Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაპირისპირება მოსკოვის „სპარტაკში“


იურა მოვსისიანი
იურა მოვსისიანი

უთანხმოებამ, რომელიც მრავალი წელია ართულებს საქართველოს ორ მეზობელ ხალხს, სომხებსა და თურქებს შორის ურთიერთობას, ბოლოხანს თავი იჩინა მოულოდნელ ადგილას: საფეხბურთო კლუბში, მოსკოვის „სპარტაკში“. მის მოთამაშეებს შორის სომხებიც არიან, მწვრთნელად კი თითქმის ერთი წელია მუშაობს შვეიცარიელი თურქი, მურატ იაქინი.

რუსეთის უმაღლესი ლიგის კლუბის, მოსკოვის „სპარტაკის“ მფლობელი, მილიარდერი ლეონიდ ფედუნი, ცნობების თანახმად, აპირებს კლუბის წევრი ორი სომეხი ფეხბურთელის გაყიდვას ეთნიკურად თურქ მწვრთნელთან მათი უთანხმოების გამო.

ამ დაპირისპირებაზე ინფორმაცია გავრცელდა ოსმალეთის იმპერიაში სომხების ხოცვა-ჟლეტის მე-100 წლისთავზე სომხეთსა და თურქეთს შორის დაძაბულობის გამწვავების ფონზე. როგორც ცნობილია, სომხები და მათთან ერთად მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყანა გენოციდად მიიჩნევს 1915 წელს სომეხთა მასობრივ ხოცვას, მაშინ როცა თურქეთი კატეგორიულად უარყოფს ასეთ შეფასებას.

რუსეთის გაზეთი „იზვესტია“ 1 მაისს იუწყებოდა, რომ „სპარტაკის“ მფლობელმა კლუბის მენეჯერებს დაავალა დაიწყონ პროცედურა არას ოზბილისისა და იურა მოვსისიანის გასაყიდად. ამ ამბავში ქართული გვარიც ჟღერს: „სპარტაკის“ დირექტორმა რომან ასხაბაძემ გასულ კვირაში უთხრა ჟურნალისტებს, რომ 25 წლის ფეხბურთელი არას ოზბილისი არ მიიღებს მსხვილ პრემიას მას შემდეგ, რაც მან მწვრთნელი დაადანაშაულა საკადრო გადაწყვეტილების რასობრივი ნიშნით მიღებაში.

ოზბილისმა, კერძოდ, გაზეთ „სპორტ-ექსპრესთან“ ინტერვიუში ისაუბრა თავის უკმაყოფილებაზე. სომეხი ფეხბურთელის თქმით, მწვრთნელმა მურატ იაქინმა ის შარშან მიღებული ტრავმის შემდეგ „სპარტაკის“ ძირითად შემადგენლობაში აღარ დააბრუნა ერთი მიზეზით: რახანსომეხია...

ოზბილისი როგორც აღნიშნავს, მას 24 აპრილს შეატყობინეს იაქინის გადაწყვეტილება - იმ დღეს, როცა სომხეთში იმართებოდა ცერემონია სომეხთა მასობრივი დახოცვის მე-100 წლისთავთან დაკავშირებით.

თუმცა რამდენიმე დღეში, 29 აპრილს, ოზბილისმა მედიასთან მორიგი საუბრისას განაცხადა, რომ მისი ინტერვიუ ნაწილობრივ დამახინჯებული იყო და რომ მას არასოდეს ულაპარაკია ეთნიკურ დაპირისპირებაზე. მე თვითონ სტამბოლში ვარ დაბადებული, თურქული ვიცი და თურქეთში ნათესავები და მეგობრებიც მყავსო.

რაც შეეხება მეორე სომეხ ფეხბურთელს, 27 წლის იურა მოვსისიანს, მანაც გამოთქვა კრიტიკა „სპარტაკის“ მწვრთნელისმისამართით. მოვსისიანის აზრით, გუნდი უკეთ თამაშობდა, ვიდრე მურატ იაქინი შეუდგებოდა მასთან მუშაობას. თავად მოვსისიანს წლევანდელ სეზონში სულ ორი გოლი აქვს გატანილი - გაცილებით ნაკლები, წინა წლებთან შედარებით.

საყურადღებოა, რომ ორივე ფეხბურთელის აგენტმა, ვალერი ოჰანესიანმა, მისივე თქმით, არაფერი იცის მათი გაყიდვის გეგმებზე. როგორც ოჰანესიანმა გაზეთ „სოვეტსკი სპორტთან“ საუბრისას თქვა, ოზბილისი და მოვსისიანი მთლიანად არიან კონცენტრირებული ფუხბურთზე, მოსკოვის „სპარტაკისათვის“ საუკეთესოშედეგების მოსატანად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG