Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

26 ივნისი - წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის დღე


წამების მსხვერპლთა დახმარების დღე თბილისში, 2011 წელი
წამების მსხვერპლთა დახმარების დღე თბილისში, 2011 წელი

გაეროს წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეს ადამიანის უფლებების დამცველები საქართველოში ხელისუფლებას მოუწოდებენ უზრუნველყოს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების დამოუკიდებელი, დროული და სრულყოფილი გამოძიება და ქმედითი ნაბიჯები გადადგას წამების პრაქტიკის აღმოსაფხვრელად. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საერთაშორისო დღეს საქართველო ისეთი სიახლეებით შეხვდა, როგორიცაა ადამიანთა წამებისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა და 2016 წლის 1 სექტემბრიდან სახალხო დამცველის პრევენციის ჯგუფისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლების მინიჭება, ადამიანის უფლებების დამცველები მაინც პრობლემების სიმრავლეზე აპელირებენ.

26 ივნისს საქართველო, მსოფლიოს 70-ზე მეტ სახელმწიფოსთან ერთად, სოლიდარობას უცხადებს წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთ და აღნიშნავს, რომ, ბოლო წლებში პრობლემის დაძლევის მიმართულებით არსებული პოზიტიური ძვრების მიუხედავად, ხარვეზები მაინც რჩება. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ საგანგებოდ წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სახელმწიფოს რეაგირება არასრული და არაეფექტურია და, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ არასათანადო მოპყრობის მასშტაბი ერთმნიშვნელოვნად შეცვლილია და აღარ წარმოადგენს სისტემურ პრობლემას, კვლავაც მწვავედ დგას როგორც სასჯელაღსრულების სისტემაში, ასევე პოლიციელთა მხრიდან ჩადენილი წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევების არაეფექტური გამოძიების საკითხი. როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ამბობს, ამ ფონზე არსებობს რისკი იმისა, რომ პოზიტიური შედეგებიც მალე დაიკარგოს:

“ეს პრობლემა ეხება როგორც მოქმედი ხელისუფლების პირობებში ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, ასევე წინა ხელისუფლების პირობებში ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, რომელთა შესახებაც საზოგადოება კარგად არის ინფორმირებული და დღემდე პრობლემად რჩება ანგარიშვალდებულება ამ საქმეებთან დაკავშირებით. ასევე ჩვენ კითხვის ნიშნები გვაქვს პროკურატურის იმ ახლად შექმნილი დეპარტამენტის მუშაობასთან დაკავშირებით, რომლის ერთ-ერთ მთავარ საქმიანობას სწორედ წამების გამოძიება უნდა წარმოადგენდეს“.

ადამიანის უფლებების დამცველთა პრეტენზიები ამ უწყების მიმართ არის ის, რომ მათთვის უცნობია აღნიშნული დეპარტამენტის როგორც ზოგადი, ასევე კონკრეტულად წამების საქმეებზე დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია, საქმეთა შერჩევის კრიტერიუმები და პრიორიტეტები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი კი, თავის მხრივ, სასჯელაღსრულების სისტემაში დანერგილ იმ მანკიერ პრაქტიკაზე მიუთითებს, როცა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლ პატიმრებზე მიმდინარეობს ზეწოლა. როგორც ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე აღნიშნავს, ამ პრაქტიკის შედეგად, არის შემთხვევები, როდესაც პატიმრებს აიძულებენ „საკუთარი ნებით“ უარყონ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტი და ხელი მოაწერონ დოკუმენტს პრეტენზიის უქონლობის შესახებ:

„ზეწოლის იარაღად გამოიყენება ძირითადად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის დამატების რისკი და რაც შეეხება ჩვენების შეცვლას, ჩვენების შეცვლის შემდეგ უკვე ისინი აღნიშნავენ, რომ დაზიანებები, რომლებიც მათ სხეულზე აღენიშნებოდათ, მიყენებული აქვთ არა ცემისა და არაადამიანური მოპყრობის, არამედ იგივე დაცემის, იატაკზე უნებლიე დაგორების ან კიბეზე დავარდნის შედეგად, თუმცა არავინ სვამს კითხვას, ის დაზიანებები, რაც აქვთ მათ სხეულზე მიყენებული, რამდენად შეიძლებოდა მიეღოთ მათ თუნდაც უნებლიე დაცემის შედეგად“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ამჟამად წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მიმართულებით მსჯავრდებულების თამაზ რასოიანისა და პაატა სურამელიძის ინტერესებს იცავს, სახალხო დამცველისთვის კი ციხეებში არასათანადო მოპყრობის 21 ფაქტია ცნობილი:

“რაოდენობა, სამწუხაროდ, გაზრდილია გასული წლის განმავლობაში და რეაგირება ამ ფაქტებზე, სამწუხაროდ, არ იყო ადეკვატური გამოძიების კუთხით. გასულ წელს 21 ასეთი წინადადება არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით შეტანილი იყო პროკურატურაში, თუმცა გამოძიება, სამწუხაროდ, არ იყო დასრულებული“, განაცხადა უჩა ნანუაშვილმა სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე, რომელიც საგანგებოდ დაამთხვია გაეროს წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეს. ამ დღეს ადამიანის უფლებების დამცველები სხვადასხვა ღონისძიებით გამოეხმაურნენ, მათ შორის, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა, „ემპათიამ“, დაიწყო ტრანსრეგიონალური კონფერენცია, სტამბოლის პროტოკოლის ფარგლებში, რომელშიც კავკასიისა და ცენტრალური აზიის 6 ქვეყნის წარმომადგენლები ჩაერთვნენ. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში კი გაიმართა დისკუსია, რომლის ერთ-ერთი თემა იყო დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნისა და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმსარულებელი დირექტორი ნინო ელბაქიძე ფიქრობს, რომ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციისათვის დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს არსებობა უმნიშვნელოვანესია:

ადამიანის უფლებების დამცველები, წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაცვისა და პრევენციისათვის დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის გარდა, ითხოვენ შეიქმნას ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG