სამშაბათი, 21 ოქტომბერი, 2014 თბილისის დრო 23:51

ბლოგები / ია ანთაძე

„ია, მაინტერესებს, რა არის თავისუფლება?“

x
ავტორი ია ანთაძე
რამდენიმე დღის წინ, ღამის სამის ოცდარვა წუთზე, ფეისბუკის მეგობარმა David Dobo-მ, რომელსაც პირადად არ ვიცნობ, ასეთი შეკითხვა გამოგზავნა ჩემს კედელზე: „ია, მაინტერესებს: რა არის თავისუფლება? თუ შეგიძლია, 2 სიტყვით“.

კარგია, როცა შუაღამისას ისე შეგაწუხებს ეს შეკითხვა, რომ მეორე ადამიანთან დალაპარაკებას მოგანდომებს. მაგრამ ორი სიტყვით ახსნა ნამდვილად არ შემეძლო.

არადა, შეკითხვა ამეკვიატა და ვგრძნობდი, რომ პასუხისგან თავს ვერ დავიხსნიდი. სხვა დროს, შესაძლოა, ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ აქ და ახლა რომ გკითხავენ, თავისუფლება რა არისო, თუ პასუხს გაექეცი, ესე იგი, ეგუები იმ გარემოს, რომელშიც ცხოვრობ.

მე კი მგონია, რომ ვერ ვეგუები.

როცა ვფიქრობ – რას ვერ ვეგუები? – ერთი შემთხვევა მახსენდება. შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლები იყო. ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ გიგა ბოკერია და ასლან აბაშიძის გუნდის ახალგაზრდა წევრი – არ მახსოვს, ცოტნე ბაკურია თუ სანდრო ბრეგაძე. გიგას ინტელექტუალური უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა, როდესაც მან ოპონენტს საბოლოო, „მომაკვდინებელი“ შეკითხვით მიმართა: „აი, მე შემიძლია, მწვავედ გავაკრიტიკო შევარდნაძე, ჟვანია, სააკაშვილი და ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც დამისახელებ; შენ შეგიძლია, გააკრიტიკო ასლან აბაშიძე? აბა, ცადე... იქნებ, ქვეყანა არ დაიქცეს?!“

ეს ეპიზოდი ბოლო წლებში ხშირად მახსენდება, როდესაც გიგა ბოკერიას ვუსმენ. ადამიანი, რომელიც აშკარა ინტელექტუალურ უპირატესობას ფლობდა ოპონენტის წინაშე, ტკბებოდა არა საკუთარი ცოდნით, არამედ – თავისუფლებით. დღეს კი ცოტნე ბაკურიას და სანდრო ბრეგაძეს შეუძლიათ, გააკრიტიკონ სააკაშვილიც, აბაშიძეც და სხვებიც, ხოლო გიგა ბოკერიას – აღარ შეუძლია! თავისუფალი ადამიანი ნებაყოფლობით გადაიქცა არათავისუფალ ადამიანად და მთელი თავისი ინტელექტით აძლიერებს ხელისუფლებას, რომელიც სხვების თავისუფლებას თრგუნავს.

ამბობენ, რომ ძალაუფლების ხიბლი ადამიანებს ცვლის. მაგრამ რა არის ამ ხიბლის შინაარსი – ძალა? გადაწყვეტილებების მიღების უპირატესობა? სიტუაციის მართვა? იქნებ, ეს ყველაფერი ილუზიაა?.. სინამდვილეში, ვინ არის ძლიერი? ვინ წყვეტს? ვინ მართავს პროცესს? ის, ვინც ძალაუფლებას ფლობს, თუ ის, ვინც თავისუფლებას ირჩევს? რომელია ძლიერი – ვარსქენ პიტიახში თუ შუშანიკი? კრეონტი თუ ანტიგონე? მეფე შარლ VII თუ ჟანა დ’არკი? რომელია მათ შორის გადაწყვეტილების მიმღები? რომლის ხელშია პროცესის მართვა?

2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც ხელისუფლებამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა, ახალგაზრდა ქალი, პროტესტის ნიშნად, პირდაპირ ასფალტზე წინ ჩაუჯდა მანქანას, რომელიც ჭავლს აფრქვევდა და ხალხისკენ მიიწევდა. ასევე მოიქცა ახალგაზრდა ვაჟი ბათუმში, რევოლუციის წინა დღეებში – იგი წინ გადაუდგა წყლის ჭავლის მფრქვევ მანქანას, რომელიც აბაშიძის რეჟიმს განასახიერებდა.

რეჟიმის განმახორციელებელ პირებს თუ მანქანებს თავისუფალი ნების პირისპირ მხოლოდ ერთი არჩევანი აქვთ – სასჯელი. თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების დასჯა კი შეუძლებელია საკუთარი თავისუფლების, საკუთარი ღირსების დათმობის გარეშე.

ვარსქენ პიტიახშს ძალიან არ უნდოდა, რომ შუშანიკის ჭკუაზე ევლო, მაგრამ სხვა არჩევანი აღარ დაიტოვა: უნდა ეცემა, თმით ეთრია და ციხეში გამოეკეტა დედოფალი. თუმცა, ერჩია, მორჩილი ცოლი ჰყოლოდა და სასახლეში მშვიდად ეცხოვრა მასთან ერთად. ვარსქენს ერჩია, მაგრამ საკუთარ ბედს შუშანიკი წყვეტდა, პიტიახში კი მხოლოდ რეაგირებდა. კრეონტი ხომ სულაც ეხვეწებოდა ანტიგონეს: შემიბრალე! შენი ძმის ცხედარი, ჩემი ფანჯრების წინ რომ ლპება, საკმარისი საფასურია წესრიგის აღსადგენად; ნუ მაიძულებ, შენი თავიც მსხვერპლად გავიღოო. ანტიგონე კი უპასუხებდა: რადგან ერთხელ დასთანხმდი ძალაუფლებას, მსხვერპლის გაღებაც განუწყვეტლივ მოგიწევს; თუმცა ხელებზე ნაბორკილარი მეტყობა და შიშისგან გული მიმდის, მაინც მე ვმეფობ და არა შენო! (ჟან ანუი). ამ შემთხვევაშიც ანტიგონე წყვეტდა, კრეონტი კი – რეაგირებდა.

ბარემ, იმასაც ვიტყვი, რომ, ჩემი აზრით, ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლება მანამდეა ძლიერი, სანამ თავისუფალ ადამიანებს გადააწყდება. საკმარისია, რომელიმე ძალაუფალი რომელიმე თავისუფალ ადამიანს გადაეყაროს და მორჩა, იქ მთავრდება ძალაუფლების ზეობა. არჩევანი ქრება და რჩება უალტერნატივო ძალადობა, რომლის მიზეზიც და შედეგიც უძლურებაა. რადგან – თავისუფალი ადამიანი წყვეტს პრინციპებზე, ღირებულებებზე დაყრდნობით; არათავისუფალი კი რეაგირებს პრინციპების და ღირებულებების იგნორირებით.

სწორედ ამიტომ, ბევრი ფიქრის შემდეგ, ასე ჩამოვაყალიბე მოკლე პასუხი ჩემი უცნობი მეგობრის, David Dobo-ს შეკითხვაზე, თუ რა არის თავისუფლება: ჩემთვის თავისუფლება არის მუდმივი მზაობა, რომ არჩევანი ღირსების სასარგებლოდ გააკეთო; არათავისუფლება (მონობა) კი არის მუდმივი მზაობა, რომ არჩევანი გააკეთო ღირსების ხარჯზე.

არჩევანი ღირსების სასარგებლოდ, ან არჩევანი ღირსების ხარჯზე.

ამაზე მნიშვნელოვანი არჩევანი, უბრალოდ, არ არსებობს.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 24
ავტორი: nina
18.11.2010 11:03
საინტერესო სტატიაა მანდატურებზე, შეიძლება იცით, მაგრამ მაინც:
http://kalmasoba.com/index.php?option=com_content&view=article&id=83%3Aviracmesameanumandaturi&catid=56%3A2010-11-09-06-52-19&Itemid=118

ავტორი: cnobismoycaris tribuna
15.11.2010 20:55
"... თეორიულად თანამედროვე დასავლელი ადამიანი განსაკუთრებით გაცვლათა მონდიალიზაციის და კომუნიკაციის ახალი სახეობების განვითარების წყალობით ტკბება არაჩვეულებრივი თავისუფლებით.მკერდის,ცხვირის და სქესობრივი ორგანოს შეცვლა გნებავთ? ინებეთ. გნებავთ გატიტვლება სარეკლამო აფიშაზე? ინებეთ. თხზულება "კატრინ მ.-ს სექსუალური ცხოვრება" უკვე კლასიკურ ნაწარმოებად ითვლება. გნებავთ თქვენი სქესის ვინმეს სიყვარული? მთლად მიღებული არაა,მაგრამ დაინტერესებულები ამაყობენ თავისი განსაკუთრებულობით და ალაგ-ალაგ ოფიციალურად შეუღლების უფლებაც აქვთ. "სწორედ ესაა თანამედროვეობა",ამტკიცებს კანადელი ფილოსოფოსი ჩარლზ ტეილორი.: საკუთარი მეობის ძიება" არის თანამედროვე მეობის მთავარი ნიშანი. ქნან სხვებმა თავისუფლად რაც უნდათ (კისერიც უტეხიათ,ცნობისმოყვარე) თუ კი არ გვიშლიან ხელს ცხოვრებაში. ყველას უნდა ჰქონდეს რაც უნდა იმის კეთების უფლება.,მაშინაც როდესაც ეს შოკში გვაგდებს...ქალს სურს გაკახპება? გაკახპდეს. სწორედ ამიტომ იჩივლეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის გამო. ქალს მისი ქმარი და ამ ქმრის მეგობარი ისე აწამებდნენ რომ ეს ტრიო გაყარეს ყველა სადომაზოხისტური კლუბიდან და ქალის კომპანიონები ბელგიელმა მოსამართლეებმა დასაჯეს დამამტკიცებელ საბუთებად ვიდეოჩანაწერის გამოყენებით. ყველა ადამიანს აქვს მისთვის საზიანო და საშიში რამის კეთების უფლება თუ კი ის ამას თავისი სურვილით აკეთებს. ხალხები ირჩევენ ტირანებს, რატომ არ შეიძლება რომ ქალს სიამოვნებდეს მისი ქმრის მიერ მისთვის ძუძუსთავების დაგლეჯა? სისხლის სამართალი არ უნდა ერეოდეს წყვილთა საქმეებში გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც წყვილის ერთ-ერთი წევრი ითხოვს დახმარებას. არადა ვიდეომ სწორედ ეს დააფიქსირა,ქალი ყვირის "შემიბრალეთ". სწორედ ამით დაასაბუთა სასამართლომ ორი სადისტისთვის განაჩენის გამოტანა ( ვიდეო რომ გაფუჭებული ყოფილიყო,ვაი...ცნობისმოყვარე). საკუთარი სხეულის განკარგვის უფლება არაა ამ სხეულის განსხვისების,კომერციალიზაციის თუ წამების უფლება,ამბობს უნივერსიტეტი პარიზი-I-ის სამოქალაქო სამართლის პროფესორი ფაბრ მანიანი. არ შეიძლება არსებობდეს სხვისი უფლებების შელახვის უფლება თუნდაც მსხვერპლი თანახმა იყოს ასეთ მოქცევაზე. მართლმსაჯულებამ,სამართალმა უნდა დაიცვან სუსტი თუნდაც მისი თავისუფლების ფასად...." ამით დავამთავრებ ამ ნამეტანი მეტისმეტად საინტერესო თემაზე დაწერილი წერილის თარგმნას.მისი ავტორია კატრინ გოლიო, ის გამოქვეყნდა ფრანგულ ჟურნალში "ლე პუან",საგანგებო ნომერი "თავისუფლება,ფუნდამენტური ტექსტები.2010 წლის სექტემბერ-ოქტომბრის ნომერი. კარგი იქნებოდა რომ "ევროპაში დაბრუნებული" ქართველები ეცნობოდნენ ევროპელთა ყოველდღიურობას და შეხედულებებს. მართლმსაჯულებამ და სახელმწიფომ უნდა დაიცვან სუსტი თუნდაც მისი თავისუფლების ფასად. ასეთია თანამედროვე საგიჟეთის მოწმე ზოგი საქმეში ჩახედული ევროპელის მუდარა. ასეთია ეს ცხოვრება...მაგრამ დღეს ღამე უთენებია...

ავტორი: ია ანთაძე
15.11.2010 15:04
ახალი ბლოგი გამოქვეყნდა.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს ბლოგი წაიკითხა და, განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც კომენტარი მოგვწერა.

ავტორი: მოჭადრაკე საიდან გვწერთ: თბილისიდან
15.11.2010 14:23
ავტორი: neka საიდან გვწერთ: Tbilisi
15.11.2010 13:01
..........................................
სასიამოვნოა, რომ შევთანხმდით. :))

ავტორი: ანონიმი
15.11.2010 13:33
კულტურულ განხილვაში იქ, ისიც თქვით, რომ ეს ნიჭიერად დაწერილი სტატიაა? და ეს ისეთმა ჟურნალმა უნდა გამოაქვეყნოს, რაზედაც ამბიცია ლიბერალს აქვს?
ილურიძე ლიბერალს!

ავტორი: ანონიმი
15.11.2010 13:07
კონტექტს როგორ ვერ ხედავთ! თქვენ ნიჭს აქებთ, პატივს სცემთ ნიჭიერ ავტორს და ამ ავტორზე რეცენზიის გამოქვეყნება არ გსურთ, თუნდაც იმ კომენტარით, რომ მას საერთოდ არ ეთანხმებით.
სწორედ თუ საქმისთვის იყენებთ, ამიტომ უნდა გამოაქვეყნოთ ეს ტექსტი, რომ გავიგოთ, რა არის ჟურნალიზმში დასაშვები, რას ეძახით ნიჭს, როგორი მაგალითები უნდა შექმნას ჟურნალისტმა დაუსჯელი და დასაშვები პოლიტიკურ კონტექტსტში ლანძღვა-გინებასა. ეს რა საქმე არ არის? სულ ცოტა ერთი ლექციის ჩატარება მაინც შეიძლება.
როგორ მაინტერესებს, სტუდენტებსაც თუ ეტყვით, რომ ეს "სტატია" ნიჭიერად არის დაწერილი. ეტყვით ალბათ.


მაშინ ბლოგერ ირმას გაუგზავნეთ ინბოქსში. ესეც არ შეიძლება?
ილურიძე შეიძლება და ეს არ შეიძლება?
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
15.11.2010 13:14
როდესაც ლექციაზე ვიხილავდით კანონს "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ", ბევრი ვისაუბრეთ კანონის იმ მუხლებზე, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. ბევრ სხვა მაგალითთან ერთად, ამ სტატიაზეც ვისაუბრეთ. ძალიან კულტურული განხილვა იყო. დავდებ კომენტარს ირმას ფოსტაში, ეს ნამდვილად არ არის პრობლემა.

ავტორი: neka საიდან გვწერთ: Tbilisi
15.11.2010 13:01
ავტორი: მოჭადრაკე საიდან გვწერთ: თბილისიდან
15.11.2010 00:37
--------------
მოჭადრაკე, გეთანხმებით ნინიასთან დაკავშირებით!
კაკაბაძე ჩაციკლულია ქალიშვილობაზე და სექსზე და სხვას ვეღარაფერს ხედავს, ან უბრალოდ პოზა აქვს ასეთი.
ლეჟავას გადაცემიდან მას თუ მხოლოდ სექსის და ქალიშვილობის თემა დარჩა დასაცავი, მაშინ არ ვიცი რაზე უნდა ვიკამათოთ ახლა?

ავტორი: ანონიმი
15.11.2010 10:48
ავტორი: ია ანთაძე 15.11.2010 05:12
თქვენს ფბ ზე დადეთ და იქიდან წავიღებ. შეგიძლიათ მიზეზიც მიაწეროთ, ნიჭიერმა რამე შენიშვნა რომ არ მოგცეთ.
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
15.11.2010 12:33
ჩემს ფბ–ზე ვერ დავდებ. კონტექსტს ვერ ვხედავ, რომლითაც ჩემს ფბ–ზე შემიძლია დავდო. იმ კედელს მხოლოდ საქმისთვის ვიყენებ და ძალიან ვუფრთხილდები. შექმენით რამე ახალი მისამართი ან რომელიმე ფოსტაში, ან ფბ–ზე (ანონიმური) და გამოგიგზავნით. მერე გააუქმეთ. აბა, რა ვქნა?

ავტორი: ია ანთაძე
15.11.2010 05:43
მეგობრებო, ჩემი დასვენების დროც მოვიდა.

ბედნიერ სამუშაო კვირას გისურვებთ.

ავტორი: ანონიმი
15.11.2010 05:03
ვერაფერსაც ვერ მივხვდი! გამომიგზავნეთ უკან, რახან ორიგინალი არ გამაჩნია.
უხამსობის კანონს კი , - იცით რაც!
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
15.11.2010 05:12
მე შევინახე და ამიტომ გამოგზავნის პრობლემა არ მაქვს. ოღონდ, არ ვიცი, სად გამოგიგზავნოთ. მითხარით და ახლავე გაახლებთ.

ავტორი: ია ანთაძე
15.11.2010 04:37
ძვირფასო ანონიმო, ბევრი კი ვიცინე თქვენს გზავნილზე, მაგრამ იუმორი არ არის ის ფაქტორი, რომელიც უხამს სიტყვებს არაუხამს კონტექსტს უქმნის. ასე რომ, თქვენი გზავნილი მხოლოდ თქვენ და მე ვნახეთ. უხამსობის კანონისმიერ განმარტებას ხვალ გამოვაქვეყნებ, რადგან დღეს ტექნიკურად არ მაქვს საშუალებ. იმედი მაქვს, მიხვდებით, რატომ იყო უხამსობა თქვენი გზავნილი და ილურიძის სტატია – არ იყო.

ავტორი: ანონიმი
15.11.2010 03:58
ავტორი: ია ანთაძე 15.11.2010 03:37
ქალბატონო ია, მასეთი სიტყვებით დაწერილი "სტატია" თუ მოგწონთ, ე.ი. აქაც შეიძლება ბლოგზე ეს ვიხმაროთ? თუ მაშინ ცილს დაგვწამებთ, უნიჭოდ წერთო? ილურიძის ნიჭი ამ სტატიით როგორ განსაზღვრეთ, რა ინტერესით მოვისმენდი თქვენს ანოტაციებს...
ძალიან მინდა ვთქვა აქ ეს სიტყვა.
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
15.11.2010 04:02
ეს სტატია უხამსობა იქნებოდა, მას რომ არ ახლდეს პოლიტიკური კონტექსტი. სწორედ ამ კონტექსტის გამო დაბეჭდა სტატია "ლიბერალმა" თავის ვებგვერდზე და არ დაბლოკა, როგორც უცენზურო და უხამსი. რადგან უხამსობა კანონით დასჯადია.

კონტექსტიდან მოწყვეტით ამ სიტყვის დაწერა კი, ცხადია უხამსობაა. თუ სტატიას დაწერთ, სადაც უხამსი სიტყვები კონტექსტის გამო აღარ იქნება უხამსი, შეიძლება, კიდეც გამოგიქვეყნოთ.

ავტორი: ია ანთაძე
15.11.2010 03:53
რაკი ხვალ ბლოგი გამოიცვლება, ახლა მოგახსენებთ სტატისტიკას ამ ბლოგთან დაკავშირებით.

ბლოგი გამოქვეყნდა 25 ოქტომბერს, ანუ ზუსტად სამი კვირის წინ.

ამ ხნის განმავლობაში ბლოგზე მკითხველები შევიდნენ 15 815–ჯერ, რაც თვის საუკეთესო მაჩვენებელია. სულ ბლოგზე შემოვიდა 6 421 ინდივიდუალური მნახველი. ბლოგზე შეჩერების საშუალო დრო 9 წუთი და 50 წამია. დიდი მადლობა ყველას, ვინც ბლოგი წაიკითხა და, ცხადია, იმათ, ვინც კომენტარი დატოვა.

იმედია, გერმანეს დავეხმარე თავისი კვლევის "გამაგრებაში" – რიცხვები მაინც სულ სხვაა!.

ავტორი: temuri
15.11.2010 03:38
წასვლამდე
ისე მაგ რაკეტებიც, ამერიკელებს აყიდინეთ ჯობია და ასროლინეთ კიდეც და გადახოცავენ ეგენი და რუსები ერთმანეთს და მერე საქართველოც გაბრწყინდება და მთელს დუნიაზე ჩვენ ვიქნებით და ჩვენზე მაგარი არავინ იქნება.
დაჯექით მერე და ითამაშეთ, ამის პატრონმა რა ქნას.

ავტორი: ანონიმი
15.11.2010 03:36
თემურმა "აზრები" გამოსთქვა და დასაძინებლად წავიდა.

ავტორი: GERMANE
15.11.2010 03:35
ახლა ყველას გემშვიდობებით, რამდენიმე დღით - ახალ ბლოგზე შევხვდებიტ ერთმანეთს

ავტორი: GERMANE
15.11.2010 03:33
http://www.liberali.ge/node/3178
აი ამ სტატიიდან მხოლოდ ერთადერთი ზრის გამოტანა შეიძლება ავტორის მიზანთან მიმართებაში:
ამ სტატიის ავტორი სექსუალური აქტის ანგარისსწორების მიზნით გამოყენების კატეგორიული წინააღმდეგია.

სხვა დატვირთვა ან აზრი ამ სტატიას არ გააჩნია - და ამ შემთხვევაში არც გემოვნება და არც ინტერპრეტაცია არაა არაფერ შუაში.

ამ სტატიით ავტორმა ერთი სიტყვის სტუდია გააკეთა. იმ სიტყვისა, რომლის გამეორებაც კი მეხამუშება.
ვერავითარ პოლიტიკურ, სოციალ-მორალურ ან ზოგადად საზოგადოებისათვის რელევანტურ ვერავითარ დატვირთვას ამ სტატიაში ვერ ვხედავ..
ერთი სუბიექტური დაკვირვებაც - შესაძლოა არ იყოს სამართლიანი, უბრალოდ მე როგორ აღვიქვი მთლიანობაში:
ავტორი ამ საძაგელი სიტყვის გამოყენებამ კონკრეტულად რუსული კულტურის წინააღმდეგ/მიმართებაში გააღიზიანა, ამიტომაც ცდილობს ამ სიტყვის რუსული კულტურის მიმართებაში გამომყენებელს მთელი საზოგადოიება აუჯანყოს - იმ ჩამონათვალში, რომელთა წინააღმდეგაც ის (უღირსი სიტყვის მთქმელი პირი) ამ სიტყვას გამოიყენებდა, არამარტო მთელი ქართული საზოგადოება, არამედ მთელი მსოფლიოა მოხვედრილი. ამიტომაც ეს სტატია მთლიანობაშიც აბსურდულია, რამეთუ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ყველასი და ყველაფრის სექსუალურად დასჯის სურვილი ჰქონდეს, მიუხედავად იმისა, რა ავადმყოფიც არ უნდა იყოს ადამიანი, რაღაც დიფერენცირებას, თუნდაც უმდაბლეს დონეზე სულიერად ავადმყოფიც და გონებრივად ჩამორჩენილიც აკეთებს, თავად ცხოველიც კი.
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
15.11.2010 03:37
მე კი ვფიქრობ, რომ ავტორის თვალსაზრისია პოლიტიკურ პროცესზე, თანაც, საშინაო პოლიტიკაზე უფრო, ვიდრე საგარეოზე. და არის უხამსი – ამ ცნების კანონისმიერ განმარტებას თუ მივუსადაგებთ.

ავტორი: temuri
15.11.2010 03:28
ნაღდი ჯალალედინის შთამომავლები მალე შეგახსენებენ თავს. იმიტირებული არა, ნაღდები.
სულ მალე, ნამდვილად მოესწრებით.
===========================================================
ძილი ნებისა !

ავტორი: temuri
15.11.2010 03:28
ბევრ ზარბაზნებს რომ იყიდით და ბევრ ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებს, მერე გამოქვაბულში შეძვერით და იქედან დისტანციური პულტებით დასცხეთ მაგათ ბიჭებო.
უი დედაია, არ გავარდეს ქაბატო ჯააან.

ორი აქტივისტი გამოჩნდა უკვე, ერთიც გაკლიათ და გასამდებით.


ავტორი: temuri
15.11.2010 03:08
გერმანე
ლამაზო. საცოდაობა ისაა, ხან გენატსვალეს და ხან გუდ ბოის სათქმელად, ერთ ადგილში რომ უძვრებით, ხან რუსებს და ხან ამერიკელებს. საიდან დაუბერავს თბილი ნიავი, იმის მიხედვით.
არც გენატსვალეს თქმაა ცუდი და არც გუდ ბოის. შეძრომას და შემძრომებს ვერ ვიტან.
სარკეში რომ ვიხედები და შენც რომ კარგად გხედავ, იმიტომ ვარ მაგ აზრზე.
ეხლა გააგრძელე სისულელეების ტირაჟირება და რაც ადრეც მითქვამს, ეხლაც გაგიმეორებ.
რაც მოიგო ბოლოს, არავის გაუყო, თბილად შეინახე!!!

ავტორი: გია მარიამიძე საიდან გვწერთ: გორი
15.11.2010 03:06
ომის შემდეგ 2 წელი გავიდა აწი რუსეთის საქმე წინ ვერ წავა ყველაფერს აქვს თავისი რესურსი. არ არის მოსახლეობაში იმდენი რუსეთდამოკიდებული და რუსეთმიდრეკილი ამ ქვეყანაში რომ პოლიტიკური სურათი შეიცვალოს. მოსახლეობის ამ ნაწილის რაოდენობა აღარ გაიზრდება.

პოლიტიკოსებიდან ვისაც უღირდა სკამი ღირსებად წავიდა მოსკოვში და ეახლა პუტინს ვისაც გული მიუწევდა და ფეხს ითრევდა აწი აზრი აქ აქვს იქ ხეტიალს ადგილი დაკავებულია ყველას პრეზიდებტობას ვერ დაპირდებიან..

სამწუხარო ის არის რომ რუსეთის გამო აქ დემოკრატია ვერ განვითარდება მუდმივი საბრთხის დროს ძნელია დემოკრატიის დამყარება და ხელისუფლებაც ირიბად ყოველთვის იტყვის: რა დროს დემოკრატიაა. ასე რომ მოუწევთ სოციალურად აქტიურ რუსეთის მოყვარულებს ბლლგებზე და უბანში ჭორაობით გულის მოოხება.

დანარჩენი საქართველო კი უნდა განვითარდეს ეკონომიკურად. მშპ--მ უნდა მოიმატოს, ეკონომიკური ბაზისი შეიქმნას რომ ადამიანებისთვის სიღატაკე განსაცდელი არ იყოს. მატერიალური საკითხი თუ მოგვარდება მერე ხალხი ზნეობრივი საკითხებისთვისაც მოიცლის ალბათ.. ინფორმაციის გავრცელება-მოხმარების ანუ მატერიალური საკითხის მოგვარების შემდეგ ამ ინფორმაციის გაზიარებაც მოხდება ალბათ. დღეს ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ ბევრი არ იზიარებს ადექვატურად. თვითონ გავრცელებაც არ აარის ჯერ საყოველთაო..

პარალელულად ომისთვისაც უნდა ვემზადოთ. ცნობილი ანდაზა : ''თუ გინდა მშვიდობა ემზადე ომისთვის '' ჩვენზეა ზედგამოჭრილი. ბევრი ბევრი მართვადი ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდგო რაკეტა და ბევრი მომზადებული მსრლელი.. ჩასაფრებით მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევა.. ეს არის ჩვენი საქმე დღეს..
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
15.11.2010 03:11
ვაიმე, გია, რა ომისთვის? რუსეთს უნდა ვეომოთ? თქვენ მართლა დავით აღმაშენებელი ხომ არ გგონიათ ჩვენი პრეზიდენტი?

ავტორი: GERMANE
15.11.2010 02:59
ავტორი: მოჭადრაკე საიდან გვწერთ: თბილისიდან
15.11.2010 01:32"

ამოვაცლი, რათქმაუნდა ამოვაცლი, რადგან, სააკაშვილს დარჩა რაიმე საკრიტიკო? წყლის ნაყვა გახდა მაგის კრიტიკა.
ქართული მედიების ბევრ კორიფეს ეგონა - სააკასვილი როგორც მოვიყვანეთ (ედიკას გინებით) ისევაც გავასვენებთო - მიშას გინებით.
ამიტომაც სააკაშვილს უგინებელი და გაუკრიტიკებელი არაფერი დარჩა.
საინტერესო ის ფაქტია, თუ რატომ არ წრის ის, რაც ედიკას დროს ჭრიდა, ახლა სააკაშვილის დროს?

ამას ორ მიზეზი აქვს:
1. ედიკა ჩამოაგდეს, ძალით და ეს სააკაშვილის და ძიძიგურის ქაჯობით, პროვინციალობით, უხეშობით მოხდა, თორემ, ჟვანიაცა და ბურჯანაძეც რევოლუციის მოწინააღმდეგენი იყვნენ - ახალი არჩევნები უნდოდათ.

2. ფული:
ედიკას ფულის რეზერვი გადაუკეტეს - ჯერ მსოფლიო ბანკმა, მერე ეუ-მ და სულ ბოლოს რუსეთმაც კი - 50 მილიონი დოლარი გაუყინეს და ამან სულ დაამხო - დაბალ სასტავს ვერაფერი გაუნაწილა და სააკაშვილმა კი 2002-2003 წლებში არ იღორა, ბოლო ტრუსიკამდე ყველაფერი გაანაწილა - ახლა ყოველი დოლარი 1:მილიონად აინაზღაურა.
მეორე ასპექტი ფულისა ისაა, რომ სააკაშვილი შევარდნაძესავით ყველას არ აჭმევს - იმ მილიარდების ნახევარს 4-5 კაცი ჭამს, დანარჩენს ხელფასზე აკმაყოფილებს, კორუფციის შიშით აშინებს, ატერორებს და ამაში ქართული ფსიქოლოგიის ნაკლს იყენებს - ქართველი კაცი იმას კიარ კითხულობს რატომ დაიწირესო, არამედ იმას, რა ბიზნესში იყო? რა თანამდებობა ჰქონდა?
ამიტომაც, სამმართველოს უფროსის, მოადგილის, გამგებლი, მოსამართლის, ექიმის და ა.ს დაჭერა სავსებით ნორმალურია - ესენი ყველა პოტენციური დამნაშავეები არიან, თუარად, მაშინ სულელია, თუ არ იპარავს და აყალბებს. განსაკუთრებით კი, თუ ვინმე ბენზინის ბიზნესშია, დასაჭერი კიარა, დასახვრეტია, ნახე რა ფასები აქვს ბენზინს - ასე მეუბნება ტაქსის მძღოლი თბილისში სოზარის ძმის დაჭერაზე. რომ ვუთხარი, გაფლანგვა 337 ლარია-მეთქი, გაეცინა და მითხრა - თუ ასეა, მაინც დასაჭერი ყოფილა, ამისთანა ადგილს რომ აფუჭებდაო.

აი ამიტომ არ ჭრის სააკაშვილზე კრიტიკა საქართველოში.

მიხვევ-მოხვევით, მაგრამ მგონი გითხარი მაინც სათქმელი.
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
15.11.2010 03:04
გერმანე, ძალიან ბევრ ამბავს კი გვიყვებით წარსულიდან, მაგრამ ეგ არ გცოდნიათ, ვის უნდოდა რევოლუცია და ვის არ უნდოდა. მიშას როგორ უნდოდა რევოლუცია არჩევნების შემდეგ, ეგ დათო უსუფაშვილს ჰკითხეთ და ნინო ბურჯანაძეს. ჟვანია ცოცხალი აღარ არის, თორემ იმან ყველაზე უკეთ იცოდა, როგორ აპირებდა მიშა პარლამენტში შესვლას – და არა რევოლუციას. შევარდნაძე ძალიან შეცდა, როცა ნაციონალური მოძრაობა მესამე ადგილზე გადაისროლა და ჟვანიას პარლამენტში შესვლა სასწორზე დადო. მიშა ვერაფრით ვეღარ გაამართლებდა, რატომ შევიდა თვითონ მცირე ჯგუფით პარლამენტში, თუ ყველა მისი პარტნიორი გარეთ დარჩა, გაყალბებული არჩევნების გამო. ამის კიჟინით მიიყვანეს სააკაშვილი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ პარლამენტში არ შესულიყო და გარედან ებრძოლა.

ავტორი: ანონიმი
15.11.2010 02:42
http://www.liberali.ge/node/3178
გერმანე, წაიკითხე, ეს ყოფილა ნიჭიერად დაწერილი სტატია.

"მაგაზე გიორგი ილურიძემ დაწერა ნიჭიერი წერილი და ლიბერალის ვებგვერდზე მოძებნით ადვილად."ავტორი: ია ანთაძე
15.11.2010 01:09
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
15.11.2010 02:53
დიახ, ვადასტურებ, რომ ამ სტატიაზე ვამბობდი.

ავტორი: გიორგი საიდან გვწერთ: ვირჯინიიდან
15.11.2010 02:39
შსს ინტერნეტ–მედიაში:
http://www.youtube.com/watch?v=YLDEEKHBo1g&feature=player_embedded

ავტორი: ლაშა
15.11.2010 02:35
ავტორი: ია ანთაძე 15.11.2010 02:25
აქ წერია ყველაფერი, რაც თქვით. რომ: სააკაშვილი რუსულ საქმეს აკეთებს, და თუ ცოტა გონებას ავამოძრავებთ ფანტაზიის წყალობით, დავინახავთ, რომ სააკაშვილი რუსეთის კაცია.
თქვენი ბლოგერები კი კვერს გიკრავენ.

საწყალი გერმანე ხმაჩახლეჩილი გაიძახის, თქვით ყველამ ერთხმადო, რომ რუსეთი ოკუპანტიაო. თქვენს ბლოგში კი იძახიან, არაო, არ არისო. მე პირადად კი მიმაჩნია რუსეთი ოკუპანტადო, (ვამბობო, რომ რაიმე მომემატოს თქვენს თვალშიო) მაგრამო, მიშას გინება უფრო მირჩევნიაო.
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
15.11.2010 02:51
ჰოო, თქვენი კომპიუტერი კი ნამდვილად ვერ არის ჯანზე. ცივი ტილო გეგულებათ სადმე ახლოს?

ავტორი: temuri
15.11.2010 02:35
ყველაზე მძლავრი იარაღი სიმართლე და გონიერებაა !
რომელი ერთია დღეს ჩვენს არსენალში? არცერთი !
დღეს ჩვენ გვიყენებენ საზარბაზნე ლუკმად თუ ხორცად თუ როგორც ქვია.
ჩვენ დავშორდით უფლის კანონებს და ამიტომაც ბოროტი მეფობს ჩვენზე. დაბინდული გვაქვს გონება და ღვარძლითაა დამძიმებული ჩვენი სულები. ფლიდობა იქცა ჩვეულებრივ ნორმად ადამიანებში.
მოდასაყოლამ დაღუპა ეს ქვეყანა.
საშველი?
გონების მოხმობა, თუ ეს უკვე გვიანი არ არის, იმიტომ კიარა, რომ გონიერი ნაბიჯებია დაგვიანებული, არა, უბრალოდ გონიერება რაა, ამის შეგრძნება და განცდაც ისე შორსაა ჩვენგან წასული, რომ მივწვდებით და ვიპოვით თუ არა მას, ესაა პრობლემად ქცეული.

ავტორი: GERMANE
15.11.2010 02:35
ავტორი: სოლომონი (ორიგინალი, არა კლონი)
დაწერილი: ამაღამ

პასუხი:

საცოდაობაა შენი მოსმენა, პირდაპირ საცოდაობა.
რუსი ოფიცერი რომ "გენატსვალეს" გეტყვის და ამისთვის სიხარულით რომ არ იცი რა აჩუქო (რათქმაუნდა საკუთარი ნაშრომ-ნაღვაწი არა) - გახსენდება ასეთი ამბავი?

სარკე სოლომონ, სარკე, დარაგოი ლიუბიმჩიკ, ჩაიხედე და დაინახე ვინა ხარ....

ავტორი: გიორგი საიდან გვწერთ: ვირჯინიიდან
15.11.2010 02:29
ია ანთაძე 02:07
რა თქმა უნდა, სააკაშვილის რეჟიმის უმთავრესი ამოცანაა რუსეთ-საქართველოს თემაზე საქართველოში ჯანსაღი დუსკუსია არ დაუშვას. რაც შეეხება არაჯანსაღს, იხილეთ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი მიაშვილის დღიური თავისუფლებაზე:
,,"... ჩვენი საქმიანობაც ხომ ქირურგიაა რუსულ გონებაზე. დღეს საქართველო ცდილობს რუსულ ესტაბლიშმენტის მენტალობა შეცვალოს. ...საქართველო ნეიროქირურგია, რომელმაც ოპერაცია რუსულ ტვინზე ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო და მალე დაამთავრებს..."
ასე ვუმკლავდებით რუსულ ექსპანსიონიზმს – პირდაპირ ტვინში უნდა ეცე :)

ავტორი: GERMANE
15.11.2010 02:27
ავტორი: ია ანთაძე
15.11.2010 01:50გერმანე, მოდით, ფანტაზია დავქოქოთ და ვთქვათ, ვითომ, სიზმარში, მხატვრულ ნაწარმოებში, ფილმში, სპექტაკლში, ბოდვაში, მოლანდებებში ვართ და მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი, ფარულად რუსეთის აგენტია.

რას გაუკეთებდა რუსეთს იმაზე უკეთესს და იმაზე მეტს, რაც ამ წლებში გაუკეთა?"


გეტანხმები ია, გეთანხმები, მაგრამ, ისევ და ისევ უარყოფითის უარყოფითზე გადასწორება გამოგდით.

რა მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინაა სააკაშვილი იმისათვის, თუ რას გავაკეთებ მე ან რას ვთვლი მოვალეობად რომ გავაკეთო?

ან თუნდაც ერთის მხილება და მეორეს წინააღმდეგ პროტესტი რატომ გამორიცხავს ერთმანეთს?

მივიდეთ ახალგორში ასიათიასიან ან მილიონიანი დემონსტრანტებით და ხელში ტრანსფარენტებით - წაიყვანეთ თქვენივე აგენტი სააკაშვილი და გაეთრიეთ ერთად აქედანო - ამას ვინ გვიშლის? ან ამის საჯაროდ თქმას, მხილებას, საელჩოების "ჭიშკრის ატალახებას" ამ თემაზე და ა.შ. ვინ გვიშლის?

2008 წლის 10 აგვისტოს მეგობარ პოლიტიკოსს, დიდი საპროტესტო მიტინგის ორგანიზირებას რომ ცდილობდა, მივწერე - ის ხალხი, სამიტინგედ რომ გინდა, ჯოპბია აშშ-ს საელჩოსთან მიიყვანე, ყველას ოფიციალურად აშშ-ს მოქალაქეობაზე განაცხადი შეატანინე - როგორც რუსები იცავენ რუსულპასპორტიან ოსებს, ისე დაგვიცვას ამერიკამო - ამ მოტივით. იმდენი იცინა, ჩაბჯირდაა. მერე ის აქციაც არ შედგა - სააკაშვილის წისქვილზე დაასხამდა წყალს ახლა რომ ანტირუსული აქცია მოგვეწყოო, სააკაშვილსო კიო დღეები კიარა საათები აქვსო დათვლილი - ახლა პოლიტიკური ლავირება ჯობსო. ამ ლავირებიტ ის კაცი ახლა იქაა, სადაც, 2 წლის წინ რომ გეთქვა, ალბათ თოფს გესროდა - ეს რა მაკადრეო.
მტერთან კოლაბორაციონისტი პოლიტიკოსების მედიურ ყადაღას, მედიების პროტესტს ყურადღებისა და ამ პირების მიმართ ინფორმაციის დაბლოკვის აქციას ვინ გვიშლის?

ავტორი: ლაშა
15.11.2010 02:24
ეხლა გავიგე ყველაფერი. ია ანთაძე ამბობს, ფანტაზიის მოშველიებით, რომ მიშა სააკაშვილი რუსეთის აგენტია.
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
15.11.2010 02:25
მოდით, ჩამოვყალიბდეთ. ეგ თქვენ თქვით, მე არ მითქვამს.

ავტორი: temuri
15.11.2010 02:12
ის რუსეთი რომ არ ყოფილიყო გერმანე, დღეს ქოფოიოღლი, ან ალმანსურბაჯი რომ გერქმებოდა მაგაზე თუ გიფიქრია შენ?
დაანებეთ საკუთარი უვარგისობის სხვებზე გადაბრალებას თავი!
უმადურობა დასჯადია !!!

ავტორი: გენერალ-სინუსი საიდან გვწერთ: ხრეშის კარიერიდან
15.11.2010 02:09
ავტორი: GERMANE
15.11.2010 01:43-ზე

გერმანე,

შენი ქორონიკონით 1769 წელია? :))))

ავტორი: bladi საიდან გვწერთ: arabeladan
15.11.2010 02:07
ავტორი: ია ანთაძე
15.11.2010 01:50

ვა ია ჩემს აზრებს კითხულობდით?
მაგას რად უნდა ფანტაზიის დაქოქვა ფაქტი სახეზეა:
1. ორ დღიანი ომი, ლიახვის ხეობა, კოდორი(ზემო აფხაზეთის წოდებით), ახალგორი(ოსეთის წოდებით).
2. საიდუმლოდ გაფორმებული შეთანხმება ენგურჰესზე
3. რუსული სახელისუფლები ბიზნესი საქართველოში
4. აღიარებული ოსეთი და აფხაზეთი
არ კმარა?
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
15.11.2010 02:10
რა ვიცი, ჩემო კარგო ადამიანო, კმარა?

სწორედ მაგის მეშინია, რომ არ ვიცი, კმარა თუ არ კმარა.

ავტორი: ლაშა
15.11.2010 02:00
ია, დუგინი და რუსეთის ამბიციები გავიგეთ. დიდი ხანია ვიცით, რომ სულ არაფერი აღარ გვითხრათ.
მაგაზე ადვილი რა არისო, რომ რუსეთს აგონოვო, - ამბობთ.
ხოლო ჩვენო სააკაშვილს ვაგინებთ, იმიტომ რომ ეგ რუსეთს აგინებსო.
ასე არის თქვენი ამბავი. თუ ასე არ არის, მაშინ კიდევ გვითხარით.
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
15.11.2010 02:07
თქვენ გინდათ, გული გამისკდეს შიშით, ვაითუ, რუსეთის მაგინებლების სიიდან არ ამომწეროთ და რუსეთის მეხოტბეების სიაში არ ჩამწეროთ?

სააკაშვილს მოჰკითხეთ რუსეთის სიყვარული და რუსული საქმის კეთება საქართველოში.

მე მომკითხეთ საქართველოს სიყვარული და ქართული საქმის კეთება საქართველოში.

ავტორი: ანონიმი
15.11.2010 01:55
ავტორი: GERMANE 15.11.2010 00:53
არა, გერმანე, ძარღვი არ უტოკდება, მაინც რევოლუციური შკოლა აქვს გავლილი!

ავტორი: bladi საიდან გვწერთ: arabeladan
15.11.2010 01:53
ავტორი: GERMANE
15.11.2010 00:53

აღშფოთება დაიოკე გერმანე და უფრო სერიოზულად მოეკიდე საქმეს. მაგას, რომ აღშფოთება შველოდეს ავღშფოთდებოდით ოღონდ ისე არა საქართველოს ხელისუფლება, რომ აღშფოთდება ხოლმე სიტყვით და საქმით ხან ენგურზე აფორმებს ხელშეკრულებას, ხან 2 დღიანი ომის იმიტაციით ულოცავს ჩვენს მიწებს. აღშფოთებული დაეძებს აგენტებს და წყალი, მობილური კავშირი და სხვა რაღაც რაღაცეები ფსბ-ს განყოფილებებს აქვთ ხელში.
სააკაშვილს ეს აღშფოთება ძვირფასო გერმანე ხალხის, ნათიების და სხვა მისთანებისთვის სჭირდება. ჩვენ კი ვხდებით ამას და მის აღშფოთებას არ ვყვებით, მოჩვენებითს, პიარისთვის განკუთვნილს თორემ კი ვიცით ეგ ამბები რუსი, რომ ოკუპანტია ჩვენ.
ვერ ხვდებით, რატომ ჩაიგდო ხელში მონოპოლია რუსეთის მაგინებლისა? ჩვენს სამართავად გერმანე. თუ აგინებ რუსეთს მიშაც აგინებს და ერთადაც ხართ. შენ კი გულწრფელად აგინებ, მაგრამ მიშა არაგულწრფელია, რადგან ჩუმად კარგადაც თანამშრომლობს რუსეთთან. თუ არ აგინებ კიდო, აი ზუსტად შენნაირების თვალში ხდები სამშობლოს გამყიდველი და გაფარჩაკებული.
ჭკვიან დამიანებს ადგილს არ უტოვებს ჩემო გერმანე, რომ სერიოზულად იფიქრონ რამე. არიალი მოკლა იმ ადამიანებისთვის ვინც იცის, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ რუსეთთან ლაპარაკი მაინც აუცილებელია. ახლა ბუში, რომ აღარ ყავს ვერ ხედავთ უპირობო საუბარი, როგორ უნდა? სხვა გზა არ აქვს რუსეთთან დაპირისპირებაში აღარ აძლევენ მილიარდებს და რა ქნას აბა? ორი პოლუსი შექმნა ან მიშასთან ხარ ან სამშობლოს მოღალატე ხარ და რუსეთუმე. ამითიც რუსეთის საქმეს აკეთებს ვერ ხვდებით? ჭკვიანი ხალხი ხვდება, რომ მიშას აღშფოთება პიარია, ხოლო ამ ჭკვიანი ხალხის რუსეთთან საუბარი სამშობლოს მტრობა. ავყვეთ ახლა ამას ჩვენ?
ამიტომ ნუ აყვიდებით დაიწყნარეთ ნერვები და ანალიზი გააკეთეთ რისი უნარიც უდავოდ გაქვთ!

ავტორი: მოჭადრაკე საიდან გვწერთ: თბილისიდან
15.11.2010 01:49
ავტორი: ანონიმი
15.11.2010 01:21
მოჭადრაკე ორივეს რაოდენობა რომ შემცირდეს მაგაზე რა აზრის ხარ?
...................................
ერთ შემთხვევაში ეს უპირობოდ უნდა მოხდეს, მეორეში ჯობს პროცესი თვითდინებაზე მივუშვათ :)))

ავტორი: karaoke საიდან გვწერთ: Athens
15.11.2010 01:44
ავტორი: ირმა
15.11.2010 01:15
ესეიგი ჩვენ პრეზიდენტს შეუძლია იამაყოს რომ ყველაზე უარესი არ არის?



ავტორი: GERMANE
15.11.2010 01:43
ქალბატონო ია, რათქმაუნდა მოგემატათ ფასი ჩემს თვალსი სწორედაც იმიტომ, რომ რუსეთის პოლიტიკურ მიზნებზე გიწერიათ.

აი ამ ფრაზამ კი რატომღაც დამაეჭვა: "მაგაზე ადვილი რა არის დღევანდელ საქართველოში, რომ რუს ჯარისკაცს მკვლელი და ოკუპანტი უძახო? ასევე, აგინო პუტინი და მედვედევი. მიაყოლო პუშკინი და დოსტოევსკი, აგერთვე, სახაროვი და სოლჟენიცინი."

როცა წერთ, მაგაზე ადვილი რააო, ისევ მიშისტური პროპაგანდა გაქვთ მხედველობაში, დიფერენცირებას არ აკეთებთ - პუტინის და მედვედევის გინებაზე კიარაა საუბარი, ან სახაროვ-სოლჟენიცინის მიყოლება კიარაა დიდი საქმე. დიდი საქმეა, ამათ გარეშე თქვა სათქმელი. დიდი საქმეა ის, რომ კონკრეტულად ოპოზიციურმა პარტიამ დამპყრობელს და მკვლელს თავისი სახელი უწოდოს და ასიათასკაციანი აქცია თუარა, ერთი საკანი მაინც დაუდგას რუს "მესაზღვრეებს", ტყეში მოთამაშე ბავშვებს რომ იჭერენ და მერე ათიათას დოლარებად რომ ჰყიდიან საქართველოს მთავრობაზე.
მე უბედურებას იმაში ვხედავ, რომ ამ დამპყრობლისა და მკვლელის, კონკრეტულად იმ რუსი ჯარისკაცის წინააღმდეგ, ხელში კალაშნიკოვი რომ უჭირავს, არავითარი ძალა - არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია არავითარ აქციას, არავიტარ პროტესტს, კონკრეტულს არ მიმართავს. ოპოზიცია იმ იდეოლოგიას ატარებს, თითქოს სააკაშვილმა მოიყვანაო ეს რუსები, თუარა, რუსებთან საჩხუბარი რა გვქონდაო. სააკაშვილი კი ქვეყნის ამ უბედურებას საკუთარი უნიათობის შესამოსად იყენებს და ამაზე მას ვერავინ ედავება, რადგან, რუსეთის მიმართ პოზიცია, დაფიქსირებული და სიმართლისმარცვლიანი, არ გააჩნია ოპოზიციას - ისევ და ისევ ეკეკლუცება. კეკლუცობა კი დიპლომატია არაა.
ამიტომაცაა, რომ სააკაშვილის პირდაპირ თუ არაპირდაპირ მონებადაა ქცეული მთელი საქართველო.

არ ვიცი, ქალბატონო ია, მართლა ვერ ჩაწვდით თუ არ ჩაწვდით იმ აზრს, რასაც მე ვგულისხმობ? მეტ გასაგებად აბა რა ვთქვა?
მოდით, სოლომონის ენაზე გეტყვით: წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ ცხრა ძმა ხერხეულიძის დედა და მტრის ლაშქარი თბილისიდან 50 კილომეტრითაა დაშორებული.
ზედმეტი პათეტიკაა და ვაი-ვუი პატრიოტიზმი?.....
ვკითხოთ აბა კონსერვატორებს.....
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
15.11.2010 01:50
გერმანე, მოდით, ფანტაზია დავქოქოთ და ვთქვათ, ვითომ, სიზმარში, მხატვრულ ნაწარმოებში, ფილმში, სპექტაკლში, ბოდვაში, მოლანდებებში ვართ და მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი, ფარულად რუსეთის აგენტია.

რას გაუკეთებდა რუსეთს იმაზე უკეთესს და იმაზე მეტს, რაც ამ წლებში გაუკეთა?

ავტორი: თორნიკე საიდან გვწერთ: თბილისი
15.11.2010 01:42
გერმანე,
თქვენი მსჯელობის ამ ნაწილში გეთანხმებით!სააკაშვილზე რომ არ ემუშავა მედიას შეიძლება ე.წ.,,რევოლუციაც''არ მომხდარიყო.ალბათ
დღეს არსებული ვითარება ლოგიკური გაგრძელებაა იმისა,რაც ხდებოდა ,,რევოლუციამდე''.მიშამ საბოლოოდ აქცია ყველა ნაციონალური არხი პარტიის პროპაგანდისტულ ნაწილად!
,,სააკაშვილი ქართულმა მას-მედიამ მოიყვანა სოროსის თანხის წყალობით - გაიხსენე სტატიები, ტელეგადაცემები შევარდნაძეზე, სულ რომ ატაკიმასხარავებდნენ''

ავტორი: temuri
15.11.2010 01:40
ავტორი: GERMANE
15.11.2010 00:53
ნებისმიერი რუსი ჯარისკაცი, საქართველოს ტერიტორიაზე მდგომი არის ჯალათი, არის ჯალალედინი, არის თემურლენგი და ა.შ.
============================================================
აუF
მერე რათ არ ებრძვი? იშიშვლე ხმალი და ეკვეთე თემურლენგის და ჯალალედინის ნაბიჭვრებს. გასწირე თავი სამშობლოსათვის. მოგვეცი მაგალითი უვარგისებს და ლაჩრებს.
მაგრამ მაგას ერთი ადგილის ქონა უნდა და სანამ მაგ ადგილს აღმოაჩენ საკუთარ თავში, მანამ ჭკუას უნდა მოუხმო, რომ ის ერთი ადგილი ჯალალედინის და თემურლენგის ნაბიჭვრებმა არ ამოგივსონ.
ჭყვიტინში ხართ მაგრები, ისიც ღობის გადაღმა, თორემ...
თქვენნაირებით, რომ იყო სავსე ქვეყანა, იმიტომაც მძლავრობდა თემურლენგიც და ჯალალედინიც.
და ნუ ვას ...

ავტორი: ლაშა
15.11.2010 01:39
"საქართველო ან რუსეთის პოლიტიკური და ყველანაირი გავლენის ქვეშ უნდა იყოს და საკუთარი სახელმწიფოებრიობა უნდა გაიუქმოს (ფაქტობრივად მაინც), ან უნდა იყოს მასთან ცხელი ან ცივი დაპირისპირების რეჟიმში. ამაზე არაერთი სტატია მაქვს დაწერილი წლების განმავლობაში."

რაო, რაო ია? ეს კიდევ აგვიხსენით, ძალიან დამავალებთ.
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
15.11.2010 01:41
რაო, ლაშა, და... რუსეთის იდეოლოგიური მანქანა დგას გაფართოების დოქტრინაზე. ბატონი დუგინი ძირითადად იმაზე წერს, რომ თუ რუსეთი არ გაფართოვდა თავისი საზღვრების გასწვრივ, მაშინ მას თავად მოუხდება არა მხოლოდ გავლენის სფეროების, არამედ, საკუთარი მიწების დათმობა. ამ მხრივ, ეშინიათ ევროკავშირის და ნატოსი, ეშინიათ ჩინეთის, ეშინიათ იაპონიის. ყველაზე კარგ ბაზად გაფართოებისთვის კი სამხრეთის საზღვრები მიაჩნიათ.

ამიტომ, ან მიაღწევენ თავისას და სამხრეთ კავკასიაზე რუსეთის გავლენას ბოლომდე გაავრცელებენ; ან სამხრეთ კავკასიის ქვეყნები და, განსაკუთრებით, საქართველო რუსეთთან მუდმივი დაპირისპირების რეჟიმში უნდა იყოს, სანამ მსოფლიო წესრიგი კიდევ სხვანაირად არ დალაგდება. ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთთან უნდა ვიომოთ. ოღონდ, ისიც შეუძლებლად მეჩვენება, რომ მშვიდი და კეთილმეზობლური ურთიერთობა დავამყაროთ ოდესმე.

ავტორი: მოჭადრაკე საიდან გვწერთ: თბილისიდან
15.11.2010 01:36
ავტორი: temuri
15.11.2010 01:08
ავტორი: მოჭადრაკე საიდან გვწერთ: თბილისიდან
15.11.2010 00:37
============================================================
მშვიდად აღშფოთებული ხარ:)
..............................

ან მშფოთვარედ მშვიდი :)))

ავტორი: მოჭადრაკე საიდან გვწერთ: თბილისდან
15.11.2010 01:34
ავტორი: თორნიკე საიდან გვწერთ: თბილისი
15.11.2010 01:08
მოჭადრაკე,
კაცო,რა დაგიშავე!:) მოვკვდი სიცილით!:)
,,აი, ამ ჟურნალისტთმოძულეს და დათა მისთა, გაცილებით აშფოთებთ საქართველოში ქალიშვილთა რაოდენობა, ვიდრე პოლიტპატიმრებისა, და სიამოვნებით მოაწერენ ხელს ამ უკანასკნელთა რაოდენობის ზრდას პირველთა რაოდენობის შემცირების სანაცვლოდ’’
.............................

ვა, ეგრეა და... :)))

ავტორი: მოჭადრაკე საიდან გვწერთ: თბილისიდან
15.11.2010 01:32
ავტორი: GERMANE
15.11.2010 01:14
"ჟურნალისტიკის კრიტიკა საქართველოში მე უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ვიდრე სააკაშვილის კრიტიკა."
.........................................
ეს ამოაცალეთ ბატონო გერმანე, და თქვენს პოსტს ხელს მოვაწერ :))
მაგრამ მგონია, რომ არ ამოაცლით :))

ავტორი: ირმა
15.11.2010 01:26
სულ "ფინთი" ანეგტოდები მაგონდება..აი ნამდვილი კახური და მაგას რა დამაწერეინებს აქ...მე კი დავწწრ მარა ია ა დაწერს:))

ცოტა ზრდილობას მოვუხმობ და შეგეხმიანებით ძვირფასო გენერალო:)))

ავტორი: ანონიმი
15.11.2010 01:21
მოჭადრაკე ორივეს რაოდენობა რომ შემცირდეს მაგაზე რა აზრის ხარ?

ავტორი: ირმა
15.11.2010 01:15
ეეჰ ჩვენს პრეზიდენტს რა უჭირს:) წაიკითხეთ...


"ბოლივიის პრეზიდენტის განცხადებით, თურმე ქათმის მჭამელი მამაკაცები ხდებიან ჰომოსექსუალები
კიდევ ერთი სამხრეთ ამერიკული ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვებმა გააოცა მსოფლიო…თითქოს საკმარისი არ იყო ლულა და უგო ჩავესი, ახლა კი მორალესის დროა

მორალესმა კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე განაცხადა: “ქათამს, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ სასარგებლოა მდედრის ჰორმონებისთვის. თუკი მამაკაცი შეჭამს მას, ისინი “გადაუხვევენ” თავიანთ ვაჟკაცობას!”
მან დასძინა, რომ იგი მიირთმევს არაგენეტიკურად მოდიფიცირებულ ქათამს , რათა თავიდან აიცილოს ჰომოსექსუალობა და “ქალივით განაზება”..:-)
პრეზიდენტ მორალესის განცხადებამ აღაშფოთა არგენტინული გეი ჯგუფი, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს მისი ლოგიკა. არგენტინის ჰომოსექსუალთა ორგანიზაციის პრეზიდენტმა განაცხადა: ეს აბსორდულია თუკი ფიქრობენ, რომ ქათამს შეუძლია ორიენტაცია შეუცვალოს ადამიანს."

ავტორი: GERMANE
15.11.2010 01:14
ავტორი: მოჭადრაკე საიდან გვწერთ: თბილისიდან
15.11.2010 00:37"

მოჭადრაკე, ნებისმიერი დემოკრატია ჩამოყალიბდა მხოლოდ-და მხოლოდ ჟურნალისტიკის, კრიტიკული ჟურნალისტიკის წყალობით.
რეშერშირება, კვლევა, მოძიება, მტკიცება, ანალიზი, მხილება - ამის გარეშე არ არსებობს ჟურნალისტიკა და არც იქნება არასოდეს დემოკრატია.
საქართველოში ორი კვირით ვიყავი, აქედან 1 კვირა მაინც სხვა საქმით დაკავებული და იმ დანარჩენ 7 დღეში სულ მცირე 100 ყალბი პიროვნება აღმოვაჩინე, სახელმწიფო კომპიუტერში შეყვანილი, სახელით და გვარით და მათზე გამოწერილი საარჩევნო ბიულეტენით. ამ ყალბი პირების არსებობა იმ ოჯახმა არ იცოდა, სადაც ეს პირები იყვნენ მიწერილნი - მათ ეს შეიტყვეს იმიტომ, რომ წყლის გადასახადის გადახდა მოუწიათ 3-ის ნაცვლად 7 პირზე.
ამ ყალბი ადამიანების სია და ჩანაწერი იმ ქალბატონებისა, სახელმწიფო დაწესებულებაში რომ გვითხრა, ასეთი მდგომარეობა ამ უბნის 80%-ის სააღრიცხვო წიგნშიაო და ასეა კომპიუტერშიო შეტანილი - ეს ყველაფერი მივაწოდეთ ალასანიას ოფისს და ორ ტელევიზიას - რეზონანსი არის ნული!........
რამდენიმე ოჯახი იმაზეც კი წავა, რომ სასამართლოში იჩივლონ - ამისათვის ეგებ აქედან ემნესტი ინტერნატიონალის დახმარებით ეგებ რაიმე ვცადო.
საქართველოს ჟურნალისტებს, ბატონო მოჭადრაკე, ეს ფაქტები არ აინტერესებთ - ამას არავინ კითხულობს, ეს არაა მკვლელობა-გაუპატიურება ან სააკაშვილისათვის მასაჟისტკას მკერდის მკვნეტელად წოდება, რომელიც პუბლიკას ცოტა შეაზარხოშებს. ამიტომაც არც ოპოზიციას და არც დამოუკიდებელ მედიას აინტერესებს.
მე არ წამიკითხავს ის სტატია, რამაც შენ აგაღელვა, მაგრამ, ჟურნალისტიკის კრიტიკა საქართველოში მე უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ვიდრე სააკაშვილის კრიტიკა.

სააკაშვილი ქართულმა მას-მედიამ მოიყვანა სოროსის თანხის წყალობით - გაიხსენე სტატიები, ტელეგადაცემები შევარდნაძეზე, სულ რომ ატაკიმასხარავებდნენ.

სააკაშვილი გახლავთ საქართველოს მაშინდელი, 2003 წლისეული დამოუკიდებელი მასობრივი მედიების, ჟურნალისტების პირმშო, რომელმაც მშობელი დედა მერე გააუპატიურა და ახლა ამის აღიარება რცხვენია ამ დედას და საერთოდ უარს ამბობს ნებისმიერ დედობაზე ანუ ფუნქციაზე.
სააკაშვილის მიერ გაუპატიურებულმა ქართულმა ჟურნალისტიკამ საკუთარ თავსვე მოუწყო სასამართლო პროცესი, გაასამართლა და სირაქლემობა მიუსაჯა საკუთარ თავს.

პატივისცემით გერმანე

ავტორი: temuri
15.11.2010 01:08
ავტორი: მოჭადრაკე საიდან გვწერთ: თბილისიდან
15.11.2010 00:37
============================================================
მშვიდად აღშფოთებული ხარ:)
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 24

ბლოგერები

სხვა მასალები

აუდიო უსახლკაროები დახმარების მოლოდინში

​ქუთაისის სკვერებსა და პარკებში უსახლკარო ადამიანები ღამეს ღია ცის ქვეშ სკამძელებზე ათევენ. მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის მონაცემებით, ადგილობრივ თვითმმართველობას 900-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა.
გაგრძელება

აუდიო საძოვრის გარეშე დარჩენილი სოფელი

​ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლქვის მოსახლეობა საძოვარს ითხოვს. ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ მიწა დაახლოებით ორი წლის წინ ფარულად გაიყიდა და მას შემდეგ სოფელში მსხვილფეხა საქონლის საბალახოდ ადგილი არა აქვთ.
გაგრძელება

აუდიო ზუგდიდის მერიის ყოფილი თანამშრომელი ნარკოდანაშაულშია მხილებული

​ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპევიალისტის მოვალეობის შემსრულებელი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
გაგრძელება

აუდიო კრემლი მოლდავეთს აფრთხილებს

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროპის კავშირი გააფრთხილა, რომ მოლდავეთში უკრაინის სცენარის გამეორებამ შეიძლება სავალალო შედეგი იქონიოს.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული