გეთამაშა ხრიოკ, შემოღობილ ადგილას. სასრიალოს, რომელსაც ღრიჭო ჰქონდა, ბიჭები მის ქვეშ დგებოდნენ და ღრიჭოში ეკალს (დიდს) არჭობდნენ, რომელიც ჩამომსრიალებელს ტრაკში ერჭობოდა ისე ღრმად, რომ მთელი ოპერაცია იზო საჭირო, პატარა თითებით, ზოგჯერ მეგობარი გულშემატკივრებისაც, რომ ის უკან გამოგეგლიჯა. გარეთ ტუალეტი არ იზო და რაც არ უნდა ფისი მოგდომებვოდა, არავითარ შემთხვევაში არ შეგიშვებდნენ შენობაში. გარეთ ბუჩქები არ იყო. ბიჭები ჩასაფრებულები იყვნენ და ელოდნენ, იცოდნენ, რომ თუ გოგოები სადმე იქეთ მიდიოდნენ ჯგუფურად, ე.ი. ერთერთს მაინც საშინლად ეფსმოდა. თუ ჩაიფსავდი, მთელმა 40 ბავშვიანმა ჯგუფმა იცოდა, რომ ჩაიფსი. ჩაიფსი, იმის გამო, რომ არ გიშვებდნენ ტუალეტში, რადგან ამ დროს იატაკებს წმენდნენ.
თუ რეიტუზების დრო იყო, ეს რეიტუზი საჯაროდ შრებოდა რადიატორზე.

ეს ნამდვილი ამბავია, საქართველოს ფრთადაჭრილი თაობისა! ჰა, ჰა, ჰა! ყველამ და ყველაფერმა მომხდარმა ამბავმა, რომ თავზე, გულზე და სხეულზე, რომ გადაუარა! ამ ასაკის ხალხი განსაკუთრებით მიყვარს! მათ ბავშვობაში ულამაზესი შავ-თეთრი ფოტოები არსებობდა ჯერ კიდევ.

ავტორი: Eka
02.06.2010 00:12
კარგა ხანია ამდენი არ მიცინია. შედევრია.

ავტორი: ანარ საიდან გვწერთ: ლიხნი
01.06.2010 22:04
... 1 ივნისითვის რატომ?! ან "ქართველიშვილობა" რა შუაშია?! გულწრფელად ვერ გავიგე.... რას შეეხეთ? ქართულ სინამდვილეს, კუმუნისტებს თუ უბრალოდ მართლა გამოიგონეთ და შეაზავეთ ყველაფერი?

ავტორი: nana საიდან გვწერთ: zugdidi
01.06.2010 21:41
ბიძინა, თქვენს ბლოგს ხშირად ვკითხულობ, ''საბავშვო ბაღი" განსაკუთრებულად მომეწონა

ავტორი: goia
01.06.2010 21:13
წარმოვიდგინე, რომ მრავალჯერ ნაცემი ბავშვი (მასწავლებლისგან, ძმისგან, დედისგან, მამისგან...) მოდის გაჩეჩილი, სლუკუნით გულამომჯდარი და ამდენი ხალხი (სახელებს რა მნიშვნელობა აქვს!) დგას და იჭაჭება სიცილით....
ძვირფასნო! საბედნიეროდ მაქვს ჩემი წილი იუმორი და არც არასდროს მღალატობს!
ბიძინას კი მართლა მოყვრულად ვეუბნები იმიტომ, რომ მისი ნაწერები გულწრფელად მომწონს და მუდამ ვკითხულობ!! ამ ბოლო დროს კი ცოტა დაუწია ხარისხს და მწყინს.
დღევანდელი ამბავი კი, თუ გახსოვთ მისივე ერთი ძველი ამბის პლაგიატია...
ძვირფასო კომენტატორებო! თუ მართლა გულით გეცინებათ ასეთ ამბებზე - ღმერთმა შეგარგოთ, მე თქვენი არ მშურს.
მხოლოდ გთხოვთ მოეშვათ ჩემი პოსტების ანალიზს და თითების შვერას გაურკვეველი მიმართულებით....

ავტორი: რომან აფაქიძე საიდან გვწერთ: თბილისი
01.06.2010 20:43
:)))))))) მაგარი ხარ ბიძო რა!!! :)))))) ჯერ ამ ტექსტზე ხო მაგარი ვიცინე. მერე კომენტარებზე კიდევ ვიცინე :))) ამ კომენტარების გადამკიდე ვიფიქრე რომ ის ნათურა რომ გადაიწვა ისევ ისეა :))) ცემა და სიბნელე გარანტირებული გვაქვს რა.... ნუ ცოტა დაბანობანაც :)))

ავტორი: cnobismoyvaris tribuna
01.06.2010 18:16
" დაიწყე ყოველი დღე იმით რომ უთხრა შენს თავს : დღეს შევხვდები წინააღმდეგობას,უმადურობას,თავხედობას,ღალატს,ბოღმას და თავმოყვარეობას,ყველაფერი ეს იქნება გამოწვეული იმით რომ იმათ ვინც შენ გულს გატკენენ არ იციან ბოროტების და სიკეთის ერთმანეთისგან გარჩევა...ადამიანის განსაკუთრებული თვისებაა შემცდართა და გზააბნეულთა სიყვარული. ასეთი სიყვარული ჩნდება მაშინ როდესაც გაიგებ რომ ყველა ადამიანი შენი ძმაა,რომ ისინი უნებურად ჩაეფლნენ უმეცრებაში..." (მარკუს ავრელიუსი), აქტუალურია,არა?

ავტორი: gega საიდან გვწერთ: tbilisi
01.06.2010 18:02
რადიო თავისუფლებამ "უჟასტიკობის" მიჰყო ხელი? ია ანთაძე არ გვეყოფა?

ავტორი: Alexander საიდან გვწერთ: Tb
01.06.2010 17:00

ბიძინა, ძალიან გთხოვთ, გააგრძელეთ!!! Lui კიდე ui, ui, ui - თუ არ მოსწონს, ნუ შემოვა და ნუ წაიკითხავს, ჩვენ რაღას გვერჩის, ვისაც გვაინტერესებს და მოგვწონს? მაგარია ძაან!!!

ავტორი: Author საიდან გვწერთ: Tbilisi
01.06.2010 16:55
ჰაჰაჰაჰა, ძაან მაგარია, ბატონო ბიძინა! ძაან ბევრი ვიცინე! დანარჩენებს რა სჭირთ?! Sophie-მ, goia-მ და lui-მ იომორის გრძნობა დაკარგეს? თუ არც არასდროს ქონდათ?! რამ დაბოღმათ ასე?! ' მოყვრის' ნიღაბს ამოფარებულები თავისდაუნებურად შურს გამოხატავენ. : ) მწუხარებისა და ზიზღის გამოსახატად დაკომენტება აღარ გამიგია. მე ძაან მომეწონა. ასეთი მაგარი რამე კარგა ხანია არ წამიკითხავს!

ავტორი: dudu საიდან გვწერთ: tbilisi
01.06.2010 16:00
ვერ მივხვდი რა გინდოდათ ამით გეთქვათ??? რომ ეს არის ქართული რეალობა საბავშვო ბაღებში??? როგორც ერთ-ერთ კომენტარში იყო, "საკმარისია, მეტი აღარ არის საჭირო"; ყოველთვის ვკითხულობ თქვენს სტატიებს ბლოგზე, მაგრამ ესეთი მძიმე სურათი არ მინახავს. ვფიქრობ უკეთ შეგიძლიათ სარკაზმის მოწოდება, ვიდრე ამ სტატიაში. ნამდვილად არ მომეცონა, უფრო მეტიც, კატასტროფაააა...

ავტორი: N საიდან გვწერთ: Mars
01.06.2010 15:19
ძალიან სახალისო და სასაცილოა!..
ვისაც არ მოეწონა ეჭვი მაქვს რომ უბრალოდ საკუთარი ბავშვობის ასე მტკივნეულად გახსენება არ ესიამოვნათ : )

ავტორი: lui საიდან გვწერთ: Tbilisi
01.06.2010 15:02
რა მძიმე ბავშვობა გქონიათ, შემეცოდეთ. ამდენ რამეს ნამდვილად ვერ გამოიგონებდით. აღარ გააგრძელოთ, რა... ხანდახან თქვენს ჩანაწერებს ვკითხულობდი ხოლმე და... მოკლედ, საკმარისია, მეტი აღარაა საჭირო...

ავტორი: goia
01.06.2010 14:18
შავი - კი, მაგრამ იუმორი???????

ბიძინა,
მოყვრულად გეტყვი...
სამწუხაროდ ვერ მოვიხიბლე.....
გაცილებით საინტერესოდ შეგიძლია....
პატივისცემით....

ავტორი: sophie საიდან გვწერთ: tbilisi
01.06.2010 13:02
ვაიმე ბიძინა რას გვერჩოდი?! ძალიან ცუდ ხასიათზე დავდეგი! არ ვიცი ასეთ რამეზე კი არ მეცინება, მეტირება. მესმის ყველაფერი უტრირებულია, მაგრამ მაინც არ მგონია ჩვენი რეალობა ასეთი სასტიკი.

ავტორი: A საიდან გვწერთ: Tbilisi
01.06.2010 12:56
აი მესმის შავი იუმორიიიიი :D :D

ყველაზე პოპულარული