ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2013 თბილისის დრო 14:50

ბლოგები / ბიძინა მაყაშვილი

სკოლა

x
ტექსტის ზომა - +
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გთავაზობთ შესაბამის ეპიზოდს სერიალიდან “ქართველიშვილები”. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად მოგახსენებთ, რომ აქ აღწერილი ამბები და გმირები გამოგონოლია და მათ საერთო არაფერი აქვთ სინამდვილესთან. ბუნებრივია, ეს ეხება ოჯახის გვარსაც, რომელიც აღებულია მხოლოდ მხატვრული მოსაზრებით. პერიოდულად შემოგთავაზებთ სერიალის სხვა ეპიზოდებსაც.

ჩემი სახელია გიორგი ქართველიშვილი. მე ვცხოვრობ თბილისში. თბილისი არის მზიური საქართველოს დედაქალაქი. ის მდებარეობს მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზე. მამაჩემი მესაფლავეა. ეს ძალიან სასარგებლო სამუშაოა, რადგან რამდენი ადამიანიც იბადება, ზუსტად იმდენივე კვდება. დედაჩემი ფოსტალიონია. ესეც ძალიან სასარგებლო სამუშაოა, რადგან ის ყოველდღე, კვირის გარდა, ურიგებს მოსახლეობას გაზეთებს (ამ გაზეთებს ჩვენი ოჯახი ტუალეტშიც იყენებს), წერილებს და სიხარულს. ჩემი და ხუთი წლის არის და ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით, როცა საწოლშია. ის ყოველდღე დადის კიროვის სახელობის საბავშვო ბაღში. მე ვსწავლობ 1372ა საშუალო სკოლის მეექვსე-მესამე კლასში. მე ყველა საგანში ფრიადი მაქვს ფიზკულტურის გარდა, იმიტომ რომ, ფორმის მაისურს ნახვრეტი აქვს. თუ ფრიადოსანი გავხდები, მამა ფერად რადიოს მიყიდის. მე ყველა პედაგოგი მიყვარს, განსაკუთრებით კი ინგლისურის მასწავლებელი დებორა კარლოვნა; იმიტომ რომ, მას ყველაზე მოკლე კაბა აცვია და არც ულვაშები აქვს. ოჯახში ჩვენი ყველაზე საყვარელი საჭმელია მარილიანი მოხარშული მაკარონი, ხოლო ჩემი საყვარელი ხილია კიტრი, იმიტომ რომ, როგორც დედაჩემი ამბობს, მასში ბევრი ვიტამინია და თანაც გარეგნულად ძალიან ჰგავს ბანანს. ჩვენ ცხრასართულიანი სახლის ბოლო სართულზე ვცხოვრობთ და როცა წყალი არ მოდის, სახურავიდან ვაგროვებთ ხოლმე. ჩვენ გვაქვს ერთნახევარი ოთახი და პატარა აივანი. აივანს ზამთრობით მაცივრად ვიყენებთ, ზაფხულობით – კურორტად. გასული კვირაც ისევე კარგად გავატარე, როგორც ყველა სხვა. დედა სახლში დარჩა და სადილისთვის მაკარონის ხარშვა დაიწყო, მამამ კი მე და ჩემი და ვაკის პარკში წაგვიყვანა. პარკის კიბეებზე შემხვდა სკოლის ამხანაგი (ალბათ ისიც ახლა ჩემსავით წერს თემას: ”როგორ გავატარე ეს კვირა”), რომელმაც პირიდან კევი გამოიღო და ნახევარი მიწილადა. ხუთი წუთის ღეჭვის შემდეგ კევის ნახევარი ჩემ საყვარელ დაიკოს გავუყავი. ატრაქციონებთან რომ მივედით, კარუსელის გამშვები აღმოჩნდა მამის კლასელი, რომელიც 23 წელი არ ჰყავდა ნანახი. მათ ისე გაუხარდათ ერთმანეთის ნახვა, რომ კარუსელის ძიამ სხვა ბავშვები გაყარა კარუსელიდან და მხოლოდ მე და ჩემ დას ჩაგვირთო; თვითონ კი არყის დასალევად პარკის კაფესკენ გაემართნენ. კარუსელზე ორნახევარი საათის ტრიალის შემდეგ ჩემ დას ღებინება დააწყებინა. ოთხი საათის შემდეგ მეც იგივე პროცესი დამეწყო. საბედნიეროდ ჩვენი ტანჯვის მეხუთე საათზე დენი გამოირთო. უკვე საკმაოდ ბნელოდა, მაგრამ ჩვენ მაინც მოვახერხეთ მამაჩემის და მისი ამხანაგის პოვნა. მათ ეძინათ ახლომდებარე ბუჩქებში საკუთარი ნარწყევის და არყის ბოთლების გარემოცვაში. ჩვენ გავაღვიძეთ მამა და სახლში წავედით. დედას ძალიან გაუხარდა ჩვენი დანახვა და ყველანი ძალიან ბედნიერები ვიყავით. სანამ ცივ მაკარონს მივირთმევდით, რადიოში ვუსმენდით მეორე დღის ტელე-პროგრამას. აი, ასე საინტერესოდ გავატარე ეს კვირა დღე.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
07.10.2010 22:38
რა თქმა უნდა ბიძინა, როცა საჭიროდ ჩათვლით, არავინ არ გაჩქარებთ! ჩემი შეკითხვა უფრო რიტორიკული იყო, უსაქმურიბის გამო. იმედია არ გაღიზიანებულხართ.

ავტორი: ბიძინა მაყაშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
07.10.2010 15:53
ანონიმს
ამ სერიალის 12 ეპიზოდი არსებობს. მათგან სამი გამოქვეყნდა ამ საიტზე. რამდენიმე გამოქვეყნებულია ერთ ქართულ გაზეთში, რამდენიმე - ინგლისურენოვან ჟურნალში. ამ საიტზე ვაპირებ კიდევ 3-4 ეპიზოდის დადებას, როცა ამას საჭიროდ ჩავთვლი.
პატივისცემით,
ბიძინა

ავტორი: ანონიმი
07.10.2010 02:07
აბა, ბიძინა, სადაა შენი სერიალი აქ ხალხი რომ ბჟირდება? აკი სერიალი გამზადებული მაქვსო? აი ის მეზობლის ეპიზოდი იქნება საინტერესო.

ავტორი: Izolda საიდან გვწერთ: Prague
04.10.2010 23:56
სამწუხაროდ მხოლოდ ახლა გავიგე ვინ არის "ანონიმი". ყოჩაღ! :)

ავტორი: ანონიმი
01.10.2010 13:21
ავტორი: ნინა 30.09.2010 15:50
მაგას ბიძინა მოგიყვება თავად.

ავტორი: ნინა
30.09.2010 15:50
მერე ანონიმო, რა მოხდა ბიძინასთან? ძალიან დავინტერესდი :)))

ავტორი: ანონიმი
28.09.2010 01:15
დილით რომ გავიღვიძეთ, დედა როგორც ყოველთვის უკვე წასული იყო გაზეთების დასარიგებლად. საუზმედ ცოტაოდენი გალიგვებული მარილიანი მაკრონის ნარჩენი ამოვფხიკეთ ქვაბიდან და სკოლისაკენ გავეშურეთ. ორშაბათის ცხრილი გვქონდა დილის გამამხნევებელი ვარჯიში გამამხნევებელი შეძახილებით. ისტორიაში თემა საინტერესოა, - ინკვიზიციის იარაღები. მათემატიკაში ამოცანები უნდა ამოგვეხსნა შოკოლადზე, ნაყინზე და ფესვის ამოღება. წელს ახალი საგანი დაგვიმატეს: ლიბერალიზმის საფუძვლები, სადაც გვასწავლიან თუ როგორ უნდა დავფაროთ და თავი შევიკავოთ რაიმე ცოდნისა და შეგრძნებებისაგან, მისი გამომჟღავნებისაგან, თუ ასეთი გაგვაჩნია.
შესვენებაზე ინგლისურის მასწავლებელს დებორა კარლოვნას ჩანთაში ჩუმად მკვდარი ვირთხა ჩავუდეთ. მეოთხე გაკვეთილიდან როგორც ხშირად გამოვიპარე და იქვე სადარბაზოში კაკო ბიძიას შევხვდი, რომელმაც ბიძინასთან სტუმრად წამიყვანა.

ავტორი: ანონიმი
25.09.2010 23:58
როცა დაღამდა დასაძინებლად გავემზადეთ. დედამ ძილის წინ კარგი ზღაპრები წაგვიკითხა მკვლელობებზე და წამებებზე. განსაკუთრებით მომეწონა ის ადგილი, სადაც ნატიკას განდალო ხეზე მიბმულს აწამებს და ამ დროს ჯადოქარი ყვავის გამოსვლა.
როდესაც დედამ ზღაპრის წაკითხვა დაამთავრა, ამ დროს მამა მოვიდა და დედა თმებით გაათრია მეორე ოთახში. ჩვენ ჩაგვეძინა მშობლების ერთმანეთის ლანძღვის ხმებში.

ავტორი: ani
24.09.2010 22:57
ბიძინა მას!!! ძალიან მომეწონა თქვენი სერიალიი :))))) მომენატრეთ და მიყვარხართ

ანი

ავტორი: eka საიდან გვწერთ: Tiflis
23.09.2010 16:47
ვაუ ეს რა "მაგარი" დღე ჰქონია ამ საცოდავს:)))))))))))))))))))))))))))))))))))))))

საინტერესო გადასვლებია ბიძინა, ვიცინე მაგრამ სინამდვილეში ძალაინ შემეცოდა თქვენი პერსონაჟი. იდეაც ეგ იყო ალბათ:)

ავტორი: Tako საიდან გვწერთ: Tbilisi
23.09.2010 12:14
ძალიან ვხალისობ თქვენს ბლოგებზე. მომწონს სტილი. ნეტავ საიდან დაგებადნენ ეს პერსონაჯები :)))
P.S. გასაუბრებაზე რომ შეგხვდით, რატომღაც ვერ დავაკავშირე რო ქართველიშვილების ისტორიებს თქვენ გვიყვებოდით

ავტორი: ნინო საიდან გვწერთ: დასავლეთიდან
22.09.2010 17:11
მგონი ანონიმი თვით ბიძინაა..

ავტორი: bidzina makashvili საიდან გვწერთ: tbili
21.09.2010 20:00
ნენე , წავიკითხე თქვენი მოთხრობა. მადლიბთ, საინტერესო იყო. სათაურმა სელინჯერი გამახსენა. ნელ-ნელა მთელ საიტს გავეცნობი.
პატივისცემით, ბიძინა

ავტორი: ირმა
20.09.2010 23:53
ავტორი: სალი
20.09.2010 22:05

დღევანდელი ბავშვებისა რამე გიკვირთ?

ავტორი: სალი
20.09.2010 22:05
იდეაში კარგი იყო, მაგრამ სტილი არაა დაცული. ბავშვი რაღაც ძალიან დიდურ ფორმულირებებს იყენებს და ვერ აღვიქვი ამიტომ სიტუაცია კარგად.
მარილიანი მაკარონი მომინდა :) და კიტრი, რომელიც ბანანს გავს :)

ავტორი: Liza
19.09.2010 19:33
აუ, რა მაგარი ბლოგია, მაგრა ვიხალისე და მულტფილმად წარმომიდგენია ეს და საბავშვო ბაღი და. ნეტა, ვინმე არ მოკიდებდა ხელს..?!

ავტორი: niniaa საიდან გვწერთ: tbilidsi
18.09.2010 23:28
ბრავო ბიძინა, როგორ არ მაინტერსებს ანონიმის აზრები ალბათ ხვდებით. განსაკუთრებით ეს მონაკვეთი მომეწონა:
ატრაქციონებთან რომ მივედით, კარუსელის გამშვები აღმოჩნდა მამის კლასელი, რომელიც 23 წელი არ ჰყავდა ნანახი. მათ ისე გაუხარდათ ერთმანეთის ნახვა, რომ კარუსელის ძიამ სხვა ბავშვები გაყარა კარუსელიდან და მხოლოდ მე და ჩემ დას ჩაგვირთო; თვითონ კი არყის დასალევად პარკის კაფესკენ გაემართნენ.
ახლა მე არ დამწამონ მძიმე ბავშვობა, უმამოდ გავიზარდე:(

ავტორი: araara საიდან გვწერთ: dedamitsa
18.09.2010 23:13
ჰეი შენ სინათლის მოყვარულო ანონიმო : ) ხომ დაწერე: მე მოვრჩი აქ საქმის გარჩევებსო და რაღა გინდა ეხლა...

ავტორი: ანონიმი
18.09.2010 19:51
ავტორი: RICO საიდან გვწერთ: Tbilisi 18.09.2010 15:44
მე ცინიზმზე არ მისაუბრია და ნუ იგონებთ რაღაცეებს. რამაც გამაღიზიანა წერია. მსგავსი ესთეტიკა და ფორმა არ მომწონს და მომკალი. არ არის ეს ფორმა, მხატვრული, .. წერილი... ბლოგი თუ რაც არის.. სადაც ნებისმიერი აზრი ესთეტიკად გარდაიქმნება და მაშინ მას გამართლება აქვს.
ვისაც მოსწონს, მოსწონდეს, რა პრობლემაა! გემოვნების ამბავში არ არის პროპბლემა, თორემ როგორ არ არის პრობლემა.
მგონი, აქ ბლოგში დისკუსიის გამო დისკუსია გვინდა, სხვა საწინააღმდეგო აზრი ვერ ნახეთ და გააჩაღეთ ეხლა ხელჩართული ბრძოლა. მას მერე რაც ხმალი ჩავაგეთ ქარქაშში და ბუხრის თავზე ჩამოვკიდერთ, ეს ვერბალური ომები გვიყვარს ძალიან.

ავტორი: გოია
18.09.2010 18:05
მოკლედ, ან მე მჭირს დეჟა-ვუ, ან თქვენ დაგავიწყდათ ყველაფერი.
არა, კომენტარებიც რო ზუსტად მაშინდელსა ჰგამს?!..
ცხონებული ვასოსი არ იყოს, ბრია-ბრუა გვემართება..
პ.ს. იმედია პირველ ივნისამდე აღარ გვემუქრება შემდეგი იგივე სერია..

ავტორი: RICO საიდან გვწერთ: Tbilisi
18.09.2010 15:44
რამ გაგაღიზიანათ ბატონო ანონიმო?

Lady in Red მაზოხისზმი არ იყო? თუ ზანგები ისინია ვისაც აეროპორტში ჩხრეკენ და ქუჩაში თუ გაგაჩერეს და "მიგშმონ"-"მიგფაქტეს" ეგ თეთრების არამაზოხისტური ხვედრია ?
ბიძინას ბლოგების მეტ ცინიზმს ირგვლივ ვერ ხედავთ?

ავტორი: araara საიდან გვწერთ: dedamitsa
17.09.2010 23:51
იკითხეთ ბატონო, მარკ ტვენი, მშვენიერია...

ავტორი: ანონიმი
17.09.2010 23:04
ეს ჩემთვის ესთეტიკა არ არის და მე მოვრჩი აქ საქმის გარჩევებს.
ვისაც მოსწონს, მოსწონდეს! ეგ რა არის! ისეთები მოსწონთ საქართველოში. შავი იუმორი მიყვარს. ეს არაა ჩემთვის შავი, არამედ ბნელია.

ავტორი: mecqartveli
17.09.2010 22:07
ავტორი: ანონიმი
17.09.2010 21:47
ამ სკოლის მოთხრობის მეორედ წაკითხვა რომ არ მომინდება, ეს ეხლავე ვიცი.
---------------------------------------------------------------
გასაგებია,ასევე გასაგები უნდა იყოს თქვენთვისაც ,რომ ეს არ ნიშნავს მოთხრობის უვარგისობას

ავტორი: ანონიმი
17.09.2010 21:47
ჩემს სიხარულს საზღვარი არა აქვს, ამ ბლოგზე სულ სიმხიარულე და სიჯანსაღე სუფევს თურმე. ასე ამიხსნეს. მაგას რა ჯობს, მერე, ემილ და კიდევ ვიღაცა რაღაცაო... ვინც ხარ.. გაიხარეთ და სულ ზიმ ზიმ და ციმ ციმ სიხარულებში გამყოფოდ ღმერთმა და ბიძინას ტექსტებმა.

ბავშვობაში მარკ ტვენს რომ ვკითხულობდი საათობით ვბჟირდებოდი და თითო მოთხრობა 30 ჯერ მაინც მაქვს წაკითხული. ცოტა დიდობაში მივხვდი, რომ ეს მისი ენა იყო საკომუნიკაციოოდ და ბევრი სიხილი იქვე, იგივე, ბევრი ცრემლი შეიძლება იყოს.
ამ სკოლის მოთხრობის მეორედ წაკითხვა რომ არ მომინდება, ეს ეხლავე ვიცი.

ავტორი: ნენე საიდან გვწერთ: აშშ
17.09.2010 19:55
ქართული აბსურდი - კომიკური თავისი ტრაგიკულობით... მოკლედ, ბევრი ვიცინე და ცრემლიც კი მომადგა თვალზე.

ბიძინა, რატომღაც მომინდა ერთი ჩემი მოთხრობის თქვენთვის გაზიარება. მომიტევოს ყველამ, საერთოდ, საკუთარი შემოქმედების რეკლამირებით არა ვარ დაკავებული:
http://literaturuli.com/content/text.php?tid=210

ავტორი: kartusha საიდან გვწერთ: Tbilisi
17.09.2010 19:44
ავტორი: ოსმან ნური საიდან გვწერთ: ხულოდან
17.09.2010 12:35
===============
სად ნახეთ აქ კომედიური ელემენტები ან აბსურდულობა?
ამაზე სერიოზული და რეალური რამ კარგა ხანია არ წამიკითხავს.
თქვენ რა ამ ქვეყანაში არ ცხოვრობთ?

ბიძინა, გვარი ქართველიშვილის გამოყენება გასაგებია,მაგრამ მაინც... რატომ ქართველიშვილი?:):):):)

ავტორი: ემილი
17.09.2010 17:55
ავტორი: ანონიმი
17.09.2010 04:44

თქვენც იულის კეისარი არ იყოთ... :))

ავტორი: ოსმან ნური საიდან გვწერთ: ხულოდან
17.09.2010 12:35
ეს ნაწყვეტი კომედიური სერიალიდან თავისი აბსურდიზმით. ალბათ, უფრო უკვდავი თენგიზ ჩანტლაძის იმ მინიატურას ჰგავს, სადაც ის ამბოს: რომ დავბადებულვარ ბავშვი ვყოფილვარ და 15 წლის რომ გავხდი საბავშვო ბაღში არ მიმიღეს, მუშაობის სტაჟი არ გაქვსო.

ავტორი: mecqartveli
17.09.2010 06:55
მომწონს მოთხრობა ავტორის ფოტოსთან ერთად:)

ავტორი: araara საიდან გვწერთ: dedamitsa
17.09.2010 05:51
ჰმმმ, ანონიმის დიაგნოზი: იუმორის დეფიციტი + მწვავე ნევროზი.

ავტორი: ანონიმი
17.09.2010 04:44
ავტორი: ემილი საიდან გვწერთ: Lönneberga 17.09.2010 02:40
შენ გგონია, ამის მეტი საკეთებელი არაფერი მაქვს, თუ?
მოვედი, ვნახე, ვთქვი.

ავტორი: ემილი საიდან გვწერთ: Lönneberga
17.09.2010 02:40
ანონიმს,

ავტორი: ანონიმი
16.09.2010 12:19
''არ გგონიათ, რომ ეგ სულიერი მდგომარეობა საყოველთაოა და მაზოხიზმში არის გადასული? ... იანეთი დაარქვეს და დაამკვიდრეს, გოგის - სტანი მიემატა. ნერგაძემ აღარ იცის რა ღადავი მოიგონოს და როგორმე დაიძვრინოს თავი. ... თუ ეს ყველაფერი მაზოხიზმი არაა, სულ ცოტა საშინლად უინტერესოა. ''

ბ-ნო/ქ-ნო ანონიმო,
არ გგონიათ, რომ თქვენი სულიერი მდგომარეობაც ერთგვარი მაზოხიზმია? - წაიკითხო ის, რაც ასე გაღიზიანებს და დააკომენტო იმ ტექსტზე, რომელიც (თქვენივე კომენტარიდან როგორც ჩანს), ასე გაღიზიანებთ? თქვენივე სიტყვებს დავესესხები და თუ ეს ყველაფერი მაზოხიზმი არაა, სულ ცოტა საშინლად უინტერესოა.

ავტორი: ninK საიდან გვწერთ: Tbilissi
17.09.2010 01:49
აჰაჰაჰაჰაააა
მაგარია! გავსკდი სიცილით

ავტორი: ako საიდან გვწერთ: Tbilisi
17.09.2010 01:14
მომწონს!

ავტორი: ანონიმი
17.09.2010 01:08
ვისაც გეცინებაც, მაგას რა ჯობია თუ გეცინებათ! ქართველები საერთოდ უაზრო სიმხიარულით გამოირჩევიან. მაგრამ დეგრადირებილი, მიწადაკარგული, სტაგნაციაში და ქაოსში მყოფი ქართველები რომ ამეებზე იცინიან, მაინც საბოლოო სიცილს გავს მგონი. თორემ შეგარგოთ ღმერთმა სიცილი!
ბიძინა თუ კარგ ხასიათზე ამეებს წერს, სხვა დროს სულაც არ გამიკვირდებოდა. ეხლა კი მიკვირს და მომკალით ეხლა, ჩემო იუმორიანო და გაგებული მკითხველო.

ავტორი: ქეთინო საიდან გვწერთ: თბილისი
16.09.2010 23:10
არაორგინალურია, უაზრობაა, სად გავიცინოთ? საღეჭ რეზინაზე თუ კარუსელზე? მე მგონი ეს 50 წლის წინ გამოდგებოდა...

ავტორი: კატალინა საიდან გვწერთ: კარუსელიდან
16.09.2010 21:07
ძალიან გავმხიარულდი და მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას.გამახსენდა ჩემი უკრაინელი რუსულის მასწავლებელი,სავსე მკერდით და თამამი დეკოლტეთი:)ფიზკულტურაც მკაცრად ამბობდა ხოლმე--მე ამას 5-ს ვერ დავუწერო და კარუსელზე,გაგიკვირდებათ და ვოცნებობდი,გამორთვა დაავიწყდეს-მეთქი:))

ავტორი: vincxa საიდან გვწერთ: sacxeidan
16.09.2010 16:10
წავიკიტხე ბოლომდე ბევრიც ვიცინე რადგან ეს სიმწრის სიცილი იყო
რაც აქ წერია სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში რეალობაა და ამას თვალი უნდა ავუსწოროთ

ავტორი: araara საიდან გვწერთ: dedamitsa
16.09.2010 15:35
უკვე მერამდენედ ვრჩები გაკვირვებული იმის გამო თუ როგორი იუმორის დეფიციტია მკითხველთა შორის : ) ვერაფრით ვერ ვხვდები რატომ გონიათ რომ ეს ნაწერი ბატონ ბიძინას სულიერ მდგომარეობას გამოხატავს და რატომ ვერ ხვდებიან რომ ადამიანი შეიძლება მშვენიერ ხასიათზე იყოს და ეს ყველაფერი ისე დაწეროს.

ავტორი: nino საიდან გვწერთ: germania
16.09.2010 14:54
ბიძინა, საინტერესოდ წერთ ხოლმე და ახლა რა დაგემართათ? საშინლად არ მომეწონა.

ავტორი: ნინა
16.09.2010 13:55
მომეწონა.
ველოდები გაგრძელებას, როგორ გაატარებთ შემდეგ კვირას :)

ავტორი: ანონიმი
16.09.2010 12:19
რა იცი ბიძინა? აბსოლუტურად გასაგებია თქვენი სულიერი მდგომარეობა. თუ ასეთი სერიის დაწერას აპირებთ, მანამდე იქნებ დაფიქრდეთ, რომ ეს გამოსაქვეყნებლად არის თავისუფლების ვებგვერდზე, სადაც თქვენ მოქმედების თავისუფლება გაგაჩნიათ, მაგრამ სწორედ ამიტომ პასუხისმგებლობაც.
არ გგონიათ, რომ ეგ სულიერი მდგომარეობა საყოველთაოა და მაზოხიზმში არის გადასული? ყველა საჯარო პირი, ამ შემთხვევაში თქვენც, ამით გვეუბნებით, რომ არ არის ამ მაზოხიზმისაგან გამოსავალი. ლპობას ვაგრძელებთ სულ ცოტა რადიო თავისუფლების გვერდებზე ინტერაქტიულ ბლოგებზე. იანეთი დაარქვეს და დაამკვიდრეს, გოგის - სტანი მიემატა. ნერგაძემ აღარ იცის რა ღადავი მოიგონოს და როგორმე დაიძვრინოს თავი.
თუ ეს ყველაფერი მაზოხიზმი არაა, სულ ცოტა საშინლად უინტერესოა.

ავტორი: temuri
16.09.2010 11:52
მა სკოლა ვორდეღა აპერ. ურიშ ტეღა ?
დებორა კარლოვნა მეც მომწონს. სულ ქერტლიანი ტუფლებით დადის.
:))

ავტორი: putkuna საიდან გვწერთ: ambrolauridan
16.09.2010 11:27
ძალიან საინტერესოა, ბევრი ვიცინე :)

ავტორი: ირმა
16.09.2010 11:19
საიდან იგონებთ?

კარუსელების ტრიალზე "ყველაფერი გასაყიდად' გამახსენდა..

ისე სულ მეშინოდა დაჯდომა ბავშვობაში რომ ვეღარ გამორთონ მეთქი..ძალიან მაგარი ხარ:)))

ავტორი: სიბილა საიდან გვწერთ: საქართველო
16.09.2010 09:21
ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით ეს ეპიზოდები:

..:))

"მე ყველა პედაგოგი მიყვარს, განსაკუთრებით კი ინგლისურის მასწავლებელი დებორა კარლოვნა; იმიტომ რომ, მას ყველაზე მოკლე კაბა აცვია და არც ულვაშები აქვს".

"მამაჩემი მესაფლავეა. ეს ძალიან სასარგებლო სამუშაოა, რადგან რამდენი ადამიანიც იბადება, ზუსტად იმდენივე კვდება".

" ჩვენ გავაღვიძეთ მამა და სახლში წავედით. დედას ძალიან გაუხარდა ჩვენი დანახვა და ყველანი ძალიან ბედნიერები ვიყავით".

მოუთმენლად ველი მომდევნო სერიებს..:)

პატივისცემით,

ყველაზე პოპულარული