ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 21:00

ბლოგები / გიგა ზედანია

ცინიზმი

x
ტექსტის ზომა - +
ცინიზმი არ უყვართ არსად, მაგრამ საქართველოში ის არ უყვართ განსაკუთრებულად. მიზეზი მარტივია - ჩვენში უმრავლესობამ არ იცის სიტყვა „ცინიზმის“ მნიშვნელობა, ოღონდ გიჟდება მის გამოყენებაზე.

ფონეტიკას შევყავართ შეცდომაში - „ცინიკურად“ საქართველოში იგივე ჰგონიათ, რაც „დაცინვით“. სინამდვილეში ყოველი დაცინვა როდია ცინიკური, ან ყოველი სახის ცინიზმი - დაცინვა.

დიახ, ცინიზმი რამდენიმე სახისა არსებობს.

მისი ყველაზე ზუსტი განმარტება ყველაზე გავრცელებულიცაა: ცინიკოსმა ყველაფრის ფასი იცის, მაგრამ ღირებულება - არაფრის.

რაც შეეხება სახეებს, შეგვიძლია სამი გამოვყოთ: პლებსის, ელიტისა და ფილოსოფიური.

პლებსის ცინიზმი მუქარაა: „რამე რომ იყოს, ეგ თქვენი ფასეულობები სულ ფეხებზე შემიძლია დავიკიდო.“ დაბალი ფენების აგრესია.

ელიტის ცინიზმი აღიარებაა: „სინამდვილეში ჩვენი ფასეულობები თვითონ ჩვენც ფეხებზე გვკიდია.“ მაღალი ფენების გულგრილობა.

ფილოსოფიური ცინიზმი სიტყვების თამაშია: „დიახ, მე ვიცი არაფრის ფასეულობა (და არა - „არ ვიცი არაფრის ფასეულობა“. ორმაგი უარყოფა არა მხოლოდ სტილური შეცდომაა, არამედ საზრისის ტრივიალიზაციაც). მოაზროვნეთა ნიჰილიზმი.

ფილოსოფიური ცინიზმი ყოველი კონკრეტული მოვლენის უკან არარას ხედავს. და ის ნამდვილად არაა მხოლოდ ფილოსოფოსების კუთვნილება.

ფილოსოფიური ცინიზმია, მაგალითად, როდესაც მაჩო ამბობს: „არა, კი არ მიყვარს, უბრალოდ, სექსი მაქვს მასთან.“

მაგრამ ეს არაა „ფილოსოფიის“ ბოლო სიტყვა. ცინიზმის შემდეგ ფილოსოფიური ირონია მოდის.

ფილოსოფიური ირონიაა, როდესაც ეს მაჩო მიხვდება, რომ მისი „უბრალოდ, სექსი“ უკვე იმდენი ხანია გრძელდება, რომ სიყვარული მეტი არც არაფერია.

ირონია რეაგირებს საკუთარ სასრულობაზე. ირონიისას ადამიანი აცნობიერებს რეალობაზე საკუთარ მიჯაჭვულობას. ბრეტონის ფრაზა - „L’existence est ailleurs” („არსებობა სხვაგანაა“) - რომანტიზმია; რემბოს გამონათქვამი - „la vrai vie est absente“ („ნამდვილი ცხოვრება არ არსებობს“) - ცინიზმია; ბოდლერის მეტაფორა - „ეს ცხოვრება საავადმყოფოა, სადაც ყველა ავადმყოფი შეპყრობილია სურვილით, სხვის საწოლზე იწვეს“ - უკვე ირონიას წარმოადგენს.

ცინიზმი სამ რამეზე რეაგირებს: გულუბრყვილო დამჯერობაზე, ოპტიმიზმსა და ფარისევლობაზე.

გულუბრყვილო დამჯერობაა ყველაფრის მიღება, რაც შენამდე აღწევს: ტრადიციის, მედიის, სკოლის, უნივერსიტეტის, ეკლესიის, ავტორიტეტების გავლით; ოპტიმიზმი იმის რწმენაა, რომ ყველაფერი კარგად იქნება; ფარისევლობა კი არის აცდენა დეკლარაციასა და ქმედებას შორის.

ცინიზმი დამანგრეველია. ის არის მჟავა,  რომელიც კულტურის სუსტ სხეულს ჭამს. რაღაც დოზით ის აუცილებელია, საზოგადოება რომ არ გაქვავდეს, მაგრამ დოზასაც გააჩნია. მე-18 საუკუნეში ბევრს დავობდნენ იმაზე, შეიძლება თუ არა არსებობდეს ათეისტების საზოგადოება. როგორიც უნდა იყოს პასუხი ამ კითხვაზე, ერთი რამ ნათელია: არ შეიძლება არსებობდეს ცინიკოსების საზოგადოება. რატომ? იმიტომ, რომ დაჯერების, ოპტიმიზმისა და ფარისევლობის გარეშე ადამიანების ერთად ცხოვრება არ გამოდის.

სინამდვილეში ჩვენ კარგად ვიცნობთ ცინიზმს - ეს იყო სამოქალაქო ომის პერიოდი. ყველაზე დიდი ქართველი ცინიკოსი, რომლის სიმაღლეებსაც უკვე, ალბათ, ვეღარავინ მიაღწევს, ჯაბა იოსელიანი იყო. სწორედ მისი მმართველობის ქვეშ გავიგეთ ჩვენ, თუ რას ნიშნავს საზოგადოებრივი ქსოვილის დეზინტეგრაცია; როცა ფარისევლობაც კი არ რჩება იმისთვის, რომ რწმენის მსგავსება შეინარჩუნო. ჯაბა იოსელიანი იყო სიმბოლო იმისა, რასაც ანტისაზოგადოებრივი ელემენტი შეიძლება ვუწოდოთ. ეს იყო ცინიზმის აბსოლუტური და ყოვლად არაშემოქმედებითი გამოვლინება. ეს იყო ყოველი შესაძლებელი საზოგადოებრიობის სიკვდილი.

შევარდნაძის ყველაზე დიდი დამსახურება ქართული საზოგადოების წინაშე - რაც უნდა ირონიულად ჟღერდეს - იყო ფარისევლობის დაბრუნება ცინიზმის ეპოქის შემდეგ.

დიდი რელიგიური მოაზროვნე ბლეზ პასკალი დაახლოებით ასე აღწერდა ფარისევლობის დაბრუნების შედეგს: „დაიჩოქე, აამოძრავე ტუჩები სალოცავად და რწმენაც მოვა.“ რწმენა სხვა არაფერია, თუ არა ფუნქცია რიტუალიზებული ქმედებებისა, რომლებსაც ადამიანი ასრულებს და რომლებიც ლოგიკურად რწმენას უნდა მოსდევდნენ, მაგრამ სინამდვილეში, ინდივიდუალურ-ისტორიულად, მას წინ უსწრებენ. პასკალი ცინიკოსი იქნებოდა, რომ ეთქვა, რწმენა ილუზიააო. სინამდვილეში ის ირონიკოსია, რადგან აჩვენებს, როგორ ჩნდება რწმენა, მაგრამ უარს არ ამბობს მასზე, როგორც პრინციპზე.

სწორედ პასკალის მიერ რეკომენდებული ეს ოპერაცია ჩაატარა შევარდნაძემ - ოღონდ არა რელიგიურ, არამედ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სფეროში. მან დაიწყო ფარისევლური რიტუალით და რწმენა მართლაც მოვიდა. სწორედ ამ რწმენამ შეიწირა მისი პოლიტიკური კარიერის ფინალი.

დღევანდელი ჩვენი ღირებულებითი დომხალის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი ისიცაა, რომ ამ პრინციპთაგან არც ერთი აღარ არის დომინანტური. საქართველოში დღეს, - ასე, 2007 წლის შემდეგ - არც ცინიზმი ბატონობს, არც ფარისევლობა და არც - რწმენა.

და ეს არ არის ცუდი.

მთავარი ირონიული ჭეშმარიტება ხომ ისაა, რომ ერთი და საბოლოო გამოსავალი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ელემენტების ისეთი ნაზავი, რომელიც საზოგადოებაში ცხოვრებას ასატანს ხდის.

მცირედთა რწმენა;

ბევრთა დამჯერობა და ფარისევლობა;

რჩეულთა ცინიზმი;

და რჩეულთა შორის ნარჩევთა ირონია.

იქ, სადაც ეს ყველაფერი თანაარსებობს ისე, რომ საზოგადოება არ იშლება, ყველაფერი რიგზეა. პრობლემა არის არა ელემენტი, არამედ მისი ადგილი. არაფრის გადაჭარბება არ ვარგა. კერძის მომზადების საიდუმლო შეზავების ხელოვნებაშია.

სამოქალაქო ომი და ცინიზმის ბატონობა გამონაკლისია. ჩვეულებრივ, საფრთხე უმრავლესობას კი არ ექმნება, არამედ უმცირესობას. ეს რომ არ მოხდეს, ყველანაირი დამჯერობა და ფარისევლობა ვერ ივარგებს; ორივე მათგანი ისეთი უნდა იყოს, რომ თავიანთ გვერდით ცინიზმისა და ირონიის ატანა შეძლონ. ეს იშვიათია, ძალიან იშვიათი.

ამ იშვიათ „ნორმამდე“ მისაღწევად ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი დაგვრჩა. აქ საუკეთესო მზარეული აქტიურთა პასუხისმგებლობიანი აქტიურობა და პასიურთა უპასუხისმგებლო პასიურობაა. და ის პატარა ღმერთი, რომელსაც საზოგადოებრივ ევოლუციას ეძახიან.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
 წინა    
ავტორი: ნიკოლო ფლევრი
25.04.2012 11:28
ანონიმს ვეთანხმები. აბდა-უბდა ტექსტია. ვის რას უხსნის, ვერ გავიგე. საერთოდ, აქ ბლოგების ავტორებს რატომღაც ერთნაირი პედაგოგიური ტონი აქვთ. (ოღონდ პედაგოგიკის არაფერი გაეგებათ) ეტყობა რედაქცია სთხოვთ ასე.

ავტორი: მარგა
25.04.2012 03:18
ავტორი: maia საიდან გვწერთ: Tbilisi
23.04.2012 21:54
ისე არ დაგვავიწყდეს, რომ მაშინ, როცა ჩვენ მშვიდად გვეძინა, 50 წელს დიდი ხნით გაცილებული ჯაბა იოსელიანი სანგარში იჯდა და ჩვენ გვიცავდა. რაც შეეძლო გააკეთა. ნამდვილი შუა საუკუნეების რაინდი იყო – ომში გმირი, მშვიდობაში.......

აუ, მართლა ასე გულუბრყვილო ხართ მაია? რა შუა საუკუნეების რაინდი, რას მეუბნებით? შუა საუკუნეებში ეს საზოგადოებაა ჩარჩენილი და იმიტომაა, კეთილის და ბოროტის გარჩევა რომ აღარ შეგვიძლია. ჯაბას ბევრი ღირსება ქონდა, მაგრამ ძალიან ცუდი საქმე გაუკეთეს ქართულ საზოგადოებას იმათ, ვინც ჯაბა გააიდეალა. ბევრი ადამიანი ვიცი, რომ გააუბედურა პირადად ჯაბამ. თქვენ თუ მშვიდად გეძინათ, იმათ ზოგს დღემდე აღარ ძინავს მშვიდად. მხოლოდ იმიტომ, რომ თეატრალიზებულ ძველბიჭობას ვერ იტანდენ. ზოგი აღარც არის ცოცხალი. ზვიადისტობა არ იყო აუცილებელი იმისთვის, რომ ჯაბას და მის ბანდასთან პრობლემები ქონოდათ. ნუ აიდეალებთ განგსტერებს. მესმის, რომ თქვენი ახლობელი თქვენთვის ახლობელია. მაგრამ ჩემი აზრით ძალიან ცდებოდა თქვენი ახლობელი, რომელიც შეიძლება გულწრფელად ცემდა პატივს ჯაბას. ქართველებს სულ რაინდები რომ გვგონია თავი, იმიტომ არაფერი გამოგვდის. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ ხოლმე. არც დემონიზაციაა სწორი და არც წმინდანად შერაცხვა. ქვეყანა, რომელშიც ჯაბა იოსელიანის ნაირი კაცი პოლიტიკის უმაღლეს ეშელონებში შეიძლება მოღვაწეობდეს, სამარცხვინო ქვეყანაა...

ავტორი: XXX
25.04.2012 00:21
გიგა, როდის დაწრ იმაზე, რომ ახლა გოიმობის ეპოქაა? ჩვენ კი ვიცით, მაგრამ არ გინდა დაწერო? თუ, იქნება და არ იცი, გოიმობის ეპოქა რომ არის?

ავტორი: GERMANE
25.04.2012 00:02
ბატონო გიგა, მე რატომღაც მგონია ცინიზმი ნიშნავს იმ ფასეულობაზე დაცინვას, რომელსაც შენც ფასეულობად აღიარებ, ოღონდ მოწინაააღმდეგეს უმტკიცებ, რომ ფასეულობის შენებური გაგებაა სწორი, მაშინ როცა ყველამ იცის, რომ შენ არავითარი ფასეულობა არ გაგაჩნია და შენ იცი ეს რომ ყველამ იცის.
ცინიკოსი ფარისეველი იმიტომ არაა, რომ მან იცის რომ ყველამ იცის, რომ ფარისევლობს, ამიტომაც არ ფარისევლობს.

ის რასაც თქვეn ცინნიზმად ნათლავთ, არის სარკაზმისა და ფარისევლბის ნარევი.

ავტორი: ანონიმი
24.04.2012 22:33
"რწმენა სხვა არაფერია, თუ არა ფუნქცია რიტუალიზებული ქმედებებისა, რომლებსაც ადამიანი ასრულებს და რომლებიც ლოგიკურად რწმენას უნდა მოსდევდნენ, მაგრამ სინამდვილეში, ინდივიდუალურ-ისტორიულად, მას წინ უსწრებენ."
____________________
ბატონო გიგა, აქ აზრი რომ გქონოდათ წესიერად ჩამოყალიბებული, წინადადებასაც ჩამოაყალიბებდით.
ასეთი სუსტი ბლოგი, მგონი, არც გქონიათ. რეალობის ფონზე ძალიან ყალბია. ეს კი, ცინიზმისა და ირონიის გარეშე.

ავტორი: მაგდა საიდან გვწერთ: მაგდებურგიდან
24.04.2012 22:13
ბრეტონი და რემბო რომ დედანშიც არის ციტირებული, ბოდლერმა რაღა დააშავა? თუ რუსულიდან რომ არის თარგმნილი, ამაშია საქმე :)

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
24.04.2012 21:49
კომენტარები

ავტორი: Nino საიდან გვწერთ: USA
24.04.2012 20:48

და რელიგიას რაც შეეხება სწორედაც რომ რწმენა სხვა არაფერია, თუ არა ფუნქცია რიტუალიზებული ქმედებებისა და დავამატებდი რომ რეტუალიზირებულ ქმედებებში მონაწილეობის სურვილი სწორედ რომ გულბყვილობის, ფარისევლობის და ე.წ ოპტიმიზმის შედეგია. სინამდვლიეში მშიშარა და ლაჩარი ადამიანი ვერ ეგუება საკუთარი ცხოვრების სიმძიმეს და მომვალის შიშს და მისი სურვილი მასკარადულ სამოსში გამოწყობილ ადამიანისგან მიიღოს იმედი მეტი არაფერია ვიდრე საკუტარი შიშებისა და სისუსტის მანიფესტაცია....

ანუ, ბლეზ პასკალისგან განსხვავებით, თქვენ ცინიკოსი ხართ, რადგან თვლით, რომ რწმენა ილუზიაა. ვერაფრით ვხვდები, რატომ ითვლება კარგ ტონად სხვისი რწმენის დაცინვის მცდელობა.

ავტორი: Nino საიდან გვწერთ: USA
24.04.2012 20:48
საშინელი კომენტარებია.

გიგა ძაან მომეწონა, ძაან საინტერესოა, ჩამითრია და ისე ჩავედი ბოლოში ვერ მივხდი. წერტილი რო დავინახე მეწყინა რო დამთავრდა. თითეულ სიტყვას ვეტანხმები, მეგონა ჩემი ფიქრები ვიღაცაც დაუბეჭდიაო.

და რელიგიას რაც შეეხება სწორედაც რომ რწმენა სხვა არაფერია, თუ არა ფუნქცია რიტუალიზებული ქმედებებისა და დავამატებდი რომ რეტუალიზირებულ ქმედებებში მონაწილეობის სურვილი სწორედ რომ გულბყვილობის, ფარისევლობის და ე.წ ოპტიმიზმის შედეგია. სინამდვლიეში მშიშარა და ლაჩარი ადამიანი ვერ ეგუება საკუთარი ცხოვრების სიმძიმეს და მომვალის შიშს და მისი სურვილი მასკარადულ სამოსში გამოწყობილ ადამიანისგან მიიღოს იმედი მეტი არაფერია ვიდრე საკუტარი შიშებისა და სისუსტის მანიფესტაცია....

ავტორი: იდიოტოკრატია
24.04.2012 20:41
ისე, დღევანდელი პარლამენტის და მთავრობის შემადგენლობას რომ გადახედო, მარტო ტრაგი-კომიკურობის კი არა, ცინიზმის პიკიცაა და ზედანიაც რა ცინიკურია, (ამ შემთხვევაში) როცა ჯაბას პერიოდი ახსენდება და დღევანდელ აბსურდულ ყოფაზე ცდილობს თვალი დახუჭოს.
ადამიანებო, თქვენ მოგმართავთ, ყველა ხომ აქ დავიბადეთ და გავიზარდეთ, რა აღარ გადაგვხდა და გადავიტანეთ, მაგრამ თუ მე მეშლება, თქვენ თქვით, მსგავსი ცინიზმის გახსენდებათ სხვა რომელიმე დროში? სსრკ-ს სრულიად აბსურდულ სახელმწიფოშიც კი ის მარაზმატული სისულელები გარკვეულ ნორმებში იჯდა.
ან თვითონ ვარდების რევოლუცია არ არის ცინიზმის კლასიკური ნიმუში?

ავტორი: ნინო საიდან გვწერთ: ქუთაისი
24.04.2012 20:16
მოკლედ, ერთადერთი, რაც გავიგე, ისაა, რომ ჯაბა იოსელიანი იყო ცინიზმი და საქართველოს ამჟამინდელი მინისტრი - არის ნაზავი, ანუ ცინიზმი, ირონია და ფარისევლობა ერთად.
ეს ასატანი ყოფილა, კიდევ ეს გავიგე:)

ავტორი: Merab P საიდან გვწერთ: Trier/Luxembourg, Bertrange
24.04.2012 13:34
ცინიზმი და დაცინვა ეს ხო, ეს ერთი, მაგრააამ კიდევ "შეკაზმვა", "შეკმაზვა" და 'სარკაზმი', ეს ერთი და იმავე ფუძის სიტყვები რომ ჰგონიათ, ამაზე ხომ შეიძლება კიდევ ერთი ბლოგი გამოცხვეს ? ვითომ სარკაზმით კაზმავენ სიტყვას ვითარც მხედარი თავის შავარდენსა, ანდა კიდევ კმაააზავენ ვითარცა ხარჩოს მშვენიერსა.

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
24.04.2012 13:14
ავტორი: ანონიმი
24.04.2012 12:06
უყურე შენ, რა ყოფილა სიყვარული?! დროში გაგრძელებული სექსი.
ეს ირონია კი არა, უტრირებაა. შეიძლება ყველასთვის არა, რაგრამ რა გასაკვირია მაჩოსთვის სექსი სიყვარულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი იყოს. თუ ზოგადად სექსის წინააღმდეგი ხართ? :))))))ნეტევ რა იყო ეს ცინიზმი თუ ირონია? თითქოს აქამდე ვიცოდი და ეხლა ძალიან დაბნეული ვარ.

ავტორი: ანონიმი
24.04.2012 12:06
"ფილოსოფიური ირონიაა, როდესაც ეს მაჩო მიხვდება, რომ მისი „უბრალოდ, სექსი“ უკვე იმდენი ხანია გრძელდება, რომ სიყვარული მეტი არც არაფერია."

უყურე შენ, რა ყოფილა სიყვარული?! დროში გაგრძელებული სექსი.

ავტორი: თინა
24.04.2012 11:43
ავტორი: სიმართლე საიდან გვწერთ: თბილისი
24.04.2012 11:19
არაფერი რთული ენა არაა. გაურვეველ რაღაცეებს ამბობს ავტორი. იმდენად წყალწყალა რაიმეს გვთავაზობს აპრიორებად, რომ ამ ტექსტს რაიმე სააზროვნო ლაბორატორიად სამწუხაროდ ვერ ჩათვლი.

ავტორი: სიმართლე საიდან გვწერთ: თბილისი
24.04.2012 11:19
გიგა.
გულდასმით წავიკითხე განსაკუთრებით ის აბზაცი, სადაც წერ, რომ ცინიზმი არ ბატონობს და არც ფარისევლობა ბატონობს თურმე. და დაგეთანხმე. თუმცა, გულრწფელად ვიტყვი, იმდენად რთულად წერ, რომ ვთქვათ ნოდიას არ ვიცი და, მე კი დამჭირდა ორჯერ გადაკითხვა. მეორე მხრივ, თუ ჩამოთვლილთაგან არც ერთი (!!!) არ ბატონობს, და თითქოს ისინი თანაარსებობენ, მაშინ ჰარმონია ყოფილა. არადა, მე ამ ჰარმონიას ვერ ვხედავ, შესაბამისად, რაღც ინგრედიენტი აკლია ამ შენ ჩამონათვალს, აი, ისეთი, ჰარმონიის დარღვევაზე რომ მიგვანიშნებს. ისე, ცინიზმზე მეტი ფარისევლობაა, ცინიზმზე ნაკლები ირონია... მაგრამ, ჯამში, მათემატიკურად, ანუ პოეტურად რომ დავყოთ, ეს გაუბატონებლები დაახლოებით 50%-ს ავსებენ. და აქ მივადექით მთავარ სათქმელს - იმ ინგრედიენტს, რომელიც დააკელი ამ ყველაფერს (თან რთული ენით) და რომელმაც შენი ეს ბლოგტექსტი გააფერმკრთალა, ნახევარსიმართლედ აქცია, დაუსრულებელი შთაბეჭდილება დატოვა ბევრზე. - ცინიზმის, ფარისევლობის და ა.შ. გაბაუბატონლობის პარალელურად ამ ქვეყანაში დღეს არსებობს ერთი რამ, რასაც მე ექსკლუზიურობას, სხვა მონოპოლიას უწოდებს. (თუმცა, ჩანაშალში ეს "ექსკლუზიურობა" მრავალწახნაგოვანი და მრავალშრიანია)... ესაა წინასწარგანზრახვა (და არა ბაზრის კონიუნქტურიდან გამომ დინარე ჩამოყალიბება), რა წილი უნდა დაიდოს ყველაფერმა რაც მე-2 ორმოცდაათეულშია, ანუ, რა წილით შეიძლება ცინიზმი, რა წილით - ირონია, რა წილით - ფარისევლობა და ა.შ. თავისთავად, ეს "კარგი" მოვლენაა, ცინიზმმა რომ არ გადაჭამოს ირონია ან პირიქით, მაგრამ, ხელოვნურია. ძალისძალაა. და თავად, ავტომატურად წარმოადგენს ამ კერძის ბოლო და მსუყე ინგრედიენტს. ბაზარი რომ განსაზღვრავდეს შენ მიერ ჩამოთვლილთა პროცენტულ თანაფარდობას და უხეშად, 25-25 % რომ ეჭიროს ყველა მათგანს, ბალანსი დაცული იქნებოდა, გა-ბატონება მართლაც არ იქნებოდა, მაგრამ, აქ ბაზარი კი არა, ცოდნა ან წარმოდგენა ბაზარზე განსაზღვრავს ამ ყველაფერს.
ვრცელი ოომენტარის ბოლოს გეტყვი - წერე გიგა, წერე ხშირად და ეცადე თავად შენ დაარღვიო კლიშეები, ძალდაუტანებლად. მხოლოდ რჩევაა - წერე თვითკრიტიკულადაც... რომ აღარაფერი ვთქვა ზოგადად კრიტიკაზე. და სტრიქონებს შორის ნუ ჩააგულისხმებ იმას, რასაც კომფორტი ჰქვია. კომფორტი... სწორედ კომფორტი... ნებადართული კრიტიკისგან გამოწვეული კომფორტი

ავტორი: ანონიმი
24.04.2012 04:39
სოლომონ,
"If you're going through hell, keep going." (W. Churchill)

ჩვენ კი თავი დაგვანებე,რა..

ავტორი: ანონიმი
24.04.2012 04:02
ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
23.04.2012 23:09
"ვხვდები, რასაც იტყვით, რომ სწორედ ის, მე როგორ ვწერ, არის ცინიზმი!
ცინიზმის ყველაზე უარესი ფორმა"
---------------------------------
ცინიზმი? - ბევრი მოგინდომებიათ !
ჩვეულებრივი იდიოტიზმია.

ავტორი: eeh
24.04.2012 02:33
ბატონო გიგა, როგორ ეტყობა ხელისუფლებას თქვენი ხელწერა, მხოლოდ ის უფრო პირდაპირი და უხეშია. როგორმე გაიგეთ, რა, მოვიდა თაობა, რომელმაც არ იცის ვინ არის ჯაბა, აღარ ახსოვს შევარდნაძე... თქვენ კი ჩარჩით სადღაც შორეულ სიბნელეში თქვენთვის სანაქებო და ქვეყნისთვის სამარცხვინო და სავალალო ხელისუფლებასთან ერთად. ხელისუფლება უკუღმაზე რომ იტყვის წაღმააო, და თქვენ და თქვენისთანა მოაზროვნეები დაემოწმებით, შეაქებთ, გააქეზებთ, ჯაბას აჩრდილით შეგვაშინებთ, ეს არის ცინიზმი. მალე მოვა ის დრო, როცა შევარდნაძისა და სააკაშვილის დროს ერთ ჭრილში მოიხსენიებენ.

ავტორი: ანონიმი
24.04.2012 02:25
"თქვენი მესიჯი ძალიან აშკარაა, ბატონო ფილოსოფოსო."
სოციოლოგია. ესაა მგონი "ირონიული ჭეშმარიტება".

ავტორი: მე საიდან გვწერთ: სახლიდან
24.04.2012 01:11
მე მიყვარს ცინიზმი :D

ავტორი: ტალიბანი
23.04.2012 23:46
"ფილოსოფიური ცინიზმი სიტყვების თამაშია: „დიახ, მე ვიცი არაფრის ფასეულობა (და არა - „არ ვიცი არაფრის ფასეულობა“. ორმაგი უარყოფა არა მხოლოდ სტილური შეცდომაა, არამედ საზრისის ტრივიალიზაციაც)."

"არ ვიცი არაფერის ფასეულობა" და "დიახ, მე ვიცი არაფერის ფასეულობა", - ორმაგი უარყოფის გარდა სხვა განსხვავება არაა?
რაც შეეხება ორმაგ უარყოფას, ყველა ენაში აქვს გადგმული ფესვები და სულაც აღარ ითვლება შეცდომად. გემოვნების საკითხად კი კვლავ შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ავტორი: მელანქოლიკოსი
23.04.2012 23:18
"შევარდნაძის ყველაზე დიდი დამსახურება ქართული საზოგადოების წინაშე - რაც უნდა ირონიულად ჟღერდეს - იყო ფარისევლობის დაბრუნება ცინიზმის ეპოქის შემდეგ."

აი ამის თქმაა ცინიზმი და ცინიზმზე დიდი ოხრობა. მარტო როსტოვის სპეცნაზის კი არა,ჯაბა იოსელიანის დამსახურებაცაა გოლემბიოვსკის "იზვესტიას" მიერ მსოფლიო ინფორმაციით დამუშავებულ თვითნაბად მარგალიტად წოდებული შავარდნაძის ზარ ზეიმით დაბრუნება საქართველოში. ამიტომ საბჭოთა კრიმინალის ბატონი ჯაბა მთაწმინდის პანთეონში უნდა დაესაფლავებინათ და ის დიდუბის პანთეონში გადაასახლეს უმადურებმა.

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
23.04.2012 23:09
ბატონო გიგა,

როგორი მოსაწყენია თქვენი ბლოგები, თქვენ ხომ წარმოდგენა არ გაქვთ, ალბათ (ჯანდაბას, პლებსის ცინიზმს თუ ვერ ავცდები! :))

თქვენი თითოეული ბლოგი ან არის იმ თემაზე, რომელიც ძალიან შორს არის დღევანდელი ცხოვრების პერიპეტიებისაგან, ან - უარეს შემთხვევაში, საკმაოდ ახლოსაა აქტუალურ თემატიკასთან, მაგრამ ასეთი რაკურსით - "ამ ხელისუფლებამდე რაც იყო, ეს საშინელება იყო და ახლა რაც ხდება, ეს ხომ ცუდი (ისე ცუდი, მაინც!) არაა! გიხაროდენ!"

აი, ახლაც, ცინიზმის განხილვაში მიხვედით შევარდნაძემდე და ჰოპლა! დამთავრდა ცინიზმი (მიკროსკოპიულ დოზებში დარჩა თურმე)... არც გირგვლიანის საქმეში ყოფილა ცინიზმი, არც 7 ნოემბრის და 26 მაისის მომწყობი ხელისუფლების თავმოწონებაში, 2008 წლის ომიც ისე "მოვიგეთ", რომ ცინიზმის ნატამალს არ გამოუჟონია...არც ის ყოფილა ცინიზმი, რომ ბედნიერი პატიმრები თურმე ოჯახებს ციხიდან არჩენენ და 3-ვარსკვლავიან სასტუმროებში პაემნებით რომანტიულად ბედნიერები არიან... არც ის, რომ ხათუნა კალმახელიძე და ვერა ქობალია საუკეთესო მინისტრები არიან, არც ის, რომ ვეტერანების სასტიკად დამრბევი ხელისუფლება ვითომ დაღუპული გმირების ხსოვნის თავყვანისმცემელია, არც ის, რომ კახა თარგამაძისთვის მადლობის გადამხდელი სხვებს წარსულის გადმონაშთებს უძახის, არც ის, რომ დემოკრატიის დროშა უკავია ხალხის მრავალჯერ დამრბევს, რომელმაც გარყვნა სასამართლო, დაიმონა პარლამენტი, ფეხქვეშ გაიგო ბიზნესი და პარტიულ მეძავებად აქცია მედია- საშუალებები...

ვხვდები, რასაც იტყვით, რომ სწორედ ის, მე როგორ ვწერ, არის ცინიზმი!
ცინიზმის ყველაზე უარესი ფორმა.
მაგრამ დაგავიწყდებათ აღნიშნოთ, რომ ჟურნალი "ტაბულა" არის სირინოზთა არააგრესიული გალობა და მათი მთავარი სპონსორი - ქართული ენის დამცველი ბენდუქიძე და ბულბული - ოპერისმეგობარი ოპერ-კეზერაშვილი არიან ჩვენი არაცინიკური ხელისუფლების ხატება!

"საქართველოში დღეს, - ასე, 2007 წლის შემდეგ - არც ცინიზმი ბატონობს, არც ფარისევლობა და არც - რწმენა.
და ეს არ არის ცუდი."

საქართველოში დღეს მარაზმი ბატონობს, ბატონო გიგა! და ეს ცინიზმზე გაცილებით უარესია...

და თქვენ, ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანი, რომ ამ მარაზმში თხემით ტერფამდე ჩაფლული ბრძანდებით, ამას ნეტა რომელი ცინიზმი არ სჯობდა?

რასაც თქვენ აკეთებთ - 2007 წლიდან, ამას დანაშაულის გათეთრება ჰქვია. და მე რომ მკითხოთ, საქართველოს რეალობაში ფულის გათეთრების ანალოგიურად თუ არა, მორალურად მაინც უნდა ისჯებოდეს...

სწორედ თქვენნაირი (ჰ)ინტელექტუალების არსებობა არის ჩემი და ჩემისთანების ცინიზმის საფუძველი, რადგან მარაზმთან ბრძოლის არსენალში ორი ძირითადი სპექტრის საშუალებები არსებობს - ცინიზმი და ანარქიზმი...

"იქ, სადაც ეს ყველაფერი თანაარსებობს ისე, რომ საზოგადოება არ იშლება, ყველაფერი რიგზეა" (ბარემ დაგეწერათ - "ღამის სამი საათია და ყველაფერი გენიალურადააო"!!!!).
"პრობლემა არის არა ელემენტი, არამედ მისი ადგილი. არაფრის გადაჭარბება არ ვარგა. კერძის მომზადების საიდუმლო შეზავების ხელოვნებაშია."

თქვენი მესიჯი ძალიან აშკარაა, ბატონო ფილოსოფოსო. "ყველაფერი სჯობს სამოქალაქო ომს".
ხალხო, აიტანეთ ნაგვის მთავრობა, აიტანეთ ნაგვის მზარეული, რომელიც ძალიან ბევრ ცინიზმსა და ძალიან ბევრ ფარისევლობაში საარჩევნოდ ერთი-ორ მწიკვ ვაუჩერს დაამატებს... აიტანეთ! რადგან ეს ნაგავ-ნაზავი არის ჩვენი ნაქები სტაბილურობის რეცეპტი, გიგა ზედანიას ფილოსოფიური ქვა!

მარაზმის აპოლოგეტობა სანაქებო წოდებაა, ბატონო გიგა? რა დეზოდორს ხმარობთ ამ ნაგავ-ნაზავზე, რომ კეთილსაგრძნობი სურნელი სუნი აქვს? და იმ მთავრობისგან და იმ მთავრობის დამცველისაგან, რომელიც ახალ მხედრიონს აყალიბებს, ჯაბა იოსელიანის აჩრდილით დაშინება - ცინიზმია, ფარისევლობა თუ, უბრალოდ, - მამაპაპური მარაზმი?
========================================
"ах, какая гадость... какая гадость... эта ваша заливная рыба!"

ავტორი: ანონიმი
23.04.2012 22:06
გვახარიამ მოიწონა და გამოქვეყნება გაბედეთ?! :))
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
24.04.2012 00:52
ნუ ინტრიგანობთ.

ავტორი: maia საიდან გვწერთ: Tbilisi
23.04.2012 21:54
ერთხელ ამარკორდის გემივით განათებული სასტუმრო მეტეხიდან ბნელ ქალაქში გამოსულმა, ლონდონელი დენდივით ჩაცმულმა ჯაბა იოსელიანმა ჩემი ოჯახის ერთ, ნახევრად მშიერ და ტელეგრეიკაში ჩაბუდნულ წევრს, რომელსაც ის სრულიად გულწრფელად დიდ პატივს სცემდა, ასე მიმართა: "ნუ გეშინიათ, ბატონო – – – ი, ყველაფერი კარგად იქნება". რა არის ეს ცინიზმი თუ ირონია? ისე არ დაგვავიწყდეს, რომ მაშინ, როცა ჩვენ მშვიდად გვეძინა, 50 წელს დიდი ხნით გაცილებული ჯაბა იოსელიანი სანგარში იჯდა და ჩვენ გვიცავდა. რაც შეეძლო გააკეთა. ნამდვილი შუა საუკუნეების რაინდი იყო – ომში გმირი, მშვიდობაში.......

ავტორი: ზურa
23.04.2012 21:32
ძაან მაგარია,მაგრამ ძაან შეკუმშული..ბოლომდე უნდა გაიხსნა.იგრზნობა შიში, მორიდება...ნეტა წერა შემეძლოს(((

ავტორი: ანონიმი
23.04.2012 21:12
ჰაჰაჰა! პირველი წინადადება წავიკითხე და ცი-ცი გამოვიდა. გიგა, ვინაა ციცი?

გადამრევს ეს ხალხი!

ავტორი: Immer Edelweiss საიდან გვწერთ: მაინე ჰაუსე :)
23.04.2012 21:01
საინტერესო იყო, მაგრამ არასრულყოფილ წარმოდგენა შემექმნა ბატონი ზედანიას შეხედულებაზე, თუ რაში ხედავს ის გამოსავალს. ვფიქრობ, რომ ("აქ საუკეთესო მზარეული აქტიურთა პასუხისმგებლობიანი აქტიურობა და პასიურთა უპასუხისმგებლო პასიურობაა. და ის პატარა ღმერთი, რომელსაც საზოგადოებრივ ევოლუციას უწოდებენ") ეს არ არის გამოსავალი. საქმე გაცილებიტ მარტივადაა. ჩემი აზრით ზემოთ მოყვანილი ციტატა არის არაფრის მომცემი რეცეპტი, რომელის მეშვეობითაც ნამცხვარი არასდროს გამოცხვება, ან უკეთეს შემთხვევაში გამოცხვება, ოღონდ განსაკუთრებულ ღუმელში, არა ისეთში, როგორიც ჩვენი ქვეყანაა.
ჩემი აზრით გამოსავალი ერთია - შეთანხმება!
ჩვენ, როგორც ერი (საზოგადოება, ეკლესია, პოლიტიკური პარტიები, ხალხი) უნდა შევთანხმდეთ რა სახის ქვეყანა გვინდა ავაშენოთ, როგორ ვაპირებთ ასეთი ქვეყნის აშენებას, როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური როლი და ადგილი რეგიონალურ და გლობალურ სივრცეში, რას დავთმობთ თვითოეული ჩვენგანი დასახული მიზნის მისაღწევად და სანაცვლოდ რას მივიღებთ და ა.შ. მოკლედ, ყველაფერზე უნდა შევთანხმდეთ. ხომ ხედავთ, თავსმოხვეული არ მუშაობს. შეთანხმებებით ჩამოყალიბდა თანამედროვე დასავლური დემოკრატიები და არ ვფიქრობ, რომ ახალი ველოსიპედის გამოგონება იყოს საჭირო:)

პ.ს. მაინც საინტერესო ბლოგი იყო, მერე კიდევ გადავიკითხავ:)

ავტორი: კომში საიდან გვწერთ: სამოთხიდან
23.04.2012 20:54
ჰო, ჯაბა საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ცინიკოსი იყო, მხარს ფარისეველ, ანუ თვალთმაქცთა მთელი ელიტა უმშვენებდა, საეროც და სასულიეროც, მალედმრწმენნი თვალთმაქცთა ხელმძღვანელობითა და მოწოდებებით დაჩოქილ ფურთხილოკიებად გვიქციეს. მცირედთა გაბედულება ჩუმი ინტერნეტსივრცის ჩარჩოებს ვერ სცდება, საჯაროდ არავინ კიცხავს ჭაბუას, საჯაროდ თვალთმაქცური ხელის ლოშნობაა მისაბაძ მაგალითად გამოცხადებული. ვინც საჯაროდ რაიმე გაბედა, ამ წითელმა საერო და სასულიერო ელიტამ სიცოცხლეში გიჟად შერაცხა, ახლა თვალთმაქცურად ეროვნულ გმირადაც აცხადებს... ერთი სიტყვით, ჭაობი უნდა დააშრო, თორემ ლორწოიან არსებებს ისე სხვანაირად ვერ მოვიშორებთ

ავტორი: ქალი საიდან გვწერთ: თბილისი
23.04.2012 20:52
ფილოსოფიაში რა გითხრათ, მაგრამ გრამატიკულად ორმაგი უარყოფა შეცდომა არაა, პირიქით, ორმაგი უარყოფის მოშლაა შეცდომა. ეს ისე, სხვათა შორის

ავტორი: ანტიპოდი საიდან გვწერთ: ზედაზენიდან
23.04.2012 20:04
"საქართველოში დღეს, - ასე, 2007 წლის შემდეგ - არც ცინიზმი ბატონობს, არც ფარისევლობა და არც - რწმენა.
და ეს არ არის ცუდი".–საქართველოს ხელისუფლებაში ბატონობს ცინიზმი წარსულის მიმართ, ფარისევლური დემოკრატია და ბელადისადმი რწმენა! და ეს ძალიან ცუდია!

ავტორი: აბდალა 2012
23.04.2012 19:17
უდიდესი მადლობა ბატონო ელიტარულო რომ მისდევთ მოლას რჩევას და ცდილობთ რაც იცით იმის ახსნას იმათთვის ვინც არ იცის ის რაც თქვენ იცით. მაგრამ თუ იცით რომ მოლა ამის გაკეთებას ახერხებდა მსმენელებისთვის შეურაცხყოფის მიყენების გარეშე და ხალხის გაულანძღავად? გასაგებია რომ ხალხზე უფრო მაღლა ბრძანდებით. მაგრამ წამდაუწუმ აქლემი იფურთხება ხოლმე და ლამა და არა ფილოსილოსოფოსი. ხოდა მოლა არ გორაობდა ფადიშახის წინაშე ისე როგორც თქვენ შვრებით გარემონტებული ცეკას მდივნის მიმართ. საბჭოთა ზარბაზნით თბილისის დამანგრევლებისთვის მადლობის მთქმელმა მაგ გარემონტებულმა კარგად იცის თქვენი ფასი და არ იცის თქვენი უკვდავი სულის ღირებულება. ჯერ თქვენ გაიგეთ ეს და მერე მას შეატყობინეთ ჯობია. გისურვებთ წარმატებას თქვენს ელიტარულ მოღვაწეობაში. აბდალა თორე ჭკვიანი ასეთ რამეს ყურადღებას ხომ არ მიაქცევდა.
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
 წინა    

ყველაზე პოპულარული