Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრალის დამძიმება - ულიმიტო პატიმრობა?


საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა თბილისში
საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა თბილისში

საქართველოს პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეიმედში შეჭრის საქმეზე ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს ახალი ბრალი წაუყენა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს ბრალდება დაუზუსტდათ, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და თბილისის ყოფილ მერს გიორგი უგულავას კი ბრალი დაუმძიმდათ. გიორგი უგულავას წინასწარი ცხრათვიანი პატიმრობის ვადა 3 აპრილს ეწურება. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე დამძიმებული ბრალი ეჭვებს უჩენთ და ისინი კანონმდებლობის ხარვეზებზე მიუთითებენ.

როგორც 14 მარტს ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსულმა გიგი უგულავას ადვოკატმა ჟურნალისტებს უთხრა, ყოფილი მერის ბრალდების შინაარსი არ შეცვლილა, საუბარია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლების დამძიმებაზე. თბილისის ყოფილ მერს აქამდე ბრალი 333-ე მუხლის პირველი ნაწილით ედებოდა, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ამჯერად კი მას, მთაწმინდის პარკის ქონების გაფლანგვისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით, ახალი მუხლები დაუმატეს - კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 194-ე მუხლები. გიგი უგულავა პატიმრობაში 4 ივლისიდან იმყოფება. ცხრათვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა მას 3 აპრილს გასდის. ყოფილი მერის ადვოკატი ბექა ბასილაია ფიქრობს, რომ პროკურატურა სწორედ ბრალის დამძიმების ხერხით ცდილობს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის პატიმრობაში დატოვებას.

„დაამძიმეს მუხლები, რასაც აქვს ერთადერთი მოტივაცია, რომ შევიდნენ სასამართლოში გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების მოთხოვნით. კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვით, პროკურატურა აპირებს გიგი უგულავა იმყოფებოდეს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში“, - ამბობს ბექა ბასილაია.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა გასული წლის 3 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ქვეყნიდან მიმალვის პრევენციის საჭიროებით და ეგრეთ წოდებული გადაუდებელი აუცილებლობის კარნახით, დააკავეს, მომდევნო დღეს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულ მერს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. როგორც მაშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განმარტა, ის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს. სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გიგი უგულავას, როგორც დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელს, სხვა პირებთან ერთად საქართველოში ერთ-ერთი ოფშორული კომპანიიდან მართლსაწინააღმდეგოდ შემოჰქონდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ე.წ. შავი ფული. საგამოძიებო სამსახურის განცხადებითვე, ეს თანხა „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა 4 ივლისს გამართულ პროცესზე პროკურატურამ მას კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა - მარნეულის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ 2014 წლის 5 ივნისს განხორციელებული იძულებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზება.

თუკი გიგი უგულავას საქმეს მივყვებით, როგორც 4 ივლისს ყოფილი მერისთვის ბრალის მარნეულის საქმით დამძიმება, ისე 14 მარტს მთაწმინდის პარკის ქონების გაფლანგვისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით დამძიმებული ბრალი, კითხვის ნიშნებს უჩენს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტს სოფო ვერძეულს. თუმცა ამ შემთხვევაში ის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის იმ ხარვეზზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც პროკურატურას აძლევს შესაძლებლობას პირი წინასწარ პატიმრობაში, ბრალის დამძიმების ბერკეტით, განუსაზღვრელი ვადით დატოვოს:

„თითოეული ახალი ბრალის დამატებით, პროკურატურა იძენს შესაძლებლობას, რომ სასამართლოს ახალი აღმკვეთი ღონისძიების საფუძვლით მიმართოს და მოსთხოვოს, რომ უგულავას მიმართ კიდევ ერთხელ იქნეს გამოყენებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ პირის მიმართ პატიმრობა გაგრძელდება“.

„პროკურატურის სტრატეგია, რომელიც ეჭვებს ბადებს“, - ასე აფასებს გიგი უგულავასთვის ცხრათვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე ბრალის დამძიმებას გია გვილავა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ პროექტების მენეჯერი. ეს ორგანიზაცია წელიწად-ნახევარია ახორციელებს საქართველოში მიმდინარე გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგს.

„როდესაც ბოლო მომენტში ხდება ხოლმე ახალი საქმეების გამოვლენა, ეს კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს, რადგან ადამიანს, რომელსაც ეწურება აღმკვეთი ღონისძიების ვადა და ამ დროს ჩნდება ახალი საქმე და ისევ ახალი აღმკვეთი ღონისძიება, რა თქმა უნდა, ეს გააჩენს კითხვის ნიშანს. ამიტომ პროკურატურამ თავის სტრატეგიას უნდა გადახედოს და პროკურატურაში უნდა არსებობდეს სტრატეგია, რომელიც განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზე - განსაკუთრებით იმ საქმეებზე, სადაც ბრალდებულები არიან ყოფილი თანამდებობის პირები - არ გააჩენს ეჭვებს. ამაზე, სამწუხაროდ, პროკურატურაში არავინ ფიქრობს“, - ამბობს გია გვილავა.

გია გვილავას თქმით, სწორედ ამ ხარვეზზე მიუთითებენ საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, ეუთო. ეუთოს რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის შეფასების უკანასკნელ დოკუმენტში აისახა, ეხება სწორედ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობას, სადაც უნდა დაზუსტდეს აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი. რაც შეეხება ზოგადად ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებისა და მათ წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებს, ეს პროცესები გამუდმებით ექცევა საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრში. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ სასამართლო პროცესი დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფალი იყოს. ეს ვალდებულება საქართველომ 2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისას აიღო.

გიგი უგულავას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. რაც შეეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მისი ბრალი 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, ისევე როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისადმი წარდგენილი ბრალი.

XS
SM
MD
LG