Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სისხლისმღვრელი ხორხე ლუისი


ბორხესი ის დიდი მწერალია, რომლის სამყაროც, შეიძლება ითქვას, რომ დღემდე ქართულ ენას წესიერად არ აუთვისებია. ასეთი მასშტაბის ავტორს თავისი ერთგული და შეწირული მთარგმნელი ჯერ არ გამოუჩნდა, აი, ისეთი, როგორიც ვთქვათ თავის დროზე ჯოისს. კი, ითარგმნებოდა ბორხესის რაღაც ტექსტები, მაგრამ ხშირად ეს თარგმანები ორიგინალიდან არ იყო გაკეთებული და შესაძლოა არც შედარებული მასთან. ლიტერატურულ პრესაშიცაა გაბნეული ესპანურიდან გადმოქართულებული მისი ცალკეული ნაწარმოებები, მაგრამ როგორც წესი, ეს მთარგმნელების ერთჯერადი მცდელობები იყო. ყოველივე ამის ფონზე ის ორი წიგნი, რომელიც ბოლო ორ წელიწადში გამოსცა „ინტელექტმა“, შეიძლება ითქვას რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, ამ გზაზე გადადგმული. იმედია, ეს უბრალო დამთხვევა კი არა, გამომცემლობის მონდომების შედეგია და „ინტელექტი“ ბორხესის ქართულ ლიტერატურულ სივრცეში დამკვიდრებისთვის შრომას მიზანმიმართულად გააგრძელებს. შარშან გამოსული „მსოფლიო მზაკვრობის ისტორია“ ესპანურიდან ნინო ფიფიამ თარგმნა, ხოლო სულ რამდენიმე დღის წინ დაბეჭდილი „ბროდის ანგარიშის“ მთარგმნელი ლანა კალანდიაა. როგორც მითხრეს, ნინო ფიფია ამჟამად ბორხესის სამშობლოში ცხოვრობს. სამაგიეროდ ლანა კალანდიაა ახლა ესპანეთიდან თბილისში ჩამოსული და ეს მომენტი გამოვიყენეთ, რომ მას გავსაუბრებოდით. ამიტომ დღეს სწორედ „ბროდის ანგარიშზე“ ვისაუბრებთ.

ლანა კალანდია
ლანა კალანდია

ლანა კალანდია: "რა თქმა უნდა ბორხესი ის მწერალია, რომლის არათუ თარგმნა, არამედ წაკთიხვაც კი გამოწვევაა ნებისმიერი მკითხველისთვის, როგორი გაწაფულიც არ უნდა იყოს ის რთული ტექსტების კითხვაში და წარმოვიდგინოთ ახლა ჩვენ, რას ნიშნავს მისი თარგმნა: ძალიან რთულია ნამდვილად, იმიტომ რომ ეს არის რაღაცნაირი სრულყოფილი ტექსტები, სადაც არცერთი სიტყვა არ არის ზედმეტი, ძალიან შეკრულია, ძალიან დაწურულია, ნაფიქრია, ზედმიწევნით გააზრებულია, და ამის შენარჩუნება ძალიან ძნელია. მარიო ვარგას ლიოსას აქვს ერთი ინტერვიუ, როდესაც ის ეუბნება, თქვენზე ამბობენ ცივი მწერალიაო, გადანაშაულებენო, და ის: არა, არა, პირიქით არისო - აღელვებული პასუხობს - პირიქით, ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ვარ და მხოლოდ ვცდილობ, რომ სიმბოლოებით შევფარო, დავმალო ეს ყველაფერი, რასაც შინაგანად ვგრძნობო.

თავად ბორხესი თვლიდა, რომ აი ახლა, ჩემი შემოქმედებითი კარიერის ამ გადასახედიდან, მგონია, რომ ამ წიგნში საკუთარი ხმა აღმოვაჩინეო. ის ამბობს, რომ ვეცადეო, მკაფიოდ მომეთხროო, მკაფიოდ მომეყოლა ამბებიო, და ეს წიგნი მართლაც განსხვავებულია ბორხესის ადრინდელ წიგნებთან შედარებით, რადგან მან ამ წიგნში ფაქტობრივად ეს სტილი, ბაროკოს სტილი, რომლითაც მისი პირველი ნაწარმოებები არის დაწერილი, უარყო და უარი თქვა. ჩემი მოთხრობებიო, წიგნებიო, ამბობს, „ათას ერთი ღამის“ მსგავსად ადამიანის სულის შეძვრას ემსახურებიან და ეზოპეობას არ ვაპირებო, იგავების მოქადაგე არ ვარო".

ვისაც ბორხესისადმი ცალსახა დამოკიდებულება აქვს, 1970 წელს გამოცემული ეს წიგნი მას ამ სტერეოტიპს (ვისთვის დადებითს, ვისთვის უარყოფითს, მაგრამ მაინც სტერეოტიპს) ნამდვილად დაუნგრევს. ეს არაა ის ბორხესი, რომელიც ფანტასტიკურ ლაბირინთებში დააძრომიალებს მკითხველს, რომელიც რაღაც ლოგიკურ კონსტუქციებს აგებს, შლის და მერე კვლავ აგებს, რომელიც მსოფლიო კულტურის იდუმალ ნამსხვრევებს დაეძებს, იკვლევს დასაკუთარ წარმოსახვით სამყაროში ათავსებს მერე ყოველივე ამას... არც ის წიგნის ჭია ბორხესია, რომელიც სტრიქონებს შორის კითხვის დიდოსტატია. არა, აქ სულ სხვა რამ ხდება: „ბროდის ანგარიში“ ვნებების წიგნია. აქ ადამიანები ებრძვიან ერთმანეთს, ღალატობენ, ხოცავენ... ამ პატარა წიგნში (ისე დიდ წიგნებს ის როდის წერდა რომ!) ძალიან ბევრი სისხლი იღვრება, ბევრი იარაღი ჟღარუნობს. თუმცა ბორხესი რის ბორხესი იქნებოდა, სრულიად თავისებურად რომ არ დაეწერა ასეთი ადამიანური ისტორიები და ამ ვნებებს მიღმა თავისებური კანონზომიერებები არ დაენახა. აი, მაგალითად, მოთხრობაში „შეხვედრა“ ორი ადამიანი უცებ ერთმანეთს წაეკიდება, ერთი დაშნას იღებს, მეორე კი დანას მასპინძლის იარაღის კოლექციიდან.დაშნიანი დანიანს მოკლავს, მაგრამ საბოლოოდ მთხრობელი ადგენს, რომ „მანეკო ურიარტეს დუნკანი არ მოუკლავს - იარაღები შეიბნენ და არა კაცები. კარადაში ეძინათ, გვერდიგვერდ, ვიდრე ადამიანის ხელმა არ გამოაღვიძა ისინი.“

ხორხე ლუის ბორხესი
ხორხე ლუის ბორხესი

ანუ, ბორხესი გვეუბნება, რომ ყველაფერი პირიქით იყო: ადამიანები იყვნენ იარაღები, რომლებიც ამ დაშნამ და დანამ გამოიყენეს, რათა ერთმანეთს შებმოდნენ, რადგან ერთმანეთის ძველი ჯიბრი ჰქონდათ. დაბოლოს, ავტორი კითხვას სვამს: „საგნები ადამიანებზე დიდხანს ცოცხლობენ. ვინ იცის, დასრულდა კი აქ ამბავი? ვინ იცის, იქნებ კიდევ გადაეყარონ ერთმანეთს სადმე?!“

დუელები სხვა მოთხრობებშიცაა და საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ ეს „დუელების წიგნია“, ოღონდ ამ გარეგნული ორთაბრძოლების უკან რა დგას, ვინ ვის თუ რა რას ებრძვის, სწორედ ესაა ამ ტექსტებში მთავარი.

ლანა კალანდია: "და თუ ჩვენ დავიწყებთ რაღაცნაირად მაინც, რადგან გვინდა რომ სისტემაში მოვაქციოთ ყველაფერი, რა აკავშირებს მათ, რა არის მათ შორის საერთო, ალბათ სხვა განზომილებებზე უნდა ვილაპარაკოთ: სტილი, ენა, და გარდა ამისა ის თემა, რომელსაც ბორხესი მუდმივად უტრიალებს: ბედისწერის თემა. მე ვფიქრობ, რომ მაინც ეს რაღაც მეტაფორაა, აი ამითი გვაჩვენებს ის იმ შინაგან კანონზომიერებებს, რის გამოც ხდება ეს შემთხვევითობა. ეს არის რაღაცნაირი სატყუარა, რომლითაც ის ცდილობს, სწორედ ის ლოგიკა გვაჩვენოს, რა ლოგიკითაც ადამიანები მიდიან ამ ვითომ შემთხვევითობამდე. ესპანურ ენაში ბედისწერა და შემთხვევითობა ერთი სიტყვაა: Azar. ქართულში უფრო გამიჯნულია.

ბორხესი ძალიან ხშირად უტრიალებს ამ თემას. შემთხვევით აღმოვაჩინე შოტლანდიელი მისიონერის ხელნაწერები, რომლებიც ინგლისურად იყო დაწერილი და ახლა ესპანურად ვთარგმნიო, ამბობს „ბროდის ანგარიშში“. და „ბროდის ანგარიშში“ ძალიან საინტერესო თამაშს გვთავაზობს, რომ აქაოდა ვთარგმნიო და ფრჩხილებში ბევრგან ინგლისური სიტყვები აქვს დატოვებული და ამასთანავე აღნიშნავს, რომ საკმაოდ უფერული ინგლისურით დაწერილი ტექსტი იყოო. როდესაც ამას ამბობს, ბუნებრივია, როცა შენ თვითონ მთარგმნელი ხარ, ფიქრობ რომ რაღაცნაირად ისე უნდა თარგმნო, რომ ეს ის ტექსტია, რომელზეც მიგითითა მან, რომ არავითარი გაპრანჭული სიტყვები და განსაკუთრებული მაღალფარდოვნება იქ საჭირო არაა, მხოლოდ აღწერს ის დეტალურად მათ ცხოვრებას".

გავითვალისწინოთ, რომ ეს ტექსტები მაინც ძალიან ახლოს არის პოეზიასთან. მიუხედავად იმისა რომ თითქმის მთლიანად დაცლილია გარეგნული ემოციისგან და იქ არც პერსონაჟები, არც მწერალი არ გვეუბნება თავად რას განიცდის...
ლანა კალანდია

უნდა აღინიშნოს, რომ თავად ეს მოთხრობა, რომელიც წიგნის სათაურადაა გამოტანილი, სრულიად ამოვარდნილია კრებულის საერთო ხელწერიდან. აქ ბორხესი სვიფტის „გულივერის მოგზაურობის“ ერთ-ერთი სიუჟეტური ხაზის საკუთარ ვარიაციას თუ გაგრძელებას გვთავაზობს. ცოტა სხვანაირია მოთხრობა „გუიაკილიც“, სადაც სისხლი არ იღვრება, მაგრამ საერთო კონტექსტში ჯდება, რადგან აქაც დუელი მიმდინარეობს, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ ინტელექტუალური. სისხლი თითქოს არ ჩანს „მარკოზის სახარებაშიც“, თუმცა სინამდვილეში მოთხრობის ფინალს მიღმა ყველაზე სასტიკი სისხლისღვრა ილანდება. პროტაგონისტი აქ პრიმიტივების ოჯახს ოთხთავის ერთ ნაწილს უკითხავს, რის შედეგადაც ოჯახისგან დაშლილ ჭერს და ჭერის ძელებისგან შეჭედილ ჯვარს იღებს (უნდა ვივარაუდოთ, რომ დიდი სიყვარულით). ერთი სიტყვით, ამ წიგნში ხორხე ლუისი უმოწყალოდ სისხლისმღვრელია, მაგრამ ამ სისხლს რომ ღვრის, თან მის ანალიზსაც აკეთებს. ეგრეა, ანალიტიკოსობის გარეშე ამ გენიოსს არასდროს შეეძლო...

ლანა კალანდია: "გავითვალისწინოთ, რომ ეს ტექსტები მაინც ძალიან ახლოს არის პოეზიასთან. მიუხედავად იმისა რომ თითქმის მთლიანად დაცლილია გარეგნული ემოციისგან და იქ არც პერსონაჟები, არც მწერალი არ გვეუბნება თავად რას განიცდის, - დავაკვირდეთ, არცერთ მოთხრობაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ღრმა შინაგანი მელანქოლია ბორხესის მოთხრობებს ყოველთვის აქვს და იგრძნობა, და ეს რომ არ დაიკარგოს, შეინარჩუნო ეს გარეგნული სიცივე თუ დისტანცია და ამავე დროს გადმოსცე რაღაცნაირი შინაგანი მღელვარება, რომელიც იგრძნობა, ეს ძალიან რთულია, და, რა ვიცი, ახლოს არის პოეზიასთან".

თქვა ეს და დასამოწმებლად ლანამ ერთი ფრაგმენტიც წაიკითხა „გუიაკილიდან“.

ლანა კალანდია: „ვერ დავინახავ, როგორ ირეკლება იგეროტას მწვერვალი პლასიდოს წყლებში, ვერ წავალ აღმოსავლეთის სახელმწიფოში, ვერ გავშიფრავ ბოლივარის სიტყვებს იმ ბიბლიოთეკაში, რომელიც ათასნაირად წარმომიდგენია ბუენოს აირესიდან და ვიცი, ნამდვილად რომ აქვს თავისი ზუსტი ფორმა და გაშლილი პოეზია“.

არის ეს პოეზია? ჩემთვის არის!"

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG