Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში არასდროს შემწყდარა ბიბლიაზე მუშაობა


ინტერვიუ ბერნარ უტიესთან

ჩვენი წელთაღრიცხვით 96 წელს, როდესაც რომის ეპისკოპოსი კლემენტი კორინთელებს სწერს ეპისტოლეს, იგი დაახლოებით ასჯერ იმოწმებს „წმინდა სიტყვას“ (ანუ იმ წიგნებს, რომლებიც დღევანდელი ძველი აღთქმის ნაწილია) და მხოლოდ ორჯერ ახსენებს „უფლის, იესო ნაზარეველის, სიტყვებს“. როგორც იესო ნაზარეველისათვის, ასევე მისი მოწაფეებისათვის „წმინდა სიტყვა“, ერთადერთ საკითხავს წარმოადგენდა. მეორე საუკუნის ბოლოში, როცა მცირე აზიის და ჩრდილო აფრიკის ტერიტორიაზე ნელ-ნელა დაიწყეს ცირკულირება სახარებებმა და პავლე მოციქულის ეპისტოლეებმა, მათი მნიშვნელობა თანდათან იზრდებოდა აქა-იქ მიმოფანტული ქრისტიანული ეკლესიებისათვის. როგორც კი პირველი ქრისტიანული ეკლესიები (და მათთან ერთად ქრისტიანული ლიტერატურა) გასცდება ბერძნულენოვან სამყაროს, დაიწყება ამ ლიტერატურის ადგილობრივ ენებზე თარგმნა.

მე ვთხოვე აღმოსავლური ქრისტიანული ლიტერატურის სპეციალისტს, ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრს, ბერნარ უტიეს (Bernard Outtier), რომ ეამბნა ჩვენთვის, თუ როგორ მოხდა ქართულ ენაზე ბიბლიური ტექსტების თარგმნა.

ბერნარდ უტიე: ქართულად სახარებები V საუკუნეში ითარგმნა. მაგალითად, „შუშანიკის წამებაში“ თქვენ მრავლად ნახავთ პასაჟებს, რომლებიც აჩვენებენ, რომ იაკობ ცურტაველი იცნობს როგორც ადიშის ოთხთავს, ასევე პროტოვულგატას, ანუ ბიბლიური ტექსტების ყველაზე ძველ ტრადიციას ქართულ ენაზე. კიდევ უფრო საინტერესოა იერუსალიმის სიახლოვეს არსებული საბაწმიდის მონასტრის ტიპიკონი (ტიპიკონში მითითებულია ლიტურგიის და ღვთისმსახურების ჩატარების წესები - ლ.ო.), რომელიც V საუკუნის შუაშია დაწერილი. ტიპიკონი გვამცნობს, რომ ქართველები V საუკუნეში პალესტინაში ღვთისმსახურებას ეწეოდნენ ცალკე, მაგრამ ლიტურგიას ისინი ყველასთან ერთად ატარებდნენ ბერძნულ ენაზე. ეს ნიშნავს, რომ ღვთისმსახურებისათვის ფსალმუნნი და ლექციონარი ჰქონდათ უკვე ქართულად ნათარგმნი.

მაგრამ რა ენიდან ითარგმნა ქართულად ეს ბიბლიური ლიტერატურა?

პირველი ლინგვისტი, ვინც ამ საკითხით დაინტერესდა, იყო ნიკო მარი. საუბედუროდ, პირველი ხელნაწერები, რომლებიც ნიკო მარმა შეისწავლა, გახლდათ ტაო-კლარჯეთში VIII-IX საუკუნეებში გადათარგმნილი პატრისტიკული ლიტერატურა. ეს ტექსტები სომხურიდან იყო ნათარგმნი. და, აი, აქ ნიკო მარმა დაუშვა საბედისწერო შეცდომა, მე ვიტყოდი, ძალიან უხეში, რომელიც მკვლევარმა არ უნდა გააკეთოს: მან განაზოგადა ეს გამოცდილება და გამოაცხადა, რომ უფრო ადრეული პერიოდის ბიბლიური ტექსტების თარგმანიც ასევე სომხურიდან და არა ბერძნულიდან არის გაკეთებული. ნიკო მარის მიხედვით, ქართულ ენაზე ბიბლია იყო ნათარგმნი სომხურიდან, რომელიც თავის მხრივ სირიული ენიდან იყო ნათარგმნი. მოკლედ, ქართული თარგმანი გამოდიოდა დედნის მესამე ასლი და იგი არანაირ ინტერესს არ წარმოადგენდა ბიბლიური კვლევებისათვის. ამგვარად, ნიკო მარმა საფუძველი ჩაუყარა ცრუ ტრადიციას დასავლეთში.

ქართული ენის სტრუქტურას ძალიან ცოტა აქვს საერთო სომხურთან და საერთოდ არაფერი აქვს საერთო სირიულთან. სამაგიეროდ, სტრუქტურულად ქართული ენა ძალიან ჰგავს ბერძნულს. ასე რომ, ნიკო მარის თეორიის მიმდევრებს უწევდათ „ყირაზე დადგომა“, რომ გაემართლებინათ თავიანთი თეორია: მათი ჰიპოთეზის მიხედვით, ბიბლია ქართულად ნათარგმნი იყო სომხურიდან, ოღონდ იმ სომხურიდან, რომელიც გაქრა... და იმ გამქრალ სომხურზე ნათარგმნი იყო სირიულიდან, ოღონდ იმ სირიულიდან, რომელიც უკვე აღარ არსებობს. ეს თეორია მით უფრო აბსურდულია, რომ ჩვენ მრავლად მოგვეპოვება V საუკუნის სირიული ხელნაწერები და როგორ შეიძლებოდა პარალელურად ორი სტრუქტურულად აბსოლუტურად განსხვავებული სირიული ენა ყოფილიყო და შემდეგ ერთ-ერთი გამქრალიყო, ამაზე კითხვას არავინ სვამდა.

აკაკი შანიძის სკოლის წარმომადგენლებმა - ივანე იმნაიშვილმა, კორნელი დანელიამ და ანა ხარანაულმა - ტექსტის ანალიზით ძალიან ნათლად აჩვენეს, რომ ბიბლიური ტექსტების თარგმანი ქართულ ენაზე მხოლოდ და მხოლოდ ბერძნულიდან შეიძლებოდა გაკეთებულიყო.

ამ თემაზე მეც ვმუშაობ და როდესაც ვნახულობ ტიპურ კალკს ბერძნულიდან, მიკვირს, როგორ ვერ შეძლო ამის დანახვა ისეთმა დიდმა ენათმეცნიერმა, როგორიც ნიკო მარი გახლდათ. მაგალითად, მოციქულთა საქმის პირველი თავის ბოლო მუხლში წერია: „და გამოუჴდა წილი მატათიას ზედა და თანაშეერაცხა ათერთმეტთა მოციქულთა მეათორმეტედ“. „თანაშეერეცხა“ არის ტიპური კალკი ბერძნულიდან: არც სომხურში და არც სირიულში არ არსებობს ზმნის პრეფიქსი, აქ კი ჩვენ გვაქვს ორი პრეფიქსი „თანა“ და „შე“, ზუსტად ისე, როგორც ბერძნულ დედანში. კიდევ ერთი მაგალითი ფსალმუნებიდან: ფსალმუნებში არის ნახსენები ეგვიპტური ქალაქი თანისი, მაგრამ არის ნახმარი გენეტივში „თანეოს“ და ქართულ თარგმანში ჩვენ ვნახულობთ „თანეოსსა“: მთარგმნელმა ჩათვალა, რომ „თანეოს“ იყო სახელობით ბრუნვაში. თუმცა სირიულში და სომხურში არის სახელობით ბრუნვაში და ნათარგმნია შესაბამისად, როგორც „ცარა“ და „თაიანუ“.

თუმცა, იმ შემთხვევაში, როცა ქართულ ენაზე თარჯიმანი წააწყდებოდა უცხო სიტყვას და არ იცოდა მისი მნიშვნელობა, ის ნახულობდა, თუ როგორ იყო ეს სიტყვა ნათარგმნი სომხურ ან სირიულ ენაზე. მაგალითად, როდესაც მთარგმნელი ნახულობს ტექსტში მისთვის უცნობ მუსიკალურ ინსტრუმენტებს კითარას და ციმბალს, იგი „კითარას“ გადათარგმნის, როგორც „კურთხევაი“ და „ციმბალს“ - როგორც „ხმითა“, ისევე, როგორც სომხებს ჰქონდათ ნათარგმნი.

ზოგადად აღსანიშნავია, რომ ბიბლიაზე მუშაობა არასდროს არ გაჩერებულა საქართველოში და ჩვენ მოწმე ვართ ორი ტრადიციისა: პირველი, ეს არის სურვილი, რომ თარგმანი იყოს მაქსიმალურად გასაგები ქართველისათვის და შემდეგი, მეორე ეტაპი, როდესაც მთარგმნელი ცდილობს, რომ გააკეთოს აბსოლუტური კალკი ბერძნული ტექსტისა. ჩემი ჰიპოთეზაა, რომ გიორგი ათონელის (1009-1065 წწ) და ეფრემ მცირის (10??-1101 წწ) დროს მთარგმნელები ცდილობდნენ, თარგმნისას იმავე რაოდენობის სიტყვები ჰქონოდათ, რამდენიც ეს ბერძნულ დედანში იყო. და ეს ელინოფილურად თარგმანი ხდებოდა კარგი ქართულის ენის ხარჯზე!

თქვენ შეიძლება იკითხოთ, რა პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ზოგადად მსოფლიო მეცნიერებისათვის ფაქტს, რომ ქართული ბიბლიური ტექსტები ბერძნული ენიდან არის ნათარგმნი?

თუ ქართული ბიბლიური ტექსტი დედნის მესამე ასლი გახლდათ, იგი არანაირ ინტერესს არ წარმოადგენდა ბიბლიური კვლევებისათვის. მაგრამ თუ ქართული ვერსია არის პირდაპირ ბერძნულიდან ნათარგმნი, მაშინ ის დიდ მნიშვნელობას იძენს არა მარტო ქართველოლოგებისთვის, არამედ ზოგადად ბიბლიოლოგებისთვის, რომლებიც მუშაობენ ძველი აღთქმის ბერძნული ვერსიის კრიტიკულ გამოცემაზე. ასე მაგალითად, თუ გეტინგენის ინსტიტუტი, რომელიც რეგულარულად გამოსცემს სეპტანტის (ძველი აღთქმის ბერძნული ვერსიის) კრიტიკულ გამოცემას, აქამდე უგულებელყოფდა ქართულ თარგმანს, დღეს უკვე სიტუაცია შეიცვალა.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG