Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წიგნი ნდობის აღდგენისთვის


5 ნოემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგა პრეზენტაცია წიგნისა, სახელწოდებით „ნდობა და მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“. წიგნი ადამიანის უფლებათა ცენტრისა და კოალიცია „ნდობის აღდგენისათვის“ ინიციატივით სამ ენაზე - ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე - გამოიცა. როგორც წიგნის გამომცემლები ამბობენ, მათი მიზანია მოიძებნოს გზები სამხრეთ კავკასიის ხალხების ისტორიაში ახალი ეტაპის - ნდობის აღდგენის - დასაწყებად. მკითხველს საშუალება აქვს წაიკითხოს პუბლიკაციები, რომლებიც დაწერილია ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი ადამიანებისა და, მათთან ერთად, თვითაღიარებული რესპუბლიკების წარმომადგენლების მიერ.

ნინო ტლაშაძე შერეული ოჯახის შვილია. დედამისი ოსია. ნინოს ბიძაშვილები, ახლო ნათესავები, ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. წლებია ისინი ერთმანეთს ვეღარ ხვდებიან. ნინო „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეა. დღეს მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ იმ რესურსების მოძიებაა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართველ და ოს ხალხს შორის დიალოგის დაწყებასა და ნდობის აღდგენას. ნინოს ხელში უჭირავს „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის მიერ გამოცემული წიგნი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და ნდობის მშენებლობას ეძღვნება:

„შერეულო ოჯახების როლი სწორედ ისაა, რომ ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ ვიქცეთ შუამავლად ორ გახლეჩილ ხალხს შორის. ასეთი წიგნებისა და პუბლიკაციების გამოცემა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა, პირველ რიგში, დაინგრეს სტერეოტიპები და დაინგრეს იმის წარმოდგენა, რომ მარტო ქართული მხარე დაზარალდა ამ ომებში. ასევე დაინახოს ქართველმა ხალხმა, რომ მსხვერპლი და ტკივილი ორივე მხარეს დიდი იყო“.

წიგნში, სახელწოდებით „ნდობა და მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“, თავმოყრილია პუბლიკაციები, რომლებიც დაწერილია საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში და ასევე თვითაღიარებულ აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და მთიან ყარაბაღში მცხოვრები ჟურნალისტების, ადამიანთა უფლებებზე მომუშავე ექსპერტებისა თუ ისტორიკოსების მიერ. წიგნი საინტერესო და გამორჩეულია იმ თვალსაზრისითაც, რომ, მიუხედავად მასში თავმოყრილ ავტორთა მოსაზრებების, ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვაობისა, მათ უმეტესობას აქვს ერთი საერთო განსაკუთრებული მიზანი - აღდგეს ხალხთა შორის ნდობა და დაიწყოს შერიგების პროცესი. „მთიანი ყარაბაღი დღეს“, „აფხაზეთის მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლების დარღვევა“, „ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობაში“ - ეს იმ პუბლიკაციების მცირე ჩამონათვალია, რომელთაც წიგნში გაეცნობით. ალეკო ცქიტიშვილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელი, წიგნის დახასიათებისას გამოყოფს ერთ-ერთ ქვეთავს, რომელსაც ანონიმი ავტორები ჰყავს, აზერბაიჯანელები. ასეთი ანონიმი ავტორი ჰყავს პუბლიკაციას, სათაურით „მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ხელახალი გააზრება: დინამიკა, წარმოდგენები და ტრანსფორმაციის პერპექტივები“:

„ჩვენ სქოლიოში გვაქვს განმარტებები იმისა, თუ რატომ არიან ამ წიგნში ანონიმი ავტორები. ესენი არიან უმეტესად აზერბაიჯანელი ავტორები, რომელთაც საფრთხე ემუქრებათ თავიანთ ქვეყანაში იმის გამო, რომ ამ წიგნში დაიბეჭდა მათი სტატიები სომეხი კოლეგების სტატიების გვერდით. ასე რომ, საკმაოდ რთული ვითარებაა ამ მხრივ ამ ქვეყნებში. მე ვიტყოდი, რომ ქართველებს აფხაზებსა და ოსებთან ბევრად უფრო უკეთესი ურთიერთობა გვაქვს და ამ ურთიერთობებში წინსვლა, ვიდრე აზერბაიჯანელებსა და სომხებს ერთმანეთთან“.

აფხაზებთან დიალოგის დაწყებისა და ნდობის აღდგენის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე წერს წიგნში სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. სწორედ ის იყო ერთ-ერთი ინიციატორი კამპანიისა „ბოდიში“, ანუ „ჰათამზაიტ“, რომელიც 2007 წელს დაიწყო და რომლის საშუალებითაც ის ცდილობდა შეეცვალა ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობის ფორმები. როგორც მაშინ უჩა ნანუაშვილი კამპანიის არსის განმარტებისას მიუთითებდა, ეს იყო აპოლიტიკური, ომის საწინააღმდეგო მოძრაობა. უჩა ნანუაშვილს, დღეს უკვე როგორც სახალხო დამცველს, კვლავაც მიაჩნია, რომ მშვიდობიან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ამაზე წერს ის თავის პუბლიკაციაში, სახელწოდებით „რატომ ვუხდი ბოდიშს აფხაზ ხალხს“:

„ჩვენს ცნობიერებაში - თითოეული აფხაზის, ოსის თუ ქართველის - ეს ომი, სამწუხაროდ, კვლავ არსებობს, კვლავ გრძელდება და ჩვენ ჯერ საკუთარ თავში უნდა დავამარცხოთ ომი, რომ შემდეგ ვისაუბროთ ნდობის აღდგენასა და კონფლიქტის მოგვარებაზე. პრობლემები ნამდვილად ულევია. შეიძლება ითქვას, რომ, პირიქით, უფრო მრავლდება, მაგრამ, სამწუხაროდ, შესაბამისი რეაგირება საკმარისი არ არის არც ხელისუფლების მხრიდან და ვიტყოდი იმასაც, რომ ასეთი ინიციატივები არის საკმაოდ ცოტა“.

იმის შესახებ, რომ ქართველ, აფხაზ და ოს ხალხს შორის ნდობისა და დიალოგის აღდგენისათვის არც ისე ბევრი კეთდება, რადიო თავისუფლებასთან ლაპარაკობს ნაირა ბეპიევი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. ის ყურადღებას ქართველ და ოს ხალხს შორის ნდობის აღდგენის პოლიტიკაზე ამახვილებს და ამბობს, რომ დღეს ეს პროცესი საკმაოდ შენელებულია. ნაირა ბეპიევის სიტყვებით, ამგვარი პუბლიკაციების გამოცემა მნიშვნელოვანია, მაგრამ, ამასთანავე, მხოლოდ „ზღვაში წვეთია“:

„მრავალმხირივი მუშაობაა საჭირო - იქნება ეს კულტურულ-საგანმანათლებლო, ეკონომიკური თუ სხვადასხვა ურთიერთობები - და არასამთავრობო ორგანიზაციები თუ სამთავრობო სტრუქტურები აუცილებელია რომ ერთობლივად მოქმედებდნენ და არ იყოს ცალკეული ინიციატივები, რომლებიც ბევრ შედეგს ვერ მოიტანს“.

წიგნის შემდგენელთა თქმით, პუბლიკაციების მკითხველნი აუცილებლად იგრძნობენ, რომ წიგნში შემავალი სტატიები დაწერილია ადამიანის უფლებების პატივისცემით და არა სიძულვილის ენით, მათ არც ერთ ტექსტში არ შეხვდებათ მტრის ხატის შესახებ გავრცელებული სტერეოტიპული ნარატივები და ადვილად დარწმუნდებიან, რომ წიგნის ერთადერთი მიზანია ბრძოლა მშვიდობისათვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG