პარასკევი, 10 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 06:32

ბლოგები / მალხაზ ხარბედია

რატომ ვჩქარობ?

x
ტექსტის ზომა - +
წლევანდელ ზაფხულში მხოლოდ 2-3 დღე გამოერია ისეთი, როცა კაცი სიამოვნებისგან იტყოდი: “დავისვენე რა!”. წლევანდელმა ზაფხულმა ნებივრობის გარეშე ჩაიარა, დასვენებამ და სიმშვიდემ წელსაც მიმატოვა (ბოლო წლებში სულ დავავიწყდი). წლევანდელი ზაფხულიც, ისევე, როგორც წლის ყველაზე დატვირთული თვეები (ჩემთვის ესენია - მაისი, სექტემბერ-ოქტომბერი და დეკემბერი) ფიქრებში, გადარბენებში და ფაცხა-ფუცხში გავატარე, საქმეების ბოლომდე მიყვანის წყურვილი, ახალი საქმეების დაგეგმვა და მასთან დაკავშირებული ფორიაქი, უძილო ღამეები... მგონია, რომ ადამიანმა პირველ რიგში უნდა მოისვენო, რომ დასვენება შეძლო. თუ არ მოისვენე, ვერ დაისვენებ! დედაჩემის (და მრავალი სხვა დედის) ჯადოსნური სიტყვა “მოისვენე!” ახლა სულ სხვანაირად ჩამესმის. ეს აღარაა იმპერატივი, მკაცრად ნათქვამი ბრძანება, არამედ უფრო მეგობრული რჩევაა.

სიჩქარე და 2 დღეში ორკვირიანი ხარვეზის ამოვსება ყოველთვის ძალიან მაზარალებდა ხოლმე. სწორედ ამიტომაა, რომ ბევრი რაღაცა ბოლომდე დამრჩა მისაყვანი: დაუმთავრებელი წიგნები - ერთის დამთავრებას 2 თავის დაწერაღა აკლია, მეორეს მხოლოდ შესავალი და ბოლო სამი თავი აქვს, მესამე თითქოს მსუქნად გამოიყურება, შესაბამისად ამოსაყრელია რაღაცეები.

იგივე შეიძლება ითქვას შუა გზაში მიტოვებულ ენებზეც, რომელსაც სწორედ სიდინჯე დავაკელი, თანმიმდევრულობა და მოთმინება. მე რომ სიამოვნებებს არ გადავყოლოდი, კითხვით დაწყებული და ენო-გასტრონომიული ჰედონიზმით დამთავრებული, ახლა 2-ით მეტი ენა მეცოდინებოდა, თან ხომ იცით, როგორი ძნელია უცხო ენის წიაღში არსებული გამოცდილების გაზიარება ამ ენის სამფლობელოსგან მოშორებით. თბილისელი რეპეტიტორების წყალობით, ანდა პარალელური ტექსტების კითხვითა და შტუდირებით დაგროვილი ლექსიკური მარაგი არაა საკმარისი უცხოელთან ურთიერთობისთვის და ხშირად შევთხოვთ ხოლმე იმ უცხოელს, ცოტა შეანელოს ტემპი და გვაცალოს ნათქვამის ბოლომდე გააზრება. ანუ აქაც შენელებაა საჭირო, და სიდინჯე და მოთმინება სხვებსაც შეგვიძლია მოვთხოვოთ.

მართლაც, საკმარისია ვუთხრათ რომელიმე გერმანელს - "შპრეხენ ზი ბიტე ლანგზამ” - და ისიც მაშინვე გამოერკვევა, ჯერ თავაზიანად მოგვიბოდიშებს, შემდეგ კი მშობლიური ენის "საოცრად გამჭვირვალე”, მდორე ნაკადში ჩაგვითრევს. ნაკადში, სადაც ჰუმანიტარული დახმარებასავით მოედინება გერმანული კონცეპტების მთელი მარაგი.

ევროპელთა ასეთი თავაზიანობა ერთად-ერთი ხსნაა ახალ სამყაროში ჩვენი უკეთ ორიენტაციისთვის, დინჯი მეტყველების გარეშე ხომ შეუძლებელია ნათქვამის გაანალიზება, უცხო მნიშვნელობათა გაგება. სხვა კულტურათა სივრცეებში მხოლოდ აუჩქარებლად, ნელი ნაბიჯით შევაღწევთ და ამიტომ ნურავის ჰგონია, რომ სინათლის სიჩქარით მსრბოლავ მერანზე ამხედრებულები შევგრიალდებით იქ. ასეთი სისწრაფის მოყვარულთ ვურჩევ, ინტერნეტში იჯირითონ - მაუსზე ხელის ერთი დატკაცუნება საკმარისია, რათა ბედის სამზღვართან მიახლოების ექსტაზი იგრძნო.

ტოტალური და მყისიერი შემეცნების ეს ტიპი თანამედროვე მსოფლიოში უკვე ნორმად იქცა. დღეს ნებისმიერ რაღაცაზე წამიერად შეგვიძლია მივიღოთ პასუხი. სხვა საქმეა დროის და სივრცის ამბავი. მატარებლების, თვითმფრინავებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების ფარდობით სიჩქარეს, დღეს სინათლის აბსოლუტური სიჩქარე დაუპირისპირდა, რეალურ სივრცეს - რეალური დრო ჩაენაცვლა, მოხდა დროის და არა სივრცის მოხმარების ორგანიზაცია, დროში სიახლოვემ სივრცობრივი მიმდებარეობა გააუფასურა, დაშორებული მეზობელზე, გვერდითმყოფზე უფრო "დაგვიახლოვა”, მომიჯნავე კი საერთოდ დაგვავიწყა "ცხრამთასიქითასთან” ასეთმა "ტელემიმდებარეობამ”.

მითიური კატეგორიისა (ცხრამთასიქითა) და ხელოვნურად შექმნილი ტექნიკური ტერმინის (ტელემიმდებარეობა) ეს უცნაური მეზობლობა არც ისე უცნაურად მოგვეჩვენება, თუ გავითვალისწინებთ, რომ თანამედროვე მეცნიერებისა და ფილოსოფიის მთავარი პერსონაჟი, სიჩქარე, არსებითად სწორედ ასეთ მითიურ-ექსტატიურ ფორმებთან ამჟღავნებს ნათესაობას. ანალიზის ახალი სფეროს, დრომოლოგიის (მეცნიერება სიჩქარის შესახებ) მამა, პოლ ვირილიო აგერ უკვე ოცდაათი წელია, კონფერენციიდან კონფერენციაზე მიმოქრის (ისევ სიჩქარე) და აუწყებს მსოფლიოს ამგვარი სიამოვნების შესაძლო სახიფათოობას. არადა, თავად კონფერენციის პრაქტიკაც, როგორც დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ადამიანების თავყრილობისა, ნელ-ნელა თმობს პოზიციებს, კარგავს თავის მნიშვნელობას - მაგრამ აბა წარმოიდგინეთ, კონფერენცია ინტერნეტით: მეცნიერები თვალის ერთ დახამხამებაში იყრიან თავს, ასევე სწრაფად გადიან რეგისტრაციას (თუკი, რა თქმა უნდა, ვინმე ჩვენებურმა არ გააჯანჯლა საქმე) და იწყება ურთიერთობა, სადაც არც სივრცე არსებობს, არც სხეული და არც ჟესტი, ვერც შადრევნიან ეზოში გაისეირნებ სხდომის დამთავრების შემდეგ და ვერც ჩოგბურთს ითამაშებ. ქალებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. თუმცა არა, ვცდები, "ტელემიმდებარეობამ” ეს პრობლემაც მოხსნა: ერთი უცნაური ჩაფხუტია, თავზე ჩამოიცვამ, ხელთათმანს გაიკეთებ და მიდი, ეფერე რამდენიც გინდა შორეულ სატრფოს, “გულისა სიცხე განიგრილე” მის საყურეთა ჩრდილქვეშ.

სწორედ ამ თემებზე ვარიაციებით იწყება მილან კუნდერას 1995 წელს გამოქვეყნებული რომანი სახელწოდებით "სიდინჯე” (და არა "აუჩქარებლობა”, როგორც ზოგი თარგმნის ამ სათაურს, ძირითადად რუსულ неспешность-ის წაბაძვით ) - მწერლის მიერ ფრანგულ ენაზე შექმნილი პირველი დიდი ნაწარმოები.

რომანის მნიშვნელოვანი ნაწილი, არსებითად, ანალიზს ეთმობა. იქნება ეს XVIII საუკუნის ფრანგული კულტურისთვის ნიშანდობლივი სიდინჯისა და აუჩქარებლობის იდეალი, თუ ჩვენი, თანამედროვე ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი უგულისყურობა და სიბრიყვე. ამ უკანასკნელის ფონზე, XVIII საუკუნე ავტორს ნამდვილ სამოთხედ წარმოუდგება: "რატომ გაქრა სიდინჯით, სიზანტით ტკბობის ხელოვნება? სადღა არიან ახლა გარდასულ დროთა უქმად მოხეტიალე რაინდები?” - სვამს კითხვას ავტორი და იხსენებს ჩეხურ გამოთქმას, რომელიც ასეთ მცონარე ნეტარებაში მყოფ ადამიანებს ძალზე საინტერესო მეტაფორით ახასიათებდა: "ისინი უფლის სარკმლებს მისჩერებიან”.

მისჩერებიან და არ ადარდებთ სხვათა მზერა, მათკენ მომართული.

ამ დინჯი ჯეელების გაუჩინარებასთან ერთად სივრცის ადამიანური, ტრადიციული გაგებაც გაქრა. თავის რომანში, "უკვდავება” (1990) კუნდერა მთელ პასაჟს უძღვნის ამ თემას და შემდეგ დეფინიციას გვთავაზობს: გზა - სივრცისადმი მიძღვნილი ჰიმნია, გზატკეცილი კი სივრცის გაუფასურებას მოასწავებსო.

თანამედროვე ცივილიზაცია, კუნდერას აზრით, გზატკეცილების ცივილიზაციაა, გზები აღარ არსებობს, რადგანაც მანამ, სანამ ლანდშაფტებიდან გაქრებოდა, გზები ადამიანის სულიდან გაქრა. ადამიანები აღარ ოცნებობენ გასეირნებაზე, უქმად ყიალს გადაეჩვივნენ, ფეხით გავლაც აღარ ანიჭებთ ისეთ სიამოვნებას და ამიტომ მათი ცხოვრება ერთი წერტილიდან მეორე წერტილისკენ მიემართება მხოლოდ, კაპიტნის ჩინიდან - გენერლობამდე, დამწყები მწერლიდან – კლასიკოსობამდე, ბავშვურობიდან - ხეპრეობამდე და ა.შ.. ცხოვრების დრო მათთვის ერთიან წინაღობად იქცევა, რომელიც სულ უფრო დიდი სიჩქარეებით უნდა დაძლიო.

გზა და გზატკეცილი მშვენიერების ორი სხვადასხვა გაგებაა - გზის მშვენიერება აუცილებლად გაჩერებას, შეყოვნებას, ჩამოხდომას გულისხმობს. გავიხსენოთ ბარათაშვილი: "ქართველსა გულმან როგორ გაუძლოს,/ ოდეს შვენება შენი იხილოს,/ რომ თქვენს ბუჩქებში არა ჩამოხდეს,/ რაც უნდა გზასაც ეშურებოდეს,/ როგორ იქნება არ განისვენოს”, გზატკეცილების სამყაროში კი პეიზაჟი ნიშნავს მშვენიერების კუნძულს, რომელიც გრძელი, უსასრულო ხაზითაა შეერთებული მეორე ასეთივე კუნძულთან. ერთხელ მახსოვს, საფრანგეთში მძღოლს მანქანის გაჩერება ვთხოვე, გარშემო ვენახები იყო, ძალიან მომინდა გადასვლა, “ჩამოხდომა”... მძღოლს ძალიან გაუკვირდა. მერე მითხრა, ჯანდაბას, ადგილს ვიპოვი და ცოტა ხანში გავაჩერებო. 20-25 წუთი კიდევ ვიარეთ, იქ სადაც მანქანა გაჩერდა, ვენახები აღარ იყო, მხოლოდ საზ. ტუალეტი და მოწყენილობა. არანაირი მშვენიერების კუნძული.

ვიცი, იტყვით, მცონარობა და არხეინობა ქართველებს ნამდვილად არ გვაკლიაო, მაგრამ რა ვქნა, ძალიან რომ მომენატრა უდარდელი დღეები და დასვენება. ნუ დაგავიწყდებათ, რომ სიმშვიდემ წელსაც მიმატოვა (ბოლო წლებში ხომ საერთოდ დავავიწყდი).
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: დიმიტრი საიდან გვწერთ: Boerum Hill
13.09.2010 17:55
ავტორი: temuri
12.09.2010 01:50
ოქროსფრიან სიმებად გულში ამოქარგული
:))

:))))

როდის დაწერთ ახალ პოსტს?????
არ გაქვთ უფლება ამდენი ხანი მალოდინოთ. მე ინტერნეტში ფულს ვიხდი!
და არილის ბლოგსაც დიდ დროს ვუთმობ!

P.S. მოდერატორო, კომენტარებს პასუხის ღილაკი დაუმატეთ, ამდენი რომ არ ვაკოპირო. ერთ დროს ხომ გააკეთეთ?რატომ გააუქმეთ?
სად მაქვს ამდენი დრო.
საღამოს გეწვევით და ყველაფერი გამზადებული დამახვედრეთ: ახალი პოსტიც და "კომენტარის პასუხის ღილაკიც".

ავტორი: temuri
12.09.2010 01:50
ავტორი: დიმიტრი საიდან გვწერთ: Boerum Hill
11.09.2010 02:40
ოჰ, როგორ შემოიჭრა ჩემში ეს ქართული ასოებით მოქარგული ამერიკული წარმოშობის საერთაშორისო სიტყვები:)
------------------------------------------------------------------
ოქროსფრიან სიმებად გულში ამოქარგული
:))

ავტორი: დიმიტრი საიდან გვწერთ: Boerum Hill
11.09.2010 02:40
უკვე ერთი კვირა გავიდა...
შემდეგი ბლოგ-პოსტის მოლოდინში ვარ.

ოჰ, როგორ შემოიჭრა ჩემში ეს ქართული ასოებით მოქარგული ამერიკული წარმოშობის საერთაშორისო სიტყვები:)

ავტორი: ირმა
10.09.2010 22:54
დროზე და სივრცეზე და სისწრაფეზე ძალიან რომ ნაგავზე საუბარი გვისწორდება ნეტავი ეს რას ნიშნავს? იმას რომ ჯერ ნაგავი უნდა მოვაგვაროთ და ეგეთ კატეგორიებზე მერე ვიფიქროთ თუ კიდევ უარესს?

ავტორი: NINIA საიდან გვწერთ: DEDULETI
10.09.2010 13:01
გამარჯობათ,
მინდა გამოვეხმაურო "შოთას თბილისიდან", უფრო სწორად მის კომენტარს: მე ვფიქრობ, რომ ამ ბლოგში ქართველების გინებაზე არც აარფერია ნათქვამი. უბრალოდ, ავტორი ერთხელ კიდევ გვახსენებს, რომ სიჩქარეში და ზედაპირულობაში არ დევს ცხოვრების გემო...
ალბათ სიჩქარეში უნებლიედ გაგეპარათ ავტორის მთავარი აზრი...:)
P. S. როგორც ყოველთვის, თემა ძალიან საინტერესო და აქტუალური იყო. მოუთმენლად ველით მომავალ თემებს...:)

ავტორი: ირმა
08.09.2010 22:45
მალხაზ აი ადამიანი რომ გადაადგილდება სინათლის სიჩქარით ყველაზე მაზალო რამეები მაშინ მოხდება.

ეხლა აზრმა გამიელვა რომ შეიძლება არც დასჭირდეს ადამიანის სხეულს ასეთი სიჩქარით გადაადგილება და გადაადგილდეს მხოლოდ მასზე ან მისი ინფორმაცია რაც უკვე ხდება....

ისე ინტერნეტ კონფერენციები ტეხავს..სად ის ეფექტი სტოკჰოლმში რომ წახვალ კონფერენციაზე და სად ვარკეთილში რომ ხარ და იქიდან ეწრები ..

ერთი საინტერესო წიგნი მაქვს რომლის სათაურია Everything Foreveრ
ამაზონზე კი დევს და ალბათ ისედაც იშოვება ნეტში..ძალიან საინტერესოდ და თან საოცრად არის განხილული დრო როგორც სივრცის მიმართულება და ასეშ..თუმცა ცოტა ძნელი წარმოსადგენია როგორ შეიძლება დრო არ არსებობდეს და ყველაფერი ყოველთვის ერთიდაიგივე დროს ხდებოდეს..ალბათ ჭკუისკოლოფ ფიზიკოსებს არ უჭირთ წარმოდგენა,იმედია როდესმე მეც მივხვდები..

ავტორი: shota საიდან გვწერთ: tbilisi
08.09.2010 18:31
მიდი, აგინეთ ქართველები, არავინ პასუხს არ მოგთხოვთ, არც ერის უფლებების დარღვევაში ჩაგეთვლებათ, პირიქით, ქართველოფობია დღეს მოდაშია, ე.ც. პრეზიდენტიდან დაცყებული ქართველი სნობებით დამთავრებული. იჩქარეთ, იჩქარეთ, იჩქარეთ!

ავტორი: nargiza საიდან გვწერთ: tbilisi
07.09.2010 10:56
ძალიან ვისიამოვნე ბლოგით; ალბათ იმიტომაც, რომ ახლოსაა ჩემთვის ეს ფიქრები. მეც ვერა და ვერ ვისწავლე დასვენება. აი ახლა ვირუსული გრიპით ვარ ავად - ამიტომაც შევძელი ყველაფერის მიგდება და სნეულებას მივყევი. თუ დამიჯერებთ მხოლოდ ახლა ვისვენებ ნამდვილად! (მთელი ზაფხულის აქტიური დასვენებების შემდეგ) ეტყობა ჩემნაირებს სხვა ვერაფერი შველის და ვირუსების შემოტევის დროს ვისვენებთ. როგორ ვუსურვო ბლოგის ავტორს ავად გახდი - თქო და მოისვენებ -თქო არ ვიცი, მაგრამ ჯერ-ჯერობით სხვა რჩევა არა მაქვს მისთვის:)

ავტორი: A.
05.09.2010 04:32
იმდენი ინფორმაციაა ამ ნაწერში "ჩატენილი" რომ ავტორის ტვინში რა ხდება წარმომიდგენია. მგონი დამვილად სჭირდება მოსვენება, რამდენად შეძლებს, ეგ სხვა საკითხია :)
წერილით (თუ ბლოგით) ნამდვილად ვისიამოვნე.

ავტორი: გიორგი საიდან გვწერთ: დენვერიდან
04.09.2010 21:40
მალხაზ ხარბედია 23:39
უბრალოდ მაინტერესებს, 100 წლის წინ რა ტიპის ფლეირები ჰქონდათ, თან რო დადიოდნენ და თან რო კლასიკურ მუსიკას უსმენდნენ :)

მოიცა, ვოკმენი 100 წლის წინ არ იყო?

მაგას თავი დავანებოთ და მელანი და არხეინი ცხოვრება მართლა სადღაა :(
გუშინ ისტორიული ავტოკალამი გავაძრე და მეგობარს ქაღალდზე რაღაცას ვუხსნიდი. მერე მელნიან ხელებს დავხედე და ბავშვობა გამახსენდა :)

ავტორი: osman nuri საიდან გვწერთ: xulodan
04.09.2010 13:44
ავტორი: გიორგი საიდან გვწერთ: ვირჯინიიდან
03.09.2010 22:37

მართლა კარგი პოსტი იყო. ის, რის თქმასაც ბატონმა მალხაზმა ამდენი დრო, ნერვები და მელანი შეალია, ამ პატიოსანმა ადამიანმა ორიოდ აბზაცში ჩაატია, ისე მგონია, რომ ჩვენისთანა, სავალალო მდგომარეობაში მყოფი ერისთვის ფუტურიზმის, სიმბოლიზმისა და ცისფერყანწელობის თავზე მოხვევა ცოტა ნაადრევია.
In Response

ავტორი: მალხაზ ხარბედია
04.09.2010 13:52
ეჰ, სადღაა მელანი და არხეინი ცხოვრება :)

ავტორი: G.
04.09.2010 13:10
აზრზე არ ხართ ეს ლიტმცოდნეები არაფრის და რა გიყოთ? სიდინჯე ხარისიათის ნაწილია, რაზეც კუნდერა ლაპარაკობს, არის, როგორც თვითონ ამბობს, ეგზისტენციალური ცნება, ისეთივე როგორც სიმსუბუქე ( და სიმძიმე). სწორი თარგმანი იქნება სინელე (სისწრაფის ანტიპოდი). ამის გაგების გარეშე კუნდერასი როგორ გესმით, არ ვიცი, რა
In Response

ავტორი: მალხაზ ხარბედია
04.09.2010 13:49
შენ კი ჩაქრი მაგ "სინელეში"...

ავტორი: კატალინა საიდან გვწერთ: იქიდან
04.09.2010 11:53
კარგი იყო გიორგის პოსტი,რიტმის განცდა ძალიან მაგარია,მაერტო სიარულის დროს კი არა ნებისმიერი აქტიური საქმის შესრულების დროს,მაგალითად ვარჯიში თითქმის შეუძლებელია რიტმის გარეშე,საუბარი რიტმის გარეშე მონოტონურია და შესაბამისად სასიამოვნო მოსასმენი არ არის,მაგრამ აქვე გამახსენდა "შენელებულ რეჟიმში" მყოფი ადამიანები,უკაცრავად და მიცვალებულებს მაგონებენ,ჩემთვის ბევრად უფრო მძიმე ასატანები არიან,ვიდრე ზედმეტად აქტიურები,მოკლედ მოვუსმინოთ საკუთარ გულისცემას და ავუწყოთ ცხოვრების რიტმი

ავტორი: Nia
04.09.2010 06:32
Sten Nadolny-ს "Enteckumg der Langsamkeit" გამახსენდა :))) ეს რომანი, ალბთ, კარგი მაგალითია იმისა, რომ აუჩქარებლობა არ ნიშნავს სიზანტეს, მას აქვს თავისი წონა.
აუჩქარებლობისი დროს უფრო საფუძვლიანები და თანმიმდვერულები ვხდებით, საქმე უფრო ხარისხიანად კეთდება და, ამდენად, უფრო მეტს ვასწრებთ. მაგრამ არის კიდევ "ჟამი ქვის სროლისა", როცა სწორედ სისწრაფეში ქმნი რაღაცა უკეთესს. განსაკუთრებით, როცა რაღაცით ინსპირირებული "რაზგარში" ხარ!
რომაელებს ჰქონიათ კარგი გამოთქმა "აჩქარდი აუჩქარებლად", რომ მოჩქარეს არ დაგიგივიანდეს. ეს ბოლო უკვე ჩვენია - ქართული :)))

ავტორი: მ. საიდან გვწერთ: მ.
04.09.2010 00:34
ავტორი: მალხაზ ხარბედია 03.09.2010 23:39

და ძალიან სწრაფად მოვალთ რიტმთან და რიტმის შეგრძნებასთან.
მუსიკოსი ორიენტაციას იღებს პულსიდან. "პულსით მუზიცირება" ნიშნავს, რომ ერთნაირი ნოტები ზუსტად ერთნაირნი არ არიან.
andante არის დაახლოვებით ადამიანი პულსი.
რიტმი აქვს ყველაფერს და მისი დისბალანსი, რიტმების დისბალანსი იწვევს რღვევას. რიტმი იქმნება პაუზით და ა.შ.

100 წლის წინ ბევრი არაჩვეულებრივი რამე ხდებოდა. რიტორიკა მოდაში იყო, კარგი საუბარი ფასობდა, ახალი სული, შემოქმედება ნაპირებს აწყდებოდა....

რიტმი თუ გვესმის, მგონი გაგვიგია და ეგ არის...!

ავტორი: ირმა
03.09.2010 23:42
და გიორგი გულის ფრიალის დროს რა ვქნათ?:)

ავტორი: ირმა
03.09.2010 22:55
დრო სივრცე..ქრომო დრომო..

უნდა ვიფიქრო..

ავტორი: ირმა
03.09.2010 22:44
ვაააა..

ახალი ბლოგი?
დიდი სიამოვნება მელის წინ იმედია..

კი დაღლილი ვარ მაგრამ რა დროს დასვეებაა?:)

ავტორი: გიორგი საიდან გვწერთ: ვირჯინიიდან
03.09.2010 22:37
ამ თემაზე ბევრს ვფიქრობ. ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიხშირე, ალბათ, გულის ცემის სიხშირეა. ვთქვათ ჩემი გული წუთში 100-ჯერ სცემს, მაშინ ჩემი ბუნებრივი სიხშირე წუთში ასი ნაბიჯია. აი, როცა წუთში 100 ნაბიჯს ვდგამ, ზუსტად მაშინ ვარ კომფორტის ზონაში, შემიძლია 8 საათი გაუჩერებლად ვიარო და თან ვიოცნებო, ვიფიქრო, ვიმსჯელო და ა.შ. სადმე თუ მეჩქარება და წუთში 150 ნაბიჯით მივდივარ, ვერ ვარ მთლად ბედნიერი, მალე ვიღლები, საინტერესო და სასიამოვნო ფიქრების ნაცვლად იმაზე ვარ კონცენტრირებული, როდის მივალ დანიშნულების ადგილზე. იგივე ხდება, როცა წუთში 50 ნაბიჯით მივდივარ სადმე - ვიღლები, მწყინდება და ა.შ.
100 წლის წინ ადამიანები კლასიკურ მუსიკას უსმენდნენ და დინჯად, საკუთარი გულის ცემის სიხშირით დააბიჯებდნენ ქუჩებში. დღეს კლასიკური მუსიკის მოსმენა თუ დაიწყე და გულის ცემას აჰყევი, ვიღაც ჰიპ-ჰოპის მსმენელი დაგეჯახება, ან სულაც გადაგივლის და შენ დაგაბრალებს.
მოკლედ, მე მჯერა, რომ ცხოვრების ტემპად საკუთარი გულის ცემის ტემპი უნდა აირჩიო და მაშინ შეიძლება მოსვენებულმა დაისვენო :)
In Response

ავტორი: მალხაზ ხარბედია
03.09.2010 23:39
კარგი პოსტი იყო.
უბრალოდ მაინტერესებს, 100 წლის წინ რა ტიპის ფლეირები ჰქონდათ, თან რო დადიოდნენ და თან რო კლასიკურ მუსიკას უსმენდნენ :)

ავტორი: მ. საიდან გვწერთ: მ.
03.09.2010 20:30
ავტორი: მალხაზ ხარბედია 03.09.2010 17:41
მასეთი ადამიანი ჩემო მალხაზ, ისე ისვენებს, ბევრი საერთოდ აზრზე რომ არ არის, თუ შესაძლებელია ასეთი დასვენება. მაგ. მათ შეუძლიათ ზუსტად 5, ან 20 წუთი დაისვენონ. დასვენება ავტომატურად არც წამოწოლას ნიშნავს და არც ჰაერის გამოცვლას.
კარგად მუშაობა კი ნიშნავს, როცა შენს დასახულ მიზანს პროდუქტიულად ახორციელებ და შემოქმედებითობას არ კარგავ.
In Response

ავტორი: მალხაზ ხარბედია
03.09.2010 20:33
სულგანათლებული ალბერტ შვაიცერი იყო მასეთი :)

კარგი განმარტება იყო: შეიძლება ძალიან მომთხოვნი ვარ, მაგრამ შემოქმედებითობას წესით არასდროს არ უნდა კარგავდე, ცხადია, შუალედური "მოდუნებების" გათვალისწინებით :)

ავტორი: კატალინა საიდან გვწერთ: აქედან
03.09.2010 18:53
დამაფიქრეთ, მარტო ჩვენ კი არ ვჩქარობთ, იძულებითაც გვაჩქარებენ ზოგჯერ,მაგალითად შეფი ჯიუტად მოითხოვს 1კვირის საქმე 3 დღეში გაკეთდეს,სახლის გენერალურ დალაგებას რამდენიმე დღე სჭირდება,მაგრამ ჩვენ ერთ დღეში უნდა მოვასწროთ,იმიტომ რომ ხვალ დედამთილი მოდის სტუმრად და მისი გესლიანი კომენტარები უბრალოდ აუტანელია,კიდევ შეიძლება უამრავი ასეთი "გადაუდებელი" საქმის გახსენება,რომ იცოდეთ როგორ მომენატრა უბრალოდ ქუჩაში გასეირნება,არსად რომ არ გეჩქარება ისე

ავტორი: ალეკო ცქიტიშვილი საიდან გვწერთ: დიდი დიღომი
03.09.2010 16:08
ჰმ!
ენოგასტრონომიული ჰედონიზმიო!
მსუბუქადაა ნათქვამი :)

ავტორი: მ. საიდან გვწერთ: მ.
03.09.2010 13:58
ავტორი: ია ანთაძე 03.09.2010 12:53
ია ანთაძეს რჩევები არ ელევა და არც ენანება! ესე იგი ხშირად უნდა დაისვენოთ ქ-ნო ია!

გააჩნია რას მუშაობ, იმისდა მიხედვით დასვენება სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს. ფორიაქისაგან დასვენებას კი მაინდამაინც ზღვაზე წასვლა არ სჭირდება. დასვენებასაც ცოდნა, სწავლა სჭირდება. ვისაც მუშაობა კარგად შეუძლია, მან დასვენების ფასიც იცის და დასვენებაც კარგად შეუძლია.
In Response

ავტორი: მალხაზ ხარბედია
03.09.2010 17:41
რას ნიშნავს კარგად მუშაობა?

ვიცი ადამიანები, ვინც გასაკეთებელზე 5–ჯერ მეტს აკეთებს და მოსასწრებზე 6–ჯერ მეტს ასწრებს, მაგრამ დასვენების ფასი არ იცის :)

ავტორი: თ. საიდან გვწერთ: თ. მდგომარეობიდან
03.09.2010 13:47
მალხაზ, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. აჩქარებულ მსოფლიოში დედამიწის ბიოლოგია ჯერჯერობით ისევ ისევ დღე და ღამის რიტმით მიმდინარეობს. ესთეტურობის შეგრძნების სიღარიბე დღევანდელ ადამიანში ამ პრობლემას უკავშირდება, რომელიც მთლიან საზ-პოლიტიკურ სივრცეზე დედამიწის მასშტაბით აღინიშნება. აჩქარება გარკვეული უკულტურობაა.
ხშირად ეს არის მხოლოდ ჩვენი არაორგანიზირებულობა, ან შინაგანი კონფორმიზმი, რომელიც დაჩქარებებისაკენ მიგვერეკება.
...
ახალ თაობაში მედიიდან გავრცელდა ჩქარი საუბრის სტილი. სხვათაშორის ეს მარტო ქართული სენი არ არის, ტელეწამყვანების სხაპასხუპით ლაპარაკი. მოუსმინეთ, როგორ საუბრობს ახალგაზრდობა. დასავლეთშიც იგივე პრობლემაა, არაარტიკულირებული, ჩქარი მეტყველება.
...
სიჩქარე ზერელობაა. სწრაფი რეაქციის დაკარგვის საწინდარი. ტვინის დაბლაგვების გზა. დააკვირდით აღმოსავლურ საბრძოლო ხელოვნებას, იქ არავინ არ ჩქარობს.
....
რა გვაჩქარებს და რისთვის ვჩქარობთ, თუ ამას მუდმივად გავარკვევთ, იქნება დავწყნარდეთ და გავერკვეთ ამ ჩვენს გლობალურ მსოფიოში.

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
03.09.2010 13:17
მალხაზ ხარბედია
03.09.2010 12:14
----------------------------------------------------------------------
რეზიუმე დაახლოვებით ამგვარია: ვინც ჩქარობს ფიქრში, ცდება გადაწყვეტილებებში. იჩქარეთ ნელაო, რა :)

ავტორი: ია ანთაძე
03.09.2010 12:53
მახო, მე ამ ზაფხულს მივხვდი, რომ დადებითი ემოციებით როცა ვიმუხტები, ზუსტად მაშინ ვისვენებ. ასე რომ, ორ დღეში შეიძლება, უკეთ დავისვენო, ვიდრე ორ კვირაში. აბა, შენც ცადე.

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
03.09.2010 09:22
http://www.pnas.org/content/early/2010/08/16/1004932107.abstract
In Response

ავტორი: მალხაზ ხარბედია
03.09.2010 12:14
ცოტა ტვინოლოგიურმა ცნებებმა დამაბნია, რაო, რა გვინდაო? :)

ავტორი: ანონიმი
03.09.2010 09:01
სამსახურში მოგვიანებით მივედი და პირველი რაც დავინახე, ის იყო რომ დერეფანში რაშჩენკომ ჩაიქროლა მეტეორივით. განუყრელ სახაზავს საბრძოლო შემართებით იქნევდა....უკან ერთი ახალგაზრდა თანამშრომელი მაღლაკელიძე მისდევდა, რომელსაც ცალ იღლიაში საქაღალდეები ამოეჩარა, მეორე ხელით კი ისე ჩაფრენოდა ულვაშის წვერს, თითქოს თავის თავს თვითონ მიარბენინებსო. "გიჟები", ჩაილაპარაკა ვიღაცამ ჩემს გვერდით. სამი წუთის შემდეგ ისევ გავედი დერეფანში, ჩვენს მდივანს ვეძებდი და ამ ორეულმა ისევ ცხვირწინ ჩამიქროლა, ამჯერად საწინააღმდეგო მიმართულებით. ჩვენი მდივანი ქალიც ცალ ხელში გადაშლილი ქაღალდებით, მეორეში კი ფანქრით იმათ მისდევდა და ამაოდ ეძახდა მაღლაკელიძეს: თქვენი ხელმოწერა მჭირდებაო. მეც მათ დავედევნე, რაკი მდივანი ვერ გამოვახედე შეძახილებით. დერეფნის ბოლოს მარცხნივ შეუხვიეს და კიბეზე აცვივდნენ. მეც ენაგადმოდგებული გავყევი. ვიღაცამ დამიძახა, ბონდო იყო, ხელით ვანიშნე, დამაცადე, არა მცალია-მეთქი და ისიც გამოგვეკიდა,
........
რა ვქნა, ეს გამახსენდა :)))
*
ამირან გვალე-გვალესა,
მუხლად გიქებენ მალესა,
ამბრნი, უმბრნი და არაბნი
ცხენს შეჯდებიან ჩქარესა
მალევე მოგეწევიან,
ომს გაგიწევენ ცხარესა
დაგვეწევიან, დაგვხოცენ
ცეცხლით დაგვთხრიან თვალებსა.

ბადრო მათხოვე თეთრონი,
ზღვაში გავიდე ნგრევითა,
გავიდე, გამოვიყვანო
ქალია თეთრი, მზე ვითა,
თან ყურძენ გამოვიყოლო,
ტკბილია დედის რძე ვითა.
*
გაგელურჯებინათ მაშინ ბ-ნო მალხაზ, ეს სიტყვები:
"მილან კუნდერას 1995 წელს გამოქვეყნებული რომანი"
"უკვდავება”
.......და, სხვა რამეს დავწერდით))))

ავტორი: Chomsky
03.09.2010 02:42
ამ ღარაცეების წერას დასვენება, მოსვენება მით უფრო, ჯობდა.
უმი ხორცი ჯობია ამ ყველაფერს.

ყველაზე პოპულარული