Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაციენტები ირჩევენ სიცოცხლეს


კამპანია „ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს“
კამპანია „ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს“

ჰეპატიტის მსოფლიო დღეს, 28 ივლისს, საქართველოც აღნიშნავს. სხვადასხვა ორგანიზაცია ამ პრობლემასთან საბრძოლველად გაერთიანდა კამპანიაში, სახელწოდებით „ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს“. დღის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიება დაიგეგმა. რამდენად მწვავეა დღეს საქართველოში ჰეპატიტის პრობლემა? რას აკეთებენ სახელმწიფო და ამ თემაზე მომუშვე ორგანიზაციები?

C ჰეპატიტით საქართველოში დაახლოებით 200 000 ადამიანია დაავადებული. მათ უმრავლესობას არ შეუძლია სრულყოფილი მკურნალობა ჩაიტაროს. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ პრეპარატები და დიაგნოსტიკა ძვირია, ხოლო სახელმწიფო პროგრამები უფასო მკურნალობას ჯერჯერობით ვერ უზრუნველყოფს.

კოკა ლაბარტყავა უკვე თხუთმეტი წელია С ჰეპატიტითაა ინფიცირებული. დღეს ის პაციენტთა თემის საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენელია. როგორც ამბობს, გაუმართლა, რომ იმ ორგანიზაციებთან აქვს კავშირი, რომლებიც ჰეპატიტის პრობლემაზე მუშაობენ:

„საზოგადოების საშუალო ფენას წარმოვადგენ. ჩემთვის ამ 15 წლის მანძილზე მკურნალობა მაღლი ფასის გამო ხელმისაწვდომი არ იყო. დღეს მხოლოდ პარტნიორი ორგანიზაციის დახმარებით მოხდა ის, რომ ჩემთვის მკურნალობა ხელმისაწვდომია, მაგრამ ადამიანების უმრავლესობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დიაგნოსტირება და მკურალობა ხელმისაწვდომი არ არის“.

მაღალ ფასს განაპირობებს მხოლოდ ის, რომ ეს მკურნალობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არავინ აკეთებს ბევრ ფულს ასპირინზე. ჩვენ ვიცით, რომ პრეპარატების კვლევას და განვითარებას დიდი თანხა სჭირდება...
პაატა საბელაშვილი

28 ივლისს ჰეპატიტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ შეხვედრაზე ამ პრობლემაზე მომუშავე ორგანიზაციებმა ბოლო წლებში მიღწეულ შედეგებსა და დაგროვილ პრობლემებზე ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ მაღალი ფასია. ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წარმომადგენელი პაატა საბელაშვილი სიძვირის მიზეზებზე ლაპარაკობს:

„მაღალ ფასს განაპირობებს მხოლოდ ის, რომ ეს მკურნალობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არავინ აკეთებს ბევრ ფულს ასპირინზე. ჩვენ ვიცით, რომ პრეპარატების კვლევას და განვითარებას დიდი თანხა სჭირდება, მაგრამ ის, რა თანხასაც ახლა ფარმაკომპანიები ითხოვენ, მაგალითად, გილიადი, რომელიც 84 ათასით გამოვიდა ბაზარზე, წარმოუდგენელი, რეკორდული თანხაა“.

2014 წლის 1 მარტიდან საქართველოში ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატებზე ფასმა იკლო. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ეს მისასალმებელია, თუმცა პრობლემის გადასაჭრელად საკმარისი არ არის. გარდა ამისა, 2014 წლის 1 მარტიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჰეპატიტის უფასო მკურნალობის პროგრამა ამოქმედდა. პაატა საბელაშვილი აღნიშანვს:

ჩვენ ვეუბნებით, რომ არის კლინიკური, არადისკრიმინაციული კრიტერიუმები მხოლოდ ღვიძლის დაზიანების ხარისხის მიხედვით. აქ ვართ გაჩერებული, ვერც წინ მივდივართ და ხელმისაწვდომობაც ჯერჯერობით არ არის...
პაატა საბელაშვილი

„რა ნაბიჯებიც შარშან გადაიდგა, ძალიან კარგი იყო. ჯანდაცვის სამინისტროდანაც ველოდებოდით, რომ პაციენტებს დააფინანსებდა და პაციენტები შეძლებდნენ იაფად ემკურნალათ. ეს პროგრამა დაიწყო, მაგრამ მთავარი პროგრამა, რომ მკურნალობა უფასოც ყოფილიყო იმათთვის, ვისაც ძალიან სჭირდებოდა, ეს, სამწუხაროდ, არ მოხდა“.

პაატა საბელაშვილი ამბობს, რომ სამინისტროსთან გრძელდება მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რა კრიტერიუმებით უნდა შეირჩეს პაციენტები. პირველ ეტაპზე საუბარია 1000 ადამიანზე, რომელთა მკურნალობაც სახელმწიფომ მთლიანად უნდა დააფინანსოს:

„ჩვენ ვეუბნებით, რომ არის კლინიკური, არადისკრიმინაციული კრიტერიუმები მხოლოდ ღვიძლის დაზიანების ხარისხის მიხედვით. აქ ვართ გაჩერებული, ვერც წინ მივდივართ და ხელმისაწვდომობაც ჯერჯერობით არ არის“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ცენტრს ჰეპატიტის რისკის შემცირებისა და კონტროლის რამდენიმე პროგრამა აქვს. ერთ-ერთი სისხლის კონტროლია, ანუ სისხლის გადასხმისას ის ჰეპატიტზე აუცილებლად უნდა შემოწმდეს. ასევე, ინფექციის კონტროლის პროგრამა საავადმყოფოებში. როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ჯერჯერობით რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა შედეგებს მოიტანს ეს პროგრამები:

„ჩვენ მხოლოდ იმ კვლევას ვეყრდნობით, რომელიც 2001 წელს ჩატარდა ქვეყანაში. ის იყო სხვა რეალობა, ის იყო ომის შემდგომი საქართველო. აქედან გამომდინარე, ჩემთვის რთულია პროგნოზირება, რა ციფრებს მივიღებთ, მაგრამ დაცულობის მექანიზმები, ვამჩნევთ, უმჯობესდება. მაგრამ რამდენად და როგორ, ამას საბოლოოდ გვაჩვენებს ის კვლევა, რომელიც ქვეყანაში უნდა ჩატარდეს და, ალბათ, საბოლოო ციფრებზე მაშინ ვილაპარაკებთ“.

ამირან გამყრელიძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კვლევის ჩატარებას უახლოეს მომავალში გეგმავს, ჰეპატიტის პრობლემის გადაჭრაზე მომუშავე ორგანიზაციები კი გამოსავალს სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობაში ხედავენ. როგორც პაციენტთა თემის საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენელი კოკა ლაბარტყავა ამბობს, ადამიანები, რომლებსაც ეს პრობლემა აწუხებთ, აუცილებლად უნდა გააქტიურდნენ საკუთარი პრობლემის გადასაჭრელად, მაგრამ სახელმწიფოს როლი უმნიშვნელოვანესია:

„ძირითადი როლი ეკისრება სახელმწიფო სტრუქტურებს, იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენ მანდატი მივეცით. დღეს უფასო მკურნალობის დროა და ჩვენ, ადამიანები, პაციენტები, ვირჩევთ სიცოცხლეს“.

XS
SM
MD
LG