სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 12:57

ბლოგები / ბიძინა მაყაშვილი

არდადეგები

x
ტექსტის ზომა - +
ზაფხულის დასვენების სეზონის დადგომასთან დაკავშირებით გთავაზობთ შესაბამის ეპიზოდს სერიალიდან „ქართველიშვილები“. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად მოგახსენებთ, რომ აქ აღწერილი ამბები და გმირები გამოგონოლია და მათ საერთო არაფერი აქვთ სინამდვილესთან. ბუნებრივია, ეს ეხება ოჯახის გვარსაც, რომელიც აღებულია მხოლოდ მხატვრული მოსაზრებით. პერიოდულად შემოგთავაზებთ სერიალის სხვა ეპიზოდებსაც.

მე გიორგი ქართველიშვილი ვარ და წელს 12 წლის გავხდი. შარშან მამა შემპირდა, რომ თუ 12 წლის გავხდებოდი, ზაფხულის არდადეგებზე ჩემს დასთან ერთად დასასვენებლად წამიყვანდა. როცა არდადეგები იწყება, ყველა კლასელი სხვადასხვა ადგილას მიდის დასასვენებლად. ჩვენს ოჯახსაც აქვს შერჩეული საყვარელი ადგილი - ეს ჩვენი აივანია. ზამთარში აივანზე ბამბებს ვდებთ, ვითომ თოვლია. ზაფხულში ბამბებს ვიღებთ, ვრეცხავთ და მომავალ ზამთრამდე ვინახავთ. ზაფხულობით აივანზე ძალიან ცხელა, ამიტომ მთელი დღე ოთახში ვართ და როცა მზე ჩავა, მხოლოდ მაშინ გავდივართ ხოლმე იქ. აივანზე დედაჩემის მოპარული გაზეთების შეკვრებზე ვსხდებით და სუფთა ჰაერს ვისუნთქავთ. თან მოუხარშავი მაკარონის ღეროებით დედაჩემის რეცეპტით დამზადებულ კოქტეილს ვწრუპავთ. დედა ამბობს, რომ ამ კოქტეილს „ბულაჩაური“ ჰქვია. მისი დამზადება ძალიან ადვილია: გამჭვირვალე, თლილი ჭიქის 3/4 უნდა გაავსო ონკანის წყლით და მოწრუპო. ოღონდ, ჯობია, ონკანი დიდი ხანი იყოს მოშვებული, რომ წყალი გაცივდეს. როცა ღამე მთვარიანია, ტანზე ვიხდით, აივანზე ვწვებით და მთვარის აბაზანებს ვღებულობთ. ცოტა მოსაწყენია, სამაგიეროდ, ჯანსაღი სიფერმკრთალე ზამთრამდე გაგვყვება ხოლმე. ზამთარში კი, ყინვის გამო, სიფერმკრთალე სილურჯეში გადადის. ცოტა ცივია, მაგრამ - მრავალფეროვანი. მამა აივანს მაღალმთიან, ალპურ კურორტს ეძახის. ის ზღვის დონიდან მეცხრე სართულზე მდებარეობს და იქიდან ულამაზესი ხედი იშლება, განსაკუთრებით, თუ გაზეთების შეკვრაზე დადგები. თითქმის ყველაფერი ჩანს: მოპირდაპირე სახლის ფანჯარაში ტელევიზორს ვუყურებთ. მართალია, ხმა კარგად არ ისმის და გამოსახულებაც პატარაა, მაგრამ მაინც გვიყვარს, იმიტომ რომ ხმის გაგონება გვერდითი მეზობლის ტელევიზორიდან შეიძლება. ყველაზე უკეთესი მაშინ არის, როცა მოპირდაპირე და გვერდითი მეზობლები ერთსა და იმავე არხს უყურებენ. მოპირდაპირე მეზობელს ჭადრაკის პარტიების გარჩევის ყურება უყვარს, გვერდითას - ფილმების. მაგალითად, შარშან სპასკი-ფიშერის პარტიების გარჩევას ვუყურებდით და „გაზაფხულის 17 გაელვებას“ ვუსმენდით. მაგრამ მერე მოპირდაპირე ოჯახი დასასვენებლად წავიდა და მარტო ვუსმენდით, სანამ გვერდითი ოჯახიც არ წავიდა. წელსაც ასე იყო, ოღონდ ჯერ გვერდითი მეზობელი წავიდა დასასვენებლად და მერე - მოპირდაპირე. ამიტომ გადავწყვიტეთ, აივანზე წიგნები გვეკითხა. ჩვენს ოჯახს მდიდარი ბიბლიოთეკა აქვს და ის 9 წიგნისგან შედგება: ქართული, რუსული, ინგლისური, ფიზიკა, ქიმია, ალგებრა, გეოგრაფია, სსრკ ისტორია და „მენავთობის ცნობარი“. მე „მენავთობის ცნობარს“ ვკითხულობ, ჩემი და - ალგებრას. მერე გავცვლით. როცა კითხვა გვბეზრდება, ძველი გაზეთების შეკვრიდან ძველ ტელეპროგრამებს ვუკითხავთ ერთმანეთს ხმამაღლა და ასე ვერთობით. ასე საინტერესოდ გავიდა ერთი თვე. მეორე თვეს მამამ, შეპირებისამებრ, ზღვაზე წაგვიყვანა. მან სამზარეულოდან აივანზე დიდი რკინის ტაშტი გამოიტანა და ჩვენ ვედროებით წყალი ჩავასხით. მერე დედამ მარილი ჩაყარა, რომ ზღვასავით მლაშე ყოფილიყო. მერე მამამ სასაფლაოდან ქვიშა და აგურის ნატეხები მოიტანა და ტაშტის ირგვლივ დაყარა – ეს პლაჟი არისო. მე და ჩემმა დამ ძველი გაზეთი 36 ნაწილად დავჭერით, ბანქოს ასოები დავაწერეთ, დავსხედით პლაჟზე და ვითომ კარტს ვთამაშობდით. მართალია, არც ერთი თამაში არ ვიცით, მაგრამ გასართობად კარგია. ხანდახან ვთევზაობთ ხოლმე. კუბოს 20 პატარა ლურსმანი, რომლითაც ახალ წელს ნაძვის ხე მოვრთეთ, ტაშტში ჩავყარეთ – ვითომ თევზები არიან; მამამ თოკიან ჯოხს მავთული მიაბა ბოლოში, ეს ანკესიაო. ანკესი ხან ჩემს დას უჭირავს, ხან - მე. ზაფხულის მეორე თვეც ძალიან სასიამოვნოდ გავიდა. მთელი ოჯახი კმაყოფილი დარჩა არდადეგებით და მამა შეგვპირდა, მომავალ წელს საზღვარგარეთ დაგასვენებთო. მე და ჩემმა დამ სკოლის გეოგრაფიის წიგნის რუკაზე დავიწყეთ საზღვარგარეთის მოძებნა, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. თუმცა, არა უშავს – მამამ უკეთ იცის.

Tags: ბლოგი, სერიალი, ქართველიშვილები



ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ირინა საიდან გვწერთ: თბილისი
29.07.2011 00:47
ბიძინა, გილიცავ! არაჩვეულებრივი ნამუშევარია! ნამდვილი ლიტერატურული სახეა შექმნილი! გამახსენდა ბელინის "ცხოვრება მშვენიერია". ალბათ, ჩვენი თაობის რამდენ ადამიანს ჰქონია ასეთი ბავშვობა და ასეთი შემოქმედი (თუ რა სიტყვა მოვძებნო, არ ვიცი!) მშობლების წყალობით ეს პერიოდი მეტ–ნაკლებად ხალისიანად გაუტარებიათ! ძალიან ვისიამოვნე! ნამდვილად მაღალი ხარისხის ნამუშევარია! როგორც იტყვიან: ბრავო, მაესტრო!

ავტორი: ანონიმი
28.07.2011 09:24
მაგარია..ძლივს არ წავიკიტხე რაღაც ნორმალური?

ავტორი: ნიკო
17.07.2011 21:24
მაგარია მაგრამ გავიცინო თუ ავტირდე ჯერ ვერ ვხვდები.მოდი და გავიცინებ:))))))

ავტორი: კუ საიდან გვწერთ: ქართველიშვილებიდან
15.07.2011 00:41
სათამაშოები არ მქონდა და ჩემი ხელოსანი ბაბუა ხისგან მითლიდა ხოლმე,თოფებს და ხმლებს,თქვენ წარმოიდგინეთ ერთხელ სათამაშო თხაც გამომიჩორკნა კიდევ "ჟუვაჩკების" ნაცვლად ფისს ვღეჭავდით:)

ავტორი: ბიძინა მაყაშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
14.07.2011 16:00
ანონიმს
14.07.2011 09:56
ეს მასალა ბლოგზე მხოლოდ ერთხელ დაიდო, 2011 წლის 1 ივლის, როგორც ეს მითითებულია პოსტის თავში; და რადგან ვალდებულებებით არა ვარ შეზღუდული, ჩემს შემოქმედებით ინტენსივობას არავის ვუთანხმებ.

ავტორი: ანონიმი
14.07.2011 09:56
ბიძინა ეს ბლოგი ხომ ადრეც იდო? ახალს ვერაფერს ვეღარ წერთ?

ავტორი: ირმა
07.07.2011 16:20
ისე "ქართველიშვილი " რომ არ ვიყო რა მინდა ამ სიცხეში თბილისში ჰა?და რამდენი ქართველიშვილები არიან ჩემს გარშემო..ნახევარი საქართველო ქართველიშვილია..ნახევრაზე მეტი..რაა არააა?

ავტორი: ანონიმი
06.07.2011 22:18
მე რა განა უკეთესი ბავშვობა მქონდა?

ავტორი: uta საიდან გვწერთ: ბაქოდან
05.07.2011 10:27
ქართლ_კახეთი,იმერეთი და გურია დარჩა არა ბატონი მაყაშვილი?

გურია და სამეგრელო არ გაიყოფა ბატონი ბიძინა.

ავტორი: nino საიდან გვწერთ: paris
04.07.2011 23:39
.... კარგი იყო ოღონდ ძალიან საწყლობა :)....

ავტორი: Tornike საიდან გვწერთ: Tbilisi
04.07.2011 04:28
ძალიან კარგია <3

ავტორი: კუ საიდან გვწერთ: ოკეანე
03.07.2011 15:21
დიდი მადლობა ავტორს:)
რა საშინელი დრო იყო ეს საბჭოთა სოციალიზმი თუ კომუნიზმი,რა ნეცრისფერი და დაბურული იყო ყველაფერი,თუმცა ადამიანებს ეგონათ რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა თუ შეიცვლებოდა პოლიტიკური ფორმაცია,იმას კი ვერ ხვდბოდნენ რომ ასეთი გლუმი რეალიტის მიზეზი სიღარიბეა და ფულის შოვნა და მრავალფეროვანი,სიამოვნებებით სავსე ცხოვრება ყოველთვის ძნელია და არსად,არასდროს არ ყოფილა მასების ხელმისაწვდომად და ჭარბად.ის კი არა ძალიან თუ დავფიქრდები შეიძლება საკუთარი ღრმა ბავშვობიდანაც გავიხსენო რამე,მთლად ასეთი დონის არა(ბიძინას გეიალური აღწერილობები აბსურდამდე მიდის და ეს ასეც უნდა იყოს) მაგრამ ალბათ არც ნაკლები.თუ რამე გამოჩნდა,(თუ გავიმეტე ჩემი თავი მათ გასახსენებლად) ჩემს ცნობიერში საბჭოთა ბავშვობიდან აუცილებლად დავწერ,იქნებ დაწერით გარკვეულწილად გავთავისუფლდე კიდევ მათგან.

ავტორი: ირმა
02.07.2011 23:54
http://www.open.ge/index.php?m=21&y=2002&art=16040
აბა ესეც ნახეთ,ისიამოვნებთ

ავტორი: nd საიდან გვწერთ: tbilisi
02.07.2011 22:33
ბრავო, მარტივი და ღრმა:)))

ავტორი: იბერი საიდან გვწერთ: კოლხეთიდან
02.07.2011 12:31
ბრავო ავტორს! უმშვენიერესია არდადეგები. დამაფიქრებელი ანტიიდილიური საბჭოეთის იდილია..ცრუკომუნიზმის კომუნიზმი.. ეს პატარა შედევრი ბოლო დროის ბევრ სქელტანიან რომანს უსწრებს დახვეწილი ენითა და ამაფორიაქებელი შინაგანი რიტმით.. ნეტა ასე გააგრძელებდეს..

ავტორი: ბიძინა მაყაშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
01.07.2011 22:30
ანონიმს
01.07.2011 15:27
ასეთი ტელესერიალი არ არსებოს, თუმცა წინადადებს ამის შესახებ ვღებულობ ხოლმე.

ავტორი: ირმა
01.07.2011 22:25
მაგარი ხარ,ბედნიერი ვარ:)

მე უფრო ჯიმი ჯარმუშის იუმორი მახსენდება...რაღაც Deadpan ის მსგავსი....

Comedy is simply a funny way of being serious:)

ავტორი: ირმა
01.07.2011 21:47
ვაჰ..როგორ გამიხარდა თქვენი გამოჩენა.ნეტავ რა წერია:)

ავტორი: ილიკო საიდან გვწერთ: თბილისი
01.07.2011 16:39
ძალიან მაგარია.

ავტორი: Kethevan
01.07.2011 15:31
"ქართველიშვილები" ჩემი საყვარელი სერიალია!! ბიძინა მაყაშვილის სცენარი და ტარანტინოს რეჟისურა იქნება შედევრი შავი იუმორის ჟანრში :))

ავტორი: ანონიმი
01.07.2011 15:27
დიდი ბოდიში, მაგრამ იმდენად, რამდენადაც ტვ–ს და შესაბამისად ტელესერიალ ,,ქართველიშვილებსაც" არ ვუყურებ, ერთი ლოგიკურ–რიტორიკული :) კითხვა გამიჩნდა, ეს სიუჟეტი მართლა ტ.ს–დანაა აღებული, თუ...?
თუ–ს შემთხვევაში, ვამბობ, რომ მსგავსი კლასიკური (GRACEFUL) შავი იუმორი იშვიათია!
ძალიან მაგარია!!!
დღეიდან ვიწყებ თქვენ კითხვას, ოღონდ მართლა!
LIKE!!! :)

ავტორი: irina საიდან გვწერთ: gipas radiodan:))
01.07.2011 15:05
ბიძიკო მააასწ:))) მთელი სამსახური მე მიყურებს როგორ ვხარხარეეეებ:))))) ჯერ თეოს არ უნახავს ეტყობა ეს პოსტი, თორემ მაგის ხარხარს ჭავჭავაძიდანაც გაიგებდი:))))))

ავტორი: ანონიმი
01.07.2011 14:52
ასეთი ბავშვობა 50-60 იანელებს მართლა გაუტარებიათ. ვისაც ახსოვს, სულაც არ იყო ცუდი! მაკარონის ღეროებით "კოქტეილის" (კამპოტის) წრუპვა თუ არ სჯობდეს დღევანდელ "სექს ონ თHE ბიიჩ"- ს.
სადმე მიგდებული "მენავთობის ცნობარი" და ხიმია ი ჟიზნ ასევე მშვენიერი საკითხავი იყო, არა ბიჯო!?

ყველაზე პოპულარული