Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავთანდილის ანდერძი


ორიოდე დღის წინ ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა გოგი გვახარიამ თავის ბლოგზე გამოაქვეყნა სტატია „ეგ თუ არა, აბა, ვინ?“, რომელიც, ჩემი აზრით, დღევანდელი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას ეხება – „მამებისა“ და „შვილების“ ურთიერთობას.

ეს ურთიერთობა, ძირითადად, ორგვარ ალგორითმში აისახება ხოლმე: „მამის გაღმერთება“ და „მამის მოკვლა“.

პირველი ალგორითმის თანახმად, შვილები მამების ხიბლში ცხოვრობენ, მათ ბაძავენ და, შესაბამისად, თვითონ ახალს ვერაფერს ქმნიან. მამის წასვლასთან ერთად, მთლიანად ინგრევა მის მიერ შექმნილი სამყარო. სწორედ ამგვარი ურთიერთობა აღწერა გოგიმ საკუთარ სტატიაში რობერტ სტურუას და მისი მოწაფეების მაგალითზე. „მამის გაღმერთების“ ალგორითმი ძალიან სიცოცხლისუნარიანია თანამედროვე საქართველოში და ზედმიწევნით ზუსტად ასახავს ბევრ ოჯახსა თუ სოციალურ წრეში დამკვიდრებული ურთიერთობების შინაარსს.

მეორე ალგორითმის თანახმად, შვილები მამებს უჯანყდებიან, „კლავენ“ (ანუ სრულად უარყოფენ) მათ და იწყებენ რაღაც ახლის კეთებას, ისეთის, რაც პრინციპულად განსხვავდება ძველისგან. ეს მუდმივად ხდება, მაგალითად, ქართულ პოლიტიკაში ბოლო ოცი წლის განმავლობაში: ზვიად გამსახურდიამ პირწმინდად უარყო კომუნისტების მემკვიდრეობა, შევარდნაძემ – გამსახურდიას მემკვიდრეობა, ხოლო სააკაშვილმა – შევარდნაძის მემკვიდრეობა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, საქართველოს ლიდერებმა სამჯერ თავიდან დაიწყეს სახელმწიფოს მშენებლობა ისე, რომ წინამორბედების საქმიანობა თუ ღვაწლი ყველა მომდევნო პრეზიდენტის მიერ სრულად იყო დაგმობილი. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა სააკაშვილის შემთხვევაში, რადგან იგი, როგორც პოლიტიკოსი, სწორედ შევარდნაძის გუნდის წიაღში წარმოიშვა და გაძლიერდა. შემდეგ კი შევარდნაძის ხელისუფლება მშვიდობიანი რევოლუციით დაამხო და ახალი სახელმწიფოს შენება ძველის ნანგრევებზე დაიწყო. ამიტომაც, სააკაშვილის პრეზიდენტობის პირველ წლებში მისი რიტორიკის ძირითადი ღერძი იყო დაპირისპირება ედუარდ შევარდნაძესთან და მის პოლიტიკურ მემკვიდრეობასთან.

* * *
„მამის გაღმერთება“ იწვევს არაპროდუქტიულობას, შემოქმედებითი მუხტის და რესურსის განლევას, გემოვნების დეგრადაციას. „მამის მოკვლა“ იწვევს მემკვიდრეობითობის წყვეტას როგორც მატერიალურ, ასევე – სულიერ ჭრილში. იშვიათად ხდება, რომ ძველის სრული უარყოფა სათავეს უდებს ნამდვილ პროგრესს, ახალი ღირებულებების დამკვიდრებას (ანტიგონე, ალუდა ქეთელაური). მაგრამ, ძალიან ხშირად, მემკვიდრეობითობის წყვეტა იწვევს კრიზისს, რადგან სიახლე საკუთარ თავში არ მოიცავს შემოქმედების მძლავრ სტიმულს და თვისებრივად არ აღემატება იმას, რაც უარყოფილია.

როგორც „მამის გაღმერთების“, ასევე „მამის მოკვლის“ ალგორითმი, უმეტეს შემთხვევაში, ზიანის მომტანია სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის. მაგრამ „მამებსა“ და „შვილებს“ შორის ურთიერთობის ამ ორი, ტრადიციული სქემის გარდა, არსებობს მესამე, რომელიც თანამედროვე საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში თითქმის სრულად არის მივიწყებული.

* * *
ჩემი ღრმა რწმენით, „შვილებსა“ და „მამებს“ შორის ურთიერთობის ოპტიმალური მოდელი აღწერილია „ვეფხისტყაოსნის“ იმ თავში, რომელსაც ჰქვია „ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე“.

ამ ანდერძს „შვილი“ სწერს „მამას“, რომელსაც მისი ნებართვის გარეშე ტოვებს – შესაძლოა, სამუდამოდ. „შვილი“ მიდის საკუთარი სახლიდან, საკუთარი ქვეყნიდან, საკუთარი დაცული სივრციდან შორს – ღია, დაუცველ სამყაროში. მიდის, რათა აღასრულოს თავისი ვალი არა მხოლოდ ოჯახისა და ქვეყნის, არამედ, პირველ რიგში, ღმერთისა და მთელი კაცობრიობის წინაშე (ავთანდილი ასე აფასებს საკუთარ მისიას: „მზე დაბრუნდა, არ ვიცოდი, მზესა რამცა დააბრუნვებს!/ აწ ვუშველოთ, გვიჯობს, იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს.“). „მამა“ არა მხოლოდ წინააღმდეგია „შვილის“ სახლიდან გაშვების, არამედ, ლამის სიკვდილით ემუქრება ვაზირს, რომელიც ავთანდილის წასვლის განზრახვას შეატყობინებს („კვლა უბრძანა: თუმცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი, თავმან ჩემმან, თავსა მოგკვეთ, არად უნდა ამას ცილი!“). როსტევანის მკაფიოდ გამოხატული ნების მიუხედავად, ავთანდილი მასთან დაუმშვიდობებლად ტოვებს არაბეთს და „მამას“ ანდერძის მეშვეობით უხსნის საკუთარი გადაწყვეტილების მოტივებს.

სწორედ ეს მოტივებია საინტერესო! „მამის“ ნების არშესრულების ძირითადი საფუძველია ცოდნა, რომელიც ავთანდილს სწორედ მამებისგან აქვს მიღებული. ის, რასაც პლატონი, ფილოსოფოსები, მოციქულები კაცობრიობას ასწავლიან, ცარიელი სიტყვები არ არის; ადამიანი სწორად ცხოვრობს მაშინ, როცა ამ ცოდნაზე, ამ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით წყვეტს, როგორ მოიქცეს. ავთანდილი არა მხოლოდ „გამტარია“ მამების ცოდნის, არამედ, მისი „მიმღებიც“ არის. ამიტომ, როცა როსტევანი სხვა – პირად – მოტივებს ანიჭებს უპირატესობას და სურს, თავისი შვილი გვერდიდან არ მოიშოროს, ავთანდილი უპირისპირდება როსტევანის ნებას და განსხვავებულ გზას ირჩევს. ამ გზაზე ავთანდილის დევიზია „ან ყველაფერი, ან არაფერი!“ ოღონდ, „ყველაფერიც“ და „არაფერიც“ სრულად თავსდება მამების სწავლებაში, რაც ანდერძში დაწვრილებით არის ახსნილი.

ყოველ ანდერძში, როგორც წესი, თავმოყრილია მთავარი ფასეულობა, რასაც წამსვლელი დამრჩენს უტოვებს. ავთანდილი როსტევანს ანდერძით უტოვებს ხსოვნას მამების მემკვიდრეობის შესახებ და საკუთარ გადაწყვეტილებას – რომ იყოს მამების – მათ შორის, როსტევანის – ღირსეული მემკვიდრე.

ავთანდილის და როსტევანის ურთიერთობა ეყრდნობა ალგორითმს, როდესაც შვილი პატივს მიაგებს მამას, მის სწავლებას, მის მემკვიდრეობას და სწორედ ამ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, ოღონდ, საკუთარი გზით, საკუთარი ძალისხმევით (მამის ნების უარყოფით) ქმნის თვისებრივად ახალ, უკეთეს სამყაროს („შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს“).

* * *
„ვეფხისტყაოსანი“ იმიტომ გამახსენდა, რომ არ მომწონს ის ქვეყანა, რომელიც „მამის მოკვლის“ შემდეგ მივიღეთ. მამის მკვლელობით თავდაჯერებული, ენერგიული ახალგაზრდებისგან განსხვავებით, დარწმუნებით ვიცი, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორია 2003 წელს არ დაწყებულა. მჯერა, რომ ცინიკურ მოპყრობას არ იმსახურებს ქართული მეცნიერება, ქართული კულტურა, ქართული ენა. არ ვეთანხმები, რომ მამების თაობა ჩასარეცხია, შვილების თაობა კი – მაგარზე მაგარი! ვფიქრობ, რომ ღირებულება არ დაუკარგავს თავისუფლებისკენ სწრაფვას, რამაც საქართველოს ისტორია შექმნა. მიმაჩნია, რომ ჩვენს საერთო სამშობლოში დღემდე სულიერება უფრო მიმზიდველია, ვიდრე ტურისტული ინფრასტრუქტურა. არ მომწონს, როცა ამბობენ, რომ ყველა ქართული ტრადიცია უნდა დავივიწყოთ და „ახალ ადამიანებად“ გადავკეთდეთ. ერთი სიტყვით, „მამის მოკვლის“ ტენდენცია ძალიან მავნე მგონია საქართველოსთვის და მეშინია, რომ მიხეილ სააკაშვილის შემდეგ მოვა ქვეყნის პირველი პირი, რომელიც მთლიანად გადახაზავს იმას, რაც ახალგაზრდა პრეზიდენტმა შექმნა – კარგსაც და ცუდსაც; გადახაზავს კომუნისტების, გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის მემკვიდრეობას და კიდევ ერთხელ, ახალი ნანგრევებიდან დაიწყებს საქართველოს სახელმწიფოს შენებას.

* * *
როცა ვამბობთ – „კლასიკა უკვდავია!“, ამ სიტყვებში, კონტექსტის მიხედვით, სხვადასხვა შინაარსს ვდებთ. ახლა მე სწორედ იმას ვგულისხმობ, რომ როსტევანის და ავთანდილის ურთიერთობა ცოცხალია ჩვენს მეხსიერებაში, ჩვენს ცნობიერებაში. ეს კი ჩემთვის ცხადად ნიშნავს, რომ საქართველოში შესაძლებელია ჯანსაღი ურთიერთობა თაობებს შორის: როდესაც შვილი, მამის მემკვიდრეობის აღიარებით და მასზე დაყრდნობით, ოღონდ, საკუთარი გზით და ხედვით, საკუთარი თავისუფალი ნებით შექმნის ახალ, თვისებრივად უკეთეს გარემოს; მამა კი მთელი ცხოვრება იმისთვის მოემზადება, რომ შვილს სწორი, წესიერი მემკვიდრეობა დაუტოვოს და, როცა დრო მოვა, თავის გზაზე გაუშვას.

ის, რაც უკვე მოხდა მხატვრულ დრო-სივრცეში, შესაძლოა, რეალობაშიც გამეორდეს.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG