პარასკევი, 10 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 06:31

ბლოგები / ბიძინა მაყაშვილი

შთაბეჭდილება

x
ტექსტის ზომა - +
ამბავი, რომელსაც აქ ვიხსენებ, ინგლისთან არის დაკავშირებული. როცა იქ პირველად მოვხვდი, ჯერ ისევ საბჭოთა კავშირის მოქალაქე ვიყავი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაშინ ინგლისი ბევრად შორს იყო საქართველოდან, ვიდრე დღეს არის. „კაპიტალისტური სამყაროს“ ქვეყნებში მოხვედრა ჩვენი სამშობლოდან ძალიან შეზღუდული იყო. საინტერესოა, რომ ამ შეზღუდვების ინიციატორი საბჭოთა სისტემა იყო, და არავითარ შემთხვევაში - საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოები.

აქედან გამომდინარე, ჩვენი იქ ნამყოფი თანამემამულეების უშუალო შთაბეჭდილება, მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ იყო იმ მხარეებში მოხვედრილი, გარკვეული ინტერესის საგანს წარმოადგენდა. დღეს შენი უცხოური შთაბეჭდილება, თუ ის ეგზოტიკასთან ან რაიმე განსაკუთრებულ მოვლენასთან არ არის დაკავშირებული, არავის აინტერესებს. მაშინ კი დასავლური ცხოვრების ყოველდღიურობა უკვე ეგზოტიკა იყო.

იქ ერთი თვე დავყავი. თანაც გაითვალისწინეთ, რომ ეს იყო ჩემი პირველი გასვლა საზღვარგარეთ. ანუ ევროპის სოციალისტური ქვეყნების “განსაწმენდელის” გავლის გარეშე, პირდაპირ კაპიტალისტურ “ჯოჯოხეთში” მოვხვდი, რასაც ემოციური შოკი უნდა გაეძლიერებინა.

შოკი, ცხადია არ ყოფილა, მაგრამ შთაბეჭდილებები ძალიან მდიდარი გამოდგა, რასაც აძლიერებდა ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება ინგლისისადმი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ინგლისი ხომ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ოთხეულის და სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობის სამშობლოა?!

ჩემი ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელი მონახულების რამდენიმე ადგილი მქონდა. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური „მეგასტორები“ იყო. მიუხედავად იმისა, რომ მომზადებული ვიყავი, მათ მართლაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. თუმცა ეს მოსალოდნელი იყო, რადგან „მეგასტორები“ კი არა, ყველაზე პატარა და ყველაზე პროვინციული მუსიკალური მაღაზიაც ემოციების უშრეტ წყაროს წარმოადგენდა.

ამ მაღაზიებში ძალიან დიდ დროს ვატარებდი და მათ სრულიად შეცვალეს ჩემი დამოკიდებულება ჩანაწერების კოლექციონერობისადმი. ის, რაც საბჭოთა კავშირში კოლექციის ობიექტს წარმოადგენდა, ინგლისში ნებისმიერ მაღაზიაში იყიდებოდა. საბჭოთა კავშირში კი, ჯერ უნდა გეშოვნა ჩანაწერი და მერე ფული, მის შესაძენად. მაგრამ ინგლისში ჩემს მდგომარეობას ის ამძაფრებდა, რომ ფული არ მქონდა.

საქმე ისაა, რომ იმხანად საბჭოთა კავშირიდან კაპიტალისტურ ქვეყანაში წამსვლელებს მხოლოდ 150 მანეთის ეკვივალენტურ თანხას უხურდავებდნენ. ასევე საბჭოთა, გაუკუღმართებული ფინანსური პოლიტიკის გამო ერთი საბჭოთა მანეთი ერთი ინგლისური გირვანქა-სტერლინგის ტოლი იყო.

აქედან გამომდინარე, ერთი თვე ინგლისში 150 გირვანქის ამარა უნდა ვყოფილიყავი. ეს კი, დღეში 5 გირვანქაა, რაც, ფაქტობრივად, სასჯელია.

ასევე დიდ დროს ვატარებდი წიგნის მაღაზიებში. არჩევანის მრავალფეროვნებისგან შექმნილ შთაბეჭდილებას იქ პოლიგრაფიული ხარისხი აძლიერებდა.

შთაბეჭდილებებმა მოსალოდნელს გადააჭარბეს სტადიონზე, იმიტომ რომ ამ სტადიონს ერქვა „ჰაიბერი“ და მის მოედანზე ლიგის თასის მეოთხედფინალში ერთმანეთს ხვდებოდნენ „არსენალი“ და „ლივერპული“. ამ ამბავზე ამჯერად მეტს არაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ეს შეხვედრა ცალკე ბლოგს იმსახურებს.

ასევე არაფერს ვიტყვი ისტორიული, საინჟინრო და არქიტექტურული შედევრებით მიღებულ შთაბეჭდილებებზე. არც მატერიალური თუ კულტურული სიმდიდრის გამაოგნებელ მასშტაბზე შევჩერდები და არც უდიდეს კეთილგანწყობაზე სრულიად უცნობი ადამიანების მხრიდან... მაგრამ ერთ პატარა ამბავს აუცილებლად მოგიყვებით.

ეს ინგლისში ყოფნის უკანასკნელ დღეს მოხდა. შაბათ დილას ჩემს მასპინძელს თავისი მანქანით ჰითროუს აეროპორტში მივყავდი. რედინგის გარეუბანში, მთავარი ტრასიდან პატარა, მაგრამ საკმაოდ გრძელი გადასახვევი მიემართებოდა დიდი შენობისკენ. მთელი გადასახვევი სავსე იყო მანქანების მოწესრიგებული რიგით, რომელსაც კუდი უკვე ტრასაზე გადაეყო.

ჩემს კითხვაზე, რა ხდება-მეთქი, მასპინძელი ოდნავ ჩაფიქრდა და მიპასუხა: „გუშინ ამ კომპანიამ - და შენობაზე მიმითითა - ტელევიზიით და გაზეთებით გამოაცხადა, ხვალ მოსახლეობისგან მაკულატურას ვიბარებო.“ კი მაგრამ, ისეთს რას უხდიან, ამოდენა რიგი რომ დააყენეს-მეთქი - გავიკვირვე მე.

მაგრამ ჩემი გაკვირვება მაშინ უნდა გენახათ, როცა მიპასუხა, არაფერსო. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც არ იციან რა არის რიგი, დასვენების დღეს, დილას, დგებიან ძალიან დიდ რიგში, რათა სრულიად უსასყიდლოდ ჩააბარონ მაკულატურა!

ასე ძლიერ არასდროს შემშურებია ინგლისელების...
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
21.07.2010 00:38
ბიძინა გაიგე ჯონ ლენონის ხელნაწერი სიმღერის მილიონნახევრად რომ გაიყიდა აუქციონზე?:)

ავტორი: ირმა
14.07.2010 10:36
ავტორი: G
14.07.2010 02:18

სამაგიეროდ მშობლები მოესწრნენ და ხან ისეთი საშინელი თვისებები აქვთ გამოყოლილი..გული მიწუხდება.

ავტორი: G
14.07.2010 02:18
ანონიმი,

ჰო, მერე ესეც ვიფიქრე, ალბათ ბევრი ვერ მოესწრო და ალბათ ამიტომ არაფერს აღნიშნავენმეთქი. კარგია, რომ ვერ მოესწარით, ღუმცაღა დღევანდელ დღეს, ვფიქრობ, მაინც საინტერესოა თქვენთვისაც კი ამ ძალიან ახლო წარსულის ცოდნა.

ავტორი: ანონიმი
12.07.2010 21:33
მე ვერ მოვესწარი მაგ პრივილეგიებს მაინცდამაინც და რა ვწერო გ?

ავტორი: G საიდან გვწერთ: ukve Tbilisidan
10.07.2010 16:34
ეხლა ჩამოვედი აგარაკიდან, და რატომღაც ძალიან მესიამოვნა ამ სიცხეში ამ ბლოგის წაკითხვა.
მეუცნაურა, კომენტატორები მხოლოდ ტექსტის იმ ნაწილზე რომ ამახვილებენ ყურადღებას, სადაც თქვენს უშუალო შთაბეჭდილებაზეა (მაკულატურის ჩაბარებაზე) საუბარი; არადა, არანაკლებ საინტერესოდ მეჩვენა ტექსტის პირველი ნაწილი - საბჭოთა კავშირის მოქალაქის ''პრივილეგიებზე''. ძალიან საინტერესოდ გაქვთ ეს მომენტი წარმოჩენილი და თან დღევანდელი გადმოსახედიდან ამ ჩვენი უახლოესი ისტორიის გადახედვა, ჩემი აზრით, განსაკუთრებულად საინტერესოა. მადლობელი დაგრჩებით, თუ მომდევნო ბლოგებში ამ თემასთან დაკავშირებით კიდევ რაიმეს შემოგვთავაზებდით.

ავტორი: დათიკო
09.07.2010 22:44
ცაიბარეთ და მთელი ჩემი ბიბლიოთეკა უნდა ჩავაბარო:)ინგლისი ძალიან დიდხანს ვთარდებოდა,ჩვენ სამაგისო პირობები არ გვქონდა.

ავტორი: ანონიმი
08.07.2010 12:18
ესეიგი,სახლშ ვალაგებ და იმდენი მაკულატურა მაქვს დაგროვილი....

ჩაიბაროს ვინმემ! არავის გჭირდებათ კარგად შეფუთული საუკეთესო მაკულატურა?რა თქმა უნდა უფასოდ,ოღონდ მომაშორეთ,ან რითი ვარ ანგლოსაქსებზე ნაკლები.

ავტორი: ჭიჭიკო
05.07.2010 23:18
პირდაპირ არ მიგულისხმია ითხოვ მეთქი,ასე ძნელი გასაგები იყო როგორც დავწერე?
ბოლოს და ბოლოს სახლში დაგროვილ მაკულატურას რომელიც აღარაფერში ჭირდებათ და არ იციან რა უყონ და გადასაყრელადაც არ ემეტებათ ააბარებენ მაკულატურაში უსასყიდლოთ,ჩვენთან ხან სისხლს აძლევენ ხოლმე უსასყიდლოდ ადამიანებს რა იყოთ?კიდევ იმ ტელეკომპანიამ რა უთხრათ და რით "ააგდოთ" ეგეც საკითხავია..ეჰ ბიჭიკო,ბიჭიკო სულ არ მინდოდა მეორე მხრიდან შემეხედა და ეს რა გამაკეთებინე?:)

ავტორი: ბიჭიკო
05.07.2010 15:45
ჭიჭიკო,
სად დაინახე, რომ ბიძინა ''მშიერი და მეორადებში შემოსილი ხალხისგან'' რამეს ითხოვს? ან საერთოდ რომ რამეს ითხოვს? ბლოგში, მგონი, იმ შთაბეჭდილებას გვიზიარებს, რაც ინგლისში მიიღო.

ისე, არა მგონია, კიდევ ბევრ ქვეყანაში რომ შეხვდე ასეთ რამეს, გინდაც ''მაძღარი'' და ''პირველადებში'' ჩაცმული ხალხისგან...

ავტორი: ჭიჭიკო
05.07.2010 01:09
მაკულატურა უამრავი მაქვს.გაზეთები ჟურნალები,კომუნისტური წიგნები.ნეტავ არავინ იბარებს საქართველოში?ინგლისი ძალიან მაგარი ქვეყანაა,სულ მიკვირს ასეთი პატარა ტერიტორიებით 50მილიონ კაცს როგორ კვებავს.ხოდა რომ გადავჯდომოდით მთელს მსოფლიოს და გავმძღარიყავით(უკაცრავად)ჩვენს ვიფიქრებდით საზოგადოების კულტურულ განვითარებაზე,მის წინაშე პასუხისმგებლობაზე,უფასოდ მაკულატურის ჩაბარებაზე,და კიდევ ბევრ რამეზე.მშიერი და მეორადებში შემოსილი ხალხისაგან რას ითხოვთ ბიძინა?

ავტორი: ნანკა
04.07.2010 20:50
ვტორი: just_for_today
04.07.2010 12:18

რაც არის იმას ხომ ვყიდულობ რაა..

ავტორი: just_for_today
04.07.2010 12:18
იქაური წიგნის მაღაზიები და წიგნების არჩევანი ყველაზე მეტად მშურს მე. წიგნის სუპერმარკეტები.
აქ ფაქტობრივად არ არის წიგნის მაღაზიები.
.

ავტორი: BON-JOVI საიდან გვწერთ: BORJOMI
03.07.2010 08:27
ეს ინგლისური დემოკრატიის თავისებურებაა, 400 წელი ცეცხლით და მახვილით ნაჭედი როტშილდური შტამია, აი ეგრე არიან რა, და სხვარიგად არ სძალუძთ, რა ქნან ბედკრულმა ინგლისელებმა, დგანან და დგანან რიგში დღენიადაგ მჭმუნვარებაში მყოფნი!

ავტორი: mass-kul'a'tura საიდან გვწერთ: voroncov
02.07.2010 23:35
ხო ვითომ არაფერი, მაგრამ ამ დროს ძალიან ძლიერი ტექსტია, მართლა შთამბეჭდავი.

88 წლის ''ლიტერატურულ საქართველოში'' თუ ასეთ სტატიებს წერდნენ, ყოჩაღ მაგათ, ხუმრობის გარეშე.

ისე მეც ძალიან მიყვარს მთელი ინგლისური კულტურა.

ავტორი: ირმა
02.07.2010 23:12
გვარი შემეშალა სორრრრიიიი:)

ავტორი: ირმა
02.07.2010 22:55
"კუდი უკვე ტრასაზე გადაეყო"

:))))

ისე ქაღალდის გადამამუშავებელი საწარმო რომ გაეხსნა ვინმეს ცუდი არ იქნებოდა ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ..

მაგარია ბიძინა რამიშვილი,დღეს მესამედ შემოვიარე უკვე:)

ავტორი: მაკა
02.07.2010 19:59
ეს საბჭოთა კავშირი რა მონსტრობა იყო მართლა, მაგრამ მაკულატურის გადამყრელი ინგლისელები დღესაც ალბათ საკმაოდ მძაფრ შთაბეჭდილებას დატოვებენ. საინტერესო ბლოგი იყო, მადლობა.

ავტორი: nick
02.07.2010 15:40
მაგარია,
იმ აბზაცში დამბურძგლა, თქვენი ამხანაგის პასუხი რომ წავიკითხე მანქანის რიგთან დაკავშირებით. ძაან შთამბეჭდავია მართლა

ავტორი: Giorgi საიდან გვწერთ: Tbilisi
02.07.2010 12:56
ასეთ ტექსტებს 88 წელს ვკითხულობდი ”ლიტერატურულ საქართველოში”. რატომ არის, რომ ცოტა მაინც ვერ გავიზარდეთ 22 წლის მანძილზე?

ავტორი: ციცია
02.07.2010 11:15
საინტერესო ბლოგია, როგორც ყოველთვის:) მაკულატურას რაც შეეხება ეს პრობლემა მეც მაწუხებს, საკმაო რაოდენობა მაქვს დაგროვილი, მენანება გადყრა, არადა ოჯახის წევრებიც ამიჯანყდნენ უკვე, იქნებ მირჩიოთ სად მივიტანო რომ გამოიყენონ(რათქმაუნდა არაფერი მინდა სანაცვლოდ)? როგორც ამბობენ თქვენმა ბლოგმა სულზე მომისწრო :)

ავტორი: ქეთი საიდან გვწერთ: თბილისი
02.07.2010 11:08
ბატონო ბიძინა, თქვენი სტატიით დღის დაწყება ნამდვილად სასიამოვნოა, ძალიან მომეწონა. ინგლისში არასოდეს ვყოფილვარ მაგრამ ყველა სხვა ქვეყანას მირჩევნია...
ოლდტრაფორდზე მოხვედრა ჩემი ოცნებაა :)

ავტორი: ირმა
02.07.2010 10:52
ჩვენთანაც გამოაცხადოს ვინმემ იქნებ აქაც ჩავაბაროთ?არა ინგლისამდე რომ ბევრი გვიკლია ვიცი მაგრამ ინგლისელებამდეც ვითომ?ისე ხომ არ იბარებენ სადმე?ძალიან ბევრი დამიფროვდა.

ავტორი: ანონიმი
02.07.2010 08:21
გუუდ!
მაინც რა გვჭირს, ა?! ვიღაცეები არიან, რაღაცეები იციან, ერთი ბეწო ქვეყანა ვართ და მაინც ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. სოლიდარობა სრულიად უცხო სიტყვაა.

ყველაზე პოპულარული