შაბათი, 18 მაისი, 2013 თბილისის დრო 14:52

საზოგადოება / საქართველო

სამსახურის მაძიებლებს ტესტების ჩაბარება მოუწევთ

პაატა ტრაპაიძეპაატა ტრაპაიძე
x
პაატა ტრაპაიძე
პაატა ტრაპაიძე

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
25 ივლისიდან სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამა იწყება. როგორც დასაქმების სახელმწიფო მინისტრმა პაატა ტრაპაიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, 9 ნოემბრამდე 3000-მდე რეგისტრატორი საქართველოს მასშტაბით თითოეულ ოჯახს მოივლის და დასაქმების მაძიებლებს საშუალება ექნებათ სპეციალური ანკეტის საშუალებით უმუშევართა ბაზაში დარეგისტრირდნენ. პაატა ტრაპაიძის განმარტებით, სამსახურის მაძიებლებს უახლოეს მომავალში სპეციალური ტესტირების გავლაც მოუწევთ.

56 წლის, პროფესიით ეკონომისტი ნუგზარ კვაცაშვილი უკვე რამდენიმე თვეა უმუშევარია. ის ცუდს ვერაფერს ხედავს დასაქმების სახელმწიფო აპარატის შექმნაში, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ხალხის დასაქმებისათვის მხოლოდ სამინისტროს ჩამოყალიბება და უმუშევართა ბაზის შექმნა საკმარისი ვერ იქნება:

”შეიძლება ადამიანმა მიიტანოს თავისი CV, ელოდოს მთელი წელი, ორი წელი, რაღაც იმედი ჰქონდეს, მაგრამ განა რეალური იქნება ეს მოლოდინი? კი, მოგროვდება ბაზა, მაგრამ რა?..”

რა თქმა უნდა, მხოლოდ უმუშევართა ბაზის შექმნა არ არის დასაქმების სახელმწიფო აპარატის და დასაქმების მინისტრის მთავარი მიზანი. როგორც ირკვევა, მათი მიზნები გაცილებით შორს მიდის. მაგალითად, ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ახალმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას არაერთი მსუყე ციფრი დაასახელა, რომელიც პირდაპირ დაუკავშირა უმუშევართა დასაქმებას. პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებულმა ციფრების ჯამმა კი, საბოლოოდ, 273 ათასი დამატებით დასაქმებული ადამიანი შეადგინა. თუმცა, სანამ ათასობით დასაქმებულ ადამიანზე ვისაუბრებდეთ, ჯერ სწორედ იმ უმუშევართა ბაზაზე უნდა შევჩერდეთ, რომლის შექმნასაც დასაქმების სახელმწიფო აპარატი უახლოეს თვეებში გეგმავს. უფრო ზუსტად კი, 25 ივლისიდან 9 ნოემბრამდე დასაქმების სამინისტროს მიერ დაქირავებული 3000 რეგისტრატორი მოქალაქეებს სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის კითხვარებს შეავსებინებს. მოქალაქეებთან ვიზიტი კი ელექტროენერგიის სააბონენტო ნომრის მისამართების მიხედვით განხორციელდება. რა იქნება უმუშევართა ბაზის შექმნის შემდეგ? ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ დასაქმების სახელმწიფო მინისტრს პაატა ტრაპაიძეს მიმართა:
 პარალელურად ვიმუშავებთ უმუშევრის სამართლებრივი სტატუსის შექმნაზე, რადგან ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ არის უმუშევარი ...

”ამ ბაზის ანალიზი, გეოგრაფიის მიხედვით, ასაკის მიხედვით, პროფესიების მიხედვით, ანუ ვინ არიან დაუსაქმებელნი. პარალელურად ვიმუშავებთ უმუშევრის სამართლებრივი სტატუსის შექმნაზე, რადგან ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ არის უმუშევარი”, - ამბობს პაატა ტრაპაიძე.

როგორც პაატა ტრაპაიძე განმარტავს, უმუშევართა ბაზის დამუშავების შემდეგ ბაზაში დარეგისტრირებულ მოქალაქეებს სპეციალური ტესტირების გავლა მოუწევთ, რის შემდეგაც დადგინდება მათი პროფესიონალიზმის ხარისხი და, შესაბამისად, დასაქმების შანსი:

”განათლების სამინისტროსთან ერთად გავაკეთებთ სრულ კურსს. პირობას ვდებ, ყველა ადამიანი, ვისაც უნდა, რომ თავისი ადგილი იპოვის საზოგადოებაში, დროის გარკვეულ მონაკვეთში გაივლის ტესტირებას.”

დასაქმების სახელმწიფო მინისტრის მტკიცებით, უმუშევარნი და სამუშაოს მაძიებელნი, საჭიროებისა და სურვილის შემთხვევაში, გადამზადების კურსებსაც გაივლიან:

”თითოეულმა ადამიანმა ცოტა უნდა გაიჭირვოს, ცოტა მეტი უნდა ისწავლოს. თუ, მაგალითად, დღევანდელი პროფესია და მისი დიპლომი არ არის დამაკმაყოფილებელი, თქვას, რომ ის მზად არის სწრაფი, ეფექტური გადამზადებისთვის. მათ გადაამზადებს განათლების სამინისტრო, ჩვენ კი განათლების სამინისტროს მიმართულებებს მივაწოდებთ.”

რადიო თავისუფლებასთან საუბარში დასაქმების სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული უმუშევართა ტესტირებები უკვე მომავალ თვეში დაიგეგმოს:

სამუშაო ადგილების შექმნა მაშინ არის შესაძლებელი, თუ ბიზნესს კარგი გარემო ექნება იმისათვის, რომ ის განვითარდეს. ამისათვის საჭიროა, რომ საგადასახადო სისტემა იყოს უფრო ლიბერალური ...

”მივიღებთ პირველ 10 000 კაცს? აგვისტოში მათ უკვე ტესტირებაზე გავუშვებთ. ის სკეპტიციზმი, რომელიც დღეს არის ბევრ ექსპერტში, რომ დასაქმების სამინისტრო კიდევ ერთი ფუჭი ელემენტია, ამას გავაქარწყლებთ”, - ამბობს პაატა ტრაპაიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

მიუხედავად დასაქმების სახელმწიფო მინისტრის შორსმიმავალი გეგმებისა, ახლად შექმნილი უწყების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტი შოთა მურღულია. მისი თქმით, 2006 წელს დასაქმების სახელმწიფო სააგენტო   სწორედ იმ მიზეზით გაუქმდა, რომ, ხელისუფლების განცხადებით, დასაქმება არა სახელმწიფოს, არამედ ბიზნესის პრეროგატივა იყო, ამჟამად კი ახლად შექმნილი უწყება სწორედ იმის გაკეთებას აპირებს, რაც ჯერ კიდევ წლების წინ უნდა გაეკეთებინა დასაქმების სააგენტოს -  იქნებოდა  ეს უმუშევართა აღრიცხვა თუ კვალიფიკაციის ამაღლება. როგორც შოთა მურღულია ამბობს, ბიზნესის განვითარება ქვეყანაში უმუშევრობის დონის დაბალ მაჩვენებლამდე დაწევის პირდაპირპროპორციულია:

”სამუშაო ადგილების შექმნა მაშინ არის შესაძლებელი, თუ ბიზნესს კარგი გარემო ექნება იმისათვის, რომ ის განვითარდეს. ამისათვის საჭიროა, რომ საგადასახადო სისტემა იყოს უფრო ლიბერალური, ბიზნესის წარმოების ფონი -  საკუთრების უფლების დაცვა იქნება თუ სხვ. - იყოს ისე გამართული, რომ ადამიანებს ბიზნესის წარმოების სურვილი ჰქონდეთ, მათ შორის იმავე უცხოელ ინვესტორებსაც.”

აქვე გეტყვით, რომ, როგორც მთავრობის დადგენილებაშია მითითებული, სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე მოქალაქეობის არმქონე პირებს - მათ შორის მოზარდებს 15 წლიდან. თუმცა 15-დან 18 წლამდე პირებს ამისთვის მეურვის თანხმობა უნდა ჰქონდეთ.

რაც შეეხება აკრძალვებს, დასაქმების პროგრამით სარგებლობის უფლება არ ექნებათ პირებს, რომლებიც არ იმყოფებიან ოჯახში 12 თვის და მეტი პერიოდის განმავლობაში, ყაზარმებში მცხოვრებ სამხედრო პირებს, მათ შორის წვევამდელებს, და საპატიმროებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, თავშესაფრებში/პანსიონატებში, სააღმზრდელო და სხვა ინსტიტუციურ დაწესებულებებში მყოფ პირებსა და სკოლის მოსწავლეებს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
10.07.2012 20:47
იმისათვის რომ სამსახური მისცე ხალხს ჯერ უნდა იცოდე რა პროფესიის და რამდენი უმუსევარი კადრი გყავს- გასაგებია ამ დატის შექმნის აზრი და მომწონს მაგრამ...

სამუშაო ადგილების შექმნას როგორ აპირებენ? ისევ ისე ადრე რო ერთ ჯიხურზე 15 დასაქმებული მოდიოდა პრეზიდენტის დასაქმების პროგრამაში? სასაცილო და სამარცხვინო იყო ეგ

თუ საბოლოოდ გასხივოსნდა ჩვენ ხელისუფალთა თავები და მცირე და საშუალო ბიზნესის ჩაყლაპვა განადგურებას შეეშვებიან და საწარმოების და მეწარმეების წახალისებას აპირებს ცოტა ხნით მაინც :) წინასაარჩევნოდ

ძალიან მაინტერესებს როგორ აპირებს დასასაქმებლების დასაქმებას ახალი კანონ-პროექტი. საიდან მოიტანენ სამუშაო ადგილებს

სიყალბის სუნი მცემს

ავტორი: დამკვირვებელი საიდან გვწერთ: საარჩევნო ზონიდან
10.07.2012 17:16
ყველაზე საუკეთესო ვარიანტში მზარეულის, ოფიციანტისა და რაღაც ტურისტულ სისულელეს შემოგვთავაზებენ-ამათი დევიძი ბილშევიკებისას გავს:"მიწა ბურებს, ფაბრიკა ქარხნები რუსებსა და თურქებს-შემოსავალი ჩინოვნიკების ხელფასებს, მანქანებს, დაცვებს, ფოიერვერკებს, ფასადებს, ფანტანებს" საქართველოს მოსახლეობას -ვირის თავფეხი!

ავტორი: ილია ჭავჭავაძე საიდან გვწერთ: მისი ხმა მაინც გაიგონეთიდან
09.07.2012 23:39
"რა თქმა უნდა ჩვენ იმოდენა სახსარი სად გვაბადია, რომ ჩვენს ტკივილს მთლად გავუძღვეთ, მაგრამ ურარაობას ცალუღელა ხარი ჯობია. თუ ბევრს ვერ გავწვდებით, ცოტას მაინც მივაშველოთ ჩვენი ორივე ხელი. საქმე ის არის, ის აზრის გამოინასკვოს ჩვენში, რომ სახელოსნო და სასპეციალო-საქექნიკო სკოლები აუცილებელი საჭიროებაა და ცხოველმყოფელი სახსარია ჩვენის წარსულის საქმის ხელ-ახლად გამობრუნებისათვის და ჩვენს ღონე-მილეულ ქვეყნის გაღონიერებისათვის"

ილია ჭავჭავაძე. სატექნიკო და სახელოსნო სასწავლებელთა შესახებ. ტფილისი 25 ნოემბერი, 1898 წელი

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
09.07.2012 23:29
საერთაშორისო ორგანიზაციები როგორიცაა მაგალითად IOM (მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) ერთ-ერთი მრავალთაგანია, რომელიც საქართველოში წლების განმვალობაში უმუშვერობის აღრიცხვის და რეგიტრაციის გარდა, ასრულებდა მეტად მნიშვნელოვანი პროექტებს პირდაპირ სახელმწიფო სამსახურებთან, რომ მოეხდინათ სამუშაო ბაზრის და მოქალაქეთა შესაძლებლობების მაქსიმალური დაახლოვება. უცხოეთში არსებული შესანიშნავი მეთოდების გამოყენებით.

ამ რეპირტაჟიდან ჩანს, რომ გადაყრილი ფული ყოფილა ამ ხალხთან მუშაობა, ზემოდან თუ არ უბრძანეს. ადამიანების ვიწრო ჯგუფზე, კლანზე თუ რაც გნებავთ - დამოკიდებული სახელმწიფო ინსტიტუტები ნებისმიერ ქვეყანაში საბოლოვო ჯამში იმპოტენტურები არიან რამეს საქმის განხორციელებაში. არა აქვთ განსაზღვრული ფუნქციები და ა.შ.

ერთი წლის შემდეგ რადიო თავისუფლება თუ ისევ ამ თემას დაუბრუნდება, რაიმე ვრცელი ანალიზით. დაინახავთ, რომ მდგომარეობა ისეთივე როგორც გუშინ იყო მოქალაქეთა დასაქმების სფეროში.

რაც შეეხება ტესტირებას. შაქართველოში არ არსებობს საშუალო პროფტექნიკური სასწავლებელიც კი.

ავტორი: ანონიმი
09.07.2012 22:05
უმუშევართა პროფესიონალიზმის დამდგენთა პროფესიონალიზმს ვინ დაადგენს? ვთვქვათ ბური მიწათმოქმედისთვის კახელი მეღვინე შეიძლება არაპროფესიონალი გამოჩნდეს.

ყველაზე პოპულარული